ყველაზე ხშირად გაყიდვაში წითელი ოსპი შეგხვდებათ და გაითვალისწინეთ, რომ ის უკეთ იხარშება, თუ კარგად გარეცხვის შემდეგ, 1-2 საათი მაინც წყალში დაალბობთ, მომზადებამდე.
მისგან მზადდება ფაფები, სალათები, წვნიანები. ამჯერად რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომელიც კრემსუპადაც შეგიძლიათ აქციოთ და სიამოვნებით მიირთმევს მას როგორც უფროსი, ისე პატარა.
რეცეპტი 1
ბევრი ისევე ამზადებს ოსპს, როგორც ლობიოს. წინაასწარ დაალბობთ და შემდეგ შემოდგამთ წყლიანი ქვაბით მოსახარშად. ამატებთ მხოლოდ იმ ბოსტნეულს, რასაც ლობიოს უმატებთ - ზეთში მოთუშულ ხახვს, ნიორს და მწვანილეულს, მარილს, პილპილს გემოვნებით.
რეცეპტი 2
ეს საკმაოდ ადვილად მოსამზადებელი ვარიანტია - ტაფაში.
წინასწარ დაალბობთ 150-200 გრამ ოსპს. ტაფაზე ზეთში მოხრაკავთ 1 საშუალო თავ ხახვს, დაამატებთ დამბალ ოსპს, წყალს დაასხამთ ისე, რომ კარგად დაფაროს. ოსპი ხახვთან დ წყალთან ერთად მოითუშება და წყალსაც შეიწოვს. 15-20 წუთში ოსპი უკვე მომზადდება - ადვილად გაისრისება და მიხვდებით, რომ მზადაა. თუ არ იყო კარგად დამბალი და მალე არ მოიხარშა, შეგიძლიათ ცოტა წყლის დამატება და კიდევ დალოდება. როცა ნახავთ, რომ ოსპი მომზადდა, უმატებთ დაჭრილ ნიორს, ოხრახუშს, ქინძს, პილპილს, დაფქულ წიწაკას, მარილს გემოვნებით. პიტნაც შეგიძლიათ დაამატოთ, თუ გესიამოვნებათ.
რეცეპტი 3
დაგჭირდებათ:
- დამბალი ოსპი - 150-200 გრ
- 1 ხახვი
- 1-2 კბილი ნიორი
- 1 სტაფილო
- 1-2 კარტოფილი
- 1-2 პომიდორი
- ზეთი, მარილი, დაფქული წიწაკა, პილპილი, მწვანილი გემოვნებით
მომზადება
ქვაბში ჯერ მოთუშავთ დაჭრილ ხახვს, შემდეგ დაუმატებთ მას გახეხილ სტაფილოს. ორივე რომ კარგად მოითუშება, დაუმატებთ გახეხილ პომიდორს. ცოტა ხანს დააცდით, რომ ერთად ითუხთუხოს და დაუმატებთ დაჭრილ კარტოფილს. დაახლოებით 10 წუთში დაუმატებთ ოსპს და დაასხამთ წყალს ისე, რომ წვენი ძალიან ბევრი არ იყოს. როცა ნახავთ, რომ ოსპი მოიხარშა, დაუმატებთ დაჭრილ ნიორს, მწვანილს (ოხრახუშს, ქინძს და კამას, თუ მოგწონთ ეს ყველაფერი ოსპთან), მარილს, პილპილს, პიტნას (ესეც სურვილის მიხედვით). ასევე უხდება რეჰანი (გემოვნების მიხედვით).
როცა დასრულდება წვნიანის მომზადება, შეგიძლიათ, დააბლენდეროთ და გემრიელ კრემსუპად აქციოთ. ასევე, სურვილის მიხედვით, ამ რეცეპტს შეგიძლიათ დაუმატოთ ბულგარული წიწაკა ან მოაკლოთ პომიდორი, კარტოფილი... ბევრი ვარიანტი შეგიძლიათ სცადოთ, მთავარი ინგრედიენტი მაინც ოსპი იქნება, რომელიც შესძენს მთავარ ხიბლს კერძს.