"ძალიან ბევრი ემოცია დამიგროვდა, რომელსაც ვერავის ვანდობ და მინდა, თქვენ გაგიზიაროთ ანონიმურად. თან მაინტერესებს, რას იტყვიან სხვები, რას მირჩევენ ან თუ აქვთ მსგავსი გამოცდილება.
სამი თვეა დაქორწინდა ჩემი უფროსი ვაჟი. მართალი გითხრათ, სარძლოთი თავიდანვე არ ვიყავით აღფრთოვანებული - განათლებულია ჩემი ვაჟი, ბავშვობიდან წარმატებული იყო ყველგან და ახლაც საკმაოდ პერსპექტიულ სამსახურშია, მოსწონთ ძალიან და პირდებიან, რომ კარგ პოზიციაზე გადაიყვანენ. გარეგნობაც შესანიშნავი აქვს და სულ ირეოდნენ მის გარშემო გოგონები. საბოლოოდ კი რატომღაც ამ გოგონაზე შეაჩერა არჩევანი - მისი თანამშრომლის უმცროსი დაა. შემთხვევით გაიცნო სუფრაზე და მალევე წამოიწყეს ურთიერთობა.
მე არ მომწონდა პირველ რიგში ის, რომ ფაქტობრივად არ სწავლობს, ფორმალურად ჩააბარა რომელიღაც უნივერსიტეტში და პარალელურად მუშაობს, თუმცა ორ-სამ თვეში ერთხელ იცვლის სამსახურებს, ვერსად ვერ ჩერდება და ყველგან ყველაფრით უკმაყოფილოა. თან ამ უკმაყოფილებას გამოხატავს სულ კატეგორიული ტონით და გონორით, სულ გაქვს განცდა, მას რომ ესაუბრები, რომ შენზე მეტია, შენზე პროგრესული და შენზე განვითარებული... არადა, ნამდვილად არ არის ასე.
გარდა ამისა, თავიდანვე, ძალიან მალე "გაგვიშინაურდა" და მესამე მოსვლისას, დარჩა კიდეც ჩვენთან სახლში. არ ვარ ძველმოდური და ვფიქრობ, ნორმალურად ვაზროვნებ, მაგრამ მაინც არ მგონია სწორი, შეუღლებამდე ბიჭის ოჯახში დარჩე, თან როცა მისი ოჯახის წევრებიც სახლში არიან. თავიდანვე შემძრა ამ უცერემონიობამ და ზედმეტმა სითამამემ ასევე ურთიერთობებში. უცებ მომმართა სახელით, მალევე გადავიდა "შენობით" ფორმაზე და ურთიერთობის დაწყებიდან 4 თვეში ფაქტობრივად აიძულა ჩემი ვაჟი, ცოლობა ეთხოვა. იქვე წამოაყენა მოთხოვნები, რომ აუცილებლად სურდა ქორწილიც და მოგზაურობაც.
არაფერზე გვითქვამს უარი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი ამ ფინანსურ ვალდებულებებში არანაირად არ ერეოდა და ყველაფერი ჩვენ დაგვეკისრა. ვალები ავიღეთ, ქორწილიც გადავუხადეთ და სამოგზაუროდაც გავუშვით.
რომ ჩამოვიდნენ, ბინაც დავახვედრეთ, რომელიც წლების წინ გვქონდა ნაყიდი და დაჩქარებულ რეჟიმში გავარემონტეთ, რომ მარტო გაგვეშვა, რადგან ასე უნდოდათ. "ვერ ვიტან კოლექტიურ ცხოვრებას" - თავიდანვე გამოაცხადა და რა გვექნა, გავუშვით ცალკე. თან მივხვდი, ამ ადამიანთან თანაცხოვრება კონფლიქტის გარეშე გარდაუვალი იყო და რაკი ჩემმა შვილმა ეს არჩევანი გააკეთა, ვეღარ ჩავერიე ვერაფერში.
დაიწყეს ერთად ცხოვრება. მაგრამ ახალი განსაცდელი დაიწყო - ძალიან იშვიათად მოდიან ჩვენთან. თუ მოდიან, არც თავად აკარებს არაფერს პირს და ჩემს ვაჟსაც აიძულებს, არაფერი ჭამოს. "ჩვენ ჯანსაღ და სწორ კვებაზე ვართ და მხოლოდ შინ ვიკვებებით. ეს, რაც აქ გაქვთ, ჯანქფუდია..." - გამომიცხადა ერთხელ.
შვილს ალბათ თვეში ერთხელ თუ ვნახულობ, ისიც, მასთან ერთად და ასეთ რეჟიმში. ყველა სიტყვას ვწონი, რომ რამე არ ეწყინოს, რადგან ყველაფერზე ცხვირს იბზუებს და გამუდმებით წუწუნებს. სულ რაღაც არ მოსწონს. "ამდენ კერძს სადღა აკეთებენ? ძალიან მოძველებული აზროვნება გაქვთ... რა ძალა გადგათ?"
არც ბინა მოსწონს და დაიწყო რა ხანია წუწუნი, რომ გაყიდონ და სხვა უბანში გადავიდნენ. "საგოიმეთია, საშინელი უბანია... უნდა გეკითხათ, სანამ იყიდდით. არც ეს რემონტი მომწონს, ძველებურია. ვინღა აკეთებს ახლა ასეთ ჭერს? ან ეს ფარდები რანაირია?" - წარმოგიდგენიათ? ვაჩუქეთ, თვითონ თეთრი არ გადაუხდია და მაინც იწუნებს, მადლობის ნაცვლად...
ჩვენ იქ არც ვყოფილვართ მას მერე, რაც გავარემონტეთ. არ გვცალია, სახლში გვიან მოვდივართო, - გამომიცხადა, რამდენჯერაც შევთავაზე, რომ მივსულიყავი და მომენახულებინა.
ერთი-ორჯერ ვცადე შენიშვნის მიცემა და საკუთარი აზრის გამოთქმა, ისიც ვუთხარი, რომ ელემენტარულ მადლობას ვიმსახურებთ, როცა ამდენი რამე გავუკეთეთ. იცით რა მიპასუხა? "ვალდებულები ხართ, და თანაც, მე ხომ არ მითხოვია? საკუთარი ნებით აკეთებთ. პირველ რიგში, თქვენი შვილისთვის აკეთებთ, ხომ? მადლობა რატომ უნდა გითხრათ?"
სულ ცოტა ხნის წინ ახალი იდეა დაებადა. დამირეკა და გამომიცხადა: "იქნებ ეგ სახლი გაყიდოთ? ჩვენს ბინასაც გავყიდით, თქვენი სახლის ფულსაც დაგვიმატებდით და დიდ ბინას ვიყიდით კარგ ადგილას, ცენტრში. ბავშვები რომ გვეყოლება, ხომ უნდათ ნორმალურ უბანში ცხოვრება? თქვენ თუ არ გეყოფათ თანხა კარგი ბინისთვის, სოფელში გადადით, რა პრობლემაა... ჰაერზე იცხოვრებთ"... წარმოგიდგენიათ სითავხედე? სახტად დავრჩი, პირი ღია დამრჩა და სიტყვა ვერ დავძარი. მოვკვდი ტირილით, ისე განვიცადე. ამ გოგოს სითავხედეს და დაუკმაყოფილებლობას ცალკე განვიცდი და ცალკე - ჩემი შვილის ასე გამოშტერებას, რომ ჩვენზე საერთოდ აღარ ფიქრობს და ბრმად უჯერებს ცოლს.
ჩემი ქმარი რომ მოვიდა, ვუთხარი და ისიც გადაირია. დაურეკა მერე ჩემს შვილს და ჰკითხა, რა ხდებაო? რა აღარ გაკმაყოფილებთო? დანარჩენი თქვენით გააკეთეთო... ისე ეწყინა, ერთი თვე ხმას არ გვცემდა...
არ ვიცი, ასეთი სითავხედე როგორ შეიძლება? ყირაზე დაგვაყენა მთელი ოჯახი... დედებო, გთხოვთ, ასწავლეთ გოგოებს, რომ კი ბატონო, იყვნენ თავისუფლები, ლაღები, თამამები, მაგრამ არა თავხედები და უზრდელები!
მართლა არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. ფაქტია, შვილსაც ვკარგავთ, თუ ყველა მათ ახირებას არ შევასრულებთ და რას მირჩევთ, რა გავაკეთოთ?"