"მახსოვს ის დღე, როდესაც პარკში დავსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი... მანამდე ჩემი ურთიერთობები შენდებოდა და ინგრეოდა ალკოჰოლის გამო... 50 პროცენტი ჩვენი ურთიერთობის დამსახურებაა, რომ არ ვსვამ" - ლელა კილაძის და გიორგი ცაგარელის გულახდილი ინტერვიუ - მშობლები

"მახსოვს ის დღე, როდესაც პარკში დავსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი... მანამდე ჩემი ურთიერთობები შენდებოდა და ინგრეოდა ალკოჰოლის გამო... 50 პროცენტი ჩვენი ურთიერთობის დამსახურებაა, რომ არ ვსვამ" - ლელა კილაძის და გიორგი ცაგარელის გულახდილი ინტერვიუ

2025-11-28 09:20:13+04:00

პოდკასტში "გაბედე", სანდრო კაკულიასთან სტუმრად იყვნენ მუსიკოსი გიორგი ცაგარელი და მისი მეუღლე, ხუთი შვილის დედა ლელა კილაძე.

გაბედე არის პოდკასტების სერია, რომლის მიზანია, აჩვენოს დამოკიდებულებისგან გამოჯანმრთელების მრავალფეროვანი გზები.

ლელა და გიორგი სწორედ "გამოსავალში" დაახლოვდნენ და ორივე ყვება თავის გზაზე, რომელმაც მიიყვანა აქამდე.

ლელას თქმით, მის შვილს ჰქონდა დამოკიდებულების პრობლემა და სწორედ ასე აღმოაჩინა ეს დაწესებულება. იქ კი აუხსნეს, რომ მხოლოდ შვილი არ იყო დამოკიდებული და მასაც უნდა გაევლო გამოჯანმრთელების ეს გზა. ლელა ყვება, რომ უკვე ხუთი წელია "ფხიზლად" ცხოვრობს, კლუბების, გართობის, ღამის თენების და ფსიქოდელიკების გარეშე და ძალიან ბედნიერია.

- ეს რომ არა, ვერ ვიქნებოდი ასეთი კარგი დედა, კარგი ცოლი...

გამოჯანმრთელების გზაზე, სადაც იყო ასევე დეპრესიები, ფსიქიატრიული კლინიკა და ა.შ., მან იპოვა ახალი ჰობიც - ხატვა, რომელიც ასევე საოცარ თერაპიად იქცა.

რაც შეეხება გიორგის, ის ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და სწორედ ამის გამო აღმოჩნდა "გამოსავალში".

- გაცნობა მართლა ასე მოხდა, შორიდან მხოლოდ მისალმებით ვიცნობდი, მაგრამ მახსოვს ის დღე, როდესაც პარკში დავსხედით და დავიწყეთ ლაპარაკი, ძალიან მთვრალი ვეუბნები ლელას - "გამოსავალში" უნდა დავიწყო სიარული-მეთქი...მანამდე ჩემი ურთიერთობები შენდებოდა და ინგრეოდა ალკოჰოლის გამო... 50 პროცენტი ჩვენი ურთიერთობის დამსახურებაა, რომ არ ვსვამ, რადგან ლელას უკვე ჰქონდა ეს გამოცდილება და არ ჰქონია ულტიმატუმები, აგრესია... ლელა, გამოსავალი - მიქსი მოხდა ამ ყველაფრის და ამან იმუშავა...

გიორგის თქმით, თერაპიებთან ერთად, ლელასთან ურთიერთობამ და ლელას მიდგომამ მისადმი, იმუშავა ყველაზე უკეთ და უკვე ორი წელია, ის ამ გზაზე ფხიზლად დგას.

ლელა კილაძე და გიორგი ცაგარელი ორ წელზე მეტია, ერთად არიან. მათ საერთო შვილი ჰყავთ - ანდრია. ლელასთვის ანდრია მეხუთე შვილია.

ჩემი №1 მსმენელი... - გიორგი ცაგარელი შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს