ცნობილი პლასტიკური ქირურგი, რომელმაც პაციენტი დააბრმავა, სასჯელის მოსახდელად რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე გაუშვეს - მშობლები

ცნობილი პლასტიკური ქირურგი, რომელმაც პაციენტი დააბრმავა, სასჯელის მოსახდელად რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე გაუშვეს

2025-11-28 12:17:34+04:00

სასამართლომ მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა სასჯელი ცნობილ პლასტიკურ ქირურგს ეკატერინე ლონსკაიას, რომელსაც ბრალად ედებოდა ფედერაციის ებრაული საზოგადოების ლიდერის, ალექსანდრ ბოროდას მეუღლისთვის წარუმატებლად ჩატარებული ბლეფაროპლასტიკა.

ბლეფაროპლასტიკა ქუთუთოების პლასტიკური ოპერაციაა, რომლის დროსაც ქირურგი ასწორებს ზედა ან ქვედა ქუთუთოს ზედმეტ კანს, ცხიმოვან ჩანართებს, დაბალი ან ჩამოწეულ კუნთს — ანუ ყველაფერს, რაც თვალებს დაღლილ, შეშუპებულ ან ჩამოშვებულ იერს აძლევს.

ლონსკაიას თავდაპირველად 11-თვიანი პატიმრობა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა კასაციურმა ინსტანციამ ეს სასჯელი 1,5 წლით გამოსასწორებელი სამუშაოებით შეცვალა. გარდა ამისა, საქმიანობის აკრძალვის ვადა 2,5 წლიდან ორ წლამდე შეუმცირდა.

ექიმის ტელეგრამ-არხში გადაწყვეტილებას „კოლოსალური გამარჯვება“ უწოდეს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ: „ის უკანონო თავისუფლების აღკვეთა, ის ადამიანური ღირსების შემლახველი განაჩენი, რომელმაც ექიმი დამნაშავედ წარმოაჩინა — გაუქმებულია. კოლონია, როგორც ეკატერინე ლონსკაიას უფლებების უხეში დარღვევა, აღარ არსებობს.“

ლონსკაიას წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ექიმს კოლონიაში აღარ მოუწევდა წასვლა. თუმცა ლონსკაიამ გადაწყვიტა, არ დალოდებოდა გრძელ სამართლიან პროცესს და მოეწერა კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან — ის საომარ ზონაში ექიმად წავიდა, „იქ სადაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ“. „ეკატერინემ აირჩია ექიმის გზა და წავიდა იქ, სადაც დახმარება აუცილებელი იყო. ჩვენ კი გავაგრძელებთ მის უდანაშაულობაზე სასამართლოში ბრძოლას.“ - ამბობენ მისი ადვოკატები.

screenshot-2025-11-28-122638-1764318665.png
ბოროდა მეუღლესთან ერთად

რა მოხდა ოპერაციის შემდეგ?

საქმე 2024 წლის გაზაფხულზე გახმაურდა, როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაბინ ალექსანდრ ბოროდას მეუღლე ინამ ლონსკაიასთან ჩატარებული ბლეფაროპლასტიკის შემდეგ მხედველობა დაკარგა. ინა ბოროდამ მკურნალობა საფრანგეთში გაიარა, თუმცა ექიმებმა მხედველობის მხოლოდ 30%-ით აღდგენა შეძლეს, ისიც მხოლოდ ერთ თვალზე. ქალს რქოვანას გადანერგვა ურჩიეს.

მომხდარის შემდეგ ბოროდამ ლონსკაიასგან 27 მილიონი რუბლის კომპენსაცია მოითხოვა.

ქირურგის დაკავება და სასამართლო პროცესები

ლონსკაია დააკავეს, შინაპატიმრობა მიუსაჯეს და დაყადაღდა მისი ბინა. მან მოგვიანებით ინტერვიუ მისცა ქსენია სობჩაკს, სადაც უარყო ბრალდებები და პასუხისმგებლობა პაციენტს დააკისრა: მისი თქმით, ინამ დაუმალა ინფორმაცია მიღებულ პრეპარატებზე და პოსტოპერაციული რეკომენდაციები დაარღვია, რის გამოც გართულებები განვითარდა.

screenshot-2025-11-28-123125-1764318704.png

მიუხედავად ექიმის ვერსიისა, სასამართლომ ლონსკაია მაინც დამნაშავედ ცნო გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებაში. განაჩენით მას პატიმრობა და 500 ათასი რუბლის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

საქმის მძიმე მიმდინარეობის ფონზე, განაჩენის გამოცხადების შემდეგ ლონსკაიამ ინსულტი გადაიტანა. მის მხარეს მრავალი ცნობილი ადამიანი გამოდიოდა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ საქმე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე უსამართლოდ მიმდინარეობდა.