ონლაინრომანი "სხვისიოცნებისქალი"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
თანდათან უფრო და უფრო ვწყნარდებოდი. იმედი მქონდა, რომ ნატა ჩემს ნათქვამს გაიაზრებდა და დამირეკავდა, რომ ის უჩემოდ დიდხანს ვერ გაძლებდა, მაგრამ დრო გადიოდა და ჩემი იმედი არ მართლდებოდა. ერთხელაც არ დარეკა, არც მომიკითხა. ყოველ საღამოს, რვა საათის შემდეგ, შინ ვიყავი დარჭობილი მისი ზარის მოლოდინში... თუმცა ამაოდ... იმაზე მეტად თავმოყვარე ყოფილა, ვიდრე მეგონა.
იმ დღეებში, როცა რეპეტიცია ჰქონდა, სპეციალურად გავდიოდი თეატრისკენ, რომ თვალი მაინც მომეკრა. არც აქ გამიმართლა. არც შესული მინახავს თეატრის შენობაში და არც გამოსული. სხვა გზა არ დამრჩა, თენგო უნდა მენახა და გამეგო, რა ხდებოდა.
თენგოს რეპეტიცია კარგა ხნის დამთავრებული ჰქონდა, მის კაბინეტში რომ შევედი.
- ვა! ამას ვის ვხედავ! დაკარგულს გაუმარჯოს! რაფერაა საქმეები, ძამავ? - გურულად მოუქცია.
- ისე რა. შენკენ რა ხდება, რეპეტიციობ?
- ჰო, მაგრამ რად გინდა, მთავრდება სასწავლო წელი. მერე მთელი ზაფხული ტყუილად ყურყუტი მომიწევს, უფულოდ და უდოლოდ, - გაიცინა.
- შენი ქებული მოსწავლე რას შვრება, ისევ ცეკვავს?
- რომელზე მეკითხები, მე ბევრი მყავს ქებული, - დაიტრაბახა თენგომ და თავის კანტურით გამომხედა.
- აი, ის გოგო, მე რომ გავაცილე ერთხელ, ნატა ჰქვია.
- როის, ბოშო, შარშანდელ ამბავზე უბნობ? - კვლავ გურულად მოუქცია და ხმამაღლა გაიცინა.
- მერე რა, შარშან იყო, მაგრამ არ დამვიწყებია.
- კარგი, კარგი, გეხუმრები. ნატამ, ჩემო ბატონო, სამეცადინო მაქვს, წელს ვაბარებო და მთხოვა, არ ვივლიო. კაი სამი კვირაა, რაც დამეთხოვა.
ამის გაგონებაზე რაღაც ჩამწყდა გულში. თვალწინ მისი სევდიანი თვალები დამიდგა, თვალები, რომელშიც ყოველთვის მსურდა ჩავძირულიყავი და იქ დავრჩენილიყავი, სანამ სრული ბედნიერებით არ დავნაყრდებოდი...
სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. რაც დრო გადიოდა, მით მეტად ვხვდებოდი, რომ ცუდად მოვექეცი. დამნაშავე ვიყავი მის წინაშე. მინდოდა მისთვის ყველაფერი მეთქვა, რასაც განვიცდიდი, რასაც ვგრძნობდი, მაგრამ არ შემეძლო. რაღაც მიშლიდა ხელს, რაღაც მწევდა უკან. თავმოყვარეობა? სიამაყე? ამპარტავნება? ალბათ სამივე ერთად...
***
ამასობაში გოგას ქორწილის დღეც დადგა. მეჯვარეობა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი, თავაზიანად, რა თქმა უნდა. მაგისთვის მზად არ ვარ-მეთქი. არადა, უბრალოდ, ყველაფრის ხალისი მქონდა დაკარგული. თავში მხოლოდ ნატა მიტრიალებდა...
ლამაზი ქორწილი იყო, ყველა ერთობოდა და მხიარულობდა, ჩემ გარდა. მაკაც იყო დაპატიჟებული. რამდენჯერმე სცადა, დამლაპარაკებოდა, გამუდმებით ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. მაინც არ მოისვენა, სანამ არ გამომელაპარაკა.
- როგორ მიდის შენი საქმეები, შეურიგდი იმ ღლაპს? - დამცინავად მკითხა.
პასუხი არ გავეცი, ალმაცერად შევხედე მხოლოდ.
- ჩემი ბრალი არ არის, ზაზა. გეფიცები, არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ ნერვებმა მიმტყუნა. ასე მითხრა, ზაზას მე ვუყვარვარ, შენთან მხოლოდ ერთობაო.
- არ გინდა, მაკა. მორჩი ტყუილებს. ის ამას არ იტყოდა, კარგად ვიცნობ.
- მისი გჯერა და ჩემი არა, ხომ? იცი, რა მითხრა? შენ ეცოდები და იმიტომაა შენთან, უბრალოდ, კაცის სიცარიელეს გივსებსო.
- არ მაინტერესებს, წარსული უკვე დავივიწყე და უკან მიბრუნებას არ ვაპირებ, რომ იცოდე. დაიმახსოვრე ეს! - ვუთხარი და ამით საბოლოოდ ვაგრძნობინე, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებული იყო.
პაპუნას გვერდით დავჯექი და დავთვერი. შეზარხოშებულს უფრო მეტად მომენატრა ნატა. სიგიჟის ზღვარზე ვიყავი. მოულოდნელად გადაწყვეტილება მივიღე.
- პაპუნ, ხომ ხარ ჩემი ძმა?
- ვარ, აბა არ ვარ?
- ჰოდა, ახლა ერთ ადგილას უნდა გამომყვე.
- რაზეა ბაზარი, სადაც მეტყვი, იქ წამოვალ.
- მანქანის მართვა შეგიძლია?
- მთლად გათიშული რომ ვიყო, მაინც შემიძლია. ხომ იცი, რა მაგარი ვარ! - საჩვენებელი თით მაღლა შემართა პაპუნამ და თვალი ჩამიკრა.
- წამო, ერთი გოგო უნდა ვნახო.
- ვნახოთ, მაგას რა ჯობია.
ღამის ორი საათი იყო. ანთებული ფარებით პირდაპირ ნატას ჭიშკარს მივადექით და დავასიგნალეთ. სახლში შუქი ჩამქრალი იყო, ყველას ეძინა. ცოტა ხნის შემდეგ ქვედა სართულზე სინათლე აინთო და კარიც გაიღო...
ზღურბლზე ვიღაც კაცი გამოჩნდა და ჭიშკრისკენ დაიძრა. ტანში გამცრა. მამამისი ჩამოსულიყო. რაღა ახლა მოუნდა?
- რომელი ხარ? - გაისმა ბოხი ხმა.
ახალგაზრდა, მაღალმა მამაკაცმა ურდული გადასწია და ჩვენკენ წამოვიდა.
- გამარჯობა... - დაბნეული მივესალმე, - უკაცრავად, ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, ბატონო ედიშერ. მე ნატას მეგობარი ვარ. აუცილებელი საქმე მაქვს, შეიძლება მისი ნახვა?
- ისეთი აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ამ დროს უნდა მოსულიყავით? - ეჭვიანი მზერით შემათვალიერა მასპინძელმა.
- რა ვქნა, სიტუაციამ ასე მოითხოვა, თორემ არ შეგაწუხებდით, - თავი ვიმართლე, თან გულში ვნანობდი, რომ მოვედი.
- შემობრძანდით, აქ ხომ არ იდგებით, - შეგვიპატიჟა და განზე გადგა.
ედიშერი სასტუმრო ოთახში შეგვიძღვა, მაგიდასთან დაგვსხა და ვიღაცას გასძახა.
- ციცო! ერთი ნატა გააღვიძე და უთხარი, აქ მოვიდეს!
მეორე ოთახიდან ჭრელ, გრძელ ხალათში ჩაცმული ქერათმიანი ახალგაზრდა ქალბატონი გამოჩნდა, ნამძინარევი თვალების ფშვნეტით.
- ხომ მშვიდობაა? - იკითხა შეშფოთებული ხმით.
- მშვიდობაა, მშვიდობა. მიდი, გააკეთე, რაც გითხარი! - თითები მაგიდაზე აათამაშა ნატას მამამ.
ქალი გატრიალდა და ცოტა ხანში თმააბურდულ ნატასთან ერთად დაბრუნდა. ეს უკანასკნელი შეშინებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, ვერ გაეგო, რა ხდებოდა. ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
- ზაზა?.. მოხდა რამე? - აკანკალებული ხმით წარმოთქვა.
- მოხდა, - მოკლედ მოვუჭერი.
- ციცო, გაშალე მაგიდა, მოგვიტანე რამე და ღვინოც მოაყოლე, - კვლავ გასცა ბრძანება მასპინძელმა.
ბებია არსად ჩანდა. ალბათ მეორე სართულზე ეძინა და ვერ გაიგო, დაბლა რა ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ისე წამოვედით, ის არ გამოჩენილა.
რამდენიმე წუთიც და მოკრძალებული სუფრა გაიშალა. ედიშერმა, თქვენს მოსვლას გაუმარჯოსო და მოგვიჭახუნა. მერე ცარიელი ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადგა და გამომხედა.
- აბა, გისმენთ, აგვიხსენით თქვენი მოსვლის მიზეზი.
უხერხულობის გასაფანტავად ჩავახველე. უკვე მოფიქრებული მქონდა, რაც უნდა მეთქვა.
- ბატონო ედიშერ, მე და ნატა მეგობრები ვართ, თეატრიდან ვიცნობთ ერთმანეთს, - დავიწყე.
- ძალიან კარგი, - უსიამოვნოდ გაისმა მისი ხმა.
- მე მეგობარი ქალი მყავს, მაკა ჰქვია, რომელსაც ნატაც იცნობს. დიდი ხანია, გვიყვარს ერთმანეთი. ამაღამ ცოლად უნდა მომეყვანა, მაგრამ სასტიკი უარით გამომისტუმრა. ნატას რაღაცები ულაპარაკია მასთან ჩემზე, რის გამოც ძალიან ნაწყენი იყო. მიმტკიცებდა, თურმე არ გიყვარვარ და რატომ მატყუებო.
- მე-ე? - გულზე ხელი მიიდო ნატამ, - რა სისულელეა, როდის ვნახე მაკა, არც მახსოვს, მას შემდეგ რამდენი ხანი გავიდა!
- არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, შენ გაბრალებს ყველაფერს. მე აქ ამის გასარკვევად მოვედი. რა უთხარი ამისთანა, რომ გადარიე? - შეტევაზე გადავედი.
ნატა წამოჭარხლდა.
- მე... მე... არაფერი მითქვამს. თვითონ დაიწყო მაშინ, გახსოვს? შენ ხომ მეუბნებოდი, ზაზა, რომ...
- ცუდს რას გეუბნებოდი, ნატა? - გავაწყვეტინე, რომ ჩვენს ურთიერთობაზე არ დაეწყო საუბარი, - მე და შენ ხომ მეგობრები ვართ. ცუდი შენთვის არასდროს მდომებია, დასავით გიყურებდი და ეს მეკუთვნოდა შენგან? - თავადაც არ ვიცოდი, რას ვბოდავდი.
ჩემი ერთადერთი მიზანი ახლა, ამწუთას მისი სახლიდან გაყვანა იყო. მერე მე ვიცოდი.
- დაფიქრდი, რას ამბობ, ზაზა, - მიკნავლებული ხმით აღმოხდა ნატას.
- შენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა. წამომყვე მაკასთან და უთხრა, რომ შენ არაფერ შუაში ხარ, რომ მე ის ნამდვილად მიყვარს და შენი სიტყვები უკან მიგაქვს.
- რა სიტყვები, რას ამბობ...
- ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრათ, ბატონო ედიშერ. ამაღამ ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. ყველაფერი ნატაზეა დამოკიდებული.
- ვერ გავიგე, რა გინდა, რომ ვუთხრა? - უკმეხად მკითხა ბოლოს ნატამ.
- ის, რომ მე და შენ მაკაზე არასდროს გვილაპარაკია - არც ცუდი და არც კარგი.
- კი ბატონო, თუ ასეა საჭირო, ახლავე წამოვალ, - ნატა წამოდგა, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ძალიან ლამაზი იყო იმწუთას.
- მოიცა, მოიცა, - ხელი გაშალა ედიშერმა, - ბიჭებო, ასე არაფერი გამოვა. ახლა გვიანაა, შუაღამეა. წადით შინ, გამოიძინეთ, ხვალ დილით მოდით და მერე ვნახოთ ის თქვენი მაკა.
ეს სიტყვები ისეთი ტონით იყო ნათქვამი, მივხვდი, შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ უხმოდ წამოვდექით მე და პაპუნა, დავემშვიდობეთ მასპინძელს მეორე დილამდე, შევპირდით, თერთმეტისთვის აუცილებლად მოვალთო და წამოვედით.
ჩემმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა. არადა, იმ ღამეს მამამისს ნატა რომ გამოეშვა...
დღეს იგი ჩემი ცოლი იქნებოდა.
***
დილით, თერთმეტ საათზე, მე და პაპუნა ადგილზე ვიყავით. ნატა და მამამისი გამზადებული დაგვხვდნენ. ამას კი მართლა არ ველოდი. რას ვიფიქრებდი, ის კაციც თუ წამოგვყვებოდა? როგორც ჩანს, რაღაცას მიხვდა. რა უნდა მექნა, ორივე ჩავსვი მანქანაში და მაკას კორპუსს მივაყენე, თან წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეთქვა მისთვის, რისთვის მოვედით-მეთქი?
- ნატა, შენ მარტო შედი, ჩვენ აქ დავრჩებით, - ვთქვი და ამით ვაგრძნობინე ედიშერს, რომ მისი იქ შესვლა საჭირო არ იყო.
- კარგი, - თქვა ნატამ და გაუბედავად გადავიდა მანქანიდან.
ცოტა ხნის შემდეგ მაკა გამოვიდა და ხელი დამიქნია. პაპუნას გადავხედე.
- მიდი, ზაზა, მიდი, ჩვენ აქ დაგელოდებით, - გამამხნევა მეგობარმა და მიმახვედრა, ამას მე მოვუვლიო.
ოთახში შევედი. მაკა პიანინოს გვერდით იდგა, ნატა - მაგიდასთან და ჩაფიქრებულს თვალები გაშტერებოდა.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ზაზა? - იკითხა მაკამ.
- აბა, ერთი გაიმეორე, წუხელ რაც მითხარი! - კატეგორიული ტონით მივმართე.
- რა გითხარი?
- ნატამ რა მითხრაო, რას ამბობდი?
- ჰოო... ზაზას ეცოდებოდი და იმიტომ იყო შენთანო.
- შენ კაცი გჭირდებოდა და ის უბრალოდ ამ სიცარიელეს გივსებდაო, არა?
- დიახაც, დამირეკა და ასე მითხრა, - იხტიბარი არ გაიტეხა ყოფილმა საყვარელმა.
- ნატა, მართალია, რასაც მაკა ამბობს?
- რა საჭიროა ასეთი ტყუილი, მე თქვენ მხოლოდ ორჯერ გნახეთ, მაკა, როგორ არ გრცხვენიათ? როდის დაგირეკეთ? თქვენი არსებობა საერთოდ არ ვიცოდი, მით უმეტეს, თქვენი ტელეფონის ნომერი.
- მე მრცხვენია? რატომ უნდა მრცხვენოდეს? ერთი შეხედეთ ამ ქუჩის გოგოს, რა დიდ გულზეა. კაცი წამართვი და კიდევ მე უნდა გიხადო ბოდიშები? ვინ გგონია შენი თავი, ლაწირაკო ბავშვო! - იწივლა მაკამ და პიანინოს მოშორდა, ნატასკენ წამოვიდა გაავებული.
გზა გადავუჭერი.
- დაწყნარდი და ნუ გაჰკივი. სიმართლე მითხარი, მან დაგირეკა თუ შენ დაურეკე?
- ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- აქვს.
- არ მახსოვს, რა ვიცი, მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა.
- უკაცრავად, მაგრამ მე თქვენგან გავიგე, ზაზასთან რომ რომანი გქონდათ. დაგავიწყდათ, ღამით რომ დამირეკეთ და მეორე დღეს შეხვედრა მთხოვეთ? არ გახსოვთ, რაზე მელაპარაკებოდით? რომ არა თქვენ, ვერასდროს ვერაფერს გავიგებდი, - ნატა სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ძარღვი არ შესტოკებია ქაღალდივით გათეთრებულ სახეზე.
- მატყუარა! - მაკა ისევ გაიქაჩა.
იძულებული გავხდი, შემეკავებინა, თორემ ალბათ თმაში სწვდებოდა გოგოს, რომელიც ამის გაგონებაზე შეტორტმანდა. შემეშინდა, იატაკზე არ გაიშხლართოს-მეთქი, მაგრამ ვერც მაკას ვუშვებდი ხელს.
- ახია ჩემზე, - ჩაილაპარაკა ნატამ, - თქვენთან არაფერი მესაქმება. თუ ერთმანეთი გიყვართ, ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ. მე ხელს არ შეგიშლით, ოღონდ კი თავი გამანებეთ. დიდი მადლობა, ზაზა, ყელამდე ვარ შენი პატივისცემით, - ორაზროვნად მითხრა, გატრიალდა და ბარბაცით გაემართა კარისკენ.
როგორც კი ნატა გავიდა, მაკა მოეშვა.
- ხედავ, რას ბედავს ეს ცინგლიანი?
- დღეიდან ჩემი სახელი არ ახსენო, გასაგებია? - მუქარა გავურიე ხმაში.
პირკატა ეცა, დაფეთებულმა შემომხედა.
- დაჯექი ახლა და აქედან გამოსული არ დაგინახო, - სკამისკენ ვუბიძგე და ზურგი ვაქციე, მომხდარით ნირწამხდარი ნატას გავეკიდე.
კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი დავინახე, ძალა გამოელოდა ანერვიულებულს. ხელი შევაშველე, რომ წამომეყენებინა.
- როგორ მინდა ვიტირო, მაგრამ მამაჩემის მეშინია, - ჩურჩულით თქვა და მაჯაზე დამეყრდნო, გაუჭირდა ადგომა.
- ცუდად ხარ?
- როგორ ფიქრობ, კარგად ვიქნები? რა გინდა ჩემგან, რატომ მერჩი? რა დაგიშავე ასეთი? - უმწეოდ ჩაილაპარაკა.
- მაპატიე, რაც მინდოდა, ის არ გამოვიდა. სულ სხვა რამე მქონდა ჩაფიქრებული, - თავის მართლებას მოვყევი.
- მაშინაც, როცა ორივეს გვხვდებოდი? - ფრთხილი ნაბიჯებით ჩაუყვა კიბეს, გაფითრებულმა ამომხედა და გამიღიმა.
გული მომიკლა ამ ღიმილმა.
- ნატა...
- ნატა აღარ არსებობს, ნატა მოკვდა. ძალიან პოეტური სიტყვებია, მაგრამ სინამდვილეში მართლა ასეა.
- მომისმინე...
- არა, ეს შენ მომისმინე! - ჩემკენ შემობრუნდა და მრისხანე მზერა მესროლა, - შენთან ურთიერთობა მწარე გაკვეთილი იყო ჩემთვის. ძალიან გვიან მივხვდი ყველაფერს, მაგრამ არა უშავს, როგორმე გადავიტან. შენით დაიწყო ჩემთვის ცხოვრება, მაგრამ შენით არ მთავრდება. მივხვდი, რომ ის გიყვარს... ჰოდა, ძალიან კარგი. გისურვებთ, ტკბილად შებერებოდეთ ერთმანეთს. მე ჩემს გზას თავად მოვნახავ.
- არ მიყვარს, დამიჯერე...
- შენი აღარაფერი მჯერა, დიდი ხანია, ზაზა. არც არავისი მჯერა, საკუთარი თავისაც კი. როგორც ჩანს, ილუზიებით ვცხოვრობდი, კიდევ რაღაცის იმედი მქონდა. ვაღიარებ, რომ მწარედ შევცდი, თუმცა ამ შეცდომის გამოსწორება ჯერაც არ არის გვიან. შენ კი... შენ კი გაგიჭირდება, ასე თუ გააგრძელებ, - მითხრა, თავისი ნაღვლიანი თვალები შემომანათა და ხელი შემიშვა.
- მეც მათქმევინე ორი სიტყვა, ხომ შეიძლება? - წამოვიძახე და გავჩერდი.
ისიც შედგა. მძიმედ მოატრიალა თავი და მრავლისმეტყველი მზერა მესროლა.
- თქვი.
- გინდა დაგიმტკიცო, რომ არ გატყუებდი? ახლავე, ამწუთას.
- რა აზრი აქვს? - მხრები ზანტად აიჩეჩა.
- უდიდესი აზრი აქვს.
შეყოყმანდა. ერთხანს დაკვირვებით მომჩერებოდა, მერე ამოიოხრა და მითხრა.
- როგორ, როგორ დამიმტკიცებ?
- მომეცი ხელი და უკანა კარიდან გავიდეთ ეზოში, მამაშენი ვერ შეგვამჩნევს. გავიპაროთ და წავიდეთ ერთად.
წარბები აზიდა გაოცებისგან.
- სად?
- ჩემთან... სახლში.
- ჰმ... რა მინდა შენთან, სახლში, ხომ ვერ მეტყვი? რა უნდა ვაკეთო?
- ის, რასაც ცოლები უკეთებენ თავიანთ ქმრებს, - როგორც იქნა, მთავარ სათქმელამდე მივედი.
დიდხანს მოუნდა გაღიმებას... სინანული ნელ-ნელა გამოესახა ტუჩებზე, თვალები დახუჭა და ჩურჩულზე გადავიდა.
- უკვე გვიანაა, ზაზა. მკვდრები არ თხოვდებიან.
და სადარბაზოდან უკანმოუხედავად გავიდა. მეც მივყევი. სანამ მანქანას მიუახლოვდებოდა, ერთხელ კიდევ მოტრიალდა.
- მაპატიე, მაგრამ ამას ვერ გაპატიებ, - სიტყვები არ გამიგონია, მაგრამ ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რომ ეს მითხრა.
მისმა ნათქვამმა მეც მომკლა.
გზა არ გამიგრძელებია. ერთ ადგილზე ვიდექი გაქვავებული. ნატა მანქანაში ჩაჯდა. ვიცოდი, ჩემი ასეთი მდგომარეობა ედიშერს საეჭვოდ მოეჩვენებოდა, ამიტომ ძალა მოვიკრიბე, პაპუნასთან მივედი და ნახევრად ჩამოწეულ სარკმელს თითებით ჩავებღაუჭე.
- ბატონო ედიშერ, დიდი მადლობა დახმარებისთვის. ბოდიში, რომ თქვენი შეწუხება მომიხდა.
- არა უშავს, არა უშავს. ახალგაზრდები ხართ, ყველაფერი ხდება. ხომ კარგად არის საქმე? - ორაზროვნად იკითხა ნატას მამამ.
- არაჩვეულებრივად, უკეთესს ვერ ინატრებდა კაცი, - მეც ორაზროვანი პასუხი გავეცი და პაპუნას მხარზე დავკარი ხელი, - სახლში მიიყვანე და მერე მნახე, აქ, ახლომახლო ვიქნები.
***
ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ, შუადღეს, უნივერმაღის წინ, ტროტუარზე ბიჭებთან ერთად ვიდექი, რომ გვერდით მანქანამ ჩამიარა. საჭესთან სეიფა იჯდა. მან მისალმების ნიშნად დაგვისიგნალა. სხვებთან ერთად მეც ავუწიე ხელი, რომელიც იმწამსვე ჰაერში გამიშეშდა...
სეიფას გვერდით ნატა იჯდა...
იმ დღის შემდეგ კიდევ ორჯერ ვნახე ნატა სეიფას მანქანაში. დამინახავდა თუ არა, ჯიბრიანი ღიმილი აუთამაშდებოდა სახეზე, თითქოს ნიშნს მიგებდა, თუმცა მისი თვალები სხვა რამეს მეტყველებდნენ. ვიცოდი, სეიფასთან ასე დაახლოება დაღუპავდა, მაგრამ ჩარევისგან თავს ვიკავებდი. რა უფლებით? წესით და კანონით, მასთან უკვე დავამთავრე ურთიერთობა. არც ვახოსთან დალაპარაკება გამოდიოდა - არ მეტყოდა, შენ ვინა ხარ, ჩემს საქმეში რომ ეჩრებიო? ცუდ დღეში ჩავვარდი, გამოსავალს ვერ ვპოულობდი. ცოტაც და, მთელი ქალაქი ნატასა და ბახტაძეზე ალაპარაკდებოდა. ამის გაფიქრებაზე წონასწორობას ვკარგავდი. ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ შევირიგებდი, მაგრამ თუ მათზე ჭორი აგორდებოდა, მერე თავმოყვარეობა არ მომცემდა საშუალებას, მასთან ურთიერთობა გამეგრძელებინა.
ამასობაში რამდენიმე კვირა გავიდა. ნატა არ გამოჩენილა. ბნელი აზრები ამეკვიატა. ალბათ ბახტაძემ თავის საწადელს მიაღწია და, როგორც ყოველთვის, სხვაზე გადაერთო-მეთქი. წარმოვიდგინე, რა დღეში იქნებოდა ნატა, თუ მართლა ასე მოხდა. ადგილს ვერ ვპოულობდი. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და დავრეკე. ყურმილი ბებიამისმა აიღო.
- გამარჯობა, ქალბატონო, ნატა თუ არის სახლში? - თავაზიანად ვიკითხე.
- გაგიმარჯოს, შვილო, რომელი ხარ?
- მე... ნატას ცეკვის მასწავლებელი ვარ.
- ააა. შემოგევლოს ჩემი თავი, როგორ ხარ, გენაცვალე?
- გმადლობთ, კარგად, კარგად, თავად როგორ გიკითხოთ?
- ეჰ, რა დროს ჩემი მოკითხვაა, შვილო, ვიღას ვჭირდები ამ სიბერეში. ნატა თბილისშია, დედიკო, იქაურ მასწავლებლებთან ემზადება. მამამისმა წაიყვანა, სანამ სკოლაში გამოცდები დაეწყება. თვის ბოლოს ჩამოვა და მერე დაურეკე. ხომ მშვიდობაა, გენაცვალე?
- კი, კი, რა თქმა უნდა, კონცერტი გვაქვს დაგეგმილი და ნატას წაყვანაც მინდოდა. არა უშავს, რადგან ასეა, სხვა დროს დავრეკავ, კარგად ბრძანდებოდეთ, - ყურმილი დავკიდე და შვებით ამოვისუნთქე.
არა, რამე რომ მომხდარიყო, თბილისში ვერ წავიდოდა. თუმცა, რატომ? რაც არ უნდა გადახდენოდა სეიფასთან, სახლში მაინც ვერაფერს იტყოდა. იქნებ ამიტომაც წავიდა?
უსიამოვნო ფიქრები თავიდან არ მშორდებოდა. არ ვიცი, სანამ გაგრძელდებოდა ასე, რომ არა ერთი გარემოება, რომელმაც ყველაფერს ფარდა ახადა.
მე და სეიფა ერთად მოვხვდით რესტორანში, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე. ისე მოხდა, რომ ერთმანეთის გვერდით აღმოვჩნდით სუფრასთან. ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ მალევე დაგვაახლოვა. თან ვსვამდით, თან ვსაუბრობდით. მოულოდნელად სიყვარულის სადღეგრძელო წარმოთქვა და...
- ზაზა, ჯიგარო, ოდესმე ვინმე გყვარებია? - დანისლული თვალებით შემომხედა.
- კი, როგორ არა, - უხერხულად გავიღიმე.
- მერე? გაგიმართლა?
- სამწუხაროდ, არა. ჩემმა სიყვარულმა ჩაილურის წყალი დალია.
- საუბედუროდ, ჩემმაც, - თითქოს დანანებით თქვა.
ამ სიტყვებს ჩავეჭიდე. დარწმუნებული ვიყავი, ნატას გულისხმობდა.
- ერთი წელიც არ დამელოდა, - გავხსენი კარტები, - როგორც კი ჩემზე მდიდარი გამოჩნდა, მაშინვე იმას მისთხოვდა.
- ჰო-ო, შენ უფრო რთულად გქონია საქმე. ღალატი ძალიან ტეხავს. ჩემთან სხვა რამ მოხდა... სიმართლე გითხრა, სიყვარულის ახსნამდე არც მისულა საქმე.
- ეგ როგორ? - დავიძაბე პასუხის მოლოდინში.
- არის ერთი კარგი გოგო, ძალიან კარგი... ცხოვრებაში პირველად მომეწონა ქალი. რა ქალი, მთლად ბავშვია, მაგრამ არც მე ვარ ბებერი. ჩემზე ხნიერებს ჰყავთ ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის გოგონები ცოლად. ამაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ. ვიფიქრე, მოვკიდებ ხელს და შევირთავ-მეთქი, მაგრამ დეიდაჩემმა ისეთი პანიკა ამიტეხა, გადამაფიქრებინა.
- მაპატიე, მაგრამ დეიდას ვინ ეკითხებოდა?
- წესით, არც არავინ, მაგრამ ცოტა სხვა სიტუაცია იყო. ის გოგონა დეიდაჩემის მოსწავლეა. როცა ეს გავიგე, ვუთხარი, ქალბატონო ნუციკო, შენს დისშვილს ის პატარა გოგო გულში ჩაუვარდა და როგორ მოიქცეს-მეთქი, - სეიფამ უცნაურად ჩაიცინა, - კინაღამ მცემა. რას ერჩი იმ გოგოს, არ დაღუპო, შენი ჭირიმე, ოქროსავით ბავშვია, ხუთოსანი, ნიჭიერი, კარგი მომავალი აქვს, შენს ხელში დაიტანჯებაო. ერთი საათი მიკითხა ლექციები ნამუსის თემაზე. შენნაირს ცოლი არაფერში სჭირდება, მით უმეტეს, მისნაირი ანგელოზიო, - ვახომ ხელები მომუშტა და გაჩუმდა.
- მერე? - დავეკითხე სულგანაბული.
- მერე? მერე არაფერი. რომ დავფიქრდი, მართალი იყო დეიდაჩემი. რა იქნება ხვალ, არავინ იცის. დღეს გარეთ ვარ, მაგრამ ხვალ შეიძლება ისევ ციხეში აღმოვჩნდე. ჩემნაირი კაცი ოჯახს ვერ დაუდებს გულს, ვერც შეინარჩუნებს. მთლად ისეთი შეყვარებულიც არ ვარ, ღამეები რომ ვათენო მასზე ფიქრით. უბრალოდ, მაგრად მომწონს. თუმცა ვიცი, ჩემთან ბედნიერი ვერ იქნება. ამიტომ ერთი-ორჯერ შევხვდი და მერე შევეშვი, ცოდვაა, თავის გზას ეწიოს. გაიცნობს ვინმე წესიერს, ჰალსტუხიანს, დიპლომიანს და ლამაზ ოჯახს შექმნის. ასე არ ჯობია? არც ისეთი წამხდარი ვარ, სხვებს რომ ჰგონიათ, მეც ვიცი კარგი ადამიანების ფასი. ისედაც დამძიმებული ვარ ცოდვებით. ვინ იცის, რამდენი გამიუბედურებია - გათხოვილი თუ გასათხოვარი. ერთხელ მეც დავუშვებ გამონაკლისს, ჩემო ზაზა, რას იტყვი?
მხრები ავიჩეჩე, რა უნდა მეთქვა.
- მოდი, დავლიოთ სიყვარულის სადღეგრძელო, არ არის გასაჯანჯლებელი. შენს მომავალ სიყვარულს გაუმარჯოს, ძმაო... და ჩემს მომავალსაც, - მომიჭახუნა სეიფამ და ჭიქა ბოლომდე დაცალა.
- გაუმარჯოს, - ერთი სიტყვით შემოვიფარგლე და მეც დავლიე.
გამიხარდა, რაც მოვისმინე. რა იცოდა ვახომ, რა ცეცხლიც ტრიალებდა ჩემს გულში, თორემ ალბათ არაფერსაც არ მეტყოდა.
ცოტა არ იყოს, გულზე მომეშვა. მტკიცედ გადავწყვიტე, როგორც კი ჩამოვიდოდა, შევხვედროდი და ნატასთვის ყველაფერი გულახდილად მეთქვა. სეიფასგან განსხვავებით, მე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული და ნამდვილად არ მქონდა სურვილი, ვინმესთვის დამეთმო მისი თავი. არც ჰალსტუხიანისთვის მემეტებოდა და არც დიპლომიანისთვის. ჩემთვის მინდოდა მხოლოდ.
***
ამასობაში ივნისი დაიწყო. ნატა ქალაქში არ გამოჩენილა, მაგრამ გავიგე, რომ ჩამოსულიყო, ამიტომ ერთ საღამოს დავრეკე.
- გისმენთ, - მიპასუხა თავისი ბავშვური ხმით.
სიამოვნების ტალღამ მთელ სხეულში დამიარა, რამდენი ხანია, მისი ხმა არ გამიგონია.
- როგორ ხარ? - არც ცივად ჟღერდა ჩემი ხმა, არც თბილად.
- ...
- ალო!
- მესმის... კარგად ვარ, გმადლობ.
- დიდი ხანია, ჩამოხვედი?
- შენ რა იცი, წასული რომ ვიყავი?
- ბებიაშენმა მითხრა.
- ბებიამ? ბებია სად ნახე?
- დავრეკე შენთან.
- ჰო.
- დაგეწყო გამოცდები?
- კი, ერთი დღეს ჩავაბარე.
- მართლა? რომელი?
- ქართული წერა.
- მერე?
- ჯერ არ ვიცი, პასუხი სამ დღეში იქნება.
- მეორე როდის გაქვს?
- პარასკევს, ქართული ზეპირი.
- გეშინია?
- არა.
- სხვა?
- რა სხვა?
- სხვა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
- ისეთი არაფერი.
- ჩემი ნახვა არ გინდა?
- რისთვის?
- სალაპარაკო მაქვს.
- კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი? მეგონა, უკვე ყველაფერი თქვი.
- არა, დამრჩა. შენთვის დამრჩა.
- ჰო?
- როდის გეცლება?
- არ ვიცი. ახლა ვმეცადინეობ, სახლიდან ვერ გავდივარ, მერე ვნახოთ.
- ეგ ალბათ უფრო უარს ნიშნავს, არა?
- ...
- ესე იგი, ჩემთვის არ გცალია...
- ჯერ არა-მეთქი.
- კარგი, მაშინ ის მითხარი, როდის მოიცლი.
- ზუსტად არ ვიცი.
- როდის გეცოდინება?
- როცა გამოცდებს მოვრჩები.
- იმედია, იქამდე არ გათხოვდები.
გაეცინა. მივხვდი, როგორ დააფარა ყურმილს ხელი, რომ მისი სიცილი არ გამეგონა.
- ხომ არ გათხოვდები? - საშველს არ ვაძლევდი.
- ვერა, ვერ გავთხოვდები, არ მყავს მთხოვნელი.
- მართლა? აკი, ვახოს მიჰყვებაო ცოლად? - მომენტით ვისარგებლე.
- მოუტყუებიხართ, მას ეს არ უთხოვია.
- აბა რა გთხოვა?
- არც არაფერი.
- როგორ თუ არაფერი... აბა რისთვის დაგასეირნებდა? - ვუკბინე.
- ეგრე შენც დამასეირნებდი, მაგრამ არც შენ გითხოვია, ცოლად გამომყევიო, - არც მან დამაკლო.
- ესე იგი, ისიც იმისთვის დაგასეირნებდა, რისთვისაც მე? - სიტყვაზე გამოვიჭირე.
- არა, იქამდე საქმე არ მისულა, - ხმა შეეცვალა.
- სადამდე? “იქამდეში” რა იგულისხმე?
- ის, რომ... - გაჩუმდა.
- მითხარი, ნუ გრცხვენია, - შევაგულიანე.
- რისი უნდა მრცხვენოდეს? ის წესიერი ადამიანია, ზოგიერთებივით არ მოვუტყუებივარ. მითხრა, მომწონხარ, მაგრამ ჩემთან ურთიერთობას არ გირჩევ, ცუდი ბიჭი ვარო.
- მერე?
- მერე დამემშვიდობა და წავიდა.
- გამოდის, რომ მე გატყუებდი?
- რა, ასე არ იყო?
- არა, არ იყო ასე.
- აბა როგორ იყო?
- მაგას რომ გნახავ, მაშინ გეტყვი.
- როგორც გინდა. მაპატიე, მაგრამ უნდა წავიდე, მელოდებიან.
- ვინ გელოდება, თუ საიდუმლო არ არის?
- ჩემი კლასელია, ერთად ვმეცადინეობთ.
- ბოლო გამოცდა როდის გაქვს?
- ოცდაცხრაში.
- ოცდაათში დაგირეკავ.
- ნახვამდის.
- შეხვედრამდე.
მასთან საუბარმა ცოტათი გამომიკეთა ხასიათი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძველებურად ვუყვარდი. უბრალოდ, ისიც ამაყი იყო, ჩემზე მეტად ამაყი, ამიტომაც მე მომიწია პირველი ნაბიჯის გადადგმამ.
ამას უკვე აღარ დავეძებდი. მთავარი იყო, ერთხელ მაინც შევხვედროდი პირისპირ, დანარჩენი ადვილად მოგვარდებოდა.
***
დღეებს ვითვლიდი, სანამ ოცდაათი ივნისი დადგებოდა. მერე საათებს, ბოლოს წუთებს, რომ დროზე დაღამებულიყო. როგორც ერთ კარგ დროს, ახლაც გვიან დავურეკე, მეგონა, ძველებურად ლაპარაკში დაგვათენდებოდა. ისევ ბებიამ მიპასუხა და ფრიად სამწუხარო ამბავი მამცნო - წუხელ გავამგზავრე თბილისშიო. ამჯერად მოვატყუე ქალბატონი ბებია, კლასელი ვარ, მეც თბილისში მივდივარ-მეთქი და მისამართი ვთხოვე. უყოყმანოდ მიკარნახა.
გამაბრაზა ნატას საქციელმა. საკმაოდ ვერაგულად მიხდიდა სამაგიეროს, რისთვისაც დასჯის ღირსი იყო.
მეორე დღესვე ავიღე მატარებლის ბილეთი. საღამოს მამაჩემს ფული წავართვი და ვაგზლისკენ გავეშურე.
კუპეში ერთი ნაცნობი ბიჭი დამხვდა, ნუკრი, ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდა. მოვიკითხე. სპორტსმენი იყო და ტურნირზე მიდიოდა თბილისში. მატარებლის დაძვრამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ორი შემოგვემატა, ამჯერად - გოგონები. ერთს სინით ნამცხვარი მოჰქონდა. ნინო და შორენა - ასე გაგვაცნეს თავი.
- ხვალ ნინოს დაბადების დღეა, ნამცხვარი მიაქვს ჯგუფელებისთვის, მაგრამ ვატყობ, ვაგონში მოგვიწევს ქეიფი, - ახმაურდა შორენა.
- ძალიანაც კარგი, მიყვარს დაბადების დღეები, - აჰყვა გოგონას ნუკრი.
მე ხმა არ ამომიღია, მხოლოდ ვიღიმოდი.
- თქვენ აქაურები ხართ? - ნინომ რატომღაც, მე გამომხედა.
- კი. თქვენ?
- ჩვენც. უცნაურია, რომ არცერთს არ გიცნობთ.
- არა უშავს, ახლა გავიცნობთ, - თქვა ნუკრიმ და თვალი ჩამიკრა, - სად სწავლობთ, გოგოებო?
- ნინო ეკონომიურზე, მე - აღმოსავლეთმცოდნეობაზე, უნივერსიტეტში, მეზობლები ვართ, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ, ახვლედიანის ქუჩაზე. თქვენ?
- მე სპორტსმენი ვარ, მოჭიდავე. ზაზა კი... შენ თეატრალური დაამთავრე, არა, ზაზა? - მომიბრუნდა ნუკრი.
- ჯერ არ დამიმთავრებია, ბოლო კურსზე ვარ, - უსინდისოდ ვიცრუე.
- ვა, რა მაგარია! მიყვარს მსახიობები, - ტაში შემოჰკრა შორენამ.
- მგონი, საინტერესო ღამე გველის, - გაიცინა ნუკრიმ.
- თქვენ რატომ არაფერს ამბობთ? - მომიტრიალდა ნინო, - სიტყვაძუნწი ხართ?
- ალბათ, - პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე.
- აი, ნამცხვარს რომ დავჭრით, მერე მოვა ლაპარაკის ხასიათზე, - შენიშნა შორენამ და ნუკრის გვერდით მოკალათდა.
გოგონებს გადავხედე. ნინოს არა უშავდა, ლამაზი იყო, კარგი ტანი და სექსუალური ღიმილი ჰქონდა, შორენასი კი რა მოგახსენოთ. მსუქანი იყო, დიდმკერდიანი, დაჭორფლილი სახით და წითური თმით. წამწამებიც კი წითური ჰქონდა.
ნინომ ჩანთიდან საჭმლის ამოლაგება და სუფრის გაშლა დაიწყო. დროდადრო მრავლისმეტყველ მზერას მესროდა. ერთი-ორჯერ ისე გამიღიმა, მაგრძნობინა, მომეწონეო.
საწინააღმდეგო არაფერი მქონდა.
- ოჰო! სასმელიც გვქონია! - შესძახა ნუკრიმ, როცა შორენამ ვაგონის ვიწრო მაგიდაზე ბოთლით არაყი შემოდგა.
სასიამოვნო დრო გავატარეთ. ნინო ჩემ გვერდით იჯდა, თან იმდენად ახლოს, რომ ხანდახან მხრით მეხებოდა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ ამას სპეციალურად აკეთებდა. მე კი არ ვიმჩნევდი, რადგან ფიქრებით ნატასთან ვიყავი. რა რეაქცია ექნებოდა ჩემს დანახვაზე?
გოგონები ცოტ-ცოტას წრუპავდნენ, მე და ნუკრიმ კი თავი გავიგიჟეთ და ერთი ლიტრი არაყი სანამ ბოლომდე არ გამოვცალეთ, არ მოვეშვით.
ყველაზე საინტერესო ქეიფის დამთავრების შემდეგ დაიწყო. შორენა და ნუკრი გარეთ გავიდნენ, სუფთა ჰაერს ჩავყლაპავთო, მე და ნინო კი მარტო დავრჩით კუპეში. ერთხანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. რაღაც უნდა მეთქვა, თორემ ცუდად იყო საქმე.
- რომელ კურსზე ხარ? - ვიპოვე გამოსავალი.
- წელს ვამთავრებ, იმ კვირაში გამოცდები მეწყება.
- ახლა ყველას ეწყება გამოცდები, - გამეცინა, რადგან ნატა გამახსენდა.
- ამიტომ არ მიყვარს ივნისი.
- მერე რას აპირებ?
- ჩვენთან, ბანკში დავიწყებ მუშაობას, იქ მანაწილებენ.
- ესე იგი, ვნახავთ ერთმანეთს... - მრავალმნიშვნელოვნად აღვნიშნე.
- აუცილებლად, - ვნებიანად გამიღიმა და თავი მხარზე დამადო.
დავიძაბე. არ მესიამოვნა, რამდენიმე საათში ასე რომ გამიშინაურდა, ეს კარგს არაფერს მიქადდა. არადა, იგნორირებაც არ გამოდიოდა, მით უმეტეს, კარგა გვარიანად ვიყავი შეზარხოშებული.
ბევრი არ მიფიქრია, რადგან თვითონ მოიწევდა ჩემკენ, ხელი თამამად მოვხვიე და ტუჩებში ვაკოცე. წინააღმდეგობა არ გაუწევია.
- შეყვარებული გყავს? - ჩურჩულით მკითხა.
- რა ვიცი... მგონი, კი, - ხმადაბლა ვთქვი.
- მე არა, - ამოიოხრა და განზე გაიწია, - იმედია, ცუდად არ გაიგებ, იმნაირი არ ვარ.
- რას ნიშნავს იმნაირი? - სიცილი ვერ შევიკავე, - განა რა ჩაიდინე, ეგ რომ იფიქრე? ძალიან კარგი გოგო ხარ.
- ასეთი შემთხვევა არასდროს მქონია.
- როგორი?
- პირველსავე შეხვედრაზე მამაკაცისთვის კოცნის უფლება არასდროს მიმიცია.
- ხდება ხოლმე. ხანდახან მხოლოდ გულის კარნახს ჰყვება ადამიანი.
- სასმელის ბრალია, - თავის მართლებას ცდილობდა ნინო.
- და შენი დაბადების დღის, - დავაყოლე.
ამასობაში ნუკრი და შორენაც შემოვიდნენ. გოგონებმა სუფრა აალაგეს, უფრო სწორად, ნასუფრალი, მერე თეთრეული გაშალეს და დასაძინებლად მივწექით.
გამიჭირდა დაძინება, მიუხედავად იმისა, რომ ნასვამი ვიყავი. სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი, ნინოს რომ ვაკოცე. ასე მეგონა, მძიმე დანაშაული ჩავიდინე. გვიან ღამით ძილმა მაინც წამართვა თავი.
დილით, თბილისში რომ ჩამოვედით, მე და ნინომ ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. შევპირდი, სანამ აქ ვიქნები, დაგირეკავ-მეთქი, მერე ტაქსი ავიყვანე და ორივე სახლამდე მივაცილე. ნუკრიც თავის გზაზე წავიდა. მე კი ჩემს ბიძაშვილს ვესტუმრე.
***
თორმეტი საათი იქნებოდა, ძნელაძის ქუჩაზე რომ გავედი. ეზოში შევედი და დაბნეულმა მიმოვიხედე. აქ იმდენი ვინმე ცხოვრობდა, აუცილებლად უნდა მეკითხა, სად შემეძლებოდა ნატას ნახვა. ეზოში მოთამაშე პატარა ბიჭებმა მეორე სართულისკენ მიმითითეს. მსუბუქად ავირბინე ხის კიბეზე და თეთრად შეღებილ კარზე დავაკაკუნე.
- ვინ არის? - მოისმა შიგნიდან ქალის ხმა.
- ნატა აქ ცხოვრობს?
სახელური ჩამოიწია და კარი გაიღო. ელდა მეცა. ჩემ წინ ნატას დედინაცვალი იდგა.
- ა! თქვენ ხართ? ნატა მასწავლებელთანაა, ერთ საათში მოვა. მობრძანდით, - შემიპატიჟა ქალმა.
უარი ვუთხარი და არც დავემშვიდობე, ისე წამოვედი. კი არ წამოვედი, გამოვიქეცი. მორჩა, ახლა თავის ქმარს ეტყვის, მათთან რომ ვიყავი და ნატას დაერხევა. დაუწყებენ გამოკითხვას, რატომ მოვიდა, რისთვის დაგდევს, ამდენ ხანს როგორ ვერ გაარკვია იმ გოგოსთან ურთიერთობა, შენთან რა უნდა და ა.შ.
გუნება დამიმძიმდა. იქვე, ეზოსთან ახლოს დავიწყე ხეტიალი, რომ მისი გამოჩენა არ გამომპარვოდა.
ლოდინი დიდხანს გაგრძელდა. წარამარა საათზე ვიხედებოდი. ის კი იგვიანებდა. ტელეფონის ნომერი მაინც მეკითხა ბებიამისისთვის, დავურეკავდი და ისე შევუთანხმდებოდი შეხვედრაზე. როგორ ვერ მოვიფიქრე?
როგორც იქნა, გამოჩნდა. მოკლე კაბა ეცვა, აგურისფერი. ამავე ფერის პატარა ჩანთა მხარზე გადაეკიდა და ჰაეროვანი ნაბიჯებით მონარნარებდა. ვინც კი გვერდით ჩაუარა, ყველამ თვალი გააყოლა, რადგან არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. შავი თმა ცხენის კუდივით ჰქონდა აწეული. ჩემს დანახვაზე შედგა, სიწითლემ გადაურბინა სახეზე.
- გამარჯობა... - გამჭოლი მზერა ვესროლე.
- აქ... აქ საიდან? - ენა დაება.
- იქიდან, - უკან გადავაქნიე თავი, - არნახულად ლამაზი ხარ... არ მელოდი, არა?
- ნამდვილად არ გელოდი.
- საქმე მაქვს, აუცილებლად უნდა დაგელაპარაკო. შეძლებ სახლიდან გამოსვლას?
- ექვს საათზე ისტორია მაქვს, შვიდზე მიმთავრდება. რვის ათ წუთზე ლაღიძესთან შეგხვდები, - ჩქარ-ჩქარა თქვა და მაღლა აიხედა, აივნიდან ხომ არ გვიყურებენო.
- ვიცი, აქ არ უნდა მოვსულიყავი, მაგრამ შენ მაიძულე ამის გაკეთება. რატომ არ შემატყობინე, თბილისში თუ მოდიოდი?
- როდის იყო, ანგარიშს გაბარებდი?
- მაგრამ ხომ იცოდი, რომ ოცდაათში უნდა დამერეკა?
- ვიცოდი, მაგრამ მამაჩემმა ისე მოულოდნელად დამირეკა, ვერ მოვასწარი.
- რა ვერ მოასწარი, ჩემთან დარეკვას რა უნდოდა?
- იმ დროს შენ სახლში არ იქნებოდი.
- შენ რა იცი, როდის ვარ სახლში და როდის არა?
- ახლა თუ გამოსწორდი, არ ვიცი, მაგრამ ადრე გვიან ღამემდე შინ ვერ დაგიჭერდა ადამიანი.
- მას მერე ბევრი რამ შეიცვალა.
- უკაცრავად, არ ვიცოდი... - ირონიულად თქვა და ტუჩი აიბზუა, - წავალ ახლა, თორემ შეიძლება დაგვინახონ და კარგი დღე არ დამადგება.
- ისედაც არ დაგადგება კარგი დღე, შენმა დედინაცვალმა უკვე მნახა.
- რას მეუბნები, გაგიჟდი? - გაფითრდა.
- რა ვქნა, სულ არ მიფიქრია, მას თუ შევეფეთებოდი. ისიც კი არ მახსოვდა, რომ ვიცნობდი.
- დავიღუპე. მამაჩემთან ჩამიშვებს და მომხვდება.
- ვიცი. მაგრამ შენ ყოჩაღი გოგო ხარ, რამეს მოიფიქრებ.
- ვეცდები. წავედი, - წამით თვალები დახუჭა, რაც დამშვიდობებას ნიშნავდა და აჩქარებული ნაბიჯებით ეზოში მიიმალა.
ექვსამდე დიდი დრო იყო, ამიტომ ნინოს დავურეკე, კინოში გეპატიჟები-მეთქი. ჩემი ხმის გაგონება ისე გაუხარდა, ლამის კივილი დაიწყო ტელეფონში. თავისთან დამპატიჟა, ჩემი ჯგუფელები არიან და ამოდიო. ახლაღა გამახსენდა, დაბადების დღე რომ ჰქონდა. ამდენი დრო არა მაქვს-მეთქი, მაგრამ თავი არ დამანება, სანამ არ დამითანხმა. რას ვიზამდი, ვარდების თაიგული ვიყიდე და შინ მივადექი.
- ადვილად მოაგენი? - თაიგული გულზე მიიხუტა და დასუნა, - რა ლამაზია.
- რა მოგნება უნდოდა, დილით მე არ მოგაცილე?
- უი, მართლა, ეგ აღარც გამხსენებია. შემო, ჩემი გოგოები გაგაცნო.
ოთახში სიგარეტის ბოლის ბუღი იდგა. ბევრნი იყვნენ, თანაც სულ გოგოები. კეფა მოვიქექე, მწარედ ვინანე, რომ მოვედი, მაგრამ უკვე გვიან იყო.
არ დავიწყებ იმის მოყოლას, როგორები იყვნენ, არც მაინტერესებდა. უსიამოვნო მათი მზერა იყო, ვაჭრის თვალით რომ მაფასებდნენ. გამიკვირდა, ამ “სასტავში” შორენას რომ ვერ მოვკარი თვალი. ნინომ მითხრა, მოგვიანებით მოვა, რაღაც პრობლემები შეექმნა უნივერსიტეტშიო.
თავიდან ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ გავშინაურდი. ბოლოს ისე შევჭიკჭიკდი, გიტარაც კი მოვითხოვე. ნინო მეზობელთან გავიდა გიტარის სათხოვნელად. სიმები ჩემს გემოზე მოვჭიმე და დავუკარი... დავუკარი და ვიმღერე კიდეც... ადვილად შევძელი ქალების მოხიბვლა. კიდევ ცოტაც და... თვითონაც ამყვნენ. ერთი სიტყვით, კარგი დრო გავატარეთ.
მერე ნელ-ნელა გაიკრიფნენ. არ ვიცი, მოლაპარაკებული იყვნენ, თუ უბრალოდ, დაემთხვა, მაგრამ ხუთი საათისთვის მარტო მე და ნინო დავრჩით. ეგ ვერ იყო კარგი ამბავი, ცუდად მენიშნა.
- მეც წავალ, - ვთქვი და წამოვდექი, როცა ნინომ ბოლო მეგობარი გააცილა.
- სად წახვალ, იყავი, ჯერ ადრეა.
- არა, ერთს უნდა შევხვდე, მელოდება.
- დაურეკე და უთხარი, მოგვიანებით მოვალ-თქო.
- არ გამოვა, უკვე შევპირდი.
- გინდა, რომ მარტო დამტოვო?
- რატომ მარტო, შორენა ხომ მოვა?
- აწი აღარ მოვა.
- მეჩქარება, ნინო, ვწუხვარ...
- დღეს ჩემი დაბადების დღეა, ზაზა, ხომ არ გავიწყდება?
- ვიცი.
- მაშინ არ მაწყენინო, გთხოვ, ცოტა ხანს დარჩი, სულ ცოტა ხანს. მართალია, ნაქირავებში ვცხოვრობ, მაგრამ სამაგიეროდ, მარტო ვარ, არავინ შეგვაწუხებს. დარჩი, კარგი?
უარი ვერ ვუთხარი... ვერც დარჩენაზე, ვერც...
თავდავიწყებით მკოცნიდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. სასმელმა მეც დამრია ხელი, ვნება გამიხელდა...
კიდევ რამდენიმე წუთი და ორივენი ლოგინში აღმოვჩნდით...
თითქოს ისეთი არაფერი, ასეთი რამ ხშირად მომხდარა, მაგრამ...
ისეთი მხოლოდ ის იყო, რომ მისთვის პირველი მამაკაცი ვიყავი...
კიდევ ერთი შეცდომა დავუშვი...
* * *
სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაფაზი დავარტყი. კარგა ხანს ვფიქრობდი... წამით წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა და საკუთარი თავი შემზარდა. ნინო გატრუნული იწვა, ჩემს რეაქციას ელოდა. მე კი ვდუმდი. საათს დავხედე, შვიდი დაწყებულიყო. ნატასთან დამაგვიანდა. ის ამას არასდროს მაპატიებდა. ან კი რით უნდა მემართლებინა თავი?
- ნინო... - სალაპარაკოდ მოვემზადე და ხმადაბლა დავუძახე.
- რა იყო? - მიპასუხა ჩამქრალი ხმით.
გვერდით მეწვა და მის არსებობას ვერ ვგრძნობდი.
- რა ვქნათ ახლა მე და შენ?
კითხვა უპასუხოდ დატოვა.
- ჯერ წესიერად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს, - გავაგრძელე.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მე შენთვის არაფერი მითხოვია.
- ვიცი, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მინდა საკუთარი თავის წინაშე მართალი ვიყო.
- იცი? რაც მოხდა, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო... არ მინდა იფიქრო, რომ ცუდი ვარ...
- რა სისულელეა, მეორედ არ გამაგონო მსგავსი რამ. ჩემი ბრალია ყველაფერი.
- ნუ დარდობ, მე შენგან არაფერი მინდა, - ლამის დაიკვნესა.
- რომ იცოდე, რამდენი რამ გავაფუჭე...
- ვიცი... ვიცი, რომ შეყვარებული გყავს, ხომ მითხარი. შენც ნურაფერს ეტყვი, რა პრობლემაა. მე მართლა არაფერს გთხოვ, ზაზა.
- ექვსზე უნდა შევხვედროდი...
- იქნებ მოასწრო... არ დაგელოდება?
- არა, ვერ წავალ, ასე ვერ დაგტოვებ... უნდა გეთქვა, იცი?
- ჰო... მაგრამ...
- მომხდარს უკვე აღარაფერი ეშველება. არა უშავს, რამეს მოვიფიქრებ.
- ნუ ნერვიულობ, ეგ ამბავი ჩვენ შორის დარჩება.
- რა საოცარი გოგო ხარ, იმის მაგივრად, რომ პრეტენზიებს მიყენებდე, აქეთ მამშვიდებ. რატომ?
- აბა როგორ მოვიქცე? პრეტენზიებით რას შევცვლი? ჩვენ ხომ მხოლოდ ერთი დღის ნაცნობობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. გვარიც კი არ იცი მგონი ჩემი.
- უნდა გეთქვა...
- არ ვიცი, რა დამემართა...
- მეც მაგ დღეში ვარ.
- წადი, ახლა მარტო მირჩევნია ყოფნა... წადი და მერე შეგხვდები სადმე, ასე აჯობებს. ახლა ვერაფერსაც ვერ მოვიფიქრებთ. არც მე მინდა უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა და არც შენ. ხომ მართალი ვარ?
- გეთანხმები.
- თუმცა არც იმის იმედი მაქვს, რომ სიყვარული ოდესმე მოვა...
- შენ ასე ფიქრობ? - მისკენ შევტრიალდი და თმაზე გადავუსვი ხელი.
- შენ ხომ სხვა გიყვარს...
- შენ?
- მე?.. მე არასდროს არავინ მყვარებია. ახლა კი, მგონი...
- მგონი რა?
- მგონი შენზე ვარ შეყვარებული.
- ცოტა ნაჩქარევი ხომ არ არის შენი დასკვნები?
- შეიძლება... არ ვიცი.
- რა ვქნათ, რა ვქნათ...
- გითხარი, ნუ დარდობ-მეთქი, - ნინო წამოდგა და ჩაცმას შეუდგა.
მეც ავდექი. ფიქრებით ნატასთან ვიყავი. წარმოვიდგინე, როგორი გამეხებული სახით იდგებოდა “ლაღიძესთან” ჩემს მოლოდინში.
გამორიცხული იყო, ვეღარ დავენახვებოდი. ბინის ტელეფონის ნომერი არ ვიცოდი, შინ ვერ მივაკითხავდი. იძულებული ვხდებოდი, მის უნახავად დავბრუნებულიყავი სახლში. ვნანობდი, თბილისში რომ წამოვედი. არ ჯობდა, იქ დავლოდებოდი? ოდესღაც ხომ ჩამოვიდოდა? ამ ნინოს რა მოვუხერხო? დავიჯერო, მართლა არ ნაღვლობს მომხდარს? თუ მხოლოდ ჩემს დასამშვიდებლად იქცევა ასე? მერე რომ გაუჩნდეს პრეტენზიები? მშობლებს რომ უთხრას და ცოლობა მომთხოვოს? ეს რა ჩავიდინე, რა შარში გავყავი თავი...