სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც მოზარდებისთვის უნდა ემკურნალათ, მათ ცემდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ - 16 წლის ნაცემი ბიჭი კომაშია და ახლა ყველა ალაპარაკდა - მშობლები

სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც მოზარდებისთვის უნდა ემკურნალათ, მათ ცემდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ - 16 წლის ნაცემი ბიჭი კომაშია და ახლა ყველა ალაპარაკდა

2025-11-27 11:09:38+04:00

...რამდენიმე დღის წინ, 16 წლის ბიჭი, სახელად რომანი, მოსკოვის ოლქის საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მოათავსეს. როგორც აღმოჩნდა, ის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში იძულებით იმყოფებოდა. ბავშვს სასტიკად სცემეს და ის ახლა კრიტიკულ მდგომარეობაშია.

სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც მოსკოვთან ახლოს მდებარეობდა და საკმაოდ ძვირიც ღირდა, მშობლები ბავშვების მოთავსებას მას შემდეგ წყვეტდნენ, რაც გაიგებდნენ, რომ მათი შვილი ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა ან სხვა რაიმე ტიპის მავნე ჩვევა და დამოკიდებულება ჰქონდა.

მშობლებს ჰპირდებოდნენ, რომ მათი შვილი რეაბილიტაციის ცენტრში კარგად იქნებოდა, ჯანსაღ ჩვევებს გამოიმუშავებდა, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას მიიღებდა და მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებას დაძლევდა. მაგრამ, დაწესებულების კარს მიღმა სრული უკანონობა ხდებოდა...

zaladoba-6-1764227956.jpg

მას შემდეგ, რაც მოზარდები ცენტრში მიდიოდნენ და მშობლები პირობას მიიღებდნენ, რომ მათზე იქ სრულად იზრუნებდნენ, ბავშვები ტყვეობაში აღმოჩნდებოდნენ.

ცნობილია, რომ რეაბილიტაციის ცენტრი ანა ხობოტოვამ დააარსა, რომელიც საკუთარ თავს იურისტს, ადამიანის უფლებათა დამცველს და ბავშვთა ფსიქოლოგს უწოდებს. მას ასევე აქვს ფილიალები ეკატერინბურგსა და დონის როსტოვში. თავის ცენტრებზე საუბრისას, ის ხშირად ამბობდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ მოზარდების ინფორმირება არალეგალური ნივთიერებების საფრთხის შესახებ, არამედ მათთვის საკუთარი ცხოვრების დაბრუნება. ცენტრი არც ისე იაფი ღირდა და მშობლები ყოველთვიურად სოლიდურ თანხას იხდიდნენ.

zaladoba-11-1764228020.jpg
ანა ხობოტოვა

ცენტრში ბავშვები სხვადასხვა პრობლემის გამო "მკურნალობდნენ". მაგალითად, რომანის მშობლები ამბობდნენ, რომ მისი ერთადერთი დამოკიდებულება მობილური ტელეფონი იყო და მათ უბრალოდ სურდათ, რომ მათ შვილს მეტი დრო რეალურ სამყაროში გაეტარებინა.

zaladoba44-1764227977.jpg

რომა ცემის შემდეგ საავადმყოფოში მოათავსეს. მისმა დაზიანებებმა თირკმლის უკმარისობა და სეფსისი გამოიწვია, მაგრამ ექიმებმა ის მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ნახეს. ექიმების ცნობით, რომანი ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამბობენ, რომ თუ ბავშვი კომიდან გამოვა, ნამდვილი სასწაული მოხდება. როგორც სხვა ბავშვებმა მოგვიანებით აღიარეს, რომა იმიტომ სცემეს, რომ მასწავლებლის მითითებები არასწორად გაიგო.

რომას მშობლები ბავშვს ვეღარ ეკონტაქტებოდნენ და ამის შემდეგ განგაში ატეხეს. მასწავლებლები და ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა სულ სხვა რეალობა დახვდათ.

zaladoba-9-1764227993.jpg

აღმოჩნდა, რომ რომანს ცენტრში სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ შიდა წესები დაარღვია. მიღებული დაზიანებების გამო, მას ფეხზე დგომაც კი არ შეეძლო და მთელი ორი კვირა იატაკზე იწვა. ბავშვი ცალკე ოთახში გამოკეტეს. პოლიცია რომანის მკურნალმა ექიმებმა გამოიძახეს. მას შემდეგ, რაც პოლიციის წარმომადგენლები ცენტრში შევიდნენ, საშინელი სურათი დახვდათ...

აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომელთა ასაკიც 11-დან 17 წლამდე იყო, ცენტრში სასტიკი მოპყრობის, ცემის, შეურაცხყოფის მსხვერპლნი ხდებოდნენ. წესების დარღვევისთვის ზოგიერთ მათგანს საწოლზე აბამდნენ, საკვებსა და წყალს არ აძლევდნენ, ყინულიან წყალს ასხამდნენ, სხეულზე სიგარეტს აწვავდნენ, ძაღლის საკვებს აჭმევდნენ და აიძულებდნენ, რომ საპირფარეშოთი არ ესარგებლათ... ბევრ მოზარდს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

zaladoba-10-1764228047.jpg

მოზარდები ხშირად შიმშილისა და დაღლილობისგან გონებას კარგავდნენ, მაგრამ ექიმებთან არავის უშვებდნენ. ისე აშინებდნენ, რომ მშობლებთან ვერაფერს ამბობდნენ, ხოლო თუ იტყოდნენ, ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ეს მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო. იმას, რომ მოზარდები ცენტრში სხვადასხვა დამოკიდებულებით მივიდნენ, თანამშრომლები კარგად იყენებდნენ და მშობლებს არწმუნებდნენ, რომ ბავშვები ამ ყველაფერს იგონებდნენ.

როდესაც მშობელი რეკავდა, ბავშვი იძულებული იყო, მეთვალყურის თანდასწრებით ესაუბრა და ტელეფონი სპიკერზე ჩაერთოთ. პოლიციელები ცენტრში რომ შევიდნენ, ადგილზე საშინელი ანტისანიტარია დახვდათ. ცენტრის დამფუძნებელი მიიმალა.

საქმეში მთავარი ეჭვმიტანილი რეაბილიტაციის ცენტრის ადმინისტრატორი, 29 წლის ვიტალია. როგორც ირკვევა, ის ბავშვებზე 18 წლის დამხმარესთან, მილანასთან ერთად ძალადობდა. ორივე მათგანი დაკავებულია.

zaladoba-16-1764228065.jpg
ვიტალი

ბავშვების თქმით, რეაბილიტაციის ცენტრის პერსონალი ალკოჰოლსა და უკანონო ნივთიერებებს თავად მოიხმარდა. სამართალდამცავი ორგანოები ცენტრის კიდევ ერთ თანამშრომელს ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, მას 12-დან 15 წლამდე ასაკის გოგონებთან სექსუალური კავშირი ედება ბრალად.

რეაბილიტაციის ცენტრი კერძო სახლში მდებარეობდა, თუმცა ის ნამდვილად შეუღწევად ციხესიმაგრეს ჰგავდა. იმისათვის, რომ პოლიცია ადგილზე შესულიყო, 12 საათი დასჭირდათ...

zaladoba-1764228086.jpg

ბავშვებს თვეების განმავლობაში გარეთ არ უშვებდნენ, სახლში დაბრუნების შემდეგ კი მშობლებს მათთვის რეაბილიტაციაში გატარებული დროის შესახებ კითხვის დასმა სასტიკად ეკრძალებოდათ, რომ ძველი ტრავმები არ გაეხსენებინათ.

ახლა მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ. გამოძიება მიმდინარეობს, 16 წლის მოზარდი კი მიყენებული დაზიანებების გამო, კომაშია.