ამერიკაში მცხოვრები გელვინების ოჯახი იდეალური ჩანდა — ნიჭიერი შვილებით, ოჯახური იდილიით და მშვიდი ცხოვრებით. მაგრამ ამ იმიჯის უკან სისასტიკე, მკვლელობები და ძალადობა იმალებოდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 50–60-იან წლებში ამერიკაში მრავალშვილიანობის ბუმი დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში მისტერ და მისის გელვინები თითით საჩვენებელ ოჯახად იქცნენ — ათი ვაჟი და ორი გოგონა ჰყავდათ, ჰქონდათ დიდი სახლი, შვილები კი კათოლიკური წესებით იდეალურად ჰყავდათ აღზრდილი. დიასახლისი მიმი ყოველ საღამოს პურებსა და ღვეზელებს აცხობდა, სახლს ალაგებდა და სახლი ყოველთვის წესრიგში ჰქონდა.
მიმი ყველა შვილს ძუძუთი კვებავდა — იმ დროისთვის ეს წარმოუდგენლად იშვიათი იყო, რადგან ახალშობილთა რძის ნარევები უკვე ფართოდ გამოიყენებოდა და ბევრი ამერიკელი დედა ცდილობდა თავი დაეღწია ძუძუთი კვების სირთულეებისთვის. მაგრამ მიმი სხვებისგან განსხვავდებოდა. მას სურდა ყველასთვის ეჩვენებინა, რომ შვილებს ძიძებისა და დამხმარეების გარეშე თავად გაზრდიდა.
ის ბავშვებს კლასიკურ მუსიკას, ხელოვნებას, ბიოლოგიასა და ზოოლოგიას ასწავლიდა. გელვინების შვილები იზრდებოდნენ როგორც პერსპექტიული მუსიკოსები, მეცნიერები, მოჭადრაკეები.
თუმცა წლების შემდეგ ოჯახის 12 შვილიდან 6-ს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. თითქოს ჯაჭვისებურად — ვაჟებს ერთი მეორის მიყოლებით ერეოდათ გონება. საბოლოოდ გაირკვა, რომ „იდეალური“ ოჯახის ფასადის უკან საშინელი საიდუმლოებები იმალებოდა.
ყველაფერი პირველი შვილით — დონალდით დაიწყო. 20 წლის მედიკოსი სტუდენტი პირდაპირ კოცონში ჩახტა და სასწაულით გადარჩა. გაირკვა, რომ იგი ავადმყოფურად იყო შეპყრობილი სიკვდილით. წარმოიდგენდა როგორ მოკლა მასწავლებლები, მეგობრები. აღიარა, რომ 12 წლის ასაკში ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. განსაკუთრებული სისასტიკით ჰკლავდა კატებს.
მალევე დაავადდა მეორე ვაჟი — ჯიმი, 22 წლის. მას ხმები ესმოდა, ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, ცოლს სცემდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მრავალი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა უმცროს დებზე — მერიზე და მარგარეტზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს დედამაც იცოდა და მალავდა.

შემდეგ იგივე ბედი გაიზიარა მეოთხე ვაჟმა — ბრაიანმა. მიუხედავად იმისა, რომ მისი აშლილობა უფროს ასაკში გამოვლინდა, მისმა დამ გაიხსენა, რომ სამი წლის ასაკშიც ჰქონდა აგრესიული მომენტები. ყველაზე საშინელი კი მოგვიანებით მოხდა, როცა ბრაიანმა ჯერ შეყვარებული ჩაცხრილა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
14 წლის უმცროსი ვაჟი, პიტერიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა — უნებლიე შარდვა დაეწყო და ამბობდა, რომ სახლის ქვეშ ეშმაკი ცხოვრობდა.
ბოლოს ფსიქიკური აშლილობა მეთსა და ჯოს — ჰოკეისტ ძმებს გამოუვლინდათ. მეთი დარწმუნებული იყო, რომ პოლ მაკკარტნი იყო, ხოლო ჯოს ხმები ესმოდა.
ამ ყველაფრის ფონზე დანარჩენი შვილები მხოლოდ ერთ კითხვას სვამდნენ: „როდის მოვა ჩემი რიგი?“
მათი დედა, მიმი გელვინი, ყველაფერს უარყოფდა და ბოლო წუთამდე ცდილობდა, ყველანაირად დაეფარა სიმართლე. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავადაც ჰქონდა მძიმე ბავშვობა — მამინაცვალი ძალადობდა.
როგორ მოხდა, რომ შიზოფრენია თითქოს ვირუსივით ვრცელდებოდა ოჯახში? წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ დაავადება ზედმეტად მკაცრი და დესპოტი დედების შვილებს ემართებოდათ. ამიტომაც მიმი ძალიან დიდხანს ცდილობდა არ ეღიარებინა, რომ მისი შვილები ავად იყვნენ. მაგრამ 80-იანი წლებისთვის ეს თეორია უარყვეს და დაავადება გენეტიკას მიაწერეს.

საბოლოო პასუხი ჯერაც არ არსებობს, მაგრამ გელვინების ისტორია მეცნიერებისთვის უნიკალური შემთხვევა აღმოჩნდა — კვლევებმა მათი დნმ-ის მიხედვით გამოავლინა, როგორ შეიძლება დაავადების პროგნოზირება, მკურნალობა და თავიდან აცილებაც კი. და ეს იმ წლებში, როცა აშშ-ში შიზოფრენიას ლობოტომიით, ცხოველის სისხლის ინექციებითა და სტერილიზაციით მკურნალობდნენ
გელვინების ისტორია ჟურნალისტმა და მწერალმა რობერტ კოლკერმა აღწერა წიგნში „რაღაც ისე ვერ არის გელვინებთან“, რომელიც ბესტსელერი გახდა და წლის საუკეთესო წიგნად აღიარეს.
წარმოგიდგენთ ამონარიდებს წიგნიდან:
„ყველას ესმოდა, რომ გელვინებთან საქმე ცუდად იყო. მეზობლები მანქანებით სახლიდან ფრთხილად გამოდიოდნენ — ქუჩაში შესაძლოა დონალდი მდგარიყო და ხალხისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. უმცროს ძმებსაც ცუდი რეპუტაცია შეექმნათ. მეთი ერთხელ მეზობლის სახლიდან ნივთების გამოტანის დროს დაიჭირეს. პიტერი კი იმდენად აგრესიული გახდა, რომ გოგოებისთვის საფრთხედ ითვლებოდა.
ერთხელ პიტერმა ერთ გოგოს სახე თოვლში ჩააყოფინა და კინაღამ დაახრჩო, მერე ამბობდა, რომ იხუმრა.
მეზობლები გელვინების სახლში სტუმრად აღარ დადიოდნენ. შვილებსაც აუკრძალეს იქ მისვლა. რაიონში რაც არ უნდა მომხდარიყო — გატეხილი საფოსტო ყუთი, მოპარული ნივთი — ხალხს დამნაშავეებად გელვინები მიაჩნდა.

მიმი ყველაფერს უარყოფდა: „ჩემი ბიჭები ამას არ გააკეთებდნენ“. მაგრამ არავინ უჯერებდა.მიმი მანამდეც მკაცრი ქალი იყო, ახლა კი უფრო მკაცრი და მკვახე გახდა. დაუმორჩილებლობისას შვილებს ეუბნებოდა: „სწორედ დონალდივით იქცევი!“ და ვერ ხვდებოდა, რამდენად დამანგრეველი იყო ეს ფრაზა.“
„ერთხელ უმცროსი შვილები — პიტერი, მარგარეტი და მერი — დედის ქვითინმა გააღვიძა. ის მწარედ ტიროდა და სანთლებს ანთებდა. მარკი ამშვიდებდა. მამა ტელეფონზე საუბრობდა — ცდილობდა, დონალდი დროებით გაეთავისუფლებინათ ფსიქიატრიული კლინიკიდან ძმის დაკრძალვაზე დასასწრებად.
დაღუპვის ოფიციალური ვერსიად შვილებს უთხრეს, რომ მათი ძმა ბრაიანი ველოსიპედზე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მარგარეტი მაშინ მხოლოდ 11 წლის იყო, მერი კი რვის.
მართლაც, ყველას დაუმალეს, რომ ბრაიანმა ჯერ შეყვარებული მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. პოლიციამ დაადგინა, რომ ბრაიანმა იარაღი წინა დღეს იყიდა და ეს მკვლელობა წინასწარ დაგეგმა.
მოგვიანებით სხვები ვარაუდობდნენ, იქნებ მან და მისმა შეყვარებულმა ერთობლივი თვითმკვლელობა დაგეგმეს, იქნებ LSD-ს გადამეტებული დოზა მიიღესო. მაგრამ მხოლოდ დონმა და მიმიმ იცოდნენ სიმართლე — ცოტა ხნით ადრე ბრაიანს ნეიროლეპტიკი დაუნიშნეს. დიაგნოზის ჩანაწერები აღარ ინახებოდა, ამიტომ უცნობია, რა ჰქონდა — მანია, დეპრესიული ფსიქოზი, ტრავმული აშლილობა თუ ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქოზი. ეს ინფორმაცია დანარჩენ შვილებს არ გაუმხილეს — იმდენად აუტანელი იყო კიდევ ერთი შვილის „გაგიჟების“ აღიარება.“