როგორი ზამთარი გველოდება საქართველოში და როდიდანაა მოსალოდნელი ნალექიანი ამინდი - პროგნოზი - მშობლები

"ტემპერატურა დეკემბერშიც მაღალი იქნება" - როგორი ზამთარი გველოდება საქართველოში და როდიდანაა მოსალოდნელი ნალექი

2025-11-28 13:50:15+04:00

როგორი ზამთარი გველის საქართველოში და როდიდანაა მოსალოდნელი ნალექიანი ამინდი - თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:

- ნოემბერში უნალექო ამინდს სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი ჰაერის მასები განაპირობებდა. ჩრდილოეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასების გავლენით, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საკმაოდ დაბალი ტემპერატურა და ნალექიანი ამინდი იყო. სამხრეთიდან გავრცელებული სითბო არ აძლევდა საშუალებას, ცივი ჰაერის მასები ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულიყო.

თვის ბოლომდე დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდი იქნება. დეკემბრის დასაწყისში ზამთარი, ფაქტობრივად, თავს შეგვახსენებს. დასავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი. თუმცა, ტემპერატურა დეკემბრისთვის ისევ მაღალი იქნება. მაღალ მთაში შესაძლებელია, თოვლჭყაპი იყო. მაგრამ, დაბლობში, ბარსა და მთიან რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი.

ასეთი უჩვეულოდ თბილი ამინდი კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. ბოლო პერიოდში ზამთარი ძირითადად ნორმასთან შედარებით თბილია. თუნდაც, თბილისის მაგალითზე რომ ავიღოთ, ყველა წუხს, რომ თოვლი აღარ არის. სწორედ გლობალურ დათბობის შედეგია.

როდესაც კლიმატურ ნორმაზე ვამბობთ, საშუალოდ, 30-წლიან მონაკვეთს განვიხილავთ. რომ შევადაროთ წინა 30 წელს, საქართველოში ტემპერატურა, საშუალოდ, 1 გრადუსამდეა მომატებული. რა თქმა უნდა, ეს გამოწვევაა როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც. მყინვარებმა უკან დაიხია, უჩვეულოდ ცხელი ზაფხულის პერიოდი გვაქვს. დიდი ხნის განმავლობაში რომ მაღალი ტემპერატურაა, ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. სოფლის მეურნეობისთვის გამოწვევაა, ნიადაგის ტენიანობასა და ნალექებზეც აისახება, თუმცა ნალექები არათანაბრადაა განაწილებული. მთელი ნოემბრის განმავლობაში, ნალექი სულ რამდენიმე დღე იყო, ისიც მცირე რაოდენობით გამოიხატებოდა. ხშირად ხდება ასე - დიდი პერიოდია უნალექო და მერე შეიძლება, 24 საათის განმავლობაში მთელი თვის ნორმას გადააჭარბოს, რაც კატასტროფულ მოვლენებს, ღვარცოფებს, მეწყრული კერების გააქტიურებას იწვევს.

ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა ასევე პრობლემაა. ნოემბერში ტემპერატურული ამპლიტუდა ძალიან დიდი იყო. ღამის ტემპერატურა თბილისში +2 გრადუსამდე იყო, დღის ტემპერატურა +18 გრადუსამდე ადიოდა. შიდა ქართლში საერთოდ მინუსდებოდა და ღამის საათებში -4, -5 გრადუსამდე იყო, დღის ტემპერატურა კი +17, +18 გრადუსამდე მატულობდა.

ამის მიუხედავად, წლიური ბალანსი მაინც შენარჩუნებულია. თუ რომელიმე სეზონი ძალიან თბილია, მომდევნო სეზონი საკმაოდ ცივი იქნება. შეიძლება, პირიქით იყოს. ეს ბალანსი, როგორც ტემპერატურულად, ისე ნალექის თვალსაზრისითაც მაინც შენარჩუნებულია.

ზამთრის პროგნოზის მიხედვით, ტემპერატურა ნორმასთან ახლოს და ნორმაზე 1 გრადუსით მაღალია. ნალექები კი ნორმის ფარგლებში. უფრო მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, წელს ზამთარი, დაახლოებით, შარშანდელი ზამთრის მსგავსი უნდა იყოს. თუმცა, შარშან დეკემბერი საკმაოდ დაბალი ტემპერატურებით ხასიათდებოდა და იანვარი იყო ძალიან თბილი, თებერვალი კი ყველაზე ცივი. წელს დეკემბერი თბილად იწყება და შემდეგ პერიოდში უფრო ველოდებით ტემპერატურის დაკლებას. იანვარი-თებერვალი შედარებით უფრო ცივი იქნება.

საქართველოს მკაცრი ზამთარი ელოდება: არაერთი ციკლონი შემოვიდა და კიდევ მოსალოდნელია. ამ დროს დაბალი ტემპერატურებია დამახასიათებელი, ხოლო სიცივის შეგრძნება - უფრო მძაფრი
თუ გგონიათ, რომ თოვლიან კურორტებზე გრიპის ვირუსს ვერ იპოვით, სულ ტყუილად - თამარ ობგაიძის რჩევები ზამთრის კურორტთან დაკავშირებით
სასარგებლოა თუ არა ბავშვის ზამთრის კურორტზე წაყვანა, თუ იქ თოვლი არ არის - ექიმ-კურორტოლოგის რჩევები