რატომ იქცევა ბავშვი ცუდად და აღარ გისმენთ - რას გვეუბნება მისი ქცევა სინამდვილეში? - მშობლები

რატომ იქცევა ბავშვი ცუდად და აღარ გისმენთ - რას გვეუბნება მისი ქცევა სინამდვილეში?

2025-11-27 08:48:18+04:00

ბავშვის ცუდი ქცევა ძალიან ხშირად ერთადერთი გზაა, რომ უფროსებს რაღაც მნიშვნელოვანი გადასცეს. პატარებს ყოველთვის არ აქვთ უნარი დაარქვან სახელები იმ ემოციებს, რაც აწუხებთ — წყენა, შიში, დაღლილობა, გაუგებრობა, ყურადღების ნაკლებობა. სიტყვებით გამოუთქმელი ემოციები სწორედ ქცევაში გამოიხატება.

თუ მშობელი მხოლოდ ქცევას „სჯის“, მაგრამ არ ეძიებს რატომ მოხდა ეს, ბავშვში ფორმირდება და მყარდება არასასურველი ქცევის მოდელი, რომელიც შემდეგ ისევ და ისევ მეორდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გაგება: რატომ აღარ გისმენთ ბავშვი? რატომ იქცევა ცუდად? და როგორ შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს?

დასჯა მოკლევადიანი გადაწყვეტილებაა — და არასდროს აგვარებს მიზეზს

დასჯას შეუძლია ერთი რამ — გააჩუმოს და გააჩეროს ბავშვი ამ წუთას. მაგრამ მას ვერ შეუძლია ემოციის განკურნება. ყველაზე ხშირად დასჯა ტოვებს წყენას, გაურკვევლობის განცდას და ფიქრს, რომ მისი ტკივილი არ ესმით.

სწორი რეაქცია კი სწორედ ის არის, რაც კი არ აღრმავებს ცუდ ქცევას, არამედ ამშვიდებს და ეხმარება ბავშვს ემოციის სწორად დამუშავებაში.

რატომ „გამოდიან ბავშვები საზღვრებიდან“? — განვითარების ბუნებრივი ეტაპები

მეცნიერულად ამის ახსნა ძალიან მარტივია: ბავშვი 2–7 წლის ასაკში — ჯერ კიდევ არ ფლობს იმ უნარებს, რომ სიტყვიერად ილაპარაკოს თავის ემოციებზე. მისთვის მშობლის დრო, ყურადღება და გვერდით ყოფნა ყველაზე დიდი საჭიროებაა.

როცა ვერ იღებს საკმარის ემოციურ სითბოს ან ვერ იგებს, რატომ ეუბნებიან უარს, მას ჰგონია, რომ საუკეთესო გზა — „ხმაური“, ტირილი და ისტერიკაა.

ეს არ არის მანიპულაცია. ეს არის უნარი, რომელსაც ის ჯერ კიდევ სწავლობს.

რეჟიმი და ძილი — პირდაპირ კავშირშია ბავშვების ქცევასთან

2013 წლის კვლევაში, სადაც 3, 5 და 7 წლის 10 000 ბავშვი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ არარეგულარული ძილის რეჟიმი პირდაპირ აისახება ქცევით პრობლემებზე.

პროფესორი ივონ კელი (ლონდონის უნივერსიტეტი) ამბობს: „როცა ბავშვს არ აქვს ფიქსირებული დღე-ღამის რეჟიმი, მისი ემოციური და ქცევითი თვითრეგულაცია ირღვევა — და ეს შეიძლება მთელი ცხოვრება გაჰყვეს.“

კარგი ამბავი ისაა, რომ ცვლილებები შექცევადია. როდესაც ოჯახი უზრუნველყოფს სტაბილურ რეჟიმს, ბავშვების ქცევა საგრძნობლად უმჯობესდება:

  • ქრება ჰიპერაქტიურობა

  • მცირდება აფეთქებები

  • ემოციური ფონი სტაბილურდება

რატომ არ მუშაობს ფრაზა — „გეჩხუბები, იმიტომ რომ შენთვის კარგი მინდა“

ბავშვები ვერ იგებენ ამ გზავნილს. როცა მშობელი აქცენტს აკეთებს მხოლოდ ცუდ ქცევაზე, ბავშვი ცდილობს ყურადღება სწორედ ამ გზით მიიღოს.

პროფესორი რეიჩელ კელემი (მასაჩუსეთის უნივერსიტეტი) ამბობს: „მშობელმა უნდა შეამჩნიოს და გამოკვეთოს კარგი ქცევა — ბავშვი ყოველთვის ცდილობს იმეოროს ის, რის გამოც მიიღო აღიარება და თბილი ემოცია.“

როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება პრაქტიკაში?

არ ვამბობთ მხოლოდ „კარგი ბავშვი ხარ“. ვუთხრათ კონკრეტულად:

  • „ყოჩაღ, რომ სათამაშოები ალაგე — ძალიან მეხმარები.“

  • „ნახე, როგორი სისუფთავეა შენს ოთახში — რა კარგად დაგილაგებია.“

კონკრეტიკა ბავშვს აძლევს განცდას: „მე რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთე“.

შეისწავლეთ საკუთარი ტონი — ყვირილი ვერ ასწავლის იმას, რასაც მშვიდი სიტყვა ასწავლის

ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად ძლიერ მოქმედებს ხმამაღალი, გაღიზიანებული ტონი ბავშვის ფსიქიკაზე.

ბავშვის ტვინი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. რაც უფრო პატარაა, მით უფრო მეტად უჭირს ქცევის და ემოციის განცალკევება. ამიტომ საუკეთესო მიდგომამაა მკაფიო საზღვრები, მშვიდი ტონი და არავითარი ყვირილი

რატომ არ უნდა დავუთმოთ ტირილის შემდეგ – და რატომ არ უნდა გავამკაცროთ პოზიცია ბოლო წუთში

ყველა მშობელი იცნობს სიტუაციას: ბავშვი ტირის, ითხოვს, არ ეშვება… მშობელი ჯერ ამბობს „არა“, მაგრამ ბოლოს იღლება და თანხმდება.

ეს სიგნალია ბავშვისთვის: „თუ საკმარისად ვიტირებ, მივიღებ იმას, რაც მინდა.“

უკეთესია:

  • თუ გსურთ დათმობა — დათმეთ მაშინვე, არა 10-წუთიანი ისტერიკის შემდეგ.

  • თუ უარის თქმას გადაწყვეტთ, დარჩით თქვენს სიტყვაზე.

აზრის შეცვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი ტირის, ძალიან აფუჭებს სიტუაციას.

რატომ არ უნდა ვუთხრათ ბავშვს: „შენს ასაკში სირცხვილია ასე მოქცევა“

ბავშვის კალენდარული ასაკი არ არის მისი ემოციური და ქცევითი განვითარების სიზუსტით საზომი. ყოველი ბავშვი თავისი ტემპით ვითარდება.

ამიტომ საჭიროა მშობელმა იცოდეს შვილის ფუნქციონალური ასაკი — რამდენად შეუძლია თვითრეგულაცია, მოთმინება, დავალების დასრულება, ემოციის დამუშავება.

თუ კი ბავშვის ქცევა გაღიზიანებთ, დახმარების მოთხოვნა არავითარ შემთხვევაში არ არის სირცხვილი. სწორად შერჩეული ბავშვთა ფსიქოლოგი მშობელს ასწავლის ისეთ მეთოდებს, რომლებიც მთელი ოჯახის ცხოვრებას შეამსუბუქებს.

მშობლობა რთულია — და ეს ნორმალურია

არ არსებობს მშობელი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უთქვამს: „აღარ ვიცი, რა გავაკეთო.“

ეს ნორმალურია.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და პასუხისმგებლობიანი როლი ცხოვრებაში. და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სხვა მშობლებთან საუბარი, გამოცდილების გაზიარება, საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის ჩართვა და იმის გააზრება, რომ პრობლემები ყველას აქვს

თუ ბავშვი ცუდად იქცევა - თამარ გაგოშიძე ბავშვის ქცევასა და გამომწვევ მიზეზებზე