ჭადრაკი არის უნივერსალური თამაში, რომელიც ერთდროულად ავითარებს ბავშვის ინტელექტუალურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ უნარებს. ის არა მხოლოდ ავარჯიშებს გონებას, არამედ არის ცხოვრებისეული გამოცდილების მნიშვნელოვანი წყაროც - ასე აფასებს თამაშს ჭადრაკის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე სირაძე.
ცოტა ხნის წინ ეს ინტელექტუალური თამაში გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ და „პალიტრა სტუდიამ“ სულ სხვანაირი ფორმით შესთავაზეს ფართო საზოგადოებას. ჭადრაკი, სადაც მეფედ სპილო დგას, კუს როლში კი ჭკვიანი მელია გვევლინება. მხედრის ადგილას პატარა პონი ჩნდება, ეტლის მაგივრად კურდღელი დახტის, ხოლო პაიკებად პაწაწინა თაგუნიები განლაგდებიან დაფაზე. სხვა ჭადრაკებისგან განსხვავებით, სპილო-მეფეს სახელიც კი აქვს - ირფალიონი. ირფალიონს გამორჩეული ცხოვრება ჰქონდა. სანამ ჭადრაკის მეფე გახდებოდა, ცირკის ჯადოსნურ ექსპრესთან ერთად მოგზაურობდა დედამიწის გარშემო და უამრავი თავგადასავალი გადახდა თავს.
ასეთია ახალი, ჯადოსნური ჭადრაკი. როგორც თავად აღნიშნავენ, შემქმნელებმა ბევრი იმუშავეს, რომ შეეთავაზებინათ პროდუქტი, რომელიც ტრადიციულ თამაშს ზღაპრულ ელფერს სძენს. ჭადრაკი ხომ ერთ-ერთი იმ აქტივობათაგანა, რომელიც ბავშვების გონებრივ განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს. ეს კონკრეტული ჭადრაკი თქვენს შვილებს ინტელექტუალურ თამაშს პატარა ასაკიდანვე შეაყვარებს, მიაჩვევს სტრატეგიულ აზროვნებას და ფიგურების ფორმებიდან გამომდინარე მათთვის სრულიად უსაფრთხო იქნება.

აქვე სალომე სირაძის რეცენზიას „პალიტრა L-ის“ ჭადრაკის შესახებ.
„ჭადრაკი არის უნივერსალური თამაში, რომელიც ერთდროულად ავითარებს ბავშვის ინტელექტუალურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ უნარებს. ის არა მხოლოდ ავარჯიშებს გონებას, არამედ არის ცხოვრებისეული გამოცდილების მნიშვნელოვანი წყაროც.
ინტელექტუალური განვითარება
ჭადრაკი აძლიერებს არა მარტო ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას, არამედ შემოქმედების უნარსაც, რადგან არსებობს პარტიის დაწყებისა და მისი გაგრძელების უთვალავი ვარიანტი. თამაშის პროცესში ბავშვი სწავლობს გადაწყვეტილებების მიღებას, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას და დამოუკიდებლობას - დაფაზე ის მარტოა და თავად განაგებს საბრძოლო არენას. მის არჩეულ სტრატეგიაზე დამოკიდებულია პარტიის ბედი.
გარდა ამისა, ჭადრაკი აუმჯობესებს კონცენტრაციასა და მეხსიერებას, აუმჯობესებს ტვინის ორივე ნახევარსფეროს კოორდინაციას, ასწავლის შრომის ფასს და მიზნისკენ მუდმივ სწრაფვას.
სოციალური განვითარება
ჭადრაკი ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანი თამაშის პრინციპების ჩამოყალიბებას. ბავშვი სწავლობს ღირსეულად შეხვდეს როგორც მოგებას, ასევე წაგებას, რითაც ყალიბდება მეტოქის მიმართ სწორი დამოკიდებულება, რაც გამოიხატება არა მოწინააღმდეგეზე გაბრაზებაში, არამედ საკუთარი შეცდომების გააზრებასა და უკეთესობისკენ სწრაფვაში.
ფსიქოლოგიური განვითარება
თამაში ეხმარება პატარებს საკუთარი შიშების გადალახვასა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში. ყოველი პარტია მათთვის ახალი გამოცდაა, რომელიც სწავლის, მოთმინებისა და ნებისყოფის გაძლიერების საშუალებად იქცევა. ისინი სწავლობენ ემოციების მართვას, რაც პარტიის მიმდინარეობისას ძალიან მნიშვნელოვანია. გამოცდილებით სწავლობენ, რომ როგორც ბრაზი და იმედგაცრუება, ასევე სიხარულიც შეიძლება იყოს ნაადრევი, რადგან სანამ თამაშობ ყოველთვის არის პარტიის ბედის შემობრუნების შესაძლებლობა.
ფიზიკური განვითარება
მიუხედავად იმისა, რომ ჭადრაკი ინტელექტუალური სპორტია, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ გამძლეობას. ერთი პარტია შეიძლება 4-5 საათსაც გაგრძელდეს. ვინაიდან ჭადრაკის თამაშის დროს გონება მუდმივად მუშაობს და პარტიის მიმდინარეობისას დროდადრო საჭიროა სიტუაციის შეფასება და სხვადასხვა გაგრძელების, შესაძლებლობების გათვლა, ტვინი იღლება და ამ დატვირთვის გასაძლებად საჭიროა ფიზიკურად ძლიერები ვიყოთ. ეს ყველაფერი ასწავლის ბავშვებს ფიზიკურ მომზადებას, ისინი მალევე იაზრებენ, რომ წარმატებისთვის საჭიროა არა მარტო გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც ძლიერები იყვნენ. ჭადრაკი მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ უბიძგებს.
ჭადრაკი არის მრავალმხრივი საშუალება ბავშვის ინტელექტუალური, სოციალური და ემოციური განვითარებისათვის. ის ასწავლის ფიქრს, ურთიერთობებს, ჯანსაღ კონკურენციას, პასუხისმგებლობასა და გამძლეობას - უნარებს, რომლებიც თამაშის ფარგლებს სცდება და მომავალ ცხოვრებაშიც წარმატების საწინდარია.
საქართველოში ჭადრაკის დიდი ტრადიცია არსებობს. ჩვენი ქვეყანა ამაყობს მრავალი მსოფლიო დონის მოჭადრაკით: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი და მრავალი სხვა. სწორედ ამ სპორტსმენების დამსახურებაა, რომ საქართველოს მსოფლიო ჭადრაკის რუკაზე ღირსეული ადგილი უკავია. ბავშვებისთვის ეს მაგალითია იმისა, თუ რამდენად ბევრი რამის მიღწევა შეიძლება საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით, შრომითა და ნებისყოფით“.
R