"ნორვეგიული ორაგული არ არსებობს?" - რა უნდა იცოდეთ ორაგულზე, რომელი თევზებია ფერმაში მოშენებული და რომლები - ბუნებრივ პირობებში მოპოვებული - მშობლები

"ნორვეგიული ორაგული არ არსებობს?" - რა უნდა იცოდეთ ორაგულზე, რომელი თევზებია ფერმაში მოშენებული და რომლები - ბუნებრივ პირობებში მოპოვებული

2025-11-21 20:20:47+04:00

მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში წარმოებული წითელი ფერის ე.წ. ნორვეგიული ორაგული სინამდვილეში ორაგული სულაც არ გახლავთ და ფერიც სპეციალური დანამატის საშუალებით აქვს მიღებული, მომხმარებელს ვეღარ გაუგია, რას და ვის ენდოს, რომელი თევზია უფრო ჯანსაღი და და საერთოდ, არსებობს თუ არა ბუნებრივ პირობებში გაზრდილი თევზი ჩვენს ბაზარზე.

ამასთანავე სოციალურ ქსელში ბოლო დროს ხშირად შეხვდებით ფრაზას - "ნორვეგიული ორაგული საერთოდ არ არსებობს". ანუ, თევზი,რომელიც ჩვენს ბაზარზე ერთ-ერთი ძვირად ღირებულია და ძალიან სასარგებლოდ ითვლება, ის არ არის, რაც გვგონია?

ამ სტატიაში ვეცდებით გაგარკვიოთ თევზის ყველაზე პოპულარული სახეობების ხარისხსა და წარმომავლობაში, როგორ უნდა მიხვდეთ, სინამდვილეში რას ყიდულობთ და რომელი თევზია უფრო ჯანსაღი.

"ნორვეგიული ორაგული"

"ნორვეგიული ორაგული", როგორც ჯიში, ნამდვილად არ არსებობს. ეს არის ატლანტიკური ორაგული (Atlantic salmon, Salmo salar) — თევზის სახეობა, რომელიც ბუნებრივად ჩრდილოეთ ატლანტიკის ცივ წყლებში ბინადრობს, მაგრამ დღეს 99% თითქმის სრულად ფერმებში იზრდება, რადგან ბუნებაში მათი რიცხვი კრიტიკულ ზღვრამდეა შემცირებული.

ნორვეგია ამ სახეობის წარმოების ერთ-ერთი გლობალური ლიდერია, მსოფლიოში საექსპორტო რაოდენობით ყველაზე მეტი სწორედ ნორვეგიიდან მოდის. ამიტომ იქ მოყვანილ პროდუქციას ავტომატურად უწოდეს "ნორვეგიული ორაგული". ცნობილია, რომ ნორვეგიას აკვაკულტურის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები აქვს. ოკეანის სისუფთავე, ცივი წყლები და მუდმივი მონიტორინგი მის სანდოობას განაპირობებს. ამიტომ მასზე მოთხოვნაც მაღალია და უფრო პოპულარულია.

ევროკავშირის რეგულაციები, რომელსაც ნორვეგია სრულად მისდევს, მძიმე მეტალებისთვის და ანტიბიოტიკებისთვის მკაცრ ნორმებს აწესებს. შესაბამისად, ფერმულ ორაგულში ვერცხლისწყალი თითქმის ყოველთვის დაბალია, რადგან ატლანტიკური ორაგული კონტროლირებად საკვებს ჭამს.

ეს არ ნიშნავს, რომ ფერმული ორაგული იდეალურია — უბრალოდ ის სრულად კონტროლირებადი პროდუქტია, მავნებლობები მინიმუმდეა შემცირებული და სანდო პროდუქტად ითვლება.

ჩვენთან ხშირად შეხვდებთ თევზს "სიომგას" სახელწოდებით , რომელიც ასევე სხვა სახეობა ჰგონიათ. სინამდვილეში ესეც ატლანტიკური ორაგულია რუსული სახელით გავრცელებული.

რაც შეეხება ნაჭრებად დაფასოებულ ორაგულს, როგორ წესი, ეს დაბალი კატეგორიის პროდუქტია, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით ეტიკეტს.

ოკეანის თევზები

ფერმების არსებობა არ ნიშნავს, რომ ოკეანეში დაჭერილი თევზი ხელმისაწვდომი აღარაა. დროთა განმავლობაში მცირდება, მაგრამ მაინც არის ბაზარზე ე.წ. ოკეანის თევზი. ეს სახეობები ყოველთვის ბუნებრივ გარემოში არიან მოპოვებულნი, რადგან მათი ფერმერული წარმოება ძვირი და არაპრაქტიკულია:

  • ქაშაყი

  • ხეკი
  • კეფალი

  • სკუმბრია

  • თინუსი (თუმცა ზოგი ფერმაშიც მოდის)

  • კოდი

  • ჰალიბუტი (ნაწილი ფერმისაა)

  • სარდინი

screenshot-2025-11-21-231619-1763752606.png
სიბასი

თევზები, რომლებიც ყოველთვის ფერმაშია წარმოებული

ჩამონათვალთან ერთად წარმოგიდგენთ იმ ქვეყნებს, სადაც წარმოება უფრო ხარისხიანია ამა თუ იმ სახეობისთვის:

ზუთხი - იტალია, პოლონეთი, საქართველო. არასასურველია ჩინეთი.

ატლანტიკური ორაგული - ნორვეგია, შოტლანდია, კანადა/ისლანდია - არასასურველია ჩილე

სიბასი - საბერძნეთი, თურქეთი, იტალია, ესპანეთი.

დორადო - საბერძნეთი, თურქეთი, იტალია, ესპანეთი.

ორაგულის მსგავსი წითელ-ვარდისფერი თევზები - ისლანდია, კანადა, ნორვეგია.

სტერლეტი - პოლონეთი, იტალია, არასასურველი - ჩინეთი.

კალმახი - ისლანდია, დანია, საფრანგეთი, საქართველო.

რაც შეეხება ზღვის სხვა პროდუქტებს - კრევეტი თითქმის ყოველთვის ფერმისაა. ხარისხიანად ითვლება ეკვადორი, ტაილანდი, ვიეტნამი. საშუალო ხარისხისაა ინდური.

კალმარი, რვაფეხა თითქმის ყოველთვის ველური ბუნებაშია მოპოვებული.

screenshot-2025-11-21-231753-1763752693.png
დორადო

ტოქსინები ოკეანის თევზში

სამსუხაროდ, ოკეანეში მოპოვება სულაც არ ნიშნავს, რომ პროდუქტი იდეალურია.ვერცხლისწყალი ოკეანეში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ბოლო საუკუნეში მნიშვნელოვნად მოიმატა, რადგან:

ქარხნები და საწარმოები ატმოსფეროში გამოყოფენ ვერცხლისწყლიან ნაერთებს. ეს ნაწილაკები წვიმის საშუალებით ხვდება ოკეანეში.

ოკეანეში ვერცხლისწყალს ბაქტერიები გარდაქმნიან ყველაზე საშიშ ფორმად და ეს გროვდება თევზში და ადამიანში. ვერცხლისწყალი წყლიდან ხვდება პლანქტონში და იქიდან იწყება ჯაჭვი პატარა თევზები ჭამენ პლანქტონს - საშუალო თევზები ჭამენ პატარებს - დიდი თევზები ჭამენ საშუალოებს.

გარდა ვერცხლისწყლისა, თევზში შეიძლება იყოს: ინდუსტრიული ქიმიკატები, რომლებიც წყალში ხვდება ქარხნებიდან, პლასტმასის ნარჩენებიდან, ქიმიური სასუქების ჩამორეცხვისგან, ნავთობის გაჟონვისგან, ქალაქის კანალიზაციის ნარჩენებისგან.

რომელია ყველაზე უსაფრთხო თევზი? უსაფრთხო არიან პატარა ზომის, სწრაფად მზარდი თევზები, რადგან ცოტას ჭამენ, სწრაფად იზრდებიან, ვერ ასწრებენ ტოქსინების დაგროვებას.

  • სარდინი

  • ქაშაყი

  • სკუმბრია (ჩვეულებრივი, არა "სამეფო")

  • ორაგული

  • კალმახი

  • დორადო

  • სიბასი

  • ზღვის თეთრი თევზი (cod, haddock)

  • კრევეტი

sardinii-1763753071.jpg
სარდინი

როგორ გავარჩიოთ თევზი ეტიკეტით?

რომელი სიტყვებია „კარგი“ ეტიკეტზე?

Wild caught / ველური თევზი

ყველაზე სუფთა, ბუნებრივი.

ASC / MSC სერთიფიკატები

ეკოლოგიურად სუფთა, კონტროლირებულია.

No antibiotics / antibiotic-free

ძალიან დადებითი ნიშანია.

HACCP / GlobalG.A.P. / BRC

ეს ნიშნავს, რომ წარმოება საერთაშორისო სტანდარტებითაა.

Frozen at sea / FAS

მიუთითებს, რომ თევზი ზღვაში გაყინეს — საუკეთესო ხარისხი.

Product of Norway / Iceland / Canada / Scotland

ეს ქვეყნები ყოველთვის მაღალი ხარისხისაა.

რომელი სიტყვებია ცუდის ნიშანი?

raised Asia / Product of China / Vietnam / India

ხარისხი გაურკვეველია, ანტიბიოტიკების რისკი მაღალია.

Color added / “added color”

განსაკუთრებით კალმახსა და ორაგულში — ცუდია.

Water added / glazing 20–30%

ეს ნიშნავს, რომ ნახევარი წყალია და არა თევზი.

Re-frozen / thawed / once thawed do not refreeze

ეს პროდუქტი უკვე გალღობილი იყო → ხარისხი დაბალია.

თუ პროდუქტზე წერია FAO 27, 21, 37, 41, 81 — ესენია ყველაზე სუფთა წყლები.

არასასურველი ზონებია: FAO 57, 71, 61, 51, 71.

თევზი, რომელსაც შენახვის ვადა 2 წელი და მეტი აქვს,თითქმის ყოველთვის ნიშნავს იაფ, უხარისხოს ან ხელახლა გაყინულ პროდუქტს.

საუკეთესო თევზი ყოველთვის უფრო მოკლე ვადით იყიდება — 6–12 თვე.