"არ მიირთვათ ზედმეტად დაბრაწული პური და სხვა პროდუქტები... ასეთი პროდუქტები კიბოს რისკს ზრდის..." - მარი მალაზონია - მშობლები

"არ მიირთვათ ზედმეტად დაბრაწული პური და სხვა პროდუქტები... ასეთი პროდუქტები კიბოს რისკს ზრდის..." - მარი მალაზონია

2025-12-01 11:59:18+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა რისკს შეიძლება, შეიცავდეს ზედმეტად დაბრაწული, თითქმის, დამწვარი პურისა და სხვა პროდუქტების სისტემატური გამოყენება:

- სწორედ პურის დაბრაწულ ნაწილებში შეიძლება, დაგროვდეს ნივთიერება, სახელად აკრილამიდი. სწორედ აკრილამიდის დამსახურებით, ამ პროდუქტში კანცეროგენური ნივთიერება აღმოჩნდება, ანუ ის ნივთიერება, რომელიც კიბოს რისკის ზრდას ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, ერთხელ დაბრაწული პურის მირთმევა ან ხანდახან დაბრაწული ნაწილის მირთმევა, გნებავთ პურის, გნებავთ სხვა შემწვარი პროდუქტის, ადამიანის ორგანიზმში სიმსივნურ დაავადებას არ წარმოქმნის. მაგრამ, თუ თქვენ სისტემატურად, უკიდურესად დაბრაწულ პროდუქტებს მიირთმევთ, თუ თქვენ სისტემატურად თითქმის დამწვარ პროდუქტებს გამოიყენებთ და გსიამოვნებთ ამ პროდუქტების მირთმევა, მესმის, რომ შეიძლება, ეს პროდუქტები თქვენს საგემოვნო მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდეს. მაგრამ, სწორედ აკრილამიდი არის ის რისკის პროდუქტი, რომელიც რაც შეიძლება, ნაკლებად უნდა იყოს ჩვენს რაციონში. ამიტომ, თუ გადაწყვეტთ, ე.წ. ტოსტის პური ძალიან დაბრაწოთ, ბევრჯერ გაატაროთ შეწვის პროცესში, მაშინ ეს ხანდახან ან იშვიათად გააკეთეთ და არა ყოველდღიურად. ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით დაგროვება ორგანიზმისთვის შეიძლება, რისკის შემცველი აღმოჩნდეს.

ისევე, როგორც მაშინ, როდესაც კარაქის ნაჭერს დავაგდებთ გახურებულ ტაფაზე და კვამლი წარმოიქმნება. თეთრი კვამლი ყველას შეგვინიშნავს, უსიამოვნო სუნით რომ გამოირჩევა. ეს აკროლეინია. კანცეროგენური ნივთიერებაა და სწორედ ამიტომ, უმჯობესია, კვერცხი შევწვათ კარაქში და არა რომელიმე სხვა პროდუქტი, რომლის მოხმარების ტრადიცია, სხვათა შორის, ჩვენს საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში იყო. წლების განმავლობაში, ჩვენ კარტოფილსაც კი კარაქში ვწვავდით ხოლმე. ამ გამოცდილებას ძალიან ბევრი ოჯახი გაიხსენებს. ხოლო დღევანდელი მონაცემებით დადასტურებულია, უმჯობესია, ასეთი ტიპის ნივთიერებების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის ცოდნა, რომელიც თანამედროვე მედიცინას აქვს და შეძლებისდაგვარად, თავიდან ავიცილოთ ამ ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკები. უნდა მივირთვათ სასარგებლო საკვები, რომელიც გემრიელია. მაგრამ, ამავე დროს გვახსოვდეს რისკები იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა.