"11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება... მე-11 კლასში მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რაც გამოცდებზე უნდა ჩააბარონ" - გივი მიქანაძე - მშობლები

"11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება... მე-11 კლასში მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რაც გამოცდებზე უნდა ჩააბარონ" - გივი მიქანაძე

2025-12-02 12:03:44+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე,რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა,გივი მიქანაძემზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას აღნიშნა.

გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, სამინისტრო გეგმავს, რომ მე-11 კლასში მოსწავლეებს მხოლოდ იმ საგნებში მომზადების საშუალება მისცეს, რომელიც მათ ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სჭირდებათ.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში, გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს. შესაბამისად მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ. აქვე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პედაგოგი, რომელსაც მე-12 კლასის არარსებობა შეეხება, ჩართული იქნება სპეციალურ სასწავლო პროცესებში იმისთვის, რომ ყველა მათგანს დაუკომპენსირდეს ის ხელფასი, რომელსაც ისინი დღეს იღებენ და არცერთი პედაგოგი სახელფასო ბადესთან მიმართებით არ დაზიანდება.

მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რაც უკავშირდება, პირველ რიგში, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში. სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეების მომზადების კუთხით, ეროვნული გამოცდების კომპონენტთან მიმართებით. ამ კუთხით ჩვენ მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი. როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე, ეს იქნება 1-წლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით, სკოლის გარეთ, სასწავლო პროცესებში ჩართვა. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს დაკავშირებული“,- განაცხადა მიქანაძემ.

ინტერპრესნიუსი

მომავალი სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება- რომელ კლასს შეეხება სამინისტროს გადაწყვეტილება
შემდეგი წლიდან სკოლაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ