"შოკოლადის მოთხოვნილება მაგნიუმის ნაკლებობაზე შეიძლება, მიუთითებდეს... რაციონიდან მარილის ამოღებამ ზოგჯერ შეიძლება, დეპრესია გამოიწვიოს" - ნატა გაგუას რჩევები - მშობლები

"შოკოლადის მოთხოვნილება მაგნიუმის ნაკლებობაზე შეიძლება, მიუთითებდეს... რაციონიდან მარილის ამოღებამ ზოგჯერ შეიძლება, დეპრესია გამოიწვიოს" - ნატა გაგუას რჩევები

2025-11-26 13:00:11+04:00

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა შეიძლება იწვევდეს შოკოლადზე განსაკუთრებულ დამოკიდებულებას:

- შოკოლადის მოთხოვნილება მაგნიუმის ნაკლებობაზე შეიძლება, მიუთითებდეს. თუმცა, თუ თქვენ ნორმის ფარგლებში, ყოველდღიურად მიირთმევთ და მერე დღის განმავლობაში ხარჯავთ, არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ, არის ადამიანი, რომელიც გულწრფელად მეუბნება, რომ 2 ფილაც არ ჰყოფნის... როდესაც უკვე ზღვარს გადავდივართ, თავად ხომ ვგრძნობთ ამას, რომ 1-2 დღე არ ხდება. გრძელდება, უკვე ჩვევაა, ვიცით ზუსტად, სად რა იყიდება, შიში გვაქვს, რომ არ გამოგველიოს, მოგვაქვს, ვინახავთ, ვმალავთ... ასეთ დროს უკვე ჯობს, რომ სპეციალისტს მივმართოთ. შეიძლება, მაგნიუმის, ქრომის ნაკლებობა გვქონდეს. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ცომის, პურის გარეშე არ შეუძლიათ?! ეს მხოლოდ ახირება და ის კი არ არის, რომ ადამიანი უნებისყოფოა. შეიძლება, ქრომის ნაკლებობა ჰქონდეს. ქრომი ისეთი მიკროელემენტია, რომ ინსულინისთვის გვჭირდება. ქრომს ასე ზეპირად ვერ დანიშნავ იმიტომ, რომ სახიფათოა. ამიტომ, ამ სტატუსების შეფასების გარეშე, რომ საკუთარ წონას, მადას ეჭიდაო, ძალიან რთულია.

ნატა გაგუა საუბრობს იმაზეც, რომ რაციონიდან მარილის სრულად ამოღებამ შეიძლება, დეპრესია გამოიწვიოს:

- პაციენტებს ნაკლებმარილიან დიეტებს ვურჩევ, მაგრამ ძალიან ფრთხილი ვარ. მარილის ამოღება ზოგჯერ დეპრესიას იწვევს. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ საჭის მართვის დროს, ადამიანს მკვეთრი სისუსტე, თავბრუსხვევა უგრძნია. ამიტომ, ასეთ რაღაცებში ექიმები ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ.

ასევე, მარილიანი საკვები რომ გინდება, შეიძლება, დაბალწნევიანი ხარ. მარილიანი საკვებით კი ორგანიზმს ეხმარები, რომ მეტი წყალი მიიღოს და წნევა მაღლა იწევს. თვითმკურნალობაა. მეორეც, გამომშრალი რომ ხარ, წყალი რომ საერთოდ არ გახსოვს, ორგანიზმი რაღაცას მარილიანს გთხოვს, რომ იქნებ, ამის ხათრით მაინც დალიო.