დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაცია გამართა და ისაუბრა იმ მთავარ გამოწვევებზე, რომლებიც სკოლებშია და რომელთა გაუმჯობესებაზეც მომდევნო წლების განმავლობაში იზრუნებენ:
- რეალობაა, რომ დღეს განათლების სისტემა ძალიან ბევრი კომპლექსური გამოწვევის წინაშეა. არსებული საგანმანათლებლო სისტემა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის, შესაბამისი კონკურენტუნარიანობის და კონკრეტული ინტერესების მატარებელი ახალგაზრდების სრულფასოვნად აღზრდას ვერ უზრუნველყოფს. ამისი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი იყო, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს იყო მიღებული. ეს დოკუმენტი, თავისი სრულფასოვანი შინაარსით, რომელიც სასწავლო სახელმძღვანელოების, მეთოდოლოგიის, სწავლების პროცესთან დაკავშირებული ყველა კომპონენტის განმსაზღვრელია, მთლიანობაში, გაჯერებული იყო ლიბერალური ღირებულებებით. 2023-2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პარლამენტის თემატურ კომიტეტთან ერთად, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების სრულიად ახალი დოკუმენტი შეიმუშავა და მთლიანად შეიცვალა ის მიდგომები და ის სულისკვეთება და ღირებულებები, რომლებიც სასწავლო პროცესთანაა დაკავშირებული. ის დაეფუძნა ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, პატრიოტულ სულისკვეთებას.
ის ბადე, რომელიც დღეს სასკოლო ცხოვრებაში არსებობს, მთლიანად აკადემიური კომპონენტითაა დატვირთული და აღმზრდელობითი ნაწილი ამოვარდნილია. ნაკლები დრო ეთმობა ინტერაქციას და შემოქმედებითობას. ეს დაბალ კლასებში შედარებით შენარჩუნებულია, მაგრამ როდესაც ზედა კლასების კომპონენტზე ვსაუბრობთ, აბსოლუტური ცდომილებაა.
20 წელზე მეტია, რაც თავისუფალი ბაზრის პირობებში, ავტორთა ჯგუფებს მივეცით შესაძლებლობა, შეემუშავებინათ კონკრეტული სახელმძღვანელოები, გრიფირების პროცედურები გაევლოთ და შემდგომში ამ სახელმძღვანელოებით საგანმანათლებლო პროცესების წარმართვა მომხდარიყო. თუმცა, ამ ყველაფერმა დაგვანახა ის, რომ ერთსა და იმავე კლასში, ერთსა და იმავე დისციპლინაში ბავშვები სხვადასხვა სკოლაში, სხვადასხვა სახელმძღვანელოთი სწავლობენ, რაც ერთიანობის სისტემას არ წარმოადგენს, ძალიან რთულია იმ ხარისხიანობის გაზომვა, რომელიც ამ პროცესებს უკავშირდება. რაც მთავარია, სწავლის საერთო ხარისხსა და შედეგიანობაზეა ორიენტირებული. რიგ შემთხვევაში, ფრაგმენტულია და იმ სიღრმისეულ ცოდნას არ იძლევა, რომელიც აუცილებელია, რომ სახელმძღვანელოს მეშვეობით იყოს გადაცემული.
დღეს სასკოლო პროცესი მთლიანად ფორმალურ განათლებაზეა გადართული. მაშინ, როდესაც არაფორმალური განათლების კომპონენტები უაღრესად მნიშვნელოვანია
სკოლაში საკლუბო და სექციური მუშაობა მინიმუმამდეა დასული. ბავშვებს სასკოლო გარემოში თავიანთი პოტენციალის დამატებით რეალიზების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
სკოლამდელი ასაკის განათლებასა და სასკოლო ასაკის განათლებას შორის ძალიან სუსტი ბმაა. ისევე, როგორც სკოლაში ბავშვი სათანადოდ ვერ ემზადება იმ ეტაპზე გადასასვლელად,რასაც პროფესიული განათლების ან უმაღლესი განათლების მიმართულება ჰქვია.
წლების განმავლობაში ძალიან ფართომასშტაბიან გადამზადების პროცესს ვეწევით პედაგოგიური ხარისხის ამაღლების მიზნით. საკმაოდ შედეგიანადაც, თუმცა ფაქტია, რომ დამატებითი ძალისხმევა და რესურსია საჭირო.
რიგ დისციპლინებში პედაგოგების სიჭარბე გვაქვს. გვაქვს დისციპლინები, როგორებიცაა, მაგალითად, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, რიგ შემთხვევებში, მათემატიკა, სადაც პედაგოგების ნაკლებობა გვაქვს.
მიუხედავად იმისა, რამდენიმე ასეული სკოლა აშენდა და რეაბილიტირდა, სასკოლო ინფრასტრუქტურა მაინც გამოწვევად რჩება. სასკოლო ინფრასტრუქტურასთან ერთად, მნიშვნელოვანია სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, კვების ობიექტები და სხვა მიმართულებები, რომლებიც სასწავლო გარემოს სრულფასოვნებას არსებითად ხელს უწყობს. ამასთანავე, ბულინგთან დაკავშირებული საკითხები გამოწვევად რჩება. ისევე, როგორც მანდატურის სამსახურის, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების სკოლების არეალის დაფარვა და შესაბამისი სერვისების კიდევ უფრო ფართო მასშტაბით უზრუნველყოფა.
საკმარისი რაოდენობის სპეციალისტები არ გვყავს. ყველა მასწავლებელი, ვინც სასკოლო ცხოვრებაშია ჩართული, უნდა ფლობდეს ყველა იმ უნარ-ჩვევას, რაც ინკლუზიურობის პროცესის განხორციელებასთანაა დაკავშირებული.
დღეს საგანმანათლებლო რესურსცენტრები არ არიან სრულფასოვნად აღჭურვილი იმ ფუნქციებით, რომლებითაც შეუძლიათ, მენტორული, ჩართულობითი პროცესი იმ დონეზე განახორციელონ, რომ მართვის პროცესების გამართვაში უფრო მეტი მონაწილეობა მიიღონ.
მოგეხსენებათ, დღეს ვაუჩერული დაფინანსება გვაქვს. რაც მაქსიმალურად სამართლიანობის კომპონენტს შეადგენს. თუმცა, არის რიგი საჭიროებები კონკრეტულ სკოლებთან დაკავშირებით, დამატებითი სივრცეების განვითარების კუთხით, არაფორმალური განათლების განვითარების თვალსაზრისით, რაც იძლევა იმის საჭიროებას, რომ გარკვეულწილად ეს მოდელი გაუმჯობესდეს. ვფიქრობთ, ამ მოდელის გაუმჯობესება აუცილებელი საჭიროებაა.
გივი მიქანაძემ ამავე პრეზენტაციაზე მრავალფეროვანი სასკოლო კულტურის შესახებაც ისაუბრა:
არაფორმალურ განათლებას უფრო მეტი დატვირთვა უნდა მივცეთ. ამ ეტაპზე, ძალიან დიდი მადლიერებით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან დაწყებული პროექტი, რომელიც ღირებულებით განათლებას ეხება, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს 50-ზე მეტ სკოლაში. ამ მიმართულების გაფართოებას ვაპირებთ, სადაც სამშობლოს სიყვარულსა და ცხოვრებისეულ ფასეულობებს, მეგობრობასა და იმ ღირებულებებს ასწავლიან, რომლებითაც ბავშვები უნდა აღვზარდოთ.