ჟურნალისტმა თამთა ჯანაძემ რამდენიმე თვის წინ საინტერესო ოჯახური ვლოგების გადაღება დაიწყო. ის მშობლობის მთავარ გამოწვევებზე, 3 შვილის დედობასა და ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პრობლემებზე მაყურებელს საკუთარ პოზიციას გულწრფელად უზიარებს და ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს.
ამჯერად ქართული განათლების სისტემის შესახებ საუბრობს და მთავარ პრობლემებს გამოკვეთს. რამდენიმე დღის წინ სახელმძღვანელოებზე ჩაწერა ვლოგი. ამ სახელმძღვანელოებში შეტანილი ურთულესი ტექსტების არათუ მოყოლა, გაგებაც კი გაუჭირდება დაწყებითი კლასების მოსწავლეს.
ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი დაეთანხმა თამთას. ისიც აღნიშნეს, რომ მსგავსი პრობლემა პირველ-მეორე კლასებშიც არის და გარდა იმისა, რომ სახელმძღვანელოები არ არის გათვალისწინებული ასაკზე, მასწავლებლებიც ხშირად პირდაპირ მიჰყვებიან პროგრამას და პატარებს ამ რთული და ბევრჯერ გაუგებარი ტექსტების მოყოლას სთხოვენ...
ამჯერად თამთამ სკოლის კიდევ უფრო კომპლექსურ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რითაც საბოლოოდ ვიღებთ ინტერესდაკარგულ და არამოტივირებულ მოსწავლეს:
- განათლების სისტემის სრული უვარგისობა ჩემი შვილის მაგალითზე უკვე გამოვცადე. პირველ კლასში ბავშვისგან, რომელიც ძალიან მოტივირებული, ინტერესიანი, ცნობისმოყვარე, სიახლეებზე, შემეცნებაზე ორიენტირებული იყო, მე-4 კლასში მივიღე ბავშვი, რომელიც დიდად არც ერთი საგნითაა დაინტერესებული. რომელსაც იმ ცნობისმოყვარეობის, ინტერესის, მოტივაციის 20 პროცენტიც აღარ აქვს შერჩენილი, რაც პირველ კლასში ჰქონდა. ეს ცალსახად სკოლის ბრალია. არანაირად არ ვაპირებ ჩემი შვილების განათლების საკითხებთან დაკავშირებით მთლიანად სკოლის იმედზე ვიყო. ცხადია, არა. თუმცა, სკოლამ ის მინიმუმი მაინც ხომ უნდა გაუკეთოს ბავშვს, რაც მას კანონით ევალება?!
თამთა ჯანაძესთან რამდენიმე თვის წინ ინტერვიუ ჩავწერეთ. ის საკუთარი საქმიანობის, ბლოგის, მშობლობაში მთავარი გამოწვევებისა და სირთულეების შესახებ ვრცლად გვესაუბრა. ინტერვიუ შეგიძლიათ, სრულად ბმულზე იხილოთ.