რას გვეუბნება ბავშვის სიჯიუტე და როგორ უნდა მართოს ეს თანამედროვე მშობელმა - მშობლები

რას გვეუბნება ბავშვის სიჯიუტე და როგორ უნდა მართოს ეს თანამედროვე მშობელმა

2025-11-28 11:15:38+04:00

ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ემოციური პერიოდი სწორედ ის ასაკია, რომელსაც ხშირად „3 წლის კრიზისს“ ეძახიან. ბევრ ოჯახში ეს განსაკუთრებით შესამჩნევია: ბავშვი, რომელიც ადრე მშობელს თვალებში შესციცინებდა და გვერდიდან არ შორდებოდა, დღეს უეცრად იჩენს სიჯიუტეს, ტირის უმნიშვნელო მიზეზით, იბუტება და გიყვირით. თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ — კრიზისი არ იწყება ზუსტად 3 წლის ასაკში. პირველი ნიშნები შეიძლება 2,5 წლიდან გაჩნდეს, ზოგ ბავშვში კი — 3,5 წლის შემდეგ.

ეს არ არის პრობლემური პერიოდი — ეს არის ბუნებრივი, ჯანსაღი განვითარების ეტაპი, როცა ბავშვი პირველად აცნობიერებს საკუთარ „მე“-ს.

რას ვუწოდებთ ამ კრიზისს?

ფსიქოლოგიაში ამ ასაკს ხშირად ეძახიან „მე თვითონ“ ფაზას. ეს სიტყვები ყველაზე ზუსტად ასახავს იმ შინაგან პროცესს, რაც ბავშვის ფსიქიკაში მიმდინარეობს: სწორედ ახლა იწყებს პატარას ტვინი დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებას, საკუთარი ქცევის გაცნობიერებას, არჩევანის გაკეთებას და იდენტობის პირველ ელემენტებს.

ბავშვი ცდილობს, სამყაროსთან ურთიერთობა დამოუკიდებლად ააგოს, გამოიკვეთოს საკუთარი აზრი და გაეცალოს მშობელზე ზედმეტად დიდ დამოკიდებულებას.

კრიზისის მთავარი ნიშნები

● სიჯიუტე და პროტესტი

ბავშვი ხშირად ამბობს „არ მინდა“, „არ მომწონს“, „არა!“. ეს არ არის მშობლისადმი უარყოფა — ეს არის იდენტობის ფორმირება.

● ემოციური აფეთქებები

ისტერიკები, ტირილი, გაღიზიანება, ხმამაღალი პროტესტი — ეს ყველაფერი ემოციური რეგულაციის დაუსრულებელი განვითარების შედეგია.

● ყველაფრის თვითონ გაკეთების სურვილი

გახდა, ჩაცმა, ჭამა, თმის დავარცხნა — ბავშვი ცდილობს აჩვენოს, რომ რაღაცების კეთება თავად შეუძლია.

● მალე ბრაზდება, მალე მშვიდდება

ბავშვი ჯერ ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს და ხშირად ადვილად ბრაზდება ან კარგავს კონტროლს.

ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და დროებითია — უმეტეს შემთხვევაში, კრიზისი დაახლოებით წელიწადნახევარი გრძელდება.

რატომ ეწინააღმდეგება ბავშვი მშობელს?

თანამედროვე ფსიქოლოგიის მიხედვით, ბავშვი მშობელს არ ებრძვის — ის საკუთარ შესაძლებლობებს ამოწმებს და სწავლობს, სად იწყება მისი პიროვნება.

● დამოუკიდებლობის მოთხოვნილება

თუ მშობელი ყველაფერს თავად აკეთებს — აჭმევს, აცმევს, ასუფთავებს — ბავშვი თავს უძლურად გრძნობს და ბუნებრივად იმატებს პროტესტი.

● მშობლის ყურადღების დეფიციტი

ბავშვს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება, ჩართულობა, კითხვის დასმა, ემოციების გაზიარება. თუ მშობელი ხშირად უთმობს დროს ტელეფონს, ტელევიზორს ან სხვა საქმეებს, ბავშვი პროტესტს ქცევით გამოხატავს.

● უსამართლობის განცდა

როცა ბავშვს უსამართლოდ სჯიან, დაჰპირდებიან და ავიწყდებათ, მის პროტესტს სწორედ იმედგაცრუება აძლიერებს.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ პერიოდში?

1. ჩართეთ ბავშვი გადაწყვეტილებებში (მის ასაკს შესაფერისად)

„რომელ მაისურს ჩაიცვამ — ლურჯს თუ მწვანეს?“ ასეთი არჩევანი ბავშვს აძლევს განცდას, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია.

2. მიეცით „თავისი საქმის“ გაკეთების დრო

თუ ჭამა და ალაგება მოინდომა, ნება დართეთ. სწავლა სწორედ ასე ხდება. მხოლოდ დაეხმარეთ და არა — ჩაანაცვლოთ.

3. არ დასჯოთ, სანამ მიზეზს არ გაარკვევთ

კითხვა: „რატომ მოიქეცი ასე?“ — უკვე ნიშნავს, რომ მშობელი პატივს სცემს ბავშვის გრძნობებს. ეს ამყარებს ნდობას.

4. მოერიდეთ შეურაცხმყოფელ ფრაზებს

„არაფერი გამოგდის“, „როგორ ვერაფერს აკეთებ“ — ამ გამოთქმებით ზიანდება თვითშეფასება. ამის ნაცვლად თქვით: „ვნახოთ, როგორ გამოგვივა ერთად“ „ცოტა რთულია, მაგრამ გასწავლი“

5. წინასწარ უთხარით, რას ელით მისგან

ბავშვა უფრო მშვიდია, როცა იცის, რა მოხდება: „ახლა მივდივართ მაღაზიაში. შეგიძლია მანქანა წაიღო, მაგრამ ყვირილი არ შეიძლება“.

6. ემოციების დასახელება ასწავლის თვითკონტროლს

„მესმის, რომ ბრაზობ, იმიტომ, რომ მანქანა ვერ იპოვე. მესმის.“ როცა მშობელი ბავშვის ემოციას სახელს არქმევს, ბავშვი მის რეგულირებას სწავლობა.

ბავშვის თვითშეფასების დაცვა — მთავარი პრიორიტეტი

3 წლის კრიზისის ერთ-ერთი რთული მხარეა ის, რომ ბავშვი საკუთარი თავის მიმართ ძალიან დაუცველია. ერთ უხეშ სიტყვასაც კი შეუძლია დააჯეროს, რომ „არაფრის გაკეთება არ შეუძლია“.

ამიტომ ნუ გაუკეთებთ კომენტარს მის მხარეებს, ნუ შეადარებთ სხვებს და შეუქეთ მცირედი წარმატებაც.

ბავშვი უნდა გრძნობდეს: „მიყვარს, მხარს მიჭერენ, მენდობიან — ამიტომ შემიძლია ვცადო და ვისწავლო.“

3 წლის კრიზისი რთული, მაგრამ განვითარების სრულიად ბუნებრივი ეტაპია, რომლის დროსაც ბავშვი საკუთარი ინდივიდუალურობის აღმოსაჩენად იბრძვის. ეს დრო სავსეა პროტესტით, ემოციებით და დაძაბულობით, თუმცა სწორად მიდგომის შემთხვევაში — ბავშვი დიდი ნაბიჯით უახლოვდება თვითდაჯერებულობას, დამოუკიდებლობას და ემოციურ სტაბილურობას.

მშობლის როლი ამ პროცესში ისაა, რომ შეუმსუბუქოს ემოციები, დაეხმაროს თავისი ხელით გაკეთებაში, მოუსმინოს, გაიგოს, გაუწიოს ანგარიში და რაც მთავარია — ეს ყველაფერი სიყვარულითა და მოთმინებით გააკეთოს.

ეს კრიზისი არ არის საშიში. ეს არის გზა პატარა, დაუცველი ადამიანისგან ძლიერი პიროვნებამდე.