როგორ უნდა მართოთ გამათბობლები ისე, რომ მაქსიმალური სითბოს ეფექტი და მინიმალური დანახარჯი  მიიღოთ - ენერგოაუდიტორი გასწავლით ენერგიის და თანხის დაზოგვის ყველაზე ეფექტურ მეთოდებს - მშობლები

როგორ უნდა მართოთ გამათბობლები ისე, რომ მაქსიმალური სითბოს ეფექტი და მინიმალური დანახარჯი  მიიღოთ - ენერგოაუდიტორი გასწავლით ენერგიის და თანხის დაზოგვის ყველაზე ეფექტურ მეთოდებს

2025-11-24 12:10:10+04:00

ენერგოაუდიტორი ნანი მეფარიშვილი მოსახლეობას აძლევს რჩევებს, თუ როგორ მართონ თავიანთი გამათბობლები ისე, რომ მაქსიმაური სითბოს ეფექტი და მინიმალური დანახარჯი მიიღონ. წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც სპეციალისტმა რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემაში "დალა მშვიდობისა საქართველო" გაგვიზიარა.

როდის ვიწყებთ გათბობის ჩართვას

როდესაც ცივი სეზონი იწყება, სახლს არ უნდა ვაცადოთ გაციება. ბევრი ჩვენი მოქალაქე ითმენს, რომ რაც შეიძლება გვიან ჩართოს. როდესაც გვიან ირთვება, სახლის კედლები უკვე გაცივებულია და გაცილებით დიდი ენერგია გვჭირდება მის გასათბობად. ამიტომ ჯობს, თუ ცოტათი ადრე ჩავრთავთ ძალიან დაბალზე, არ მივცემთ საშუალებას, კედლები გაგვიცივდეს და დიდი ენერგია დაგვჭირდეს გასათბობად. როცა სერიოზულად აცივდება, იმდენი ენერგიის ხარჯვა აღარ მოგვიწევს. ამ დროს კედლები ისეთ დონეზე იქნება გამთბარი, რომ სულ ცოტაღა გჭირდებათ, რომ გათბობის ქვაბს აუწიოთ.

გათბობის ქვაბები ორი ტიპისაა. ერთს აქვს 20-გრადუსიანი მინიმუმი, ზოგს 30 და 35-იანი. შეძენის დროსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რაც უფრო ქვედა ზღვარი არსებობს, ის უკეთესია. ქვაბის შეძენისას აუცილებლად უნდა იფიქროთ იმაზეც, რამდენკილოვატიანია ქვაბი. ერთოთახიანი ბინისთვისაც კი 25 კილოვატიანს ყიდულობენ - ფასში დიდი სხვაობა არ არის და ფიქრობენ, რომ უფრო მძლავრი უკეთესია. სინამდვილეში პატარა ბინას ნაკლები სიმძლავრე სჭირდება და დაბალსიმძლავრიანი ქვაბი მისთვის უფრო ეკონომიურია.

რამდენი გრადუსი უნდა იყოს სახლში

რა თქმა უნდა, სითბოს აღქმის უნარი ყველა ჩვენგანს განხვავებული აქვს, ბინებისთვის კომფორტულ ტემპერატურად 22 გრადუსი მიიჩნევა. ინდივიდუალური შეგძნებით, ვიღაცისთვის ეს შეიძლება ბევრი იყოს, ვიღაცისთვის ცოტა. მაგალითად, მამაკაცებს ნაკლები ტემპერატურა უფრო მოსწონთ, ქალებს მეტი სითბო სჭირდებათ. იქონიეთ ბინაში თერმომეტრი და თუ პატარები გყავთ, თერმომეტრი ბავშვის სიმაღლეზე დაამაგრეთ და არა ზრდასრულისაზე. შეიძლება თქვენს სიმაღლეზე კომფორტული ტემპერატურაა, მაგრამ ბავშვის სიმაღლეზე უფრო დაბალი იყოს. სხვათა შორის, ასეთი დაკვირვება არსებობს - ბიჭები უკეთ სწავლობენ როცა ოთახში გრილა, გოგონები კი უკეთ სწავლობენ, როცა თბილა.

როგორ უნდა ნიავდებოდეს ოთახი, როცა გათბობა ჩართულია

როცა სახლში გათბობაა ჩართული, სახლში ყველა ზედაპირი გამთბარია - იატაკი, მაგიდა, სკამები. როცა 10-15 წუთით ფანჯარას ვაღებთ და ვანიავებთ, ეს ყველაფერი ცივდება და გათბობის სისტემას ყველაფრის აღდგენა უწევს. ხოლო 5 წუთით განიავება სითბოს არ დაგაკარგინებთ, სუფთა ჰაერს კი მოგცემთ. ჩვენი ბინების დიდი პრობლემაა განიავება. რაც მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა ჩავსვით, ბუნებრივი ვენტილაცია აღარ მუშაობს. გროვდება ნახშიროჟანგი, რაც არც ზრდასრულისთვის და არც ბავშვისთვის სასარგებლო არ არის. ამიტომ 5-7 წუთით განიავება საათში ერთხელ ან ორჯერ, აუცილებელია, რათა ჰაერიც გასუფთავდეს და არც გათბობის გადასახადი გაგვეზარდოს. არ უნდა მოსწრონ ჩვენი ბინის ზედაპირებმა გაცივება.

გათბობა და ვირუსები

თერმომეტრის გარდა სახლში უნდა იქონიოთ ტენიანობის გამზომი ხელსაწყოც, რადგან გათბობა ძალიან აშრობს ჰაერს. ამ დროს ბრონქებში უფრო ადვილია მიკრობების გამრავლება. დავარეგულიროთ ტენიანობა 30%-ზე ზემოთ. 60% იდეალურია. დადგით რადიატორზე წყლიანი ჭურჭელი. აორთქლდება და ტენიანობას გაზრდის.

როცა სახლში არყოფნინსას გათბობას ვთიშავთ

ამით ჰგონიათ, რომ ეკონომიას აკეთებენ. სინამდვილეში პირიქითაა, ყველაფერი ცივდება და ქვაბს უწევს ამ ყველაფრის აღდგენა გაძლიერებული მუშაობით. იხარჯება მეტი ენერგია და გვეზრდება გადასახადი. გათიშვას სჯობს დაუწიოთ და ქვაბმა 15-16 გრადუსიანი ტემპერატურით იმუშაოს. მაშინაც კი, როცა 1-2 კვირით სახლიდან მიდიხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული ენერგია დაგჭირდებათ ყველაფრის თავიდან გასათბობად. ანუ 2 კვირით დაბალზე ჩართული გამათბობელი მეტ ეკონომიას გიკეთებთ, ვიდრე გამორთული.

ენერგოეფექტური შენობები

კანონმდებლობით, ახალი შენობა ვერ აშენდება, თუ შენობა მინიმალური ენერგოეფექტურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. რაც შეეხება ძველ შენობებს, კანონმდებლობით განსაზღვრულია და იმედია, მალე ამოქმედდება შენობათა ენერგეტიკული პასპორტიზაცია. ვერც ერთი შენობა ვერ გაიყიდება და ვერ გაქირავდება, რომელსაც ენერგეტიკული პასპორტი არ ექნება. როგორც ტექნიკაზე არსებობს კლასები, ასევე იქნება ბინების შემთხვევაშიც A კლასი, B კლასი C კლასი. გეცოდინებათ, რა ღონისძიებები უნდა გაატაროთ, რომ მაგალითად, C კლასიდან B კლასზე გადახვიდეთ.

კერძო სახლების მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ძალიან ბევრ სითბოს კარგავს სხვენი, თუ მისი თბოიზოლაცია არ ხდება.

თუ ცენტრალური გათბობა არ გვაქვს

პატარა ბინებში ზამთარ-ზაფხულის რეჟიმზე მომუშავე კონდენციონერები ყველაზე ენეგროეფექტური გამოსავალია. ჯობია ინვერტორული ძრავით იყოს როგორც კონდენციონერი, ასევე მაცივარი და სარეცხი მანქანა. ასეთი დანადგარები 30%-ით ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ. რადიატორი, ფართის ეკონომიის მიზნით, არ უნდა იყოს კედელზე "მიხუტებული". 5-7 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს დაშორება და კედელზე უნდა იყოს გაკრული ფოლგიანი იზოლატორი. იყიდება სამშენებლო მაღაზიებში, ხელმისაწვდომია და ადვილი გასაკრავიც. ის არ მისცემს სითბოს დაკაგვის საშუალებას და ძალიან კარგი ამონაგები აქვს. არც დიზაინს გიფუჭებთ, რადგან რადიატორის უკან ეკრობა.