მარიამ ინაბა უკვე 10 წელზე მეტია, იაპონიაში, კიოტოში ცხოვრობს. პროფესიით დიპლომატია. როგორც თავად გვიყვება, იაპონურის შესწავლა სკოლის ასაკიდანვე დაიწყო და ამ ქვეყნის კულტურა, ისტორია ყოველთვის განსაკუთრებით აინტერესებდა. უნივერსიტეტშიც იაპონური ენის შესწავლა გადაწყვიტა და 2013 წელს სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად სწორედ იაპონიაში წავიდა. როგორც მარიამი ამბობს, თავიდან ნერვიულობდა, თუმცა იაპონიაში ჩასვლის შემდეგ ჰქონდა განცდა, რომ საკუთარ სახლში იყო. მარიამი იქვე წარმატებით დასაქმდა, ოჯახი იაპონიაში შექმნა, დედა გახდა და ახლა საკუთარ ყოველდღიურობას გულშემატკივრებს სოციალური ქსელების მეშვეობით უზიარებს. იაპონურ ენასაც ასწავლის და სხვადასხვა აქტივობაშია ჩართული.
მარიამი Mshoblebi.ge-ს მკითხველს უყვება, როგორ და როდის დაინტერესდა იაპონური კულტურით, რამ იქონია გავლენა, რამდენად რთული იყო იაპონური ენის სწავლა და როგორია ცხოვრება საქართველოდან შორს:

- იაპონური ენის სწავლა მეშვიდე კლასში დავიწყე, თუ სწორად მახსოვს. სკოლაში ესპანურსა და იაპონურს შორის მქონდა არჩევანი გასაკეთებელი და მე იაპონური ავირჩიე. ვიფიქრე, ესპანური მარტივია და ნებისმიერ დროს ვისწავლი-მეთქი, მაგრამ დღემდე არ მისწავლია. ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავდა, თეა სენსეი. სწორედ მისი დამსახურებაა, მე რომ იაპონურს გავყევი და ამ ქვეყანამ დამაინტერესა. დღემდე მახსოვს, სულ მეუბნებოდა, შენ იაპონიაში უნდა ცხოვრობდეო და ახლაც თეას ხმა სულ ჩამესმის ხოლმე. ენის სწავლა არ გამჭირვებია მაშინ,მაგრამ ნელ-ნელა რთულდება და იეროგლიფები ახლაც არ ვიცი ყველა. იაპონელებმაც არ იციან სულ ყველა იეროგლიფი ან ტერმინი და მაგით ვიწყნარებ თავს (იცინის)
- იმედგაცრუება დიდად არ მქონია, რადგან ანიმეებში ნანახ იაპონიას არ ველოდი. რეალური წარმოდგენა მქონდა და ის დამხვდა, რაც ვიცოდი. კიოტოში ვცხოვრობ სულ, მხოლოდ 6 თვე ვიცხოვრე ოსაკაში და კიოტოში ცხოვრება კიდევ უფრო მეტად კომფორტულია ჩემთვის. ბუნებაცაა, ხმაურიანი ადგილებიც და სხვა ქალაქებიც ახლოსაა. თან ახლა უკვე ბევრი ნაცნობი მყავს და თავს სახლში ვგრძნობ.

- განათლებას რაც შეეხება, იაპონურ სკოლებში დიდი ყურადღება ექცევა წესრიგს, დროის პატივისცემას და გუნდურ პასუხისმგებლობას.მოსწავლეები თავად ალაგებენ საკლასო ოთახებს, ეს ყველაფერი კოლექტიური ზრუნვის კულტურას აძლიერებს, რასაც ხშირად ვხედავთ ახალ ამბებში. როგორ ლამაზად დგანან რიგში, რა სუფთაა ქუჩები, ნაგავს ვერ ნახავთ ძირს დაგდებულს, ურნებიც კი არაა ბევრგან და ხშირად ჯიბით მოგვაქვს სახლამდე და სახლში ვყრით. პროფესიონალი არ ვარ და ბევრს ვერაფერს დავწერ, მაგრამ ჩვენთან რომ სულ ვიღაცას ველოდებით და ხელში შევყურებთ, ჩვენ მაგივრად რომ გააკეთებს რამეს, აქ ასე არაა. ყველა თავისი თავის პასუხისმგებელია. ყველამ იცის, რომ მანქანაში ღვედი უნდა გაიკეთოს, განა იმიტომ, რომ დიდი ჯარიმაა, არამედ იმიტომ, რომ უსაფრთხოებისთვის ასეა საჭირო. საზოგადოებაში სწორად მოქცევის წესები, დაუწერელი კანონები, ეს ყველაფერი ხომ მაღალი თვითშეგნებიდან მოდის?! იქიდან, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, სხვაზეც უნდა იფიქრო…

- მე არავინ მყავს აქ, ვინც იაპონურ აღზრდის მეთოდებს მასწავლიდა, სტანდარტიც ჩემი აზრით, ასე კონკრეტულად არც ერთ ქვეყანას აქვს. ყველა მშობელი ინდივიდუალურია და ყველას თავისი მეთოდი აქვს. ახლა საქართველოშიც მეტად დამოუკიდებელი ბავშვები იზრდებიან, ვიდრე ჩემს დროს ვიყავით. უფრო მეტად ასწავლიან პასუხისმგებლობას, სახლის საქმეებშიც ჩართულები არიან ბავშვები, როგორც იაპონიაში, ისე საქართველოშიც.

- ჩემი აზრით, დედობა და, ზოგადად, შვილის ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ სანამ მეც და მეუღლეც მზად არ ვიყავით ფინანსურად თუ მენტალურად, იქამდე არ ვიყოლიეთ ბავშვი. ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, მაგრამ დაბადებიდანვე მაქსიმალურად ვცდილობ, დამოუკიდებელი იყოს და არჩევანის უფლება ჰქონდეს, რაც მე არ მქონდა (იცინის) ვცდილობთ, ყოველ წელს საზღვარგარეთ ვიმოგზაუროთ. სულ თან დამყავს დაბადებიდან. ზოგჯერ სამუშაოზეც მიმყავს და ჩემთან ერთად ესწრება შეხვედრებს.
ვფიქრობ, რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდება, მეტ რამეს ნახავს, უფრო მეტი არჩევანის საშუალება ექნება მომავალში და გადაწყვეტილების მიღებაც გაუმარტივდება. ასევე, რადგან ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი სამი წელია ბავშვის მომავალი განვითარებისთვის, არ მინდოდა ადრე მიმეყვანა ბაღში და მაქსიმალურად ყოფილიყო ჩვენთან ერთად. შეიძლება, ეგოისტურადაც გამომდის, მაგრამ მინდოდა/მინდა განვითარების ყველა ეტაპი მეც მასთან ერთად გავიარო, ვიდრე ბაღის მასწავლებელმა მითხრას, დღეს კოვზით ჭამა პირველადო ან დღეს ეს ახალი სიტყვა თქვაო... სირთულეები ჯერჯერობით არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად მხოლოდ მე ვარ ბავშვთან, თან სახლიდან ვმუშაობ. როგორ ვახერხებ, მეც არ ვიცი, მაგრამ მაინც ყოველი დღის მადლიერი ვარ, რომ დროს მოანასთან ერთად ვატარებ. იაპონიაში ვინც ცხოვრობს, ყველა იხდის დაზღვევის გადასახადს. სავალდებულოა. სამაგიეროდ, ვიღებთ 70%-იან ფასდაკლებას მომსახურებაზე ან ზოგი რამ უფასოცაა. ყოველთვე ბავშვის თანხას გვირიცხავენ, ბევრი არაა, მაგრამ ვისაც საჭიროება აქვს იმათთვის ეგეც რაღაცაა. როცა ავად ხდება და ექიმთან მიგვყავს, მხოლოდ 200 იენს ვიხდით ან ზოგჯერ არაფერს. ავადობისას ბავშვის წამლები უფასოა და ექიმის დანიშნულების მიტანის შემდეგ ვიღებთ აფთიაქში. ზოგადად, აქ ბევრი წამალი დანიშნულების გარეშე არ იყიდება.
იაპონიაში ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილება ან უბრალოდ მოგზაურობა არის უკომფორტულესი. ყველგან არის პამპერსის გამოსაცვლელი ოთახი თუ არა მაგიდა მაინც საჭირო ოთახებში. სადგურებზე სპეციალური ოთახებია ბავშვისთვის საჭმლის/ ძუძუს მისაცემად ან გამოსაცვლელად. ყველა სადგურზე ლიფტია, რომელიც შშმ პირებისთვის და ბავშვის ეტლისთვისაა.

- აგვისტოში 10 წელი გავიდა ჩვენი ქორწინებიდან. ერთმანეთს 2014 წელს შევხვდით, მეგობრის წვეულებაზე. როგორც თვითონ ამბობს, მეხი დამეცა, რომ დაგინახეო (იცინის). ჩვენი ოჯახი პატარა და მყუდროა, ზოგჯერ კულტურული სხვაობის გამო გაუგებრობაც გვქონია, მაგრამ მგონი, მიეჩვია უკვე. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთად განვვითარდით, ერთად ვიპყრობთ კარიერულ მწვერვალებს. ორივეს გვიყვარს გემრიელი საჭმელი და ბევრი მოგზაურობა. მე საჭმლის მომზადება მიყვარს და როცა დრო მაქვს, რამდენიმე კერძსაც ვაკეთებ ხოლმე. იაპონიაში ვახშამზე უმეტესად რამდენიმე კერძია ხოლმე. მაგრამ, ყველა მცირე პორციაა და რამდენიმე კერძის გაკეთებას დიდი დროც უნდა, რაც ბავშვთან ერთად უმეტესად წარმოუდგენელია.

- მგონი კარგად მიიღეს, ამდენი წლის მერეც რომ უყვართ ერთმანეთი, ესე იგი პირველ შთაბეჭდილებას ცუდად არ ჩაუვლია. მისიანებმაც თბილად მიმიღეს, სანამ მის ოჯახს გავიცნობდი, კოსუკემ ჩაუყარა ინფორმაცია საქართველოზეც (იცინის). საქართველოში მოსწონს ის, რომ უცხოსაც ძალიან თბილად ვიღებთ და გადავყვებით ზედ. სულ რომ საჭმელი არ გვქონდეს, რაღაცას ვიზამთ და დიდ სუფრას გავშლით ხოლმე. სუფრის კულტურა ძალიან მოსწონს. ჩვენი კერძებიც და ღვინო განსაკუთრებით. სულ მეუბნება ხოლმე, რამდენი მეგობარი გყავს და რამდენ ადამიანს უყვარხარო. თავიდან აქ რომ არ მყავდა ბევრი მეგობარი, ეგონა, ჩემი ბრალი იყო და მე არ მინდოდა ახალი მეგობრების გაჩენა, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვდივართ და ამდენი ადამიანი გვხვდება აეროპორტში, წარმოდგენაც შეეცვალა (იცინის).
- მოანას სამი ენა ესმის. ძირითად ენად იაპონური აირჩია თვითონ, ვფიქრობ ყველაზე მეტად უადვილდება. ინგლისურსაც ურევს ხოლმე და ქართულსაც. მამამისს ეუბნება ხანდახან, ბაჭია არისო ან მელიაო და რომ არ იცის კოსუკემ, უთარგმნის ხოლმე იაპონურ-ინგლისურად (იცინის). გარემო იაპონურია და ბაღიც ასევე იაპონური (აპრილიდან დაიწყებს), ამიტომ ქართულისა და ინგლისურის სწავლებას მე გავაგრძელებ, სახლში რომ მოვა ხოლმე.

- საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ყველა ადამიანი დამეთანხმება, ალბათ, რომ რაღაც დროის შემდეგ თავს ჰაერში გამოკიდებულად ვგრძნობთ. საქართველოში რომ ვბრუნდებით, თითქოს ჩვენი სახლი აღარაა, მერე უკან რომ წამოვალთ, სხვა ქვეყანაში, აქაც სულ ტურისტი ვგონივართ. განსაკუთრებით იაპონიაში იგრძნობა ეს. უამრავი ტურისტია და მეც დღემდე ტურისტი ვგონივარ ყველას. მაგრამ სამეზობლოში, კაფე-რესტორნებში, სადაც ხშირად დავდივარ ან სადმე შეხვედრაზე თუ მივდივარ, ყველა მცნობს და დიდ პატივისცემას ვგრძნობ მათგან. რამდენიმე წლის წინ დავწერე ჩემს გვერდზე, სამსახურიდან რომ მოვდიოდი, მთელმა კიოტომ იცოდა ამის შესახებ (იცინის), არადა მხოლოდ ჩემს უფროსს ვუთხარი. აი, მაშინ ვიგრძენი, რომ მიმიღეს კიოტოელებმა თავისიანად. მონატრებით, ჩემი მეგობრები და კიდევ უამრავი საყვარელი ადამიანი მენატრება. სხვა ყველაფერს ასე თუ ისე აქ ვინაზღაურებ.
თამარ იაკობაშვილი