ბავშვის თამაში მის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ეს ის სივრცეა, სადაც ბავშვი სწავლობს, როგორ იმოქმედოს, როგორ გააცნობიეროს საკუთარი თავი და როგორ იპოვოს თავისი ადგილი გარემოში. დაახლოებით 2 წლიდან გოგონებსა და ბიჭებში თამაშებისადმი განსხვავებული ინტერესები ჩნდება.
ბიჭები და მანქანები
ბევრ ოჯახში პირველად დაახლოებით ორი წლის ასაკისთვის ამჩნევენ, რომ ორი წლის ბიჭუნა მთელი ძალით ებღაუჭება პატარა მანქანას და „ვუუ-ვუუს“–ს ხმებით იწყებს თამაშს. თითქოს ეს პატარა საგანი მის ხელში ცოცხლდება და სამყაროს საკუთარ წესებით „დაპყრობას“ ცდილობს.
ბავშვობაში ბიჭების განსაკუთრებული სიყვარული მანქანებისა და მოძრავი სათამაშოების მიმართ მხოლოდ შემთხვევითი ბავშვური გატაცება არ არის. ამ პროცესის უკან მნიშვნელოვანი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მექანიზმები დგას. პატარა ასაკში ბიჭის ტვინი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მოძრაობის, ხმაურისა და სივრცის მიმართ. ფსიქოლოგები ამას ნაწილობრივ ჰორმონების ზემოქმედებით ხსნიან: ტესტოსტერონი მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე აძლიერებს იმ ზონების აქტივობას, რომლებიც პასუხისმგებელია სიჩქარის, მიმართულებისა და დინამიკის აღქმაზე. ამიტომაც ბავშვს, რომელმაც ჯერ ლაპარაკი არ დაუწყია, ხმამაღალი „პი-პიიი“ და „ვუუუ“ ძალიან კარგად და ბუნებრივად გამოსდის.
ორი წლისთვის ბავშვის ფსიქიკაში მნიშვნელოვანი გარდატეხა ხდება. ამ ასაკში ჩნდება ძლიერი სურვილი, სამყაროს მეტი ნაწილი დაინახოს, გამოიკვლიოს და თითქოს დაიპყროს კიდეც. მანქანა (მატარებელი, თვითმფრინავი და ა.შ.) ამ სურვილისთვის საუკეთესო საშუალებაა: ის სწრაფად მოძრაობს, ადის და ჩამოდის ბარიერებზე, უხვევს, ეჯახება, ტრიალებს — ყველაფერს აკეთებს, რასაც ბავშვის წარმოსახვა უკარნახებს. ამ დროს პატარა ბიჭუნა პირველად გრძნობს, რომ სამყაროს რაღაც ნაწილი „მისი კონტროლის ქვეშ“ არის. საჭით ხელში თითქოს საკუთარ თავს ეუბნება: „მე შემიძლია, მე ვმართავ“.
ეს შინაგანი გადართვა ბავშვის მამაკაცურ იდენტობას აყალიბებს და მომავალ ქცევაზე მნიშვნელოვან კვალს ტოვებს.
ამ გატაცებაში ყოველთვის იგრძნობა იმ კაცის გავლენა, რომელსაც ბავშვი თვალს ადევნებს. ბიჭუნები უთქმელად იღებენ მაგალითს მამებისგან — როგორ მართავენ, როგორ საუბრობენ მანქანებზე, როგორ რეაგირებენ გზის სიტუაციებზე. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ოჯახში გასაოცრად კარგი მძღოლი დედაა, მცირე ასაკის ბიჭები მაინც მამის ფიგურას სვამენ საჭეს თამაშებში. მათთვის მანქანა უფრო „მამაკაცურ სამყაროს“ მიეკუთვნება, და ამ სამყაროსთან მიახლოება ძლიერი შინაგანი სურვილია.
თამაში, სადაც მანქანა ეჯახება, ტრიალდება ან იმტვრევა, არ არის აგრესიის გამოვლინება. ეს ემოციების უსაფრთხო, თამაშით გადატანის გზაა. ბავშვი, რომელსაც შიში აქვს დაჯახების ან ხმაურის მიმართ, ხშირად სწორედ თამაშში „გადაამუშავებს“ ამ შიშს, რადგან ყველაფერი კონტროლირებადია — ის თავად წყვეტს, როდის დაეცემა მანქანა, როდის "გაფრინდება" და როდის „შეკეთდება“.
გოგონების თამაში
გოგონების თამაშები ამ პერიოდში სულ სხვა ბუნებისაა — მიუხედავად იმისა, რომ ენერგია მათაც მოჭარბებული აქვთ და წამში შეუძლიათ ყირაზე დააყენონ იდეალურად დალაგებული სახლიც კი, ძრავის ხმა და მანქანის ბღუილი მათთვის მეორეხარისხოვანია. გოგონები ინტერესები და ქცევები იმავე ასაკში ხშირად სხვაგვარად ჩნდება. ეს განსხვავებაც უმეტესად ბუნებრივი განვითარების პროცესებს უკავშირდება.
სულ პატარა ასაკიდანვე გოგონები უფრო მგრძნობიარეები არიან სახის გამომეტყველებაზე, ემოციებზე, ჟესტებზე. ისინი ადვილად ასხვავებენ ტონს, ხასიათს, განწყობას — ეს ძლიერი ინტელექტუალური უნარებია: სხვისი ემოციების სწრაფი წაკითხვა ბავშვობაში სოციალური ინტელექტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ფორმად ითვლება.
ამავე პერიოდში გოგონებს თამაშში უფრო იზიდავთ ადამიანური ფაქტორები, ურთიერთობები, თოჯინების ცხოვრება, ზრუნვა, საუბარი, სახლში არსებული სიტუაციების „გამეორება“. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ტვინში ენა და კომუნიკაცია უფრო სწრაფად ვითარდება. როცა თითქოს „ოთახს აწყობენ“ ან „თოჯინას ასადილებენ“, სინამდვილეში რთულ სოციალურ სცენარებს სწავლობენ: როგორ დავეხმაროთ, როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტი, როგორ გამოვხატოთ ფიქრები და გრძნობები.
2–4 წლის ასაკში გოგონებიც იგივე ენერგიით დარბიან, ხტიან, დაძვრებიან, როგორც ბიჭები — უბრალოდ მათი სითამამე და გაბედულება ხშირად ბიჭებისგან განსხვავებულ ქმედებებში ჩანს. ისინი ხშირად ირჩევენ უფრო მიზანმიმართულ მოქმედებებს, თოჯინის მანქანით მოგზაურობა მათთვის არ ნიშნავს სიჩქარის შეგრძნებას — ეს არის მომავლის წარმოდგენა, სამყაროს მოდელირება. იმ დროს, როცა ბიჭი სათამაშოს ახმაურებს და ამოძრავებს, გოგო ხშირ შემთხვევაში ამბავს და მნიშვნელობას სძენს.
ორივე მიდგომა ტვინის სხვადასხვა უბანებს ავითარებს და ორივე აუცილებელია - ორივე მათგანი ბავშვობის ბუნებრივი ნაწილი და თანაბრად მნიშვნელოვანია.
ამიტომ არასდროს არ უნდა გავაკრიტიკოთ ბავშვები სქესის მიხედვით. ნუ მივაწერთ ერთ თამაშა ძლიერებას და მეორეს სისუსტეს. ნუ გავაღრმავებთ სტერეოტიპებს.
ყველა ბავშვი ძლიერი და უნიკალურია და მან ყველა თამაში უნდა მოსინჯოს.
ხმაური და სისწრაფე ისეთივე ნორმალურია, როგორც ზრუნვა და სოციალური თამაში. ბავშვებში ორივე ინტერესი არსებობს და ამიტომ არის აუცილებელი ბავშვების ერთად თამაში, როლების და სათამაშოების გაზიარება.