პოეზიის ახალი კრებული რომანის სიუჟეტით და პანდემიის დროს დაწერილი ამბავი, რომელიც ყველა მკითხველისთვის ინდივიდუალურია - მშობლები

პოეზიის ახალი კრებული რომანის სიუჟეტით და პანდემიის დროს დაწერილი ამბავი, რომელიც ყველა მკითხველისთვის ინდივიდუალურია

2025-12-01 14:45:53+04:00

დიდი ხანია შეიცვალა პოეზიისადმი დამოკიდებულება. პიანინოს სევდიანი ნოტების ფონზე წაკითხულმა ლექსებმა, გარითმულმა რეკლამებმა და ,,გამოთქმით კითხვამ’’ პათეტიკის ზღვაში ჩაგვყარა. ამ ზღვას კი პოპულიზმის ოკეანე დაემატა. ხან ზღვიდან, ხან ოკეანიდან ახალ-ახალი ტალღები მოდის. ყველაზე საშიში ტალღა კი თავად პათეტიკის შიშია. თითქოს ყველაფერი, რაც გულწრფელად შეიძლება თქვა, ამავდროულად პათეტიკურიც არის. პათეტიკის შიშთან დამარცხება ერთ-ერთი ყველაზე ლაჩრული მარცხია, რადგან მცდელობამდე გამარცხებს.

ეს წიგნი არის მცდელობა, ქართველ მკითხველს ქართული პოეზია განსხვავებული ფორმით შევთავაზოთ. თითოეული ლექსი ამ კრებულში ერთმანეთს უკავშირდება და მათი თანამიმდევრობა ქმნის სიუჟეტს. ეს არის ჰაიკუებისა და ტანკების კრებული რომანის სიუჟეტით. იაპონური სალექსო ტრადიციის მორგებამ ქართულ მინიატიურულ სტილზე ახალი ფორმა დაბადა.

იაპონური კულტურა ადამიანს სამყაროს ნაწილად ხედავს. ჰაიკუს ავტორი ცდილობს, აღწეროს ობიექტური რეალობა, რომელიც სუბიექტური თვალით არის დანახული. ყველაზე მაგიური კი ისაა, რომ ამ მომენტში სუბიექტი არ განცალკევდება ობიექტისგან. ისევე, როგორც იმპრესიონიზმში, ან ისევე, როგორც ზღვის ნაპირას მდგომი იგის სხეულში, როცა იგი იყო ზღვაც, ტყეც, და სამყაროც.

588635435-3805382226263022-5998437211645278776-n-1764586134.jpg

ეს არის ,,ამბავი’’ ზრდასრულობაში გადასვლის შესახებ, ადამიანზე, რომელიც დაიბადა თბილისში, აქვე გაიზარდა, შეუყვარდა, დამეგობრდა და შეიგრძნო ყველა ადამიანური ემოცია, რომელიც პიროვნებად გვაყალიბებს.

იაპონური ლექსი გაჩერებული კადრია, სადაც ჩანს პერსონაჟი, სივრცე, დრო და მათ შორის მიმართება. სიმოკლის გამო, ხშირად, მზესუმზირასავით სწრაფად საკნატუნო გვგონია. არადა, პირიქით. თუ გინდა, ბოლომდე შეიგრძნო და დაინახო ლექსი, დიდი ყურადღებით, ძალიან ნელა უნდა წაიკითხო, შენს თვალწინ გაჩერებული წამი მუჭში მოიქციო, თითის ბალიშებით მოსინჯო, ხელი მოუჭირო და აცადო, სანამ სურნელოვანი ზეთივით არ შეგრჩება ხელზე და სანამ კანი არ შეიწოვს. ზუსტად ასე მუშაობს განცდის ველი, ემოციები, რომლებსაც შევიგრძნობთ და სამუდამოდ ჩვენი ხდება.

სიუჟეტი ძირითადად სწორედ ამ განცდის ველში რჩება, თუმცა სარკისებურად ირეკლავს სივრცეს, თბილისს, რომელიც განცდებს კონკრეტულ ფორმებს აძლევს. ამ კუთხით ეს წიგნი ურბანული პოეზიის ნაწილია, თუმცა არა კლასიკური გაგებით. აქ არ შეგხვდებათ ურბანული ბრუტალიზმის სისასტიკე. უფრო სწორად, დაგხვდებათ, მაგრამ ის თქვენგან განცალკევებით არ იარსებს, არამედ იარსებებს თქვენთან ერთად.

თბილისი, როგორც ძალიან ძველი და დიდი ისტორიის მქონე ქალაქია. ურბანულ და თანამედროვე თბილისზე პოეტური ტექსტების სიმცირის გამო, თანამედროვე მკითხველის აღქმაში ხშირად უფრო წარსულს მიეკუთვნება, ვიდრე აწმყოს, ან მომავალს. ამ კრებულში თბილისი სიუჟეტის მთავარი სივრცე და მეტიც, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟიცაა.

589755238-2344397789316025-8835020318374299446-n-1764586134.jpg

მკითხველს აქვს საშუალება თანამედროვე თბილისს პერსონაჟებთან ერთად დააკვირდეს. თუმცა, ამბის ფორმა მასაც თანამონაწილედ აქცევს. მკითხველზეა დამოკიდებული, თითოეული ლექსის წაკითხვისას, რამდენ დეტალს გამოიხმობს საკუთარი ცხოვრებიდან, როგორ შეავსებს განცდას კონკრეტული ამბებით, ამ წიგნში ამოიკითხავს მოთხრობას, ნოველას, თუ რომანს.

567741978-1358249279078983-9148619748337082711-n-1764586134.jpg

შესაბამისად, ამ ,,ამბავი’’- ს თითოეული ლექსი არსებობს განცალკევებულად, მაგრამ მთლიანობაში ქმნის სიუჟეტს, ერთ დიდ ამბავს. ეს ამბავი პროზაული დაზუსტებების გარეშე ზოგად, მხოლოდ განცდილ გამოცდილებებს კინძავს. თქვენ კი, მკითხველს, შეგიძლიათ ერთ-ერთ, მაგრამ უნიკალურ, პერსონაჟად იქცეთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭკადუას წიგნის "ამბავი" პრეზენტაცია 2 დეკემბერს, 20:00 საათზე, "ანტენაში" (კონსტიტუციის ქ. №13) გაიმართება.

R