ჯადოსნური ახალი წელი გამომცემლობა “პალიტრა L”-ისგან! - მშობლები

ჯადოსნური ახალი წელი გამომცემლობა “პალიტრა L”-ისგან!

2025-12-01 13:20:02+04:00

ახალი წელი ყოველთვის სადღაც შორიდან იწყება - თითქოს ჩვენი გულები თავიდანვე ხვდებიან, რომ რაღაც განსხვავებული, რაღაც ჯადოსნური უახლოვდება. ჯერ ჰაერში პირველი სუსხი შემოიჭრება, შემდეგ ფანჯრის მინებზე აელვარდება ბუხრის მოციმციმე შუქი, რომელსაც შიგადაშიგ შეშის რბილი ტკაცუნზე მოცეკვავე თოვლის ფიფქები შემოერევიან ხოლმე. ეს ის დროა, როდესაც უფროსები კვლავ ბავშვებად იქცევიან, ხოლო ბავშვები - ნამდვილ ჯადოქრებად. დრო, როცა გულის სიღრმეში ყველას, აბსოლუტურად ყველას, სჯერა სასწაულების.

ამ წელს გამომცემლობა "პალიტრა L" ამ ზღაპრულ დღეებს განსაკუთრებული სიახლეებით ხვდება - წიგნებით, რომლებიც გვიამბობენ სიკეთეზე, სიყვარულზე, ჯადოსნობაზე, სითბოზე და, რაც ყველაზე მთავარია, იმ ადამიანურ, ღირებულ ურთიერთობებზე, რომლებიც ჩვენს სამყაროს მნიშვნელოვანს ხდის.

ალბათ, თქვენც გქონიათ ზღაპრების კითხვისას ის განცდა, რომ ეს ამბავი სადღაც შორეულ სამყაროში მოხდა, თითქოს დრო და სივრცე გვაშორებს მას. მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე საოცარი ზღაპარი შეიძლება აქვე, ჩვენს ქუჩებშიც დაიარებოდეს.

გიორგი კეკელიძის „კუპატას თავგადასავალი" სწორედ ასეთ ამბავს გიამბობთ. ამბავს ბათუმზე - ზღვისპირა ქალაქზე, რომელსაც იასამნისფერი პლანეტიდან თვით კუპატა ეწვია, ერთი ჩვეულებრივი და თან არაჩვეულებრივი ცუგა. სასწაულად მოევლინა იქაურ მაცხოვრებლებს და ბათუმში მცხოვრები ყველა ბავშვის მცველი და მეგობარი გახდა. ასე გაიცნო მთელმა ქალაქმა, მერე კი მთელმა ქვეყანამაც - ჭკვიანი, მამაცი და უსაზღვროდ კეთილი კუპატა, რომელიც ახლა ამ წიგნის ფურცლებიდან გააგრძელებს ცხოვრებას და სიკეთის თესვას თავის მეგობრებთან: მიუსაფარი ძაღლების ძიძა გულოსთან, მენაყინესთან, კნუტ კნატისთან, ავთოს ავტოსთან და კიდევ ბევრ სხვა საყვარელ გმირთან ერთად.

გამოტყდით რამდენჯერ ჩაგიფიქრებიათ სურვილი, როცა ცაზე ვარსკვლავის ჩამოვარდნას შეესწრებიხართ? შეგიმჩნევიათ, რომ შობის ღამეს ვარსკვლავები განსაკუთრებით ციმციმებენ? თითქოს გველაპარაკებიან, თითქოს უსიტყვოდ გვეუბნებიან: „დაგვიჯერეთ, ჩვენ აქ ვართ, რომ თქვენი სურვილები ავასრულოთ".

ქეთრინ რანდელის საოცარ წიგნში „ერთი საშობაო სურვილი" პატარა თეო სწორედ ასეთ მოციმციმე, თითქმის ცოცხალ ვარსკვლავს დაინახავს. ვარსკვლავის ჯადოსნურობა მის ყველაზე გულწრფელ სურვილს სურვილების გუდიდან ამოპარვისკენ უბიძგებს. რა იქნება, რომ შობის ღამე მარტომ არ გაატაროს, რა იქნება, რომ მასაც ჰყავდეს მეგობრები.

შობა რომ ჯადოსნური დღესასწაულია, ეს უკვე ვთქვით, ხომ?

თეოს გულწრფელი ვედრება ნაძვის ხის სათამაშოებს სიცოცხლეს შთაბერავს. ისინი თავიანთ სამაგრებს დაეხსნებიან და დაიწყება ნამდვილი თავგადასავალი - ისეთი, რომელიც მხოლოდ შობას შეიძლება მოხდეს. როცა სათამაშოები ცოცხლდებიან, ირგვლივ ყველაფერი ფერებით ივსება, უჩვეულო ხმები სასიამოვნო სიმფონიად იქცევიან და მარტოსული ადამიანები მეგობრებს პოულობენ.

თეოს ამბავი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ გულწრფელ სურვილს დიდი ძალა აქვს.

შობა მაკნატუნას გარეშე — ეს თითქოს უთოვლო ზამთარია, არა?

ალექს სმიტის „მაკნატუნა და თაგვების მეფის საშობაო საიდუმლოები" კლასიკურ სამყაროში გვიბრუნებს. სამყაროში, სადაც ყველაზე ძლიერ ჯარისკაცებსაც კი შეიძლება დასჭირდეთ პაწაწინა ბავშვების გულადი დახმარება.

თუ ყურადღებით დააკვირდებით, მაკნატუნას ფიგურას თითქმის ყველა ნაძვის ხეზე შეამჩნევთ - თითქოს იქიდან გვიყურებს და მოთმინებით გველოდება: როდის დავიჯერებთ მის არსებობას, როდის გავბედავთ ჯადოსნური სამყაროს კარის გაღებას და დავეხმარებით თაგვების მეფის დამარცხებაში.

მაშ, რა გამოდის — შობა უპირველესად მისი რწმენა ყოფილა, ხომ?

მეთ ტავარესის „დაშერი" სწორედ ამ ამბავზე გვიამბობს. ამბავს რწმენაზე, მონდომებაზე და გვახსენებს მარტივ, მაგრამ უსაზღვროდ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: შობას სასწაულები მართლა ხდება! შობა სურვილების ასრულების დღეა - ირმებშებმული მარხილი აუცილებლად მოქროლდება, და სანტა არც ერთ ბავშვს არ დატოვებს საჩუქრის გარეშე. მთავარია ერთადერთი - გჯეროდეს, რომ ჯადოსნობა არსებობს. ეს რწმენა ხომ ბავშვობას ასეთ განსაკუთრებულსა და დაუვიწყარს ხდის.

შობა-ახალი წელი ის პერიოდია, როცა, მიუხედავად გარეთ ცივი სუსხისა, ერთმანეთს სითბოთი და სიყვარულით ვავსებთ. თბილი წინდები, ცხელი კაკაო, ერთად გატარებული საღამოები - ყველაფერი ამ განსაკუთრებულობას ქმნის. ირგვლივ საჩუქრების, მადლიერების, აღფრთოვანების სურნელი ტრიალებს, რომელსაც მანდარინის, ჯანჯაფილის ჩაისა და დარიჩინის ორცხობილების სურნელი შეერევა ხოლმე.

ასეთი შობა ჰქონდა ეტას საყვარელ ბებიასაც - სანამ ერთ დღეს ვიღაც ბრაი არ გადაწყვეტდა: „შობა ჩემი უნდა იყოს!" და სანტას გაუქმებას განიზრახავდა.

დევიდ ბედიელის „ვირტუალური შობა" არ არის მხოლოდ ზღაპრული შობის ამბავი. ავტორი ჩინებულად ახერხებს თანამედროვე სამყაროს რთულ თემების ბავშვებისთვის გასაგები ენით გადმოცემას და ცდილობს იუმორით გაჯერებული ისტორიით დააფიქროს ისინი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ტექნოლოგიების როლი ჩვენს ცხოვრებაში, ნამდვილი ურთიერთობების ღირებულება, ერთგულება და ჭეშმარიტება.

წარმოიდგინეთ სამყარო სადაც სანტავატარები - ჰოლოგრამა სანტები გიღიმიან ეკრანებიდან. აღარანაირი ნამდვილი სანტა და ირმებით შებმული მარხილი - უბრალო დრონებით დარიგებული საჩუქრები. თოვლის მოსვლა/არ მოსვლაც კი უინთერზოუნის ხელშია.

აბა, ვის უნდა ასეთი ცივი, უსულო შობა-ახალი წელი?

როგორ შეიძლება ჰოლოგრამა სანტამ ჩაანაცვლოს ის ღიპიანი, თეთრწვერა, თბილი მოხუცი, რომელიც „ჰო-ჰო-ჰო-ს" ყველაზე ომახიანად გაიძახის?

ეტა და მისი ჭკუის კოლოფი მეგობარი მონტი იწყებენ ოპერაციას #გადავარჩინოთშობა. მათ სურთ დააბრუნონ ნამდვილი სანტა, ნამდვილი ჩახუტებები და ნამდვილი ჯადოქრობა - ზუსტად ისეთი, როგორიც ეტას ბებოს მოყოლილ ამბებში იყო.

ეს წიგნი ყველას - პატარებსაც და დიდებსაც - ახსენებს, რომ ადამიანური ურთიერთობები ყველაზე ძვირფასი განძია, ჩახუტებას ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს და ერთმანეთის გვერდით დგომა ყველა განსაცდელს გადაგვალახვინებს.

მაშ, რას ელოდები? გამომცემლობა "პალიტრა L" წელსაც მზადაა, ყველაზე თბილი, ჯადოსნური საახალწლო ამბები გაგიზიაროთ - ისეთი წიგნებით, რომლებიც საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ კომფორტულად დაიდებენ ბინას და მოთმინებით დაელოდებიან იმ მომენტს, როდის გადაშლით მათ ჯადოსნურ ფურცლებს.

რადგან ყველაზე ძლიერი ჯადოსნობა სწორედ წიგნების ფურცლებში ცხოვრობს - იქ, სადაც სიტყვები ცოცხლდებიან, სადაც ყოველი გვერდი ახალი სამყაროს კარს გვიღებს და სადაც ვსწავლობთ ყველაზე მთავარს: სიკეთეს, სიყვარულს, რწმენას და იმედს.

აჩუქეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს არა უბრალოდ წიგნები, არამედ - ჯადოსნური სამყაროები. გახსოვდეთ, ახალი წლის მოლოდინში საკითხავი ეს არის!

R