სამი წლის წინ, ბრიუს უილისის და მისი საყვარელი ადამიანების ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა: მსახიობს ფრონტოტემპორალური დემენცია დაუდგინდა. ეს დაავადება სწრაფად ართმევს ადამიანს მეხსიერებას, აზროვნებას და დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, არ იკურნება და პროგრესირებს. ჰოლივუდის ვარსკვლავის ფულისა და კავშირების მიუხედავად, ექიმებს არ შეუძლიათ მისი დახმარება. უილისის ოჯახი ამას ხვდება და უკვე ემზადება ყველაზე უარესი დასასრულისთვის. ამის შესახებ ბრიუსის მეუღლემ - ემა ჰემინგმა ისაუბრა.

„ჩვენ არ ვფიქრობთ სიკვდილზე და იმაზე, თუ რა ტიპის ზრუნვა დაგვჭირდება, მაგრამ ნამდვილად საჭიროა ამაზე ფიქრი და ამის გაკეთება - და მნიშვნელოვანია, რომ არ დავინახოთ ამაში მხოლოდ ბნელი მხარე“, - აღნიშნა ემამ ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი თქმით, უილისის გარდაცვალებისთვის ტექნიკურად თითქმის ყველაფერი მზადაა - პირველ რიგში იმისთვის, რომ ის და ბრიუსის ქალიშვილები მისი გარდაცვალების დროს ბიუროკრატიულ საკითხებზე არ მოცდნენ.
საყვარელი ქმრისთვის სამწლიანმა ბრძოლამ ემა ჰემინგს შთააგონა დაეწერა წიგნი „მოულოდნელი მოგზაურობა: ძალის, იმედისა და საკუთარი თავის პოვნა მზრუნველობის გზაზე“. მისი მთავარი მიზანია დაეხმაროს სხვა ოჯახებს, რომლებიც იმავე გამოწვევის წინაშე დგანან. ემას თქმით, „დემენცია არა მხოლოდ თქვენს საყვარელ ადამიანს აზიანებს, არამედ მას შეუძლია მთელი ოჯახის და თქვენივე თავის საფუძვლების შერყევა“.

ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ ბრიუს უილისი ცალკე სახლში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო პერსონალისა და მომვლელების გუნდი მასთან 24/7 იმყოფება. ემა და მისი უმცროსი ქალიშვილები მას ყოველდღიურად სტუმრობენ.
ამის გამო ემა ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა მან საჯაროდ განაცხადა, რომ კრიტიკას ვერ მიიღებს იმ ხალხისგან, ვისაც მსგავსი მდგომარეობა არ გამოუცდია და არ ესმის, როგორია პატარა გოგონების ცხოვრება ერთ სახლში, დემენციის დიაგნოზის მქონე მამაკაცთან.


ასევე ხშირად დადიან უფროსი ქალიშვილები და პირველი მეუღლე - დემი მური. თუმცა ცოტა ხნის წინ, 37 წლის რუმერმა ისაუბრა, რომ მამამისი თითქმის ვეღარასდროს ცნობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი სიყვარული მას აძლიერებს.
„ძალიან მადლიერი ვარ, რომ როდესაც მასთან მივდივარ და ვეხუტები, ის გრძნობს ჩემს მიერ გაცემულ სიყვარულს და მეც ვგრძნობ ამას სანაცვლოდ. მასში სიცოცხლის ნაპერწკალს მაინც ვხედავ“...

როგორც ცნობილია, რუმერის გარდა, უილისსა და მურს, რომლებიც 2000 წელს დაშორდნენ, ზრდასრული ქალიშვილები სკაუტი და ტალულა ჰყავთ, ასევე შვილიშვილი ლუეტა. გარდა ამისა, ბრუსს ორი შვილი ჰყავს მეორე ცოლისგან, ემა ჰემინგისგან.

2022 წელს ბრუს უილისმა კარიერა დემენციის გამო შეწყვიტა, რადგან ტექსტის დამახსოვრება აღარ შეეძლო. დაავადება პროგრესირებს: ახლა მსახიობი თითქმის ვეღარ ლაპარაკობს და გადაადგილებაც ძალიან უჭირს.