"შიმშილი ყოველთვის კუჭიდან არ მოდის... ჩვენ, ექიმები, ამას „ემოციურ კვებას“ ვეძახით... თქვენ არ ხართ თქვენი მადა. თქვენ ხართ ის, ვინც ამ მადას მართავს" - ნატა გაგუა - მშობლები

"შიმშილი ყოველთვის კუჭიდან არ მოდის... ჩვენ, ექიმები, ამას „ემოციურ კვებას“ ვეძახით... თქვენ არ ხართ თქვენი მადა. თქვენ ხართ ის, ვინც ამ მადას მართავს" - ნატა გაგუა

2025-11-24 13:17:38+04:00
ენდოკრინოლოგი ნატა გაგუა ვრცელ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:
"შიმშილი ყოველთვის კუჭიდან არ მოდის.
მოდით, ვისაუბროთ იმ 5-7 წამზე, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ცვლის.
საღამოა, დაღლილი ხარ. სამყარომ მთელი დღე საკრივე ტომარასავით გირტყა და უცებ - დგახარ მაცივართან.
არ გშია. ფიზიოლოგიურად დანაყრებული ხარ, მაგრამ შიგნით რაღაც ყვირის: „ახლავე! ტკბილი, მარილიანი, ბევრი...“
ჩვენ, ექიმები, ამას „ემოციურ კვებას“ ვეძახით, ფსიქოანალიტიკოსები „რეგრესიას“, მაგრამ მე ამას დავარქმევდი „უმისამართო ნუგეშს“.
პროფესორმა, კრისტინ ნეფმა (Kristin Neff), შექმნა ფორმულა. ეს არ არის დიეტა. ეს არის ფსიქოფიზიოლოგიური „მუხრუჭი“, რომელიც მადა-დისტრესის ციკლს არღვევს.
მეთოდს ჰქვია: შეჩერება – აღქმა – თანაგრძნობა – არჩევანი.
აი, როგორ მუშაობს ეს პრაქტიკაში, როცა ხელი შოკოლადისკენ გაგირბის:
  • 1. შეჩერება (Stop)
იმპულსი მოდის? ნუ ებრძვი, უბრალოდ შეჩერდი. სულ რაღაც 3 წამი.
დათვალე: ერთი... ორი... სამი.
იცით, რა ხდება ამ დროს? ნეიროლოგიური „ბრეიკი“. ავტომატურ რეჟიმს თიშავ და საჭესთან შენ ჯდები.
  • 2. აღქმა (Notice)
ახლა კი, როგორც მეცნიერი ლაბორატორიაში, ისე დააკვირდი საკუთარ თავს. განა განსჯით! (ჩვენში ხომ თვითგვემა ეროვნული სპორტია), არამედ ინტერესით:
• რა ხდება სხეულში? ყბები დაძაბულია? მუცლის კუნთები დაჭიმული?
• რა ემოციაა? ეს შიმშილია თუ მარტოობა? დაღლილობა თუ „დაუმთავრებელი საქმის“ შფოთვა?
აქ მთავარია, სიტუაცია „განათდეს“. როცა ემოციას სახელს არქმევ, ის უკვე მონაცემია და არა - ბრძანება.
  • 3. თანაგრძნობა (Soothe)
აი, აქ ვუშვებთ მთავარ შეცდომას. ჩვენ ვცდილობთ, თავი ხელში ავიყვანოთ სიმკაცრით. ჩემო კარგო, კორტიზოლს (სტრესის ჰორმონს) სიმკაცრე კი არა, სითბო ამცირებს.
უთხარი საკუთარ თავს (ხმამაღლა ან გულში):
„მე ახლა დისტრესში ვარ. დაღლილი ვარ. ეს არის ადამიანური მომენტი და არა დანაშაული. მოდი, შევიმსუბუქებ, როგორც ჩემს მეგობარს დავეხმარებოდი.“
დაიდე ერთი ხელი გულზე, მეორე მუცელზე. ეს ჟესტი სხეულს ეუბნება: „უსაფრთხოდ ხარ“. იმპულსის ძალა 40%-ით მცირდება. გარანტიას გაძლევთ.
  • 4. არჩევანი (Choose)
როცა ქაოსი ჩაცხრება, უკვე შეგიძლია ჩართო დამკვირვებელი:
• „ნამდვილად მშია?“ - თუ კი, მიირთვი ჯანსაღი, გემრიელი საკვები. ეს ენერგიას მოგიტანს.
• „თუ სითბო მინდა?“ - მაშინ დალიე ჩაი, ჩაეხუტე ოჯახის წევრს, ან უბრალოდ გააკეთე 5 ღრმა ჩასუნთქვა.
მეგობრებო, დაიმახსოვრეთ: ტკივილის მართვა სხვა ტკივილით (ზედმეტი ჭამით) არ მუშაობს. სურვილი არ არის შტორმი, რომელსაც უნდა დაემალო; ის არის ქარი, რომელსაც აფრები უნდა მოარგო.
სურვილი ≠ მოქმედებას.
სურვილი = ინფორმაციას.
თქვენ არ ხართ თქვენი მადა. თქვენ ხართ ის, ვინც ამ მადას მართავს - ღირსეულად, მშვიდად და სიყვარულით.
შეინახეთ ეს პოსტი იმ მომენტისთვის, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ. და გაუზიარეთ მას, ვისაც ახლა, ამ წამს, საკუთარ თავთან ომი აქვს გამოცხადებული. მოდით, დავასრულოთ ეს ომი ზავით