ახალი ბანა - წარსულის სიმბოლო და ძლიერი მომავლის საფუძველი - მშობლები

ახალი ბანა - წარსულის სიმბოლო და ძლიერი მომავლის საფუძველი

2025-11-28 11:27:40+04:00

10 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ "ბიბლუსისა" და "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" ინიციატივით ხაშურის მუნიციპალიტეტში, ახალი ბანას სამონასტრო - საგანმანათლებლო ცენტრში გაიხსნა "ბიბლუსი ჯგუფის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი გაგნიძის სახელობის ბიბლიოთეკა. ის 42 წლის ასაკში, მძიმე სენთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

23 ნოემბერს, გიორგობას ახალ ბანას "ბიბლუსი ჯგუფი" კიდევ ერთხელ ესტუმრა და ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა, ასევე განაახლა წიგნის ფონდიც, რაც, როგორც "ბიბლუსში" აცხადებენ, პერმანენტულად მოხდება და ბიბლიოთეკაც თანდათან უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახდება.

"უდიდესი საქმე კეთდება ქრისტიანული სამყაროსთვის, უპირველეს ყოვლისა საქართველოსთვის, ხაშურში, კონკრეტულად ზემო სერზე- შენდება ახალი ბანას სამონასტრო კომპლექსი. ყველამ ვიცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია Vll საუკუნის ძველი ბანა - ძელი ჭეშმარიტი, ძელი ცხოველი, წმ. ჯვრის, სახელობის საკათედრო ტაძარი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში - ტაოში. ამჟამად ძეგლი მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ერზრუმის პროვინციაში, უკვე ძალიან დაზიანებული და “ჩამოქცეული”. ძველი ბანა უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია საქართველოსთვის, სწორედ ამიტომ საქართველოს საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება სწორედ ისეთი სამონასტრო კომპლექსი აშენდეს ქართულ მიწაზე და ეწოდოს ახალი ბანა. ამ ყველაფერთან ერთად სასიხარულო კიდევ ის არის, რომ ახალ ბანაში ირაკლი გაგნიძის - "წიგნის ადამიანის" სახელი და სული იქნება მარადიული. გაიხსნა ირაკლი გაგნიძის სახელობის ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზით. მე მჯერა რომ ეს ბიბლიოთეკა მკითხველს მოუტანს ბევრ სიკეთეს, სიმშვიდეს, აჩვენებს გზას. მჯერა რომ ის სიკეთე არ დაიკარგება, რაც ირაკლი გაგნიძეს უკეთებია დედამიწაზე. ახლა სამყაროს ზეციდან დაეხმარება ყველა კარგ საქმეში. ღირსეული ადამიანები არ მთავრდებიან.", - წერს თინათინ ღლონტი სოციალურ ქსელში.

  • ახალი ბანა

სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგიური სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა 2017 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. იქ იქნება უნიკალური მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს სამონასტრო, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, კულტურულ და საზოგადოებრივ სივრცეებს. პროექტის ავტორია სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონი.

ახალი ბანას სულიერი, კულტურული, სამეწარმეო და ინდუსტრიული პოტენციალი დიდ შესაძლებლობებს ქმნის ქვეყნისთვის.

მისი მიზანია ცოდნისა და სარწმუნოების სინთეზი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, ტრადიციების აღორძინებას და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას.

  • მთავარი საგანძური - აღდგომის სახელობის ტაძარი

ახალი ბანას მთავარი ნაგებობა აღდგომის სახელობის ტაძარია. ის თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ტაო-კლარჯეთში მდებარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - ბანას ანალოგია. VII საუკუნის შუა წლებში აშენებული ბანას მონასტრის არქიტექტურა უნიკალურია და ანალოგი არ აქვს. ტრადიციული ნაგებობებისგან განსხვავებით, მას მრგვალი ფორმა აქვს. სამწუხაროდ, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ბანას მონასტერი თითქმის განადგურებულია, რაც მისი ანალოგის აშენებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ტაძრის მშენებლობა დაწყებულია და დღეისათვის აქტიურად მიმდინარეობს.

  • უნიკალური კონცეფცია - ჰაბი მომავლისთვის

"ახალი ბანას“ ცენტრი საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ეკონომიკური და ტურისტული ჰაბია, სადაც ერთ სივრცეში თავს იყრის 30-ზე მეტი დანიშნულების ობიექტი, მათ შორის:

  • ტაძარი
  • პროფესიული სასწავლებელი
  • საერთაშორისო უმაღლესი სასწავლებელი
  • საგამოფენო სივრცეები
  • მუზეუმები
  • ტრადიციული რეწვის სახელოსნოები
  • ინოვაციური კვლევითი ცენტრები
  • სპორტული კომპლექსები
  • სოციალური სივრცეები (შშმ პირებისთვის, არასრულწლოვანთა და მოხუცთა მზრუნველობის ცენტრები)
  • სამედიცინო პუნქტებისასტუმრო და ეთნოგრაფიული კულინარიული ცენტრები
  • ტექნოპარკი
  • ობსერვატორია
  • ბიბლიოთეკა

ახალი ბანას ტერიტორიაზე უკვე აშენდა პირველი მნიშვნელოვანი ობიექტი - პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ფუნქციურია და პოპულარულია ქვეყნის მასშტაბით.

გეოგრაფიული მდებარეობა:

30 ჰექტარზე გაშლილი კომპლექსი სურამი-ხაშურის ტერიტორიაზე, "ზემო სერზე“ მდებარეობს. „ახალი ბანას“ კომპლექსის ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა ახალ სიცოცხლეს მისცემს რეგიონს სხვადასხვა მიმართულებით.

შეიტანე შენი წვლილი მნიშვნელოვანი ჰაბის მშენებლობაში:

საქართველოს ბანკი:

GE34BG0000000901437300