უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია დამტკიცებულია - რა ცვლილებები ელოდებათ მომავალ სტუდენტებს - მშობლები

უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია დამტკიცებულია - რა ცვლილებები ელოდებათ მომავალ სტუდენტებს

2025-12-01 20:32:52+04:00
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონცეფცია მოიცავს რეფორმის ყველა აუცილებელ კომპონენტს და მათ შორისაა - ინსტიტუციური ოპტიმიზაცია, საკადრო პოლიტიკის დახვეწა, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების განვითარება, სწავლებისა და კვლევების ინტეგრაცია, უმაღლესი განათლების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება.
„რეფორმის მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს უმაღლესი სტანდარტების საუნივერსიტეტო განათლება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეიდან დაიწყებს კონცეფციის მომზადებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება თბილისსა და რუსთავს შორის და ასევე ქუთაისში. ეს მოიცავს თანამედროვე სტანდარტების სამუშაო სივრცეებს, აუდიტორიებს, სამეცნიერო ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურას, საერთო საცხოვრებლებს. ჩვენ უნდა შევქმნათ ორი პატარა სამოთხე ჩვენი მომავალი სტუდენტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
"ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორი საგანმანათლებლო ცენტრის გაჩენა. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა" - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მისივე თქმით, რეფორმა საკანონმდებლო ცვლილებსაც მოითხოვს.
"სტანდარტული მაგისტრატურა იქნება ერთწლიანი, ანუ 3+1. მათთვის კი, ვისაც სურვილი ექნება, სწავლა მესამე საფეხურზე გააგრძელოს, იქნება კიდევ ერთი წელი ანუ 3+1+1 სისტემა, რაც მათ მისცემს საშუალებას, ჩააბარონ დოქტორანტურაში... დღეს წარვადგინეთ დასამტკიცებლად უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი და მთავრობამ მოიწონა დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა ამ რეფორმის განსახორციელებლად, 3-4-წლიან პერიოდში გაიწერება დეტალური სამოქმედო გეგმა," - დასძინა მინისტრმა.

ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების შესახებ ისაუბრა ინფრასტრუქტურის მინისტრმაც.

„პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში შეიქმნება თანამედროვე, რეგიონულად განაწილებული საუნივერსიტეტო სისტემა, რომელიც სტუდენტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, კვლევით შესაძლებლობებს და სრულფასოვან სტუდენტურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

ახალი საუნივერსიტეტო კამპუსები მოემსახურება დამატებით 20 ათას სტუდენტს ქუთაისში, რუსთავი კი შეძლებს 40 ათასი სტუდენტის მიღებას... ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, განხორციელდება 2026–2032 წლებში".

სავარაუდოდ, სწორედ ამ სამ ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში გადანაწილდება სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართულებები დაანოსნებული პრინციპით - ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი.
სტუდენტური გრანტი გადასინჯვას საჭიროებს... ერთი ფაკულტეტი იქნება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში - ირაკლი კობახიძე განათლების რეფორმას აანონსებს

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად სწავლობენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ცვლილებები არ შეეხებათ.
"ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, უკვე ჩაბარებული აქვს, გააგრძელებს სწავლას არსებული დაფინანსების მოდელით, საგრანტო მოდელით, მათი მდგომარეობა არ შეიცვლება და ყველა შეძლებს, დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა. როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეეხებათ მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ.

ხვალ კი განათლების მინისტრი წარადგენს ზოგადი განათლების კონცეფციას. "განათლების რეფორმა უნდა იყოს კომპლექსური თავისი შინაარსით და ამ რეფორმასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც განხორციელდება ზოგადი განათლების სფეროში და ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას განათლების მინისტრი ხვალ გაუზიარებს საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.