„რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ბავშვების ჯანმრთელობას უხასრისხო სათამაშოებმა?- პედიატრი თამარ ობგაიძე დეტალებზე - მშობლები

„რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ბავშვების ჯანმრთელობას უხასრისხო სათამაშოებმა?- პედიატრი თამარ ობგაიძე დეტალებზე

2025-11-27 14:05:47+04:00

სათამაშომ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის განვითარების შეფერხება, ქრონიკული გართულებები და შექმნას დახრჩობის საფრთხე, თუ უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვით არ არის წარმოებული.

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ 2025 წელს, 6-თვიან პერიოდში შემოწმებულ 106 სხვადასხვა დასახელების სათამაშოდან 51-ში შეუსაბამობები გამოავლინა.

განსაკუთრებით საფრთხისშემცველი აღმოჩნდა ე.წ ტყლარწები და ბუშტები, ასევე მცირე ნაწილაკებიანი სათამაშოები, რომლებიც დახრჩობის საფრთხეს ქმნის. ამგვარი პროდუქცია შეიძლება დაგვხვდეს ბაზრებში, მაღაზიების თაროებზე ან შევიძინოთ ონლაინ შოპინგისას. შესაბამისად, თუ თავად არ გავაკეთეთ ინფორმირებული არჩევანი, სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები ჯერჯერობით სრულყოფილად ვერ გვიცავს. საფრთხეები კი დიდია.

როგორც პედიატრი თამარ ობგაიძე Mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, საფრთხისშემცველ ქიმიურ ნივთიერებებს შეიძლება შემდეგი მასალებისგან დამზადებული სათამაშოები შეიცავდეს:

„პლასტმასისა და რეზინის სათამაშოებთან დაკავშირებით გარკვეული რისკები არსებობს. მაგალითად, საღებავი შეიძლება შეიცავდეს ტყვიას, ხოლო პლასტმასი - ფტალატებს, რომელსაც უნარი აქვს, იმოქმედოს ბავშვის ენდოკრინულ სისტემაზე და სხვადასხვა დარღვევა გამოიწვიოს. ასევე, რაც დღეს ძალიან აქტუალურია, არის ნიტროზამინები, რომელიც ორგანული ნაერთების ჯგუფია და ნიტრიტებისა და ნიტრატების დაკავშირებით წარმოიქმნება. ნიტროზამინი უმეტესად ლატექსსა და რეზინის სათამაშოებში გვხვდება, თუმცა სამწუხაროდ შეიძლება იყოს საკვებში, შებოლილ პროდუქტებში, ძეხვეულში და სხვა.

ნივთიერება ბავშვთა ასაკში ადვილად მისაწვდომია, რადგან მოგეხსენებათ, ისინი ყველა ნივთს პირში იდებენ და მათ ორგანიზმშიც სწრაფად ხვდება ნიტროზამინი.

590270109-1399095435260492-8493953599607781632-n-1764238917.png

თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია, მავნე ნივთიერების ზემოქმედების ეფექტები რასაკვირველია, უფრო მძიმედ გამოიხატება ხოლმე. საუბარია ნიტროზამინის ისეთ ეფექტებზე, როგორიც არის ღვიძლის დაზიანება, სიმსივნურ დაავადებებთან ასოცირებული პროცესები და შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭის და საყლაპავის კიბოსთან, როდესაც ნივთიერება ხანგრძლივად ხვდება ორგანიზმში“, - განმარტა თამარ ობგაიძემ.

589182962-3609219785886990-2942681492284345870-n-1764238939.jpg

კითხვაზე, როგორ დავიცვათ ბავშვები სათამაშოებში არსებული უხილავი საფრთხეებისგან, პედიატრი პასუხობს, რომ ყველაზე მთავარია, სახელმწიფო დონეზე ხდებოდეს პროდუქტების მუდმივი მონიტორინგი. მშობლებს კი პრევენციის მიზნით შეუძლიათ რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინონ:

„შეგვიძლია შევიძინოთ ისეთი სათამაშო,რომელიც არის სერტიფიცირებული და აქვს ხარისხის დამადასტურებელი ნიშნები დატანილი, რაც იმის ინდიკატორია, რომ ის ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის დამზადებული და თავისუფალია ნიტროზამინისგან. ასევე რეკომენდაციას ვუწევთ ხის სათამაშოების გამოყენებას, რომელიც უსაფრთხო საღებავით არის შეღებილი.ლატექსის ან რეზინის სათამაშო შეძენის შემდეგ უმჯობესია გაირეცხოს თბილი წყლითა და საპნით, რათა მავნე ნივთიერებების გარკვეული ნაწილი მოსცილდეს.

რაც შეეხება ისეთ სათამაშოებს, რომელსაც მცირე ნაწილების სძვრება, კატეგორიულად დაუშვებელია ასეთი ნივთის 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის მიცემა, რადგან ადვილად შეიძლება მოხდეს გადაცდენა და საგნების სასუნთქ გზებში მოხვედრა“, - განმარტა პედიატრმა თამარ ობგაიძემ.

589955612-4185820664976006-291425314319770051-n-1764238967.jpg

აღნიშნული რისკებიდან გამომდინარე, საფრთხისშემცველ პროდუქციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, რაც ბოლო პერიოდში აქტიურად ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის მხარდაჭერილი პროექტის, QUIS-ის („უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება") ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში აქტიურად ვრცელდება გაიდლაინები, რომელიც უსაფრთხო და ხარისხიანი სათამაშოს შერჩევას გაგვიმარტივებს. კერძოდ, ეტიკეტზე დატანილიCE მარკირება და EN 71 სტანდარტის აღნიშვნა მიუთითებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპული უსაფრთხოების მოთხოვნებს და თავისუფალია საფრთხეებისგან.

სამწუხაროდ, ბაზარზე ხვდება ისეთი პროდუქტებიც, რომელზეც აღნიშნული ნიშნები გაყალბებულია. ავთენტურობის ამოცნობაში შემდეგი ილუსტრაცია დაგეხმარებათ:

მეტი სიმშვიდისთვის მაღაზიაში შეგიძლიათ მოითხოვოთ ავთენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატიც. კომპანია კი ვალდებულია, დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა.

უფრო რთულად დგას საკითხი, თუ სათამაშოებსTEMU-დანდა SHEIN-იდან ვიწერთ. გერმანული მომხმარებელთა ასოციაციის უახლესი კვლევით დადგინდა, რომ დატესტილი 162 პროდუქტიდან ორ მესამედზე მეტმა ვერ დააკმაყოფილა ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტები. ტესტირებული პროდუქციიდან რამდენიმე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა და შეიძლება გამოეწვია ალერგიული რეაქციები, სმენის დაზიანება და სხვა.

589345015-654147544331294-6115114880783883499-n-1764238992.png

შესაბამისად, რეკომენდებულია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოხდეს სათამაშოს შერჩევა ამ პლატფორმებზე.

ნებისმიერ საეჭვო სათამაშოსთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ, მიმართოთ ბაზრის ზედამხედველობის სააგენტოს, რომელიც ანონიმურობის დაცვით ლაბორატორიულად შეამოწმებს პროდუქტს და დარღვევების შემთხვევაში, გაასაჯაროებს დასკვნას.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, პრევენციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.