"ასე გამოდის, რომ სპერმის დონორი ვიყავი... ბავშვზე უფლებები მინდა მოვიპოვო, მინდა შვილთან ურთიერთობა... აუცილებლად ვუჩივლებ..." - გიორგი ნაზღაიძე - მშობლები

"ასე გამოდის, რომ სპერმის დონორი ვიყავი... ბავშვზე უფლებები მინდა მოვიპოვო, მინდა შვილთან ურთიერთობა... აუცილებლად ვუჩივლებ..." - გიორგი ნაზღაიძე

2025-11-30 23:04:16+04:00

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე თამუნა მუსერიძესთან გადაცემაში "ვეძებ" საუბრობს შვილზე, რომლისთვისაც იბრძვის:

- ასე გამოდის, რომ მე ვიყავი სპერმის დონორი... ეს იყო დიდი ხნის წინ, დაახლოებით 2009 წელს... - ყვება გიორგი და იხსენებს ამბავს, რომელიც შეემთხვა. იმ ქალს, ვისზეც გიორგი საუბრობს, მისი მეგობრები იცნობდნენ, როგორც გიორგის საცოლეს. მათ ერთმანეთი გაიცნეს და დაახლოვდნენ ამერიკაში განხორციელებულ დიზაინერულ პროექტში მონაწილეობისას. - ყველაფერი კარგად იყო. ოჯახებით გავიცანით ერთმანეთი, ქორწილიც დაგეგმილი იყო და ა.შ. შემდეგ მალდივებზე ვიყავით წასული და იყო ჩვენ შორის საუბარი, რომლის დეტალებსაც ვერ გავამჟღავნებ...

თამუნა მუსერიძე:

- მე ვიტყვი შედარებით შერბილებულად - მან, როგორც ქალმა გააკეთა ყველაფერი, რომ დაორსულებულიყო...

გიორგი ნაზღაიძე:

- კი... თან მანამდე მეუბნებოდა, რომ ვერ ორსულდებოდა... შემდეგ მოულოდნელად მოხდა ჩვენი დაშორება, რომ ჩამოვედით მალდივებიდან დუბაიში, მისი რეისი იყო ამერიკაში, ჩემი - თბილისში. ჩვეულებრივ დავემშვიდობეთ ერთმანეთს, დროებით, და მალევე მოვიდა მესიჯი, სამწუხაროდ, ჩვენ უნდა დავშორდეთო... და ის გაქრა ყველა სოციალური ქსელიდან... რეალური მიზეზი დაშორების გაურკვეველი იყო...

დაახლოებით სამ თვეში მირეკავს ჩემი მეგობარი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და მეუბნება: გილოცავ, მამა ხდები! დავინახე ეს გოგონა ქუჩაში და ორსულად არისო...

მე მაშინვე დავურეკე ვოთსაპში. გავიგე, რომ ორსულად ხარ და რა გავაკეთოთ? და იქიდან მოდის პირდაპირ აგრესიული ტექსტები ჩემს მიმართ, ეს შენი შვილი არ არის, დაგვანებე თავი... იყო მუქარები, ისტერიული მესიჯები... მერე ნანუკას შოუს მივმართე, რომ დნმ-ის ანალიზი გამეკეთებინა და ამ ხარჯს სრულად ანაზღაურებდა ნანუკას შოუ - ჩვენ ჩავიდოდით ამერიკაში და გავაკეთებდით ანალიზს. ეს უკვე მერე, როცა ბავშვი დაიბადა. ამ დროსაც ამ გოგონამ დაიწყო ნანუკასთან მუქარის ტონით საუბარი, მერე თითქოს დათანხმდნენ, თუ ადვოკატიც ჩაერთვებოდა ამ გადაცემაში, მაგრამ ბოლოს ადვოკატმაც უარი თქვა. მერე მე ჩავწერე ეს გადაცემა მარტომ, ვისაუბრე ნანუკასთან და ნანუკას მიუვიდა მუქარის მესიჯი, ეს გადაცემა თუ გავა ეთერში, თქვენ ესა და ეს მოგივათ და ა.შ.. ამ მუქარებს არ ავყვებოდით, თუმცა დედაჩემმა მთხოვა, რომ თუ ჭორაობის დონეზე გავიდოდა გადაცემა და მეორე მხარე არ იქნებოდა, უაზრობა გამოვიდოდა... საბოლოოდ ეს გადაცემა არ გავიდა ეთერში. თუმცა შემდეგ რაღაც გადაცემებში ვისაუბრე ამ თემებზე... ჩემი მოთხოვნა იყო ერთადერთი დნმ-ის ანალიზი ჩემი ხარჯით, რაზეც არ დათანხმდა.

შვილის შეძენის შემდეგ მალევე გათხოვდა. ბერძენია ქმარი და ის წერია ოფიციალურად მამად ბავშვის საბუთებში...

ვარიანტი ბევრია. შეიძლება ის მეწყვილესთან ვერ აჩენდა შვილს და მე გამომიყენეს ამისთვის...

კითხვის ნიშნებს აჩენს ისიც, რომ ამდენი ხანი ბავშვის ფოტო არ დადებულა არსად, ბავშვს არსად არ აჩენენ. მგონია, რომ მე მგავს... თან ბიჭია... ერთადერთხელ დაიდო ფოტო პროფილში, სხვისი გადაღებული და ყველაფრით ჰგავდა ჩემს ბავშვობას.

მგონია, რომ დრო ყველაფერს დაალაგებს - აქედან იქ, მეორე ბოლოში, ვერაფერს ვერ ვიზამ... ბავშვზე უფლებები მინდა მოვიპოვო, მინდა შვილთან ურთიერთობა... ის, რაც გენეტიკურად ჩემი ნაწილია, მინდა მასთან კონტაქტი მქონდეს. იმდენი დროა დაკარგული, ალბათ ახლა შემიძლია კარგი მეგობარი ვიყო, ვიდრე კარგი მამა...

მე რომ დავრწმუნდები, რომ ბავშვის მამა ვარ, აუცილებლად ვუჩივლებ მასაც, მის მეუღლესაც და ყველას ვაზღვევინებ... ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის შეცდომებზე...

პროექტში გამარჯვების შემდეგ მე ავიყვანე ადვოკატი და ვეცადე ამ საქმის ბოლომდე მიყვანას, მაგრამ სანამ ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი, აზრი არ აქვს არაფერს. ის უნდა გახდეს სრულწლოვანი და თავად მიიღოს გადაწყვეტილება. მე რომ რამეს მოვითხოვ, ის უნდა იყოს თანახმა...

რომ ვფიქრობ ამაზე, ვბრაზდები, რომ მოტყუებული დავრჩი, გამოყენებულის როლში ვარ...