ონლაინრომანი "სხვისიოცნებისქალი"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
მაკასთან დღითი დღე მოსაწყენი ხდებოდა ურთიერთობა. ამის მიზეზად ორი რამ შეიძლებოდა დამესახელებინა. პირველი ის, რომ ნატას გაცნობის შემდეგ ნაკლებად მიზიდავდნენ სხვა ქალები, მეორეც - ისედაც არასდროს მყვარებია მაკა, ამ გაგანია შეყვარებულობის პერიოდში კი მის მიმართ რა გრძნობაც გამაჩნდა, ისიც კი გამიქრა. ერთადერთი, რაც მასთან ჯერჯერობით მაჩერებდა, სინდისის ქენჯნა იყო - ერთი ხელის მოსმით ვერ შევაქცევდი ზურგს. მართალია, ის მიჩვეული იყო ჩემგან ღალატს, ბევრჯერ გაუგია ჩემი ერთჯერადი თავგადასავლების შესახებ, მაგრამ იცოდა, რომ ჩემი მხრიდან ეს მხოლოდ გართობა იყო, რადგან მთელი ორი წლის განმავლობაში, რაც ერთმანეთს ვხვდებოდით, შეყვარებული არც ერთხელ არ ვყოფილვარ. ახლა კი...
ჩემს თავს ვერ ვპატიობდი იმას, რომ მაკას სულ სხვა მიზნებისთვის ვიყენებდი. მხოლოდ იმიტომ ვსტუმრობდი მას, რომ ქალთან ყოფნის სურვილი დამეკმაყოფილებინა. ვნება დაცხრებოდა თუ არა, ეგრევე შინ გავრბოდი, ხუთი წუთითაც ვერ ვჩერდებოდი მის გვერდით. შემატყო გულცივობა. ერთი პერიოდი შორიდან მაკვირდებოდა, თვალებით მზვერავდა, თითქოს ჩემი დიდი საიდუმლოს წაკითხვა სურდა, მაგრამ როცა არაფერი გამოუვიდა, ფრთხილად დამიწყო გამოკითხვა.
- ამ ბოლო დროს ვერ გცნობ, რა გემართება?
- არაფერი, რა უნდა მემართებოდეს, - ყასიდად ავიჩეჩე მხრები და ჩაცმა დავიწყე.
- შეგიძლია ცოტა ხანს დარჩე? სალაპარაკო მაქვს.
- იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ?
- არა, თუ ახლა არ მომისმენ, სხვა დრო აღარ იქნება.
- კარგი, - პულოვერი გადავიცვი და საწოლზე ჩამოვჯექი.
- რა ხდება, ზაზა? - ისევ თავიდან დაიწყო მაკამ.
- ვინ გითხრა, რომ რამე ხდება? - მტკიცედ გავუყარე თვალი თვალში, თითქოს ასი პროცენტით მართალი ვიყავი.
- აბა რატომ მექცევი ასე? იშვიათად მოდიხარ და მოსვლისთანავე ერთი სული გაქვს, როდის გაიქცევი.
- გეჩვენება.
- მეჩვენება? არაფერიც არ მეჩვენება. არ ჯობია, პირდაპირ მითხრა, რომ აღარ გიყვარვარ და მოგბეზრდი?
- განა ოდესმე მითქვამს, რომ მიყვარხარ? რაღაც არ მახსენდება, - წარბები შევკარი.
- არ გიყვარვარ?
- არც ეგ მითქვამს, თუ მეხსიერება არ მღალატობს.
- შენი ნართაული ვერ გავიგე. იქნებ წესიერად ამიხსნა, რა გინდა ჩემგან?
- მე რა მინდა შენგან? დაკითხვას შენ მიწყობ და კიდევ მე რა მინდა? ჯერ შენ მითხარი, რით ხარ უკმაყოფილო და მერე მე გეტყვი.
- იმით, რომ ჩემდამი ყურადღება მოადუნე. ჯერ იყო და, ახალი წელიც არ მომილოცე...
- აკი გითხარი, რაც მოხდა ახალ წელს.
- კარგი, ბატონო, მერე? მერეც მოხდა რამე? ნაახალწლევს ერთხელ მოხვედი, ისიც გაბრუებული და მას მერე სამი კვირა დაიკარგე. ახლა მოხვედი და ისევ გარბიხარ. თუ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა, მითხარი. მირჩევნია, ყველაფერი ვიცოდე. შარვლის ტოტებს არ დაგახევ, ნუ გეშინია.
- დამშვიდდი და ზედმეტ კითხვებს ნუ მისვამ. შენს მიტოვებას არ ვაპირებ. ყველაფერი ძველებურადაა. შენგან წასვლა არც მიფიქრია, გასაგებია? ცოტაც მაცალე და მერე სულ ერთად ვიქნებით, - მისი დაშოშმინება ამ გზით ვცადე.
- რას ნიშნავს სულ ერთად ვიქნებით? - ლოგინში წამოიწია და შიშველ მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.
- იმას, რომ ერთად ვიქნებით. ვერ გაიგე? არ ვაპირებ შენს მიტოვებას. როგორც აქამდე ვიყავით, ისე ვიქნებით.
- მე კი მგონია, რომ რაღაც გაშფოთებს. შემთხვევით, ვინმე ხომ არ შეგიყვარდა?
- არავინ, დაწყნარდი.
- შენი საქციელი სხვა რამეზე მეტყველებს.
- მაკა, პრობლემები მაქვს. არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ცოტა ხანს მაცალე. არც არავინ მიყვარს და არც ცოლის შერთვას არ ვაპირებ. არც სხვასთან დავდივარ. მეტი რა გითხრა? - ვატყუებდი და მრცხვენოდა ჩემი თავის, მრცხვენოდა სიმართლის აღიარების.
ის ამას ვერ გაიგებდა, არც მაპატიებდა. მე კი არ მინდოდა მისთვის ტკივილი მიმეყენებინა. მას დიდი ამაგი ჰქონდა ჩემზე, ამიტომაც უნამუსობა იქნებოდა ჩემი მხრიდან, ზურგი მექცია.
- არ ვიცი, ზაზა, არ ვიცი. თუ ჩემი მიტოვება გადაწყვიტე, დროზე მითხარი... იმიტომ, რომ მთხოვნელი მყავს და ბარემ გავთხოვდები, ნუღარ გამაწვალებ და ნურც ბედს დამიკარგავ.
- მთხოვნელი? - მისი ნათქვამი უსიამოვნოდ მომხვდა გულზე, თუმცა, წესით, უნდა გამხარებოდა.
- ჰო, რატომ გაგიკვირდა, არც შენით დაწყებულა საკაცეთი და არც შენით მთავრდება, სხვებიც არიან, - ნიშნის მოგებით თქვა.
- გათხოვდი, თუ ასე გინდა, - გულგრილად ვუპასუხე და წამოვდექი.
- შენ როგორ გინდა? - ჩიხში მომამწყვდია.
- არ იცი, როგორ მინდა?
- არა, არ ვიცი და მიპასუხე.
- მაკა... - ჩავახველე და პაუზა გავწელე, - მე შენი ბედის გამგებელი არ ვარ. ცოლის მოყვანას ამ ეტაპზე არ ვაპირებ, მაგრამ როცა დავაპირებ, ვერც იმას შეგპირდები, რომ შენ იქნები ის ქალი, ვისაც შევირთავ, თუმცა გამორიცხული არაფერია. ამიტომ, თუ ოჯახის შექმნა გინდა და სერიოზული თაყვანისმცემელი გყავს, თავად გადაწყვიტე, მე ხელს არ შეგიშლი. ეს შენი გად...
- შენ როგორ გინდა-მეთქი, გკითხე, - ცივად გამაწყვეტინა.
- ვერ გავიგე, ამხელა ქალი ჩემს სურვილზე დადიხარ?
- არ იცი, რომ ასეა?
- მე ჩემი გითხარი, დანარჩენი შენ გადაწყვიტე, - მაინც ავირიდე პასუხი.
- მე შენთან მინდა ყოფნა, მაგრამ...
- ჰოდა, თუ ჩემთან გინდა, იყავი, არავინ გიშლის და არც არავინ გეცილება ჩემში.
- მაგრამ ასე გაგრძელებაც არ შემიძლია. მთელი დღე დებილივით ვზივარ და გელოდები, როდის დამირეკავ ან როდის დააკაკუნებ კარზე.
- მე ჩემი საქმეები მაქვს, ოცდაოთხი საათი შინ ვერ დაგიჯდები.
- ანუ, გინდა მითხრა, რომ თავისუფალი კაცი ხარ?
- რაც ვარ, ეს ვარ. თუ მოგწონვარ, მიმიღე ასეთი, თუ არადა...
- თუ არადა?
- ნუ ცდილობ, სიტყვაზე გამომიჭირო. ეს ჩვენს ურთიერთობას კარგს არაფერს მოუტანს.
- კარგი, გასაგებია. ახლა წახვალ და როდის გამოჩნდები? კიდევ სამი კვირა უნდა ველოდო, როდის გაგახსენდები?
- არ გინდა, რა, ძალიან გთხოვ. კარგად იცი, რომ ისტერიკებს ვერ ვიტან. თუ ოდესმე წასვლას დავაპირებ, გეტყვი, არ დაგიმალავ.
- როდის მეტყვი, წასვლამდე ერთი საათით ადრე?
- შენ რამდენი ხნით ადრე გინდა, რომ გითხრა?
- მე მინდა, რომ არასდროს წახვიდე, - ხმა აუკანკალდა და თვალები ცრემლით აევსო.
გული მომიკვდა. მეცოდებოდა, ასეთ დღეში რომ ვხედავდი, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო, მხოლოდ სიტყვებით თუ ვანუგეშებდი.
- ვეცდები. და მაინც, თუ ოდესმე წასვლა დავაპირე, პირობას გაძლევ, რომ ამას უმტკვინეულოდ გავაკეთებ. შევთანხმდით? - ხელი მოვხვიე და მისი თავი მკერდზე მივიკარი, მერე ნიკაპი ავუწიე და ზრდილობის გულისთვის ვაკოცე.
ვკოცნიდი და ვფიქრობდი...
რაზე შეიძლება იფიქროს კაცმა, როცა ქალს კოცნის? ეჰ! ხომ დარწმუნდით, რომ ეს არ იყო სიყვარული? ვიღაცას უმართლებს ცხოვრებაში და ვიღაცას არა. ჩემთვის ამას არ ერქვა გამართლება. მერე რა? ამის გამო ღირს დატანჯო საკუთარი თავი? ცხოვრება ცხოვრებაა! ლამაზიც, სევდიანიც, მხიარულიც და ნაღვლიანიც. ვის როგორიც ერგება ბედისწერის მიხედვით, ისეთს მიიღებს. შეუძლებელია აირჩიო. ამის გაფიქრებაც კი სასაცილოა. შენ არავინ გეკითხება, როგორი ხვალინდელი დღე გექნება. ეს იმ ლოტოს კოჭივითაა, ბნელ ტომარაში რომ ეძებ და არ იცი, ამოღებული ნომერი გაგიმართლებს თუ არა.
რაში მჭირდებოდა ასეთი როლის თამაში? თუკი ადამიანს ცუდი როლი შეგხვდა ცხოვრებაში და მას კარგად ითამაშებ, არ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ ამის გამო უკეთეს როლს შემოგთავაზებენ. ეს ცხოვრებაა და არა თეატრი! ცხოვრებას კი თავისი მგლური კანონები აქვს...
***
შინ მისული საწოლზე წამოვწექი. ნახევარი საათი ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც კორიდადან დაბრუნებულ ტორეადორს. ერთიანად დანგრეული ვიყავი, თითქოს ბრძოლის ველი გამომევლოს. პატარა აღარ ვიყავი. რა ვნახე ცხოვრებაში? ბევრი არაფერი. რა პერსპექტივა მეჭყანებოდა? არანაირი. ჩემნაირთან ცხოვრებას მხოლოდ მაკასნაირი ქალი თუ შეეგუებოდა. ნატა? მას უბედურებას უფრო მოვუტანდი, ვიდრე ბედნიერებას. ეს კარგად ვიცოდი... მაგრამ მაინც ვერ ველეოდი. მხოლოდ მის გვერდით ყოფნა მგვრიდა შვებას. მთელი კვირის განმავლობაში იმდენად ცოტა დროს ვუთმობდი მასთან ურთიერთობას, დახარბებული ვიყავი. არადა, შეგნებულად ვიქცეოდი ასე. თან მინდოდა ყველაზე მეტად მე ვყვარებოდი, თან არ მინდოდა. კარგად რომ ჩავუფიქრდებოდი, თავადაც არ ვიცოდი, რა უფრო მინდოდა.
ის იმდენად კარგი იყო, იმდენად არამიწიერი, არ მემეტებოდა ცუდი ცხოვრებისთვის. არადა, ეგოისტი ვიყავი, მის გარეშეც ვერ ვძლებდი. ყოველღამე, თორმეტი საათის შემდეგ, ზუსტად დათქმულ დროს ვრეკავდი. ისიც ჩასაფრებული იყო და პირველსავე ზარზე იღებდა ყურმილს. მთელი ღამე ლაპარაკში გადიოდა. ვერც ვხვდებოდით, ისე გვათენდებოდა თავზე. ერთი ბედნიერება იყო მასთან მასლაათი. ნებისმიერ თემაზე შემეძლო ნატასთან საუბარი, ყველაფერს ადვილად იგებდა, ყველაფერს ადვილად მიგებდა. ქალური თვისებები ხომ ჰქონდა და ჰქონდა, მაგრამ მამაკაცურიც მოჭარბებულად იყო მასში. მისი ერთადერთი აუხდენელი ოცნებაც სწორედ ეს იყო - მამაკაცი ყოფილიყო. ასე მეგონა, ერთდროულად კაცსაც ველაპარაკებოდი და ქალსაც. იშვიათი ბუნებით იყო დაჯილდოებული. ქალი-ქალში - ასე შევარქვი. თუმცა იმ ასაკში ჯერ კიდევ არ იყო ქალი-ქალში, მაგრამ ამის ყველა მონაცემი ჰქონდა. ამიტომაც ველტვოდი ასე, ამიტომაც მიზიდავდა იგი.
ეჰ... რას ვიფიქრებდი მაშინ, საბედისწერო ქალის როლი თუ ერგებოდა ცხოვრებაში. მალე მივხვდი, რომ სატელეფონო საუბრებით ვერ შემოვიფარგლებოდით. შექმნილმა სიტუაციამ იძულებული გამხადა, სააშკარაოზე გამომეტანა ჩვენი ურთიერთობა. მის ირგვლივ მამაკაცები არ ისვენებდნენ, ყველას მისი გაცნობა და მასთან დაახლოება სურდა. ის სუსტი იყო, დაუცველი, თანაც - მთლად ბავშვი და უჭირდა მათი მოგერიება. ვერც მე მთხოვდა შველას, რადგან ჩვენს ურთიერთობას, ფაქტობრივად, სახელი არ ერქვა. მე არასდროს მითქვამს მისთვის, ჩემი შეყვარებული ხარ-მეთქი, ვერც თავად იტყოდა ამას. ჩვენ მხოლოდ შევიგრძნობდით ერთმანეთს, ეგ იყო და ეგ.
მოვუხშირე მასთან შეხვედრას. ახლა თითქმის ყოველ მეორე დღეს ვაცილებდი, რათა მის თაყვანისმცემლებს ერთხელ და სამუდამოდ შეეგნოთ, რომ ეს გოგო მე მეკუთვნოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიყვარულით მხოლოდ მე ვუყვარდი, მაგრამ იმდენად ბავშვი იყო, ვგრძნობდი, რომ სხვების ყურადღებაც სიამოვნებდა. ეს კი საშიში იყო. ნებისმიერს, ვინც კი შეეცდებოდა, ჩემზე მეტი ყურადღება გამოეჩინა ნატასადმი, შეეძლო მისი, ასე ვთქვათ, გადაბირება.
ჩვენი შეხვედრა ძირითადად ქუჩაში ხდებოდა. აბა, რა უნდა მექნა, სად წამეყვანა? შინ ვერ მივიყვანდი, ვერც ძმაკაცთან, აუცილებლად კუდებს გამოაბამდნენ. გარდა ამისა, ასე რომც მოვქცეულიყავი, ჩემი თავისაც მეშინოდა, ვაითუ, ვერ გამეძლო ცდუნებისთვის. ამიტომაც დავხეტიალებდით აღმა-დაღმა - ცენტრალური პარკის ერთი ბოლოდან მეორეში, თუ ძალიან შეგვცივდებოდა, კინოში შევდიოდით. იშვიათ შემთხვევაში, როცა მამაჩემს მანქანას წავართმევდი, გავიყვანდი ხოლმე ქალაქგარეთ და სადმე უკაცრიელ ადგილას განვმარტოვდებოდით. ეს ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ასეთ მომენტში არაფრის თქმა არ იყო საჭირო, უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის.
სამწუხაროდ, ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. რა თქმა უნდა, ბოლოს მაკას ყურამდეც მივიდა ჩვენი ურთიერთობის ამბავი. ეს გაზაფხულზე მოხდა. მაკას ჩემთვის არაფერი უთქვამს, არც უგრძნობინებია, მაგრამ ჩემს ზურგს უკან დაუწყია საქმის მოგვარება.
ერთ დღესაც, როცა ნატას შინ ვაცილებდი, მოუსვენრობა დაეტყო, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ბედავდა.
- რა იყო, მოხდა რამე? - დავინტერესდი.
- ზაზა... შეიძლება რაღაც გკითხო? - გაუბედავად თქვა.
- როგორ არ შეიძლება. რა ხდება? - გულმა რეჩხი მიყო.
- მაკა ვინ არის?
ამის გაგონებაზე სისხლმა ტვინში ამასხა.
- რომელ მაკაზე მეუბნები? - შევეცადე, ბუნებრივად გამომსვლოდა.
- ბევრ მაკას იცნობ?
- სიმართლე გითხრა, ამწუთას ასეთი არც არავინ მახსენდება, წესით, ასეთი სახელის ქალს არ უნდა ვიცნობდე, - დაბნეულმა ჩავილაპარაკე.
- აი იმაზე, პატარა ბავშვი რომ ჰყავს და რომელსაც მამობას შენ უწევ, - ძალიან, ძალიან მშვიდად წარმოთქვა.
- მე ვუწევ მამობას? - გაკვირვებული შევდექი, - ეგ ვინ გითხრა?
- მაკამ.
- მაკამ? - კიდევ უფრო გაოგნებული ნატასკენ შევტრიალდი და დაძაბული მივჩერდი, - შენ საიდან იცნობ მაკას?
- აკი ასეთს წესით არ უნდა ვიცნობდეო? - ნაღვლიანად გაიღიმა.
- მითხარი, ვისგან გაიცანი მაკა, - ახლა უკვე დაჟინებით მოვითხოვე.
- თვითონ გამეცნო.
- თვითონ? როგორ?
- ჩვეულებრივად, წუხელ დამირეკა.
- მერე?
- მერე არაფერი.
- რას ნიშნავს არაფერი. წეღან მთელი ისტორია მოთხარე და ახლა მეუბნები, არაფერიო?
- ისეთი არაფერი, უბრალოდ, შენი გაცნობა მინდაო.
- ვინ ვარო, რა გითხრა?
- ზაზას საცოლე ვარო. შვილი მყავს, რომელსაც ზაზა მაზრდევინებსო.
- ეგ ტელეფონში გითხრა?
- არა, დღეს შევხვდი და მაშინ მითხრა.
- შეხვდი? მაკას შეხვდი? მართლა მეუბნები?
- ჰო, მართლა გეუბნები.
- სად შეხვდი?
- თეატრის წინ, სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა. წუხელ მითხრა, შენი ნახვა მინდაო. მეც ვუთხარი, სად ვიქნებოდი და ნახევარი საათით ადრე დავიბარე, სანამ რეპეტიცია დამეწყებოდა.
- მერე? დაწვრილებით მომიყევი, რა გითხრა.
- შენთვის უცხო და უცნობი არაფერი. ორი წელია, ერთმანეთი გვიყვარსო. ცოლივით ვყავარო. ჯერ ოჯახის შექმნას არ აპირებს, მაგრამ როცა დააპირებს, მისი რჩეული მე ვიქნებიო. ისიც კი მითხრა, რა საალერსო სიტყვებს იყენებ, როცა მას ეფერები. ძალიან ნაცნობი მეჩვენა ზოგიერთი. მაგალითად...
- გეყოფა, ნატა. შენ ნურავის უსმენ, მე მომენდე. ხომ იცი, როგორ ვარ შენთან, რა დამოკიდებულებაც მაქვს. დაივიწყე ის ქალი და ამ თემაზე მეტს ნუღარ ვისაუბრებთ. ბოროტ და შურიან ადამიანებს რა გამოლევს ამქვეყნად.
- ვინ არის ბოროტი და შურიანი, მაკა?
- ნატა!
- არ ვიცი, ზაზა, ძალიან დავიბენი. ვერ გამიგია, რა ხდება. ისიც კი არ ვიცი, რას ნიშნავს ჩვენი ურთიერთობა. შენ არაფერს მეუბნები, რებუსებით ცდილობ რაღაცას მიმანიშნო. მე კი არ მინდა ასე. დავიღალე.
- მომისმინე!
- მაპატიე, მაგრამ მე შენ დიდხანს გისმინე. სამწუხაროდ, სულ ტყუილად, მაინც ვერაფერი გავიგე. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ მითხრა, რა გინდა ჩემგან?
- ნუ დამიწყებ ახლა სხვა ქალებივით, ნატა. შენ მე სხვანაირი მგონიხარ, სხვებს არ ჰგავხარ. მათგან რომ გამოირჩევი, იმიტომ მიხარია შენთან ყოფნა. ნუ გააფუჭებ ყველაფერს.
- ჩემთან ყოფნაში რას გულისხმობ, იქნებ ამიხსნა?
- მაგას, სკოლას რომ დაამთავრებ, მაშინ მიხვდები.
- სკოლას რომ დავამთავრებ? რა მოხდება, სკოლას რომ დავამთავრებ?
- ჩემთან წაგიყვან... სამუდამოდ. ახლა გაიგე?
ამის გაგონებაზე დადუმდა. ხმა არ ამოუღია. კვლავ გავაგრძელეთ გზა. დუმილი გაიწელა.
- მართლა გაქვს იმ გოგოსთან ურთიერთობა? - თქვა ბოლოს.
- მქონდა. სანამ შენ გაგიცნობდი, მქონდა. ახლა ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს.
- ესე იგი, მე დავანგრიე თქვენი ურთიერთობა? - ამომხედა, ცრემლი უბრწყინავდა თვალებში.
- არა, შენ არაფერ შუაში ხარ. მე ის არასდროს მყვარებია. უბრალოდ...
- რა უბრალოდ?
- მას კაცი სჭირდებოდა, ქმარს გაშორებულია. ერთხელაც... მე აღმოვჩნდი ეს კაცი. სულ ეს იყო.
- და მთელი ორი წელიწადი, არა?
- მერე რა?
- როგორ თუ რა? ორი წელი არ არის ცოტა დრო. მას შენ უყვარხარ, ზაზა.
- არ დაიჯერო. ეგ სიყვარული არ არის. უბრალოდ, მის ცხოვრებაში სხვა არავინ გამოჩნდა. ჩვენ მხოლოდ შეჩვევა გვაკავშირებს ერთმანეთთან.
- გაკავშირებთ... - შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა.
- ახლა აღარ გვაკავშირებს, ნატა. ძალიან მინდა, რომ ეს დაიჯერო.
- არ ვიცი... ალბათ გამიჭირდება.
- შენ შენი ადგილი გიჭირავს ჩემს გულში, მაკას - თავისი. შენ ძალიან ბევრს ნიშნავ ჩემთვის, ძალიან, ძალიან ბევრს. რაც გაგიცანი, მას შემდეგ სხვაზე ფიქრიც კი არ შემიძლია, გესმის? ვერ ხედავ, სულ შენ გარშემო რომ ვტრიალებ?
- ვხედავ, მაგრამ...
- რა მაგრამ?
- ღამე ვისთან ხარ, ხომ არ ვიცი?
- რა არ იცი, გოგო! - ვერ მოვითმინე და შევყვირე, - მთელ ღამეებს შენთან ლაპარაკში ვათენებ და არ იცი?
- მაგრამ ისეთი ღამეებიც ხომ არის, როცა არ მირეკავ?
- იშვიათად ხდება ასე.
- მაგრამ მაინც ხდება.
- არ გინდა, ნატა.
- შენ მართალი ხარ... მართლა არ მინდა თქვენ შორის ჩავდგე. იქნებ უმჯობესია, საერთოდ არ შევხვდეთ ერთმანეთს? იქნებ აჯობებს, უბრალოდ, კარგ ნაცნობებად დავრჩეთ? მალე თბილისში წავალ, გამოცდებს ჩავაბარებ. თუ გამიმართლა და ჩავირიცხე, იშვიათად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა. ამასობაში თქვენი განელებული გრძნობა ახალი გზნებით აინთება.
- არ გინდა ეს პოეტური სიტყვები.
- კარგი, მე წავალ. მეტს ნუღარ გამაცილებ, მარტო მინდა ყოფნა. ნახვამდის.
- ამაღამ დაგირეკავ.
- ვერ დამირეკავ, ტელეფონი არ მუშაობს.
- მაინც დაგირეკავ.
- როგორც გინდა, - მწარედ გამიღიმა და თავჩაღუნული გაუყვა გზას.
დიდხანს გავყურებდი მიმავალს, მერე მოვტრიალდი და უმისამართოდ დავუყევი ბულვარს...
***
მთელი საღამო საშინელ გუნებაზე ვიყავი. არავის ნახვა არ მინდოდა. შინ ადრე მივედი, ჩემს ოთახში შევედი, ტელეფონი მოვიმარჯვე და ნატას ნომერი ავკრიფე. ზარი გადიოდა, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. მივხვდი, სპეციალურად ჰქონდა გამორთული, რომ არ დამერეკა. სიმწრისგან ტუჩებს ვიკვნეტდი. როგორ მინდოდა ერთი მაგრად გამომელანძღა მაკა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ქალს საქმის გარჩევას ხომ არ დავუწყებდი.
გადავწყვიტე, დავმთვრალიყავი. გოგას დავურეკე. ის ქორწილისთვის ემზადებოდა. ვუთხარი, ცუდ ხასიათზე ვარ და უნდა მიშველო-მეთქი. გამოდი, ჩვენი ბიჭებიც აქ არიან და მამაპაპურად მოვულხინოთო.
გავედი. გოგასთან მთელი საძმაკაცო დამხვდა - სერგო, პაპუნა და დათო. გაუხარდათ ჩემი დანახვა. ბოლო ხანებში იშვიათად ვკონტაქტობდი მათთან.
პირდაპირ ყანწი მაჯახეს, უნდა დაგვეწიოო. მალევე მომეკიდა სასმელი. ერთხანს თითქოს გადავერთე, მაგრამ რაც მეტს ვსვამდი, მით უფრო ვიბოღმებოდი, უარესად გამიფუჭდა ხასიათი. გოგამ შემატყო, უგუნებოდ რომ ვიყავი და მეორე ოთახში გამიხმო.
- მოხდა რამე? - დაკვირვებით შემომხედა.
- მაგ “აშარაშკამ” საქმე გამირთულა, - არ დავუმალე მეგობარს.
- ვინ, მაკამ?
- ჰო.
- ნატასთან, არა?
- ჰო.
- აბა, რას ელოდი? მე რა გითხარი შენ ამას წინათ? დროზე შეეშვი მაგ გოგოსთან სიარულს-მეთქი, არ გაგაფრთხილე?
- კი, გამაფრთხილე.
- მერე? რა მითხარი, გახსოვს?
- მახსოვს, გოგა, ყველაფერი მახსოვს.
- ჰოდა, კიდევ შეიცოდე, მიდი! ქალი ჭკუაზე არ არის, როგორ დაგითრიოს და რა მეთოდი გამოიყენოს ამისთვის, არ იცის, შენ კი უკან დასახევი ყველა გზა მოიჭერი. რატომ, გეკითხები? გინდა გითხრა, რა იქნება ხვალ?
- რა? - დამნაშავის მზერით შევხედე.
- რა და, გამოგიცხადებს, შენგან ორსულად ვარო. მერე სად მიდიხარ?
- კარგი ერთი...
- ჰო, ჰო. კარგად ვიცნობ, ვინც არის. მაგის თავში რომ აზრები ტრიალებს, არც დაგესიზმრება. ათი წელი რომ იფიქრო, ვერ გაშიფრავ. როგორ გავიდა ნატამდე?
- ტელეფონი გაუგია და დაურეკავს.
- მერე რა მინდაო?
- ჩემი საქმროაო, უთქვამს.
- აუჰ! გინდა ახლავე დავურეკავ და დედას მოვუხსენიებ.
- არა, არ მინდა. რაც უფრო გავაღიზიანებ, მით უარესს გააკეთებს.
- მომეცი უფლება, დავურეკო და მე ვიცი, რასაც ვეტყვი. შენ ვითომ აზრზეც არ ხარ.
- რა ვიცი, - მხრები ავიჩეჩე.
- აგერ დაჯექი! - გოგამ სკამზე მიმითითა, თვითონ ტელეფონს მიუჯდა და ნომერი აკრიფა...
- მაკა, შენ ხარ?.. გოგა ვარ... არა მიშავს, გმადლობთ... დიდი მადლობა, დიდი... მომისმინე, ახლა ერთ საქმეზე გირეკავ, - გოგამ ყურმილი ოდნავ მოაშორა ყურს და ხელით მანიშნა, ახლოს გადმოჯექი და შენც მოუსმინეო.
- გავიგე, ნატასთან დაგირეკავს...
- ვინ ნატასთან? - მაკა დახშული ხმით ლაპარაკობდა.
- ხომ იცი ახლა, ვისზეც გელაპარაკები.
- მერე შენ რა?
- ის, რომ ის ბავშვი ჩემი ახლობელია და დაანებე თავი, რა ხელი გაქვს ასეთ პატარა გოგოებთან, თავს რატომ იბანძებ?
- მე ვიბანძებ თავს? თუ შენი ძვირფასი ძმაკაცი? თუ ასეთი “პატარა გოგოა”, რას დაეთრევა მასთან? მე აქ სხვა რამეებს მეუბნება, იქ კი იმას ურევს ტვინს. შენი აზრით, ეს ნორმალური საქციელია?
- მაკა, მომისმინე. ხომ იცი, არ მიყვარს, როცა ვიღაც ზაზაზე ცუდს ლაპარაკობს. ის ჩემი მეგობარია და არ მსიამოვნებს, როცა ლანძღავენ.
- მე ვიღაც ვარ, არა?
- ჩემთვის ყველა ვიღაცაა, ვინც ზაზას აუგად იხსენიებს, ეს იცოდე. მეორეც. დაანებეთ იმ ბიჭს თავი, როგორმე თვითონ გადაწყვეტს, ვის შეირთავს ცოლად და ვისთან დარჩება. სხვანაირად მე და შენ ვერ მოვრიგდებით.
- შენთან მოსარიგებელი არაფერი მჭირს. შენ საერთოდ ვინ გეკითხება, რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში?
- იმიტომ, რომ ნაწილობრივ მეც მეხება. იცი შენ, რასაც ვგულისხმობ.
- რა იყო, ჩემს ჩაშვებას აპირებ?
- თუ ჭკვიანად არ იქნები, ასეც მოვიქცევი. მე ზაზა მთელ ქვეყანას მირჩევნია.
- არ მაინტერესებს, რას გააკეთებ. ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთია. ის მაინც დაკარგულია ჩემთვის, მაგრამ იმდენს მაინც ვიზამ, რომ არც მასთან დარჩეს. პაატას გეფიცები, ჩავუშლი მაგ საქმეს, არ გავახარებ.
- ნუ-მეთქი, გოგო!
მაკამ ბოლომდე არც მოუსმინა და ყურმილი დაკიდა. გოგამ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და გვერდულად ამომხედა.
- რა ჩაშვებაზე ლაპარაკობდა? - ვკითხე გოგას.
- ისეთი არაფერი, ბავშვობის შეცდომა გავუხსენე.
- მაინც რა შეცდომა? - ჩავაცივდი.
- არაფერი, მოსაყოლადაც არ ღირს. ვიფიქრე, იქნებ შევაჩერო-მეთქი, მაგრამ არ გამოდის.
- არ უნდა დაგერეკა. წავალ მე, დავიძინებ.
- დარჩი, ჯერ ადრეა, გავაგრძელოთ ქეიფი.
- არა, არ მინდა. სხვებსაც გავუფუჭებ ხასიათს...
წამოვედი. შინ მისული არ ვიყავი, რომ ტელეფონმა დარეკა. ნატა მეგონა, ამიტომ ეგრევე ვეტაკე ყურმილს. მაკა შემრჩა ხელთ.
- ხვალ, პირველ საათზე, ჩემთან გელოდები სახლში, სალაპარაკო მაქვს.
- არ მცალია, - თავს ძლივს ვიკავებდი, არ მეგინებინა.
- მოიცლი. ნუ გეშინია, მარტო არ ვიქნებით. მოგიწევს რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა.
- რა იყო, საქმეს მირჩევ?
- ჰო. შენც და იმასაც. ორივე აქ დაგხვდებით, ამიტომაც მოგიწევს გამოსვლა, - უკმეხად თქვა და ყურმილი დამიკიდა.
ღრმად ამოვიხვნეშე. ხვალ კიდევ ერთი ბრძოლა მელოდა, რომელსაც ან წავაგებდი, ან მოვიგებდი...
* * *
ღამით თითქმის არ მიძინია, რის გამოც დილით თავი მისკდებოდა ტკივილისგან. სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარი ორეული ვერ ვიცანი - სახე და თვალები ლოთი კაცივით შემშუპებოდა. საათს დავხედე. ჯერ ადრე იყო. რით მომეკლა დრო? ფიქრის თავიც არ მქონდა. გადავწყვიტე, ცენტრში გავსულიყავი და სუფთა ჰაერი ჩამეყლაპა, იქნებ სახე დამწყნარებოდა. ასეც მოვიქეცი.
მზე სასიამოვნოდ ანათებდა, ჰაერში ახლად აყვავებული ტყემლის და ატმის ყვავილის სურნელი ერთმანეთში ირეოდა. პარკში შევედი და წითელი კენჭებით მოკირწყლულ ბილიკს დავუყევი. თერთმეტი ხდებოდა. ასეთ დროს იშვიათად, აქ ვინმე ყოფილიყო, ჩემნაირებს ჯერ კიდევ ეძინათ, უფრო მოწესრიგებულები კი სამსახურში იყვნენ, სასეირნოდ არ ეცალათ. რამდენიმე ქალს თუ შენიშნავდით მხოლოდ - პატარებს რომ ასეირნებდნენ საბავშვო ეტლებით. ერთი ბიჭიც დავინახე, ძაღლს ასეირნებდა.
მერხზე დავჯექი და თავი საზურგეს მივადე. თვალებდახუჭულმა სუფთა ჰაერი ხარბად შევისუნთქე და დანიშნულ შეხვედრაზე დავიწყე ფიქრი. რა გაუძლებს ახლა ქალების პრეტენზიებს. როგორ არ მიყვარს, როცა ვიღაც თავზე მახვევს თავის მოთხოვნებს. არავის წინაშე თავს ვალდებულად არ ვგრძნობ. არავის არაფერს შევპირებივარ. ვიცოდი, როგორი სამსჯავროც მელოდა და პასუხიც მზად მქონდა ყველა კითხვაზე. ვიცოდი, რასაც ვიზამდი. ვიცოდი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. ორივე დაზარალდებოდა ამ შეხვედრით... მათ შორის მეც... და ალბათ ყველაზე მეტად...
***
ორის ათი წუთი იყო, მაკას სახლს რომ მივადექი. ზარი არ დამირეკავს, ისე შევაღე კარი. ორივენი - მაკაც და ნატაც - მაგიდას მისხდომოდნენ და მშვიდად საუბრობდნენ.
- გამარჯობა, - ცივად ვთქვი და იქვე მდგარ კამოდს ნახევრად დამჯდარ პოზაში მივეყრდენი, ხელები ქურთუკის ჯიბეებში მქონდა ჩაწყობილი. გულგრილი გამომეტყველებით ამოვიღე გულის ჯიბიდან საღეჭი რეზინი და პირისკენ გავაქანე.
ერთიანად გაწითლებული ნატა მომესალმა, მაკას კი ხმა არ გაუღია, ამრეზით მიყურებდა.
- აბა, გისმენთ, რა საქმე გაქვთ ჩემთან? - ისეთი ტონით ვიკითხე, თითქოს მართლა სასამართლო დარბაზში ვყოფილიყავი.
- ნატა, დაიწყე... - მაკა ნატას მიუბრუნდა.
- მე არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, - ტუჩები გაუფითრდა გოგონას და თავი ჩაღუნა, ნიკაპი უცნაურად აუკანკალდა.
- კარგი, მაშინ ჯერ მე ვიტყვი, - მაკამ მედიდურად მიმოიხედა, - ზაზა, მგონი, არ დაგვიწყებია, რასაც შემპირდი.
- რას შეგპირდი? - წინადადების გაგრძელება არ ვაცალე.
- იქნებ დაჯდე და ისე მომისმინო? თორემ ასე მგონია, ზედამხედველივით მადგახარ თავზე.
- არ მინდა, ასე მირჩევნია, - თავი გადავაქნიე, - რაო, რას მეუბნებოდი, რას შემპირდიო? - აგდებული ტონით გავაგრძელე.
მაკას ნირი წაუხდა.
- ხომ მეუბნებოდი, ჩემს ცხოვრებაში სხვა ქალი არ არსებობს და ჩვენ სულ ერთად ვიქნებითო?
- ასე გეუბნებოდი? რაღაც არ მახსოვს, მთლად ასე ყოფილიყო, მაგრამ ჯანდაბას! ჩავთვალოთ, რომ ასე გითხარი, მერე?
- მერედა ის, რომ შენ პირობა დაარღვიე.
- მერე, მერე?
- პასუხი შენგან მინდა მოვისმინო.
- რაზე გინდა პასუხი მოისმინო - ასე რომ გეუბნებოდი, თუ პირობა რატომ დავარღვიე?
- ერთზეც და მეორეზეც.
- მაკა, რაში დაგჭირდა ეს მასკარადი? - სიბრაზე უფრო და უფრო მიპყრობდა.
- ეს კი არ არის მასკარადი, ზაზა, მასკარადი შენი საქციელია! - იყვირა მოულოდნელად ისტერიკანარევი ხმით.
- მართლა? ასეთი რა დავაშავე?
- რა და ის, რომ ზუსტად იმავეს ეუბნებოდი ამ ბავშვსაც, ამას ცალკე უბნევდი თავგზას!
- რას მელაპარაკები... ნატა, შენც ასე ფიქრობ?
ნატა თავს არ სწევდა, არც ხმას იღებდა.
- შენ გეკითხები, შენც ასე ფიქრობ? - დაჟინებით გავიმეორე.
- არ ვიცი... - ჩურჩულით ჩაილაპარაკა და თმა ყურზე გადაიწია, სწორედ ისე, როგორც სჩვეოდა, ოღონდ უფრო შენელებული მოძრაობით, - საერთოდ, ვერ ვხვდები, რა მინდა აქ.
- ჰოდა, მეც მანდა ვარ. რა გინდა აქ?
- ნატა, ნუ გერიდება და ნუ გეშინია. ეგ უკვე ვეღარაფერს დაგიშავებს, - გამყინავი ხმით ჩაერთო ჩვენს ლაპარაკში მაკა, - მაგის საქმე წასულია ხელიდან. ამას არ ვაპატიებთ.
- ბოლოს და ბოლოს, მეტყვით, რა გინდათ ჩემგან? ოდესმე მითქვამს რომელიმესთვის, მიყვარხართ-მეთქი? - საბოლოოდ გამოვედი წყობილებიდან, - ან ცოლობას შეგპირდით? მაკა, მიპასუხე, შეგპირდი ამას?
- არა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? - დაიბნა მაკა.
- ნატა, შენ?
ნატამ თავი გააქნია უარის ნიშნად.
- მაშინ რატომ მესხმით თავს? რატომ მიყენებთ უაზრო პრეტენზიებს? მე მსიამოვნებდა თქვენთან ურთიერთობა, ვმეგობრობდი ორივესთან, რაც შემეძლო, იმას გიკეთებდით. ახლა კი მომისმინეთ, ყურადღებით მომისმინეთ. არც შენ მჭირდები არაფერში, - მაკას გადავხედე, - და არც შენ, - მერე ნატასკენ გადავიტანე მზერა, - მორჩა, სასამართლო დამთავრებულია. მე წავედი, - ვთქვი და კარისკენ გავემართე.
- რატომ მატყუებდი ამდენ ხანს, რატომ? ჩემი ცოდვა არ გაგახარებს! - მაკას წივილი დამეწია.
- შენთან ლაპარაკი დავამთავრე, - მოვტრიალდი და თითი დავუქნიე საყვარელს, - შენ კი, ნატა, ცოტა ჭკუას მოუხმე, - კბილებში გამოვცერი და იქაურობა ერთიანად აკანკალებულმა დავტოვე.
მაკასგან არ მიკვირდა მსგავსი სცენები, მაგრამ ნატა? მისგან არ ვიყავი ჩვეული ასეთ რამეებს. თუმცა ვერც გავამტყუნებდი. ვიცოდი, ეს ყველაფერი მაკას მოწყობილი იყო, მან აიძულა გოგონა, მხარი აება მისთვის. რა მოიგო? სულ ვერაფერი. რა წააგო? ამაზე თავად უნდა ეფიქრა.
მე კი წავაგე. მაკა არ მანაღვლებდა, ადვილად შეძლებდა ჩემს დავიწყებას და სხვაზე გადართვას, მაგრამ ნატაზე ფიქრი გონებიდან არ მშორდებოდა. მას ჯერ კიდევ არ ჰქონია სასიყვარულო ინტრიგები ცხოვრებაში. ვხვდებოდი, ეს პირველი შემთხვევა იყო და ამიტომაც მეცოდებოდა. თანაც... სადღაც ჩემი ბრალიც იყო, ამგვარ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდა. ცოტა მეტი რომ მეთქვა მისთვის, ოდნავ მეტად რომ დამერწმუნებინა ჩემს გრძნობებში, მაკას თამაშის წესებს არ დაემორჩილებოდა.
რთული სიტუაცია შეიქმნა. არ მინდოდა ნატას დაკარგვა. დაკარგვა კი არა, მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომედგინა. ერთი დღეც ვერ ვძლებდი, მისი ხმა არ გამეგონა, ახლა კი... მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. მაპატიებდა კი ნატა? შემირიგდებოდა? წარმოდგენა არ მქონდა, რას მოიმოქმედებდა. არც ის ვიცოდი, მე როგორ უნდა მოვქცეულიყავი.
არ მახსოვს, როგორ მივედი სახლში. ნერვიულობისგან აძიგძიგებული სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი, უაზროდ ვცემდი ბოლთას ოთახში და გამალებით ვფიქრობდი. ნეტავ, ახლა სად არის? როგორ წამოვიდა იქიდან? როგორ გამოისტუმრა მაკამ? ნუთუ ვერ მიხვდა, რაც ვუთხარი? შენ მერე დაგელაპარაკები-მეთქი. ეს იმას ნიშნავდა, რომ აუცილებლად ვნახავდი და ყველაფერს ავუხსნიდი... მაგრამ მიმიხვდებოდა? ის ხომ მთლად ბავშვია... გაიგებდა, კი?..