თითქოს დაუჯერებელია, რომ მთელი გვარი უბედურების სიმბოლო იყოს, მაგრამ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, მთელი მსოფლიო კენედების კლანის წყევლაზე ლაპარაკობს. ამ ოჯახის ყველაზე ცნობილი ტრაგედია 1963 წლის 22 ნოემბერს, დალასში მოხდა — როდესაც დემოკრატიული პარტიის 35-ე პრეზიდენტი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი, ქალაქში ვიზიტის დროს მოკლეს.
კადრებმა, სადაც მისი მეუღლე ჟაკლინი სისხლით შეღებილ ვარდისფერ კოსტიუმში ცდილობს მანქანიდან გაქცევას, მსოფლიო მოიარა.


თვითონ ჟაკლინმა შემთხვევის შემდეგ კიდევ 31 წელი იცოცხლა: მეორედ გათხოვდა ბერძენ გემთმფლობელ არისტოტელ ონასისზე, თუმცა შვიდ წელში ისევ დაქვრივდა. ჟაკლინი 1994 წლის მაისში გარდაიცვალა — 65 წლის დაბადების დღემდე ორი თვე აკლდა. ლიმფომა მხოლოდ ოთხი თვით ადრე აღმოაჩნდა, და მაშინ ექიმები ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებდნენ, მაგრამ მეტასტაზები ძალიან სწრაფად გავრცელდა.

ბედი თუ უბრალო დამთხვევა?
ზოგისთვის კენედების წყევლა ტაგიკული ბედისწერაა, სხვები მიიჩნევენ, რომ ყველაფერი ოჯახის გამანადგურებელი ამბიციების ბტრალია, ზოგისთვის მათი ოჯახის ტრაგედიები მხოლოდ დამთხვევაა. როგორც არ უნდა იყოს, უბედურება მათი თანამგზავრია — ახლახან ჯონ და ჟაკლინ კენედების 35 წლის შვილიშვილმა, ტატიანა შლოსბერგმა, საჯაროდ აღიარა, რომ სიცოცხლის მაქსიმუმ ერთი წელი დარჩა.
კეტლინ კენედიზე ამბობდნენ, რომ ოჯახში ყველაზე დაუმორჩილებელი იყო. იგი ჯოზეფ და როუზ კენედების ცხრა შვილიდან მეოთხე იყო — შესაბამისად, მოკლული ჯონ ფიცჯერალდის უმცროსი და გახლდათ.

1920 წელს დაბადებული კეტლინი ბავშვობისას ხმაურიანი, სიცოცხლით სავსე და ძალიან მომხიბვლელი იყო. ოჯახის წევრებს უხაროდათ, რომ ასეთი ხასიათის გოგო ეზრდებოდათ. მშობლები, განსაკუთრებით მამა, ანებივრებდნენ, თუმცა ამავდროულად მისგან ბევრ რამეს ელოდნენ: როცა ძმებისთვის პოლიტიკური მომავალი იგეგმებოდა, მისი „მისია“ წარმატებული ქორწინება იყო.
მაგრამ კეტლინს ეს სცენარი არასდროს აკმაყოფილებდა. ის არ აპირებდა იმდროინდელი „ქალის როლს“ დამორჩილებოდა და მშობლების გეგმებს უპირისპირდებოდა. მის „დასამორჩილებლად“ საფრანგეთში, დახურულ სკოლაშიც კი გაგზავნეს. იქ კეტლინი დაინტერესდა პოლიტიკით, კულტურით, ხელოვნებით — ყველაფრით, რაც მხოლოდ ახალი და საინტერესო იყო. ძმები იხსენებდნენ, რომ ყველაფერს მაქსიმალური ჟინით ეკიდებოდა და ოჯახურ სპორტულ შეჯიბრებებშიც კი ვერ ამარცხებდნენ — „ლომივით“ იბრძოდა.

სკოლაში მკაცრი რელიგიური წესები მოქმედებდა, მაგრამ კიკი მუდმივად არღვევდა მათ. დიპლომის მიღების შემდეგ აშშ-ში დაბრუნდა, თუმცა მალე კვლავ ევროპაში აღმოჩნდა — ლონდონში, სადაც ბრიტანელ არისტოკრატ უილიამ ქევენდიშს შეუყვარდა. მაგრამ მამა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. იმ პერიოდში ოჯახს ჰიტლერთან სიახლოვეს აბრალებდნენ და კენედებს სასწრაფოდ მოუწიათ გაღწევა დიდი ბრიტანეთიდან.
ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კეტლინმა კოლეჯში ახალგაზრდების მოძრაობები და ანტისაომარი აქტივიზმიც კი დაიწყო. თუმცა როგორც კი ომი დიდ ბრიტანეთს დაემუქრა, ლონდონში დაბრუნდა და წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაირიცხა. იქ კი საბოლოოდ შეძლო აესრულებინა ოცნება და საყვარელ მამაკაცზე დაქორწინდა — მიუხედავად მშობლების პროტესტისა.

ქორწინებიდან ხუთ თვეში ქმარი ომში დაიღუპა. ერთი თვით ადრე ავიაკატასტროფაში დაიღუპა მისი ძმაც ჯოზეფ კენედი — ერთადერთი, ვინც მის ქორწილზე მივიდა.

კიკი ისევ წითელ ჯვარს დაუბრუნდა და ქმრის ოჯახთან თბილ ურთიერთობას ინარჩუნებდა. მალე მეორე შეყვარებულიც გამოჩნდა — პიტერი, რომელიც დაოჯახებული იყო. ოჯახმა განუცხადა, რომ მასთან კავშირის შემთხვევაში კეტლინზე უარზე იტყოდნენ, ხოლო გარდაცვლილი ქმრის ოჯახმა ეს ღალატად ჩათვალა.

1948 წელს კეტლინი და პიტერი სასიყვარულო მოგზაურობაში პარიზიდან კანში მიფრინავდნენ, მაგრამ ამინდი საშინელი იყო და პილოტს გაფრენა არ ურჩევდნენ. გაფრთხილება უგულებელყვეს, თვითმფრინავი ქარიშხალში მოყვა და ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ყველა, მათ შორის 28 წლის კეტლინიც, დაიღუპა.

კეტლინის უმცროს ძმას, ედუარდ მურ კენედის, უფრო რთული ბავშვობა ერრგო. ოჯახმა ათზე მეტი სკოლა გამოუცვალა, რის გამოც სწავლის პროცესიც და ემოციური ფონი მუდმივად არასტაბილური ჰქონდა.

ომის წლებში ძმა ჯოზეფი და და კეტლინიც დაეღუპა, ხოლო კიდევ ერთ დის — როზმარის — სიცოცხლე დაუნდობელმა ლობოტომიამ დაუნგრია. ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა ორი წლის ასაკის ბავშვის დონემდე დაეცა: ვერ ლაპარაკობდა, ვერ დადიოდა და მთელი ცხოვრება სამედიცინო დაწესებულებაში გაატარა.

ედუარდი მოგვიანებით ჰარვარდში ჩაირიცხა, ფეხბურთს თამაშობდა, არმიაშიც იმსახურა და პოლიტიკაში ძმის — პრეზიდენტ ჯონის — გვერდით დადგა. 1964 წელს ავიაკატასტროფაში მოყვა: გადარჩა, მაგრამ ხერხემალი მოიტეხა და ნახევარი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული.

1969 წელს კენედიმ კიდევ ერთი ავარია — გადაიტანა: მანქანა მდინარეში გადავარდა, თავად გადარჩა, ხოლო მგზავრი — მერი ჯო კოპეჩნი — დაიხრჩო. პოლიციაში მეორე დღეს მივიდა, რის გამოც მხოლოდ პირობითი სასჯელი მიიღო. სენატის წევრობა შეინარჩუნა, თუმცა პრეზიდენტობაზე ოცნება სამუდამოდ დაემსხვრა.
2008 წელს მას ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ 2009 წელს ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე წაიქცა, ამის შემდეგ მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო დამძიმდა და რამდენიმე თვეში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კენედების ოჯახისთვის ავიაკატასტროფები ტრაგიკული განმეორებადი თემაა, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევებიც არაფრით ჩამოუვარდება. 1972 წელს პრეზიდენტის ძმისშვილი, ჯოზეფ პ. კენედი II, ჯიპით ავარიაში მოყვა.

მის გვერდით იჯდა ძმა დევიდი და მისი შეყვარებული — გოგონა სამუდამოდ დაინვალიდდა, დევიდმა კი ხერხემალი დაიზიანა, თუმცა გადარჩა.

28 წლის ასაკში დევიდი სასტუმროს ოთახში მკვდარი იპოვეს — ნარკოტიკული ზედოზირების გამო. ახლობლები იხსენებდნენ, რომ მას ყოველთვის ჰქონდა მენტალური სირთულეები, რომლებიც ავარიამ კიდევ მეტად გაამწვავა. მაგრამ ყველაზე დიდი ტრავმა 13 წლის ასაკში გადაიტანა — როცა ტელევიზიით უყურა, როგორ ესროლეს მამას, რობერტ კენედის, კალიფორნიაში. ამის შემდეგ მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ შეიწირა.

2020 წელს მედია წერდა: „კენედების წყევლამ კიდევ ერთი სიცოცხლე შეიწირა“. 3 აპრილს ჩესაპიკის ყურეში მეივ კენედი თაუნსენდ მაკკინი და მისი 8 წლის შვილი საზღვაო კატასტროფაში დაიღუპნენ. ბავშვი 6 დღეში იპოვეს, მეივი - უფრო გვიან. ისინი ჟილეტების გარეშე იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩიდან წყალში ჩავარდნილი ბურთის გამოსატანად შევიდნენ და დინებამ ზღვაში გაიტაცა.


კენედების ოჯახის კიდევ ერთი დრამა ახლა ხდება. ჯონ და ჟაკლინ კენედების შვილიშვილი, 35 წლის ტატიანა შლოსბერგი, იშვიათი სახეობის კიბოს — მწვავე მიელოიდური ლეიკემიის — ტერმინალურ სტადიას ებრძვის. ამის შესახებ მან New York Times-ის სვეტში დაწერა.
2024 წლის მაისში ტატიანამ მეორე შვილი გააჩინა, მაგრამ მშობიარობის შემდეგ სისხლდენამ ექიმები დააეჭვა. გამოკვლევამ შოკისმომგვრელი დიაგნოზი აჩვენა — იშვიათი მუტაცია, რომელიც, როგორც წესი, ძალიან ხანდაზმულ ადამიანებში გვხვდება. ტატიანამ რამდენიმე კურსი ქიმიოთერაპია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა გაიკეთა, მაგრამ ექიმებმა უთხრეს, რომ მაქსიმუმ ერთი წლით შეუნარჩუნებდნენ ცხოვრებას.

ტატიანამ თავისი ბოლო შთაგონებული სტრიქონები მიუძღვნა ბიძაშვილს — რობერტ კენედი-უმცროსს, ცნობილ პოლიტიკოსსა და ანტივაქსერული მოძრაობის მხარდამჭერს. სწორედ მისი ინიციატივით აშშ-ში შემცირდა კიბოს კვლევებისთვის დაფინანსება. და ის წამალიც კი, რომლითაც ტატიანას მშობიარობის შემდეგ სისხლდენას აჩერებდნენ, მალე შეიძლება აიკრძალოს — ისევ მისი ლობირების შედეგად.
ტატიანა წერს, რომ მისთვის ყველაზე საშიში არა გარდაუვალი სიკვდილის აზრია, არამედ ის, რომ მის შვილებს არ დაამახსოვრდებათ - უფროსი მხოლოდ 4 წლისაა, უმცროსი — ერთი წლის ოდნავ მეტი. მათ მისგან მხოლოდ ფოტოები და ვიდეოები დარჩებათ.