"მამასთან უთანხმოება მომდიოდა,  გინდა თუ არა, მუშაობა დაიწყე, უსაქმურად სანამ უნდა იყიალოო.. დედა ყოველთვის ჩემს მხარეს იჭერდა, კრუხივით გადამეფოფრებოდა და ბოლომდე მიცავდა" - მშობლები

"მამასთან უთანხმოება მომდიოდა,  გინდა თუ არა, მუშაობა დაიწყე, უსაქმურად სანამ უნდა იყიალოო.. დედა ყოველთვის ჩემს მხარეს იჭერდა, კრუხივით გადამეფოფრებოდა და ბოლომდე მიცავდა"

2025-12-02 23:08:52+04:00

ონლაინრომანი "სხვისიოცნებისქალი"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

დასაწყისი

მომხდარმა სული ამიფორიაქა. ცალკე ნატაზე ფიქრი მტანჯავდა, ცალკე ნინოზე. ერთი მიყვარდა, მეორე მეცოდებოდა. პირველთან ყოფნა მინდოდა, მეორესთან - უმტკივნეულო განშორება...

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, დროის გარკვეულ მონაკვეთში ორივე დავკარგე. თვე გავიდა და ნინო თბილისიდან არ დაბრუნებულა, არც ნატა. ამასობაში დაფიქრების საშუალება მომეცა. ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, ნინო რას მოითხოვდა ჩემგან. თუ უკიდურესობამდე მივიდოდა საქმე, იძულებული გავხდებოდი, ცოლად შემერთო. სხვა შემთხვევაში, დიდი უსიამოვნება მელოდა. ნინო ჩემს მომავალ მეუღლედ ვერ წარმომედგინა, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანდა ცუდი გოგო. ეს იყო ერთადერთი, რაც არ მინდოდა. ნატას გარეშე ვერ წარმომედგინა ცხოვრება.

დღეები გადიოდა. ნინო არ გამოჩნდა, რაც ოდნავ მიმსუბუქებდა დარდს, მაგრამ შინაგანად მაინც დაძაბული ვიყავი. ლამის ყოველღამე ვიმეორებდი ტექსტს, რა უნდა მელაპარაკა, თუკი სიტუაცია შეიცვლებოდა და პრეტენზიებით მომადგებოდა. დანაშაულის გრძნობა არ მტოვებდა, სულის სიღრმეში მოუსვენრობამ შემიპყრო.

ნატას ამბავიც მაინტერესებდა. მისაღები გამოცდები უკვე დაიწყო. თათო შემხვდა ერთხელ და მისგან გავიგე, ორი გამოცდა წარმატებით ჩააბარა, ხუთიანი და ოთხიანი მიიღოო. იმ დროს ქართულ წერაში ფრიადის მიღება სულაც არ იყო ადვილი საქმე. გულში გამიხარდა. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი, თან ვნერვიულობდი, როგორ ამეხსნა მისთვის, რატომ არ მივედი იმ საღამოს შეხვედრაზე? სიმართლეს ვერ ვეტყოდი. უნდა მეცრუა... ათასი სხვა მიზეზი შემეძლო დამესახელებინა, მაგრამ გამიგებდა კი?

***

აგვისტოს შუა რიცხვებში ბათუმში დავუბერე ბიჭებთან ერთად, გულს გადავაყოლებ-მეთქი. მხოლოდ სამი დღით, მეტი ფული არც გვქონდა. მე, პაპუნა და გოჩა გავემგზავრეთ. გოგა ვერ წამოვიდა, ცოლთან ერთად ბორჯომში მიდიოდა დასასვენებლად.

ისე ცხელოდა, სული გვეხუთებოდა. დილიდან პლაჟზე ვეყარეთ უაზროდ. გასართობიც არაფერი იყო. პაპუნა და გოჩა საღამოობით ქალაქში გადიოდნენ, ქალებს დავითრევთო, მე კი ამის სურვილი, რატომღაც, სრულიად გამიქრა. ჩემი ფიქრები სხვაგან ქროდა...

გამომგზავრებამდე ერთი დღე დარჩა. შუადღე იყო. პლაჟიდან გამოსულები სამივე სანაპიროს კაფეში შევედით ლუდის დასალევად. მოულოდნელად ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. თავი მოვატრიალე და ელდა მეცა - ჩემგან ოდნავ მოშორებით ნინო იდგა და მომჩერებოდა.

- ვა, ამას ვის ვხედავ, - წელმოწყვეტილი წამოვდექი და მივუახლოვდი, - როგორ ხარ? - გადავეხვიე და ვაკოცე.

- არა მიშავს, თავად?

- მეც ეგრე, რა. ისვენებ?

- ჰო, ბათუმში ყოველ წელს ჩამოვდივარ.

- მარტო ხარ?

- არა, გოგოებთან ერთად. შენ?

- მეც ძმაკაცებთან ერთად ვარ.

- დიდი ხანია?

- მესამე დღეა, ხვალ მივდივართ.

- საწყენია. მე ერთი კვირა კიდევ ვრჩები.

- სასტუმროში ხართ?

- არა, ნაქირავებში. სასტუმროში ადგილი არ აქვთ, თანაც ძვირი ჯდება. თქვენ?

- ჩვენ “ინტურისტში” ვართ. საღამოს გცალია?

- თუ საჭიროა, მოვიცლი. ხდება რამე?

- არა, არაფერი... ისე, უბრალოდ, სადმე დაგპატიჟებდი.

- გაქვს კი ამის სურვილი?

- რატომ არ უნდა მქონდეს, ავად კი არ ვარ, - ხმამაღლა გავიცინე.

ნინოს გაეღიმა.

- შენი შეყვარებული როგორ არის? - მოულოდნელად საუბრის თემა შეცვალა და შემომხედა.

სიცილი პირზე შემაშრა. უსიამოვნოდ შევიჭმუხნე შუბლი.

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მსურს, იქნებ სხვა რამე გეკითხა?

- რატომ გაღიზიანდი? შენი წყენინება არ მინდოდა, - შეწუხდა ნინო.

- არ მწყენია, რა სისულელეა... მოკლედ, შევხვდებით, არა?

- რა თქმა უნდა.

დავთქვით, რვა საათისთვის “ინტურისტის” შესასვლელთან, სკვერში შევხვედროდით ერთმანეთს...

როცა დავცილდი, აღმოვაჩინე, რომ ავღელდი. ვერ გეტყვით, რა იყო ამის მიზეზი - მისი ნახვით გამოწვეული მოულოდნელობა თუ საღამოს შეხვედრის იდუმალება. რა უნდა გვეკეთებინა? როგორ მოვქცეულიყავი, რა მეთქვა? ან ის რას მეტყოდა? ფულიც აღარ დამრჩა, რომ ნინოსთვის “დიდი გასეირნება” მომეწყო. ყველა შემთხვევაში, ნომერში მომიწევდა მისი აყვანა.

ბიჭები გავაფრთხილე, საღამოს სტუმარი გვეყოლება-მეთქი. დაინტერესდნენ, ვინ არისო. პაპუნა და გოჩა ჩემი ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ამიტომ დასამალიც არაფერი მქონდა. მოვუყევი, რაც გადამხდა.

- ვერ მოგსვლია კარგი ამბავი, - ხელები ერთმანეთში გადახლართა პაპუნამ.

- არა უშავს, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, - დამამშვიდა გოჩამ.

- როგორ? - დავსვი საჭირბოროტო კითხვა.

- თუ თვითონ არაფერს ითხოვს, შენც ნურაფერს შეჰპირდები, სულ ეგ არის.

- მაგრამ...

- მოიცა, მოიცა, შენი ჭირიმე. არ დამიწყო ახლა სინდისზე და მორალზე ლაპარაკი. დღევანდელი ქალების ამბავი არ იცი? უკვე მოდაში შემოვიდა ქალიშვილობის დაკარგვა და საყვარლის გაჩენა. რა გიკვირს?

- ის არ არის ასეთი გოგო, - ჩემთვის ჩავილაპარაკე.

- რა მნიშვნელობა აქვს, ასეთია თუ ისეთი? ქალს უნდოდა შენთან დაწოლა და დაწვა. რა გინდა, რა ნერვებს ითხრი? მიდი, მიაწექი შენს საქმეს.

- არა, მთლად ეგრეც არ გამოვა, გოჩა, რაებს ლაპარაკობ, - შეეწინააღმდეგა პაპუნა, - რომ დაორსულდეს, მერე სად მიდიხარ?

- რა პრობლემაა, აბორტი და მისი ჯანი. აბა რა, რამდენი შენთან სექსის მსურველი გამოჩნდება, ყველას ცოლად ხომ არ შეირთავ?

- ყველაფერზე ნუ შაყირობ, გოჩა. ცოტა სხვა მხრიდან შეხედე სიტუაციას. შენიანი რომ იყოს, ასე ხომ არ ილაპარაკებდი?

- კარგი რა, არ გინდათ ტრაგედიის შექმნა. გამოუვალი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ქალი სტერვატიკი არ არის, არაფერს ითხოვს. მორჩა ბაზარი. თუნდაც ეგრე იყოს, მაგისთანები მოგვითვინიერებია? ძალად მოყვანილი ცოლის დედაც ვატირე... მიდი, ზაზაჯან, შენს საქმეს მიაწექი. ჩვენ წავალთ და მარტო დაგტოვებთ. მოწმეები რაში გჭირდება, - გაიღრიჭა გოჩა.

- რა ვიცი, იქნებ ჯობია, რომ ყველა ერთად ვიყოთ? არ მინდა კიდევ მივქარო. რაც მეტად დავუახლოვდები, მით მეტი მოთხოვნილება გაუჩნდება, - ვთქვი და ორივეს გადავხედე.

- ყველა ვარიანტში მარტო რომ დარჩეთ, ის აჯობებს. დაილაპარაკებთ მაინც. საუბარში გამოჩნდება, როგორ გადაიტანა “პირველი ღამის იმიტაცია”, - ანგლობდა გოჩა.

ჩემ მაგივრად ბიჭებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ხმათა უმრავლესობით იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათი იქ ყოფნა ზედმეტი იქნებოდა.

გოჩამ და პაპუნამ რვის ნახევარზე დატოვეს ნომერი, ცოტა მოგვიანებით მეც გამოვედი და პაემნის ადგილისკენ გავეშურე, რომელიც სასტუმროდან ორი ფეხის სავალზე მდებარეობდა.

- რა ლამაზი ხარ, - აღტაცება ვერ დავმალე, ზღვისფერი სარაფნით რომ გამომეცხადა. მის გარუჯულ კანს ძალიან უხდებოდა ეს ფერი. უმაკიაჟოდ იყო, რაც უფრო მიმზიდველს ხდიდა.

- დიდი მადლობა, - დაიმორცხვა და გამიღიმა, - სად მივდივართ?

- იცი? დიდი ვერაფერი მოვიფიქრე. ჩემთან ხომ არ ავიდეთ? ხედი შესანიშნავია, მაინცდამაინც არ ცხელა, ღარიბული სუფრის გაშლა არ გამიჭირდება, უფრო მყუდროდაც ვიქნებით.

- მერე შენი მეგობრები? უხერხული არ იქნება?

- გოჩა და პაპუნა? იმათ ოთახში რა გააჩერებთ, შუაღამემდე არ მოვლენ. დილიდან გასულები არიან. ასე რომ...

- ბურთი და მოედანი ჩვენია, არა? - ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.

- ბურთის რა მოგახსენო, მაგრამ მოედანი ნამდვილად ჩვენია, - ვუპასუხე მისი ხუმრობით გამხნევებულმა და ხელით ვანიშნე, წავედით-მეთქი...

***

- არ გინდა სუფრის გაშლა, არ მშია, - მითხრა სევდიანი ხმით, მაცივრიდან ხილის და სასმლის გამოტანა რომ დავიწყე.

- ბევრი არაფერი მაქვს, ატამი, მსხალი და ვაშლი... ერთი ფილა შოკოლადიც და ცოტა სასმელი. კონიაკი არ დავლიოთ? თითო ჭიქა არ გვაწყენდა.

- არაფერი მინდა. უბრალოდ, აივანზე დავსხდეთ, ვილაპარაკოთ.

მის თხოვნას დავემორჩილე. სავარძლები აივანზე გავიტანე და დავსხედით. წარმოდგენა არ მქონდა, რაზე უნდა მელაპარაკა. საუბარი ვერა და ვერ აეწყო. უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ავიტეხე, ცოტა დავლიოთ-მეთქი.

- არ გინდა, მე ვიცი, დალევას რაც მოჰყვება, - თავდახრილმა ჩაილაპარაკა.

- მსგავსი რამ არც კი გამივლია გულში, გგონია, შემოგიტყუე? - გავაპროტესტე.

- საქმეც მაგაშია, რომ არ გიფიქრია. ან კი რატომ უნდა გეფიქრა, მე ხომ შენთვის არაფერს წარმოვადგენ, - საწყალობელი თვალებით შემომხედა, მერე სახეზე აიფარა ხელები.

- რა გემართება, გეწყინა რამე? - შევწუხდი და ახლოს მივუჩოჩდი, - მინდოდა ცოტათი განმემუხტა სიტუაცია, აბა, ასე უაზროდ ხომ არ ვისხდებით?

- მას შემდეგ სულ შენზე ვფიქრობ, - ჩურჩულით თქვა და ასლუკუნდა.

შემეცოდა. დავმუნჯდი, არ ვიცოდი, როგორ მენუგეშებინა.

- არ იფიქრო, რომ ამას რაღაცის გამო ვამბობ. უბრალოდ, გული მინდა მოვიოხო, მეტი არაფერი, - ისევ ჩურჩულით გააგრძელა და გაშლილი ხელისგული ცხვირზე მოისვა.

მისკენ შევტრიალდი და საჩვენებელი თითით ნიკაპი ავუწიე. თვალები ცრემლით ავსებოდა.

- მითხარი, რა გავაკეთო? როგორ მოვიქცე? - ჩემდა უნებურად, მეც ჩურჩულზე გადავედი.

- ჩამეხუტე, გთხოვ, - მუდარა გაისმა მის ხმაში.

ხელი მოვხვიე და მკერდზე მივიკარი. მისი გულის ფეთქვა შევიგრძენი, მისი ცხელი სუნთქვაც... ღაწვზე ვაკოცე... მლაშე გემო ვიგრძენი... ცრემლის... უნებლიეთ თვალები დავხუჭე... ნინო ამოძრავდა...

ის მკოცნიდა ტუჩებით, მკერდით, მთელი თავისი არსებით. მისი სხეული ჩემსას შემოეხლართა... საოცრად მსუბუქი იყო, მსუბუქი, დამყოლი და მოქნილი... ხელში ავიტატე და ოთახში შევიყვანე... საწოლზე რომ დავაწვინე, კვნესა აღმოხდა. ვიცოდი, სისულელეს ჩავდიოდი, მაგრამ ახლა უკან დახევა არ შემეძლო. ხელები ჩემი სურვილის გარეშე მოძრაობდნენ მის შიშველ კანზე...

ეს ყოველივე მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მაგრამ მისი სხეულის მხურვალებამ ციებ-ცხელებასავით დამიარა ტანში...

როცა ვნება დაცხრა, მხოლოდ მაშინ გავიაზრე, როგორ მძულდა ჩემი თავი. საწოლზე გულაღმა გავიშოტე და ბათქაშაცვენილ ჭერს მივაშტერდი. კარგა ხანს ვიწექი გაუნძრევლად. მერე ავდექი, კონიაკი ჩამოვისხი, სვენებ-სვენებით დავლიე და აივანზე გავედი...

მერვე სართულის სიმაღლიდან მოჩანდნენ ადამიანები, რომლებიც ჯუჯებს ჰგვანდნენ და რომლებიც სადღაც მიიჩქაროდნენ. იქ, დაბლა, ყველაფერი შავ-თეთრად ჩანდა, თითქოს ბუნებაში სხვა ფერი დაკარგულიყო. ცხელი ნიავი სახეზე მომელამუნა, თითქოს ორპირმა ქარმა დაუბერა. მომეჩვენა, რომ კარი გაჯახუნდა. ოთახში შემოვბრუნდი... ნინო წასულიყო.

ისე წავიდა, არც კი დამემშვიდობა... არც მე გავკიდებივარ... ამწუთას მისი მობრუნება ყველაფერს შეცვლიდა... კიდევ ერთი ჭიქა კონიაკი დავლიე და სააბაზანოში შევედი...

***

აგვისტოს ბოლოს გავიგე, ნატას ნახევარი ქულა დააკლდა და ვერ ჩაირიცხაო. თათომ მომიტანა ამბავი.

- ხომ არ იცი, რას აპირებს? - დავინტერესდი.

- ბებიამისს ველაპარაკე, აქ ჩამოვა და სწავლას პროფტექნიკუმში გააგრძელებსო. გამიხარდა, მეც ვიწყებ პროფში სწავლას, გამოდის, ერთად ვიქნებით.

- პროფში რა გინდათ? - გავიოცე.

- წითელ დიპლომზე დავამთავრებთ და მერე ერთი გამოცდით ჩავირიცხებით, - ამიხსნა თათომ.

- პროფტექნიკუმშიც იძლევიან წითელ დიპლომს? - ეს ჩემთვის რაღაც ახალი იყო.

- ჩვენი პროფი იძლევა ამის საშუალებას.

ერთიც გამიხარდა და მეორეც. გამოდის, მისი ნახვის სიამოვნება არ მომაკლდებოდა.

- როდის ჩამოვაო?

- რა ვიცი, სწავლა პირველში იწყება და...

- თუ შეეხმიანები, გამაგებინე, პატარავ, კარგი? ხომ ხედავ, შენი დახმარება როგორ მჭირდება.

- აბა რას ვიზამ, უსიკვდილოდ დაგეხმარები, - მხარზე ხელი დამკრა თათომ და თვალი ჩამიკრა...

ნინოც მალე გამოჩნდა ქალაქში. ცენტრალურ ბანკში დაუწყია მუშაობა მოლარე-ოპერატორად. ხანდახან შევუვლიდი ხოლმე და მოვიკითხავდი. სხვა ჯერჯერობით არაფერი გვაკავშირებდა, ვერიდებოდი მასთან დაახლოებას. არც თვითონ უცდია, სხვათა შორის. ჩვენს ურთიერთობაზე სიტყვაც არ დასცდენია...

***

სექტემბერში თბილი დღეები წაეწყო ერთმანეთს. გაყვითლდა ქალაქი, ჭადრების ჩამოცვენილ ფოთლებს შრიალი გაჰქონდა ფეხის დადგმისას. შემოდგომის იდუმალება ცუდი წინათგრძნობით მიფორიაქებდა სულს. ორშაბათი დღე იყო, მზიანი, საამო, მე კი უსაზიზღრეს ხასიათზე ვიყავი. პარკის გვერდით, ჭადრის ხეივანში მივაბიჯებდი მძიმედ, თითქოს უკიდურესობამდე დაღლილი ვყოფილიყავი. მოულოდნელად ის დავინახე, ნატა...

იმ დღის შემდეგ პირველად ვნახე. საოცრად შეცვლილი მეჩვენა. თმა გაეშალა, წაბლისფრად შეეღება, თვალები დაეხატა და ვარდისფერი პომადაც წაესვა ტუჩებზე... ასეთი ნატა პირველად ვიხილე. უხდებოდა... იმაზე მეტად, ვიდრე წარმომედგინა... როგორც სჩვეოდა, მსუბუქი, ჰაეროვანი რხევით მოდიოდა ჩემკენ, თითქოს შეხვედრა გვქონოდა დანიშნული. ერთიანად ამაკანკალა. სასწრაფოდ დავუწყე სიტყვებს ძებნა, რით დამეწყო საუბარი... ამასობაში ერთმანეთს ძალიან მივუახლოვდით...

ჩემ წინ სულ სხვა ქალი იდგა - ანგელოზივით მომნუსხველი, გამომწვევი და ვნებიანი... უკვე ქალი და არა ბავშვი. მოკლე კაბა ეცვა, ზურმუხტისფერი, წელში გამოყვანილი, დეკოლტედან თეთრი მკერდი ბამბის ქულასავით მოუჩანდა.

- რა კარგი შემოდგომაა, არა? - ისე თბილად თქვა, თითქოს სრულებით არ იყო ჩემზე განაწყენებული.

- გამარჯობა, ნატა, - მივესალმე და თვალი თვალში გავუყარე.

- შეგიძლია მითხრა, როგორია ეს შემოდგომა? - თითქოს არც გაუგია ჩემი მისალმება.

წამით შევყოვნდი. ვერ მივხვდი, საით მიჰყავდა ჩვენი დიალოგი.

- შეგიძლია? - ჯიუტად გამიმეორა და ლურჯი თვალები მომაჯადოებლად შემომანათა.

- რა გჭირს, რატომ ხარ ასეთი?

- როგორი? - ცოტა არ იყოს, ხელოვნურად გამეკეკლუცა.

- სხვანაირი, - მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.

- მერე რა, შემოდგომაც სხვანაირია, ვერ ამჩნევ?

- ვამჩნევ.

- ჰოდა, მითხარი, როგორია?

- ხმაურიანი, - ორაზროვნად ვთქვი, რითაც ვაგრძნობინე, რომ ბუნებრივად არ იქცეოდა.

- საშიში... - შეცვლილი ხმით თქვა და ღიმილი ისე მოისხიპა ტუჩის კუთხეებიდან, თითქოს ნიღაბი ჩამოიხსნაო...

თბილი გამომეტყველება მთლიანად გაუქრა სახიდან, ვხედავდი, სევდამ ნელ-ნელა როგორ დაუნისლა თვალები, როგორ გაუმკაცრა ნაკვთები.

- მომცემ საშუალებას, რაღაც აგიხსნა? - დახშული ხმით ვკითხე.

- რა საჭიროა, ისედაც ნათელია ყველაფერი. მშვიდობით, - ცივად მიპასუხა, გვერდი ქედმაღლურად ამიარა და გზა გააგრძელა.

გაოგნებული შევტრიალდი... მზერით გავეკიდე... ერთხელაც არ მოუხედავს უკან... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექი გაშეშებული. მანამ გავყურებდი, სანამ გზა არ გადაჭრა და არ მიიმალა...

იქვე, ჭადრის ხის ძირში ჩავჯექი და სახეზე ხელები ავიფარე...

ცხოვრებაში პირველად ავტირდი...

***

მის ამბებს თათოსგან ვიგებდი. თაყვანისმცემლების მთელი არმია ეხვია თურმე გარს. მამაკაცები მოსვენებას არ აძლევდნენ. ამას მეც კარგად ვხედავდი - ხან ერთი აცილებდა, ხან მეორე. ვხვდებოდი, ჩემს გასაბრაზებლად რომ იქცეოდა ასე. მიაღწია კიდეც თავისას. ერთ მშვენიერ დღესაც, მოთმინების ფიალა ამევსო და თათოს პირით შევუთვალე, შენგან ქუჩის ქალის მეტი არაფერი გამოვა-მეთქი.

- ეს რომ ვუთხარი, სახე წაეშალა, - მიყვებოდა თათო მოგვიანებით, - შემეშინდა, გული არ წასვლოდა, ისე ცუდად გახდა. რატომ ანერვიულებ, ზაზუკა, არ გეცოდება?

- ჩემი შესაცოდი რა სჭირს? - წარბები შევიკარი გამწარებულმა.

- სიგიჟემდე უყვარხარ, დედას გეფიცები.

- ეტყობა, როგორც ვუყვარვარ. ამიტომაც იცვლის წარამარა კავალრებს?

- ხომ იცი, რატომაც აკეთებს ამას, ხომ ხვდები? რატომ არ გინდა შეხვდე და ყველაფერი გაარკვიო? არ იცი, როგორ გელოდება. იმედი აქვს, რომ ერთხელაც პროფტექნიკუმის კართან დახვდები.

- ტყუილად აქვს ამის იმედი.

- არ იქცევი სწორად, დამიჯერე. შენ გააფუჭე ყველაფერი და შენვე უნდა გამოასწორო.

- მე რა გავაფუჭე? - ამის გაგონებაზე აღვშფოთდი.

- ვიცი თქვენი ამბები, ნატამ მიამბო, რაც მოხდა. არ გეჩვენება, რომ თქვენს დაშორებაში შენ მიგიძღვის ძალიან დიდი წვლილი?

- რაო, რა გითხრა?

- შეხვდი და თვითონ გეტყვის.

- კარგი, შევხვდები, მაგრამ იცოდე, რომ მხოლოდ შენი ხათრით ვაკეთებ ამას. ეგ იმდენს იზამს, მთელი ქალაქის სალაპარაკოდ გაიხდის თავს და მერე გვიან იქნება.

- არ გაიხდის, არა. სხვებს ახლოსაც არ უშვებს, არ იცი, როგორი მაგარი გოგოა. კაცები ნერწყვს ყლაპავენ, რომ უყურებენ. ერთი სული აქვთ, შეხვედრაზე დაითანხმონ, მაგრამ არაფერი გამოსდით. ერთადერთი, რასაც აღწევენ, გაცილებაა, მეტი არაფერი. თვითონაც შაყირობს ხოლმე, ჩემზე ოცნებაში ამოხდებათ სულიო.

“სხვისი ოცნების ქალი”, - გავიფიქრე ჩემთვის. მამაკაცები მის გვერდით გავლაზე და მასთან შეხვედრაზე ოცნებობენ, მე კი ლამის ყველანაირი უფლება მქონდა მოპოვებული. როგორ გამისხლტა ხელიდან, როგორ დავუშვი ასეთი რამ, ახია ჩემზე... სიმწრით ტუჩებს ვიკვნეტდი.

- კარგი, თათო, ხვალ, სამ საათზე, თეატრთან მოიყვან, მანქანით დაგელოდებით.

- მეც მოვიდე?

- აბა რა.

- გაიხარე, ზაზუკი, რა ძვირფასი ხარ. ასე არ ჯობია? - ტაში შემოჰკრა თათომ და ყარაჩოხლური ჟესტით მომესიყვარულა - ერთად შეკრულ თავის თითის წვერებს ხმაურით აკოცა და ეს კოცნა “საჰაერო ფოსტით” გამომიგზავნა...

***

მეორე დღეს მამაჩემს მანქანა, რომ იტყვიან, ძალით ავახიე. ცოცხალი თავით არ მატანდა, სარბენი მაქვს და მჭირდებაო. ვეხვეწე და ვეღრიჯე, დღეს ჩემი ბედი წყდება-მეთქი, ძლივს დავითანხმე.

სამის ნახევარზე უკვე თეატრის წინ ვიყავი დარჭობილი. დაძაბული ვიჯექი საჭესთან, წარამარა აქეთ-იქით ვიყურებოდი. არ ვიცოდი, საიდან გამოჩნდებოდნენ გოგოები. დრო გაიწელა... ოთხი დაიწყო... აი, ისინიც. სარკიდან დავინახე, როგორ მიახლოვდებოდნენ უკნიდან. თათო მხიარულად მომესალმა, კარი გააღო და პირველი ჩასკუპდა მანქანაში. ნატაც გვერდით მიუჯდა, ფერი არ ედო სახეზე.

- წავედით? - წამოიძახა თათომ.

მანქანა დავქოქე და დავიძარით. ხმის ამოუღებლად გავიარეთ რამდენიმე კილომეტრი. ქალაქს გავცდი და სამანქანო გზიდან გადავუხვიე, რომ უხმაურო ადგილი შემერჩია სალაპარაკოდ. ძრავა გამოვრჩე და ნახევრად შევტრიალდი, რომ რაღაც მეთქვა. თათომ დამასწრო.

- მე გადავალ, თქვენ ისაუბრეთ, - გამიღიმა და კარი გააღო.

მარტონი დავრჩით. ნატას სახე გაჰფითრებოდა, თვალებდახრილი იჯდა უკანა სალონში და იცდიდა, რას ვიტყოდი.

- წინ გადმოდი, თორემ ასე მგონია, ტაქსის მძღოლი ვარ.

ნატამ მორჩილად შეასრულა ჩემი თხოვნა, გვერდით მომიჯდა და თავი დახარა.

- აბა, რას იტყვი, გვაქვს სალაპარაკო?

- გვაქვს, - ცივად თქვა, - რას ნიშნავდა შენი სიტყვები, რა შემამჩნიე სამაგისო?

- რა შეგამჩნიე? თავად თუ მოგწონს შენი საქციელი, ნატა? - კითხვას კითხვა დავუხვედრე.

- ასეთი რა ჩავიდინე?

- მე უნდა გითხრა, რა ჩაიდინე? შენი აზრით, ლამაზია, როცა ჩემს გასაღიზიანებლად ხან ერთს აეტორღიალები, ხან მეორეს?

- ჯერ ერთი, მე არავის ვეტორღიალები და მეორეც, შენ რაში განაღვლებს, მე რას გავაკეთებ?

- არ უნდა მანაღვლებდეს? მე რომ შენნაირად მოვიქცე, არ შეგაწუხებს? შენ არ მომთხოვდი პასუხს?

- მე ალბათ მექნებოდა ცუდი რეაქცია, სრულიად გასაგები მიზეზის გამო, მაგრამ შენ რატომ ღიზიანდები, ჩემთვის გაუგებარია, - თან ლაპარაკობდა, თან ნიკაპით თავისსავე მაისურს ეხახუნებოდა.

- რაღაც ვერ მიგიხვდი...

- რა არის აქ მიუხვედრელი. მე მიყვარხარ და ამიტომაც გავღიზიანდებოდი, მაგრამ შენ? შენ რამ შეგაწუხა?

ახლა კი მივუხვდი... ის ჩემგან სიყვარულის ახსნას ითხოვდა...

აღელვებულმა სიგარეტს მოვუკიდე... ხელები ისე მიკანკალებდა, ცხრაჯერ ჩამოვკარი სანთებელას.

- არ იცი, რამ?

- არ ვიცი...

- “არ ვიცი” საუკეთესო გამოსავალია. ეს სიტყვა რომ არ მოეგონებინათ, რა გეშველებოდათ ქალებს, - იქედნურად ჩავიცინე.

- ასე მგონია, მე გინდა ყველაფერში დამადანაშაულო.

- რატომ გგონია, მერე? არც მიფიქრია. ვიცი, ჩემი ბრალია ბევრი რამ, მაგრამ სპეციალურად არ გამიკეთებია ასე, სიტუაციამ მოიტანა. იმ დღეს რაღაც ერთ საათში შემეცვალა გეგმები, ამიტომაც ვერ შეგხვდი. არ უნდა გამიგო? იქნებ რა ხდებოდა?

- იმ დღის მერე სხვა დღე არ გათენებულა? - ირონიულად აწკიპა წარბები.

- მერე... მერე გამოცდები გეწყებოდა და ხელი არ შეგიშალე.

- დაბადების დღის მოლოცვაც ხელის შეშლა იქნებოდა?

- დაბადების დღის? როდის იყო შენი დაბადების დღე?

- ხომ ხედავ, არც გახსოვს.

- არ მახსოვს? მართალი გითხრა, არ ვიცი და არც არასდროს მცოდნია.

- 19 ივლისს იყო... მეგონა, ნათქვამი მქონდა.

- მაპატიე, მაგრამ... არ ვიცი, შეიძლება ნათქვამიც გქონდა და არ გამახსენდა. ამის გამო მიბრაზდები? სულ ეგ არის შენი განრისხების მიზეზი?

- არა, ეგ არ არის. მე წინა შეკითხვას შეგახსენებ, რატომ გაღიზიანებს ჩემი საქციელი, რა გადარდებს? ამ კითხვაზე პასუხი არ გაგიცია...

- არც ვაპირებ. თუ ვერ ხვდები, რას ვითხოვ შენგან და რატომ, მაშინ ლაპარაკს აზრი არა აქვს, - ვთქვი გადაჭრით, მაღიზიანებდა მისი კატეგორიული ტონი.

- თუ ასეა, წავიდეთ, რაღას ვუცდით, არც არაფერი გვქონია გასარკვევი, - საოცრად მშვიდად თქვა და კარი გამოაღო, კვლავ უკანა სალონში გადაჯდა.

თათო მიხვდა, საუბარი რომ დავამთავრეთ და ჩვენკენ წამოვიდა, გვერდით მიუჯდა ნატას, თან ცნობისმოყვარედ ხან მე შემომხედავდა, ხან მას.

ისე შემოვედით ცენტრში, არცერთს კრინტი არ დაგვიძრავს.

- აქ გამიჩერე, - ცივად გაიჟღერა ნატას ხმამ, როცა უნივერმაღს მივუახლოვდით.

დავამუხრუჭე.

- ნახვამდის, - თქვა და გადავიდა.

თათო გაოგნებული მომჩერებოდა.

- რა მოხდა, ზაზა? - მთელი გზის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა.

- არაფერი, მოვედით, - თავი მოვატრიალე და გავუღიმე... თუ ამას გაღიმება ერქვა...

***

როგორ არ მინდოდა, ჩვენი შეხვედრა ასე დასრულებულიყო, მაგრამ სიჯიუტეს ვერ მოვერიე. ვერ შევძელი მეთქვა ნატასთვის, რაოდენ ძვირფასი იყო ჩემთვის, როგორ მიყვარდა... ხომ ვიცოდი, რომ ის ბავშვი იყო და შეცდომებიც ბავშვურად მოსდიოდა, მაინც ვერ გადავაბიჯე ჩემს სიამაყეს. ვხვდებოდი, ბედნიერება ხელიდან მეცლებოდა, მაგრამ პირველმა მაინც არ გადავდგი ნაბიჯი, მაინც არ დავთმე. რას ველოდი? ალბათ პატიების თხოვნას მისგან. მან კი ეს არ გააკეთა. რამაც, სიმართლე გითხრათ, ჩემი თავმოყვარეობა შელახა.

ყველა სიკეთესთან ერთად, მამაჩემთანაც გამიფუჭდა ურთიერთობა. გინდა თუ არა, მუშაობა დაიწყე, უსაქმურად სანამ უნდა იყიალოო. ერთ საღამოს ამის გამო მაგრად დავცხეთ ერთმანეთს. ლამის სახლიდან წავედი. დედაჩემის ხვეწნამ გამაჩერა მხოლოდ. ის მუდამ მანდილის როლს თამაშობდა ჩვენ შორის.

- რას ერჩი ამ ბავშვს, ადამიანო, რა ცოცხლად შეჭამე! მოეკიდება ოჯახს და დაიწყებს მუშაობას. შეეშვი, ახალგაზრდაა, წელის მოწყვეტა მერეც ეყოფა, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით ამქვეყნად, - როგორც ყოველთვის, გამომესარჩლა დედაჩემი.

- შენი ბრალია, ეგ რომ ეგეთია, შენ გააფუჭე! - დაუყვირა მამამ, - სანამ უნდა იაროს ასე უაზროდ? ცუდს რას ვთავაზობ. გახსნას დრამატული წრის სტუდია ჩემთან, თეატრში, აიყვანოს ბავშვები და რაღაც გააკეთოს. ერთი-ორი კაპიკი შემოუვა, რა არის ამაში მიუღებელი? არ მოგბეზრდა მაინც, პატარა ბიჭივით ყოველდღე რომ ფულს აძლევ?

- კიდევ კარგი, შენი ჯიბიდან არ ვაძლევ, თორემ რა გაგიძლებდა, ვეღარ ამოვიდოდით შენი ყბიდან, - არც დედა დარჩა ვალში, - სანამ შემეძლება, მივცემ და როცა არ შემეძლება, თვითონაც კარგად იშოვის.

- ვიღაცას დააყაჩაღებს, არა? ეგ არის მაგის ბოლო, გული მიგრძნობს, - დაიღრიალა მამამ და კარი გაიჯახუნა.

არ მიყვარდა ასეთი სცენები. გული მტკიოდა, როცა მშობლების განაწყენება მიწევდა. ორივე ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით დედა. მასზე ახლობელი არავინ მყავდა. იშვიათად, მისთვის რამე დამემალა. ნატას ამბავიც იცოდა, ოღონდ არა დაწვრილებით, ისე, გაკვრით. პირად თემებზე ცოტათი მიჭირდა მასთან საუბარი. როცა მამასთან უთანხმოება მომდიოდა, დედა ყოველთვის ჩემს მხარეს იჭერდა, კრუხივით გადამეფოფრებოდა და ბოლომდე მიცავდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, არ ვიყავი მართალი. ახლა, როგორც ჩანს, თვითონაც აევსო მოთმინების ფიალა, თავზე დამადგა და თმაზე ხელი გადამისვა.

- ზაზუკა, იქნებ მართალია მამაშენი, შვილო? სხვა თუ არაფერი, სიგარეტის ფული მაინც გექნება. ხელფასს დაგინიშნავენ, ბავშვებს ამეცადინებ, სპექტაკლებს დადგამ, ხალხი გაგიცნობს. მერე რა იცი, რა ხდება, იქნებ...

- კარგი, რა, დე, ზღაპრებს ნუ მიყვები, ძალიან გთხოვ.

- მაინც დაფიქრდი, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი, - თქვა და სამზარეულოში გავიდა, ზედმეტი შეგონებებით არ შემაწუხა.

მეც დავფიქრდი. ერთი მხრივ, არ იყო ცუდი იდეა. ტყუილუბრალოდ ყოფნას ნამდვილად სჯობდა. ბავშვებთან მუშაობა სასიამოვნოდაც კი წარმომედგინა, ამასთან, თეატრში ვიქნებოდი და რეპეტიციების დროს ნატასაც ხშირად ვნახავდი.

სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმაც შევიმუშავე. საღამოს, მამა სამსახურიდან რომ დაბრუნდა, შინ დავხვდი და დატუქსული ბავშვივით წინ ავეტუზე.

- რა იყო, ფული შემოგაკლდა? - გამომცდელად შემათვალიერა.

- არა, სხვა რამე მინდა გითხრა. შენი წინადადება მომეწონა და თანახმა ვარ, ვიმუშაო.

- ვა! რა ბზიკმა გიკბინა, ხომ კარგად ხარ? - კმაყოფილმა ჩაიცინა.

- ოღონდ ერთი პირობით... - კეფა მოვიქექე და თვალებმოჭუტულმა გავხედე.

- პირობებსაც მიყენებ, კაცო! შენ ვინ ყოფილხარ, - როხროხით გაიცინა და მაგიდას მიუჯდა.

- ორი კვირა უნდა მაცალო. იქამდე ბავშვები შემიკრიბე და დავიწყებ.

- ორი კვირა რა ამბავია? სადმე აპირებ წასვლას?

- არსად, სახლში მინდა ვიყო. ნაბიჯს არ გავადგამ შინიდან. თუ ვინმე მიკითხავს ან დამირეკავს, ყველას ეტყვით, რომ მოსკოვში ვარ, ვითომ თეატრიდან გამიშვით საქმეზე.

- აუჰ! მერე? შინ რა უნდა აკეთო?

- არაფერი. ცოტა დეპრესია მაქვს და... ორთქლს გამოვუშვებ. ხომ იცი, ხელოვან ხალხს ხშირად ემართება ასეთი რამეები.

- ვიცი, ვიცი, - მრავლისმეტყველად გაიღიმა მამამ და თავი გააქნია, - შენ თუ ეგ გიშველის, თანახმა ვარ, ოღონდ დედაშენიც გააფრთხილე, არაფერი წამოსცდეს.

- რა თქმა უნდა, მაგ საქმეს მოვაგვარებ.

- მოკლედ, ორი კვირაში დრამწრე უკვე დაკომპლექტებული იქნება და არ მიმტყუნო, იცოდე. გასაგებია?

- გასაგებია. დიდი მადლობა, მამა.

არ ვიცი, რაში მჭირდებოდა იმის მოტყუება, ვითომ მოსკოვში ვიყავი, მაგრამ ჩემი გეგმის მიხედვით, ასე იყო საჭირო. ვიცოდი, ჩვენს პატარა ქალაქში ახალი ჭორი სწრაფად ვრცელდებოდა. დარწმუნებული ვიყავი, ნატას ყურამდეც მალე მიაღწევდა ჩემი გამგზავრების ამბავი. ცოტათი მაინც ხომ აუფართხალდებოდა გული? იქამდე რაღაც ლამაზ საჩუქარს ვუყიდდი და მერე, შერიგების მიზნით, ვეტყოდი, მოსკოვიდან ჩამოგიტანე-მეთქი. მართალია, “მარიაჟობა” გამომდიოდა, მაგრამ ხანდახან ასეთი მსუბუქი ტყუილები აუცილებლადაც კი მიმაჩნდა. ქალი მხოლოდ საჩუქრებით და ქათინაურებით არ უნდა დაიპყრო. შიგადაშიგ უნდა ანერვიულო კიდეც, რომ ყურადღება არ მოადუნოს და სხვისკენ არ გაიხედოს. გაუჩინარება კი ამ დროს საუკეთესო საშუალებაა. გარკვეული დროის განმავლობაში მთელი გულისყური იქითკენ ექნება მიმართული, “ის” როდის გამოჩნდება.

უფრო და უფრო მომწონდა ჩემი იდეა. კარგია!.. მთელი ორი კვირა ჩემს მოლოდინში იქნება. მერე კი მოულოდნელად გამოვეცხადები და...

დედაჩემს ვთხოვე, შენ გადამყიდველებს კარგად იცნობ და იქნებ რომელიმეს გერმანული თოჯინები ჰქონდეს ჩამოტანილი, საჩუქრად მინდა-მეთქი. ეშმაკურად შემომხედა, მიხვდა, რისთვისაც მჭირდებოდა და... დატრიალდა. იმავე საღამოს მომიტანა საკმაოდ ორიგინალური შავკანიანი ბიჭის თოჯინა, შავი ხუჭუჭა თმით, რომელსაც ყვითელი ზედატანი და ჭრელი შორტი ეცვა. რომ შეხედავდი, ნამდვილ ბავშვს ჰგავდა. კარგა ხანია, ასე ძალიან არაფერი მომწონებია...

***

თხუთმეტი დღე იმაზე სწრაფად გავიდა, ვიდრე ველოდი. არც სატელეფონო ზარებს ვპასუხობდი, არც ფეხს ვადგამდი სახლიდან. სულიერადაც დავისვენე და ფიზიკურადაც. მეთექვსმეტე დღეს თმა გავიკრიჭე, წვერი გავიპარსე, ფორმაში ჩავდექი და თეატრისკენ მიმავალ გზას დავადექი. იქ უკვე მელოდნენ მოსწავლეები - ქალაქის სკოლების მერვე-მეათე კლასელები. ჩემი “მსახიობური” ნიჭი სხვა ვერაფერში გამოვიყენე და აქ მაინც ვცდიდი ბედს. თოთხმეტი ბავშვი დამხვდა - სამი ბიჭი და თერთმეტი გოგო. ამის დანახვაზე კინაღამ გული გამისკდა. ძლიერი სქესი აშკარად უმცირესობაში მოყვა, ეს კი არ იყო კარგი. თუმცა ბევრი არ მიფიქრია. ეგრევე მომწიფდა თავში იდეა, “ქამუშაძის გაჭირვება” დამედგა ან “დარისპანის გასაჭირი”. ამ შემთხვევაში გოგონების სიმრავლე სწორედ რომ გამომადგებოდა. პირველი მეცადინეობა გაცნობას დავუთმე. გონებაგახსნილი ბავშვები ჩანდნენ, ნიჭიერები. შევთანხმდით, რამდენიმე გაკვეთილი მხატვრული მეცადინეობისთვის დაგვეთმო - ლექსები და მოთხრობები წაგვეკითხა, მერე კი როლებს გავანაწილებდით და სერიოზულად დავიწყებდით მუშაობას. საახალწლო ზეიმზე კი პირველი სპექტაკლით წარვდგებოდით მაყურებლის წინაშე. ეს ჩემი დებიუტიც იქნებოდა და მათიც. სიხარულისაგან ისე ახმაურდნენ, რამდენიმე თანამშრომელმა კარიც კი შემოაღო, ერთმანეთს ხომ არ ხოცავთო. რეპეტიციები ორშაბათს და ხუთშაბათს დავნიშნე, სამიდან ხუთ საათამდე. თენგოსაც სწორედ ამ დღეებში ჰყავდა მოცეკვავეები დაბარებული. დროც ხელს მაძლევდა, მე ხუთ საათზე დავითხოვდი ბავშვებს, თენგო - ექვსის ნახევარზე. ამის გამო ნატასთან შეხვედრა გარანტირებული მქონდა.

ნატა... როგორ მომენატრა. მთელი ჩემი სულის სამყაროც მისი სიყვარულით იყო გაჯერებული და ჩემი სხეულის ყველა წერტილიც, ყველა უჯრედიც. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყველგან მას ვეძებდი თვალებგაფაციცებული - ქუჩაში, შენობაში, პარკში, ტრანსპორტში... ჩემს ფიქრებსა და ფანტაზიებშიც კი. ამხელა კაცს უსასრულოდ შემეძლო ფანტაზიებში ჩავძირულიყავი, მთელი ღამე მეოცნება და ჩემი პერსონალური სამყარო შემექმნა. ადამიანის ფანტაზია ხომ იმით არის მიმზიდველი, რომ მისი ასრულებაა შესაძლებელი. როცა ასეთი შანსი არ არის, ცხოვრება აშკარად მოსაწყენი ხდება. ფანტაზიების სამყარო კი რაღაცნაირად იდუმალია - სხვებისთვის მიუწვდომელი, გამოუცნობი და ყველაზე მეტი საიდუმლოებით მოცული. აქ ყველაფერი შეიძლება - ის, რასაც რეალობაში ვერ აისრულებ, რასაც ცხოვრებაში ვერ მისცემ საკუთარ თავს... აქ ყველაზე თამამი სურვილები ყველაზე ლამაზად გისრულდება. აქ მხოლოდ შენ ცხოვრობ და ცხოვრობ იმასთან ერთად, შენ რომ აირჩიე... იქ, რეალურ ცხოვრებაში რომ მიუწვდომელია, აქ შენთან ერთად არის და ისე გესმით ერთმანეთის, როგორც არასდროს. აქ ყველაფერი მოსულა. ამიტომაც ფანტაზიას ყოველთვის უნდა მისცე გასაქანი. ერთდროულად სასიამოვნოც არის და... ვფიქრობ, სასარგებლოც.

***

ყოველი შემთხვევისთვის, ნატასთვის განკუთვნილი საჩუქარი სამსახურში წავიღე და კარადაში შევინახე. მინდოდა ახლოს მქონოდა, რომ, როცა შემთხვევა მომეცემოდა, გადამეცა მისთვის.

ეს დღეც დადგა. ხუთშაბათი იყო. სამის ნახევარი გახდა. მოსწავლეების მოლოდინში ფანჯარას მივუახლოვდი და გარეთ გავიხედე...

გავიხედე და ვიგრძენი, როგორ შეწყვიტა გულმა ფეთქვა, როგორ გამიჩერდა სუნთქვა... ნატა კიბეზე ამოდიოდა. ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მომნუსხველი, თვალი ვერ მოვწყვიტე. წითელი კაბა ეცვა, მოკლე. შავი, ფართო ქამარი შემოერტყა წელზე. ამაყად მხრებგაშლილი და თავაწეული მოირხეოდა. ვერ მოვითმინე და მინაზე დავუკაკუნე. დაფეთებულმა მოიხედა და რომ დამინახა, სახე აუფორაჯდა. მოულოდნელად ისე შექანდა საფეხურზე, ვიფიქრე, გული წაუვა და დაეცემა-მეთქი. ხელით ვანიშნე, ჩემთან შემოსულიყო. მან თვალები დახარა და ნელა, სვენებ-სვენებით გააგრძელა კიბეზე ამოსვლა. რამდენიმე წუთი გავიდა, სანამ კარი გაიღებოდა... ჩემი დამემართა... სისხლი გამეყინა ძარღვებში. როგორც იქნა, მოვისაზრე, საჩუქარი გამოვიღე კარადიდან და მაგიდაზე შემოვდე. სწორედ ამ დროს გაიღო კარი და შემოვიდა, თან საოცარი სურნელი შემოიტანა. ოდნავ შეცბუნებული ჩანდა.

- მეძახდი? - გაუბედავად იკითხა და ზღურბლზე გაშეშდა.

- ჰო. როგორ ხარ?

გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.

- ამის სათქმელად დამიძახე?

- რაღაც კარგი სუნამო გასხია...

- მერე რა? - შეეცადა, ტუჩის კუთხეებთან გაჩენილი ღიმილი დაემალა, მაგრამ არ გამოუვიდა.

- ეს სურნელი ყოველთვის მაღელვებდა, ახლა - მით უმეტეს, - ვთქვი და ანერვიულებულმა სიგარეტს მოვუკიდე, - ეს წითელი კაბაც ჰარმონიულად ერწყმის შენი სუნამოს არომატს.

- ჰმ... - ტუჩაბზუებულმა გამომხედა, - ეგ კომპლიმენტი პატარა, სულელ გოგოებს უთხარი.

- ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ფაქტია, - შეხედე! შენი კაბის ფერი ანთებულ სიგარეტთან კარგ კომბინაციას ქმნის - ერთიც წითლად ანათებს და მეორეც, - გავიხუმრე და საჩუქრისკენ გადავდგი ერთი ნაბიჯი.

- სულ ეს არის? - გულგრილად იკითხა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს უკვე მოჰბეზრდა ჩემთან საუბარი, - სხვათა შორის, ნებისმიერი სხვა შენს ადგილას...

- ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, - შევაწყვეტინე სიტყვა, - კარგად ვიცი და ალბათ არც შენ გესწავლება, რომ სხვა ყოველთვის სხვა ადგილასაა, მე კი ჩემსაზე და შეუძლებელია, ერთმანეთის ადგილზე აღმოვჩნდეთ.

თითქოს შენიშვნა არ ესიამოვნაო, პროტესტის ნიშნად ტუჩი აიბზუა, შუბლი შეკრა, გაბრუნდა და გასვლა დააპირა.

- თუ ახლა გატრიალდები და წახვალ, იცოდე, მოვკვდები, - სუნთქვაშეკრულმა მივაძახე.

- ნუთუ? ვითომ სიყვარულისგან? - თავი მოატრიალა და მომაკვდინებელი მზერა მესროლა.

- გულის შეტევისგან, - კვლავ გავუცრუე იმედი და თვალი ავარიდე.

- ჩემგან არ გესწავლება, მაგრამ შენი პირველი ხუმრობა წითელ კაბასა და სიგარეტზე გაცილებით წარმატებული იყო, ვიდრე ეს, მეორე. რის გამოც უფრო მეტად იძულებული ვხდები, წავიდე.

- რატომ მემტერები ასე, ნატა? ნუთუ პატიების უნარი არ გაგაჩნია?

- როგორ თქვი? პატიების? განა რა ჩაიდინე ასეთი? ჩემი საპატიებელი რა გჭირს?

- მორჩი ირონიას! შენც კარგად ხედავ, რომ ორივე ცეცხლს ვეთამაშებით. ეს კარგ ფინალამდე არ მიგვიყვანს. მე ვცდილობ, გამოვისყიდო დანაშაული, შენ კი ამის საშუალებას არ მაძლევ. რატომ ხარ ასეთი შეუვალი?

- ვერ გავიგე, რა გინდა ჩემგან, ზაზა? შენ შენი ნებით შემოიჭერი ჩემს ისტორიაში, საშინლად, საშიშად, ყველაფერი გააფუჭე, თავდაყირა დააყენე, გზა-კვალი ამიბნიე, არიე, დარიე ყველაფერი და ახლა რაღა გინდა, რას მთხოვ? ჩემი ცხოვრება შენი მოფიქრებული ხომ არ გგონია ან შენი დაგეგმილი, რომ როგორც შენ გინდა, ისე ვაკეთო ყველაფერი?

- მინდა ისევ ისე ვიყოთ, როგორც აქამდე ვიყავით... მინდა, რომ ისევ გიყვარდე, - ძალიან, ძალიან ხმადაბლა ვთქვი.

- და ვიტანჯო ამ სიყვარულით, არა?

- რატომ უნდა იტანჯო... ჩვენ ხომ ძალიან ლამაზი დღეები გვქონია ერთად... იქნებ დაგავიწყდა...

- ჩემდა სამწუხაროდ, არასდროს მავიწყდება ცუდი კომპლიმენტი, ცუდი კოცნა და ცუდი მამაკაცი.

მისმა სიტყვებმა მახვილივით გაიარა მკერდში და გული გამიგლიჯა. რაც გინდა ეთქვა, ოღონდ ეგ არა. ცხოვრებაში არასდროს, არცერთ ქალს, ჩემთვის მსგავსი რამ არ უკადრებია. სასტიკად მიხდიდა სამაგიეროს, დაუნდობლად მისწორდებოდა.

- როგორი უგულო ყოფილხარ... მე კი მეგონა, ყველასგან განსხვავებული იყავი და ურთიერთობაც ასეთი გვქონდა. იქნებ უკან წაგეღო შენი სიტყვები, - ვცდილობდი, იქ, სადღაც, გულის სიღრმეში გაწყვეტილი მთავარი სიმი როგორმე გადამება, რომ უაზრო ჯიბრის გამო ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ისტორია არ დამეარქივებინა.

- კიდევ მე ვარ უგულო? რატომ ცდილობ, ყოველთვის შენ წამომიყენო ხოლმე ბრალდებები? შენ რა, უფრო სპეტაკი ხარ? უშეცდომო? მეტად დამთმობი? იცი, რა გადავიტანე შენთან განშორების შემდეგ ან მანამდე? რატომ არ მეკითხები? - ისე შეეკრა სუნთქვა, თითქოს ყელში თოკი წაუჭირესო, ერთიანად გაუწითლდა სახე.

- ახლა გეკითხები და მიპასუხე, - ისევ ძალიან ხმადაბლა ვთქვი.

მოულოდნელად მხრები აუცახცახდა. მივხვდი, კიდევ ერთი სიტყვა და აღრიალდებოდა. კედელს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და გაირინდა.

ადგილიდან არ დავძრულვარ, მოთმინებით ველოდი, რა მოხდებოდა.

ნატა გაჩუმდა, ღრმად ამოისუნთქა და თანდათან დამშვიდდა. სახეც დაუწყნარდა. რამდენიმე წუთის შემდეგ თავი წამოსწია, თვალები ნელა გაახილა და უმწეოდ შემომხედა.

- იმ დღეს, პარკში რომ შეგხვდი, მეგონა, ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა. მეგონა, რაღაცას მოიმოქმედებდი ჩემს შესაჩერებლად... არ ვიცი, ალბათ მეტ აქტიურობას ველოდი შენგან. როცა გავტრიალდი და წავედი, შეშინებული ვიყურებოდი აქეთ-იქით, თვალებში ჭადრის ფოთლები მეჩხირებოდა, ასე მეგონა, ახლა მოტყდება რომელიმე ტოტი, თავზე დამეცემა და სასწაული მოხდება-მეთქი. მაგრამ არც სასწაული მოხდა და არც შენ გამოიქეცი ჩემკენ. ვგრძნობდი შენს დაჟინებულ მზერას ზურგიდან და გულისფანცქალით ველოდი, როდის დამიძახებდი... თან ვფიქრობდი, რომ დამიძახოს, როგორ მოვიქცე - გავჩერდე თუ გზა გავაგრძელო-მეთქი. შენ წარმოიდგინე, არჩევანის გაკეთება არ გამძნელებია.

- მივხვდი, რომ არ გაგძნელებია, ამიტომაც არ დაგიძახე. ვიცოდი, რომ ჯიუტად გააგრძელებდი გზას.

- ცდები, ზაზა... მე გაჩერება ვარჩიე, მაგრამ შენ არ ისურვე, გავჩერებულიყავი. აი, ამაშია საქმე.

ამის გაგონებაზე გული მომეწურა. ვერ ვუთხარი, რომ მაშინ სიამაყემ მძლია, რომ ვერ გადავლახე ის რაღაც, რამაც მისი თავი დამაკარგვინა. ახლა ახსნას კი აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ვცადე, არ შემეძლო მისი ასე ადვილად დათმობა.

- ახლა რომ დაგიძახო, გაჩერდები?

მწარედ გაეღიმა.

- გაჩერებული არ ვარ? მგონი, არსად გავრბივარ.

იმდენად მოულოდნელი იყო მისი სიტყვები, დავიბენი. ყოველივე იმის შემდეგ, რაც რამდენიმე წუთის წინ მითხრა, ასეთ შემობრუნებას არ მოველოდი. წონასწორობადაკარგულმა ჯერ მისკენ გადავდგი ნაბიჯი, მერე ისევ შევტრიალდი და უცებ თვალში საჩუქარი მომხვდა. უკვე ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა. ამწუთას ზანგის ბიჭი თუ გადამარჩენდა.

- მე შენ საჩუქარი ჩამოგიტანე, - ვთქვი და თოჯინას ხელი დავავლე, ყუთი გავხსენი და ზანგის ბიჭუნა ნელ-ნელა ამოვაძვრინე იქიდან.

- რა ლამაზია! - აღფრთოვანება ვერ დამალა ნატამ და ჩემკენ დაიძრა... უფრო სწორად, თოჯინასკენ.

- საიდან?

- მოსკოვიდან ჩამოგიტანე, - გავიბღინძე.

- მე ჩამომიტანე? არა-ა!..

- არა კი არა, კი.

- ძალიან უცხოა, მაგრამ...

- არავითარი მაგრამ, ეს შენი საჩუქარია, აიღე.

საწყალი გოგონა... ერთიანად ცახცახებდა, როცა ყუთი გამომართვა. თან უნდოდა გამორთმევა, თან ყოყმანობდა, თითქოს ამისთვის ვინმე გაკიცხავდა.

- მოსკოვში რა გინდოდა? - მკითხა ბოლოს, თან დარცხვენილი მომჩერებოდა.

- საქმეზე გამგზავნეს.

- ისეთი რა საქმე იყო, ორი კვირა რომ მოუნდი?

შეუმჩნევლად გავიღიმე. არამც თუ ის იცოდა, წასული რომ ვიყავი, ორი კვირით რომ დავიკარგე, ისიც კი არ გამოჰპარვია. ეს კარგის მანიშნებელი იყო.

- თეატრს სჭირდებოდა რაღაც. იცი? იქ ყოფნისას დღეებს ვითვლიდი, როდის დავბრუნდებოდი უკან.

- რატომ? - სულმოთქმელად მკითხა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ მისთვის სასურველ პასუხს ელოდა. მეც არ დავაყოვნე.

- შენი ხმის გაგონება მენატრებოდა, - ვუთხარი და მხარზე გადავხვიე მკლავი, ჩემკენ მოვიზიდე.

კნუტივით უსუსურად დამყვა, თავი მკერდზე მომადო და ნებიერად აკრუსუნდა.

- მეც მენატრებოდი, - დაიჩურჩულა.

- ჰოდა, როცა ორ ადამიანს ასე ენატრება ერთმანეთი, ჩხუბი რა საჭიროა? - დრო ვიხელთე, რომ საყვედურისმაგვარი რამ მეთქვა.

- მე არ მიყვარს ჩხუბი. ჩემი ბრალი არ არის, ასე რომ მოხდა.

- ვიცი, ვიცი, არ გვინდა ახლა კამათის თავიდან დაწყება. ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ წასული დღეები და ხვალინდელზე ვიფიქროთ.

- მართლა დაიწყე მუშაობა თუ მომატყუეს?

- მართლა დავიწყე.

- რას აკეთებ?

- დრამატულ წრეს ვხელმძღვანელობ. მოსწავლეები ავიყვანე.

- ბევრნი არიან?

- ჯერჯერობით თოთხმეტნი. შენც ხომ არ გინდა?

- რატომაც არა, სიამოვნებით.

- სამწუხაროდ, შენ დიდი ხარ, მე მერვე, მეცხრე და მეათე კლასის ბავშვებს ვამეცადინებ.

- შენი აზრით, მე არ ვგავარ სკოლის მოსწავლეს?

- ჰგავხარ, მაგრამ მაინც არ გამომადგები... ამ საქმეში, რა თქმა უნდა, - ღიმილით დავაყოლე.

- გოგოებიც არიან? - ეშმაკურად იკითხა.

- “ც” კი არა, გოგოები არიან, თუ არიან. მხოლოდ სამია ბიჭი.

- ტუზი დაგცემია და ეგ არის.

- აბა, აბა, ეგეთები არ იყოს! არ დაგავიწყდეს, რომ მე მასწავლებელი ვარ.

- ზაზა! - დამიძახა მოულოდნელად.

- რა იყო? - თმაში შევუცურე ხელი და უფრო ძლიერად მივიკარი გულზე.

- მაკოცე...

- აკი ცუდი კოცნაო და რამე?... - გავუხსენე თავისი “ნაფილოსოფარი” სიტყვები.

- ეს ისე ვთქვი, შენს გასაბრაზებლად, - თავი ასწია და სიყვარულით სავსე მზერა შემომანათა.

ვის შეეძლო ასეთი ცდუნებისთვის გაეძლო! ვერა კაცი ვერ მოითმენდა. თავი ოდნავ დავწიე და ტუჩებში წავწვდი. პირველ წამს ოდნავ გამიჭირდა, რადგან უგემური პომადის ალოკვა მომიწია, მერე კი... მერე თავდავიწყებით გადავთელე ალერსს მოწყურებული ბაგეები და ნეტარებაში ჩაფლულმა ბოლოს მის ყელში ჩავრგე თავი.

ამ დროს კარი გაიღო და ბავშვები ხმაურით შემოიჭრნენ. უჩვეულო სურათის დანახვისას ბოდიში მოიხადეს და ეშმაკური ღიმილით გაიძურწნენ ოთახიდან.

- წავედი, მეც რეპეტიცია მეწყება, თენგო გამიგიჟდება, - უხერხულად შეიშმუშნა.

- რომ დაამთავრებ, ჩემთან შემოდი, კარგი?

- რისთვის? - მაცდურად მოხუჭა თვალები.

- დაწყებული საქმე გავაგრძელოთ. არ მიყვარს ასეთი რამეების შუა გზაზე მიტოვება, - კიდევ ერთხელ ვაკოცე და გავეცალე, რომ ცოტათი სული მომეთქვა, ძალიან ვიყავი აღგზნებული.

ნატამაც გაიწია, იქვე, სკამზე ჩამოჯდა, კოსმეტიკური ჩანთა ამოიღო და თავის მოწესრიგებას შეუდგა. თან პატარა სარკეში იყურებოდა, თან საგულდაგულოდ ისვამდა ტუჩებზე პომადას.

- ძალიან გთხოვ, მაგ საზიზღრობის გემო მეორედ არ გამასინჯო, კარგი? - საჩვენებელი თითი პომადისკენ გავიშვირე.

- როგორც კი კარს მოვუახლოვდები, მოვიცილებ, - კეკლუცად გაიღიმა და წამოდგა, - კარგ ფორმაში ვარ? - პატარა ბავშვივით დატრიალდა ჩემ წინ.

- მწიფე ატამივით კარგი ჩასაკვნეტი ხარ და არ აგცდება, იცოდე! - “დავემუქრე”.

- ატმის ჩაკვნეტა არ გამიგია, - გადაიკისკისა.

- მაშინ კარგი ჩასაკბეჩი ხარ, - “გამოვასწორე” შეცდომა.

- და არ ამცდება, არა?

- არ აგცდება, გპირდები.

- მაგასაც ვნახავთ... სულ ცოტა ხანში, - ცერა და საჩვენებელი თითი ერთმანეთს მიუახლოვა, რითაც “ცოტა” გამოხატა და ბედნიერებისგან თვალებგაბრწყინებული ოთახიდან რხევა-რხევით გავიდა.

სანამ კარს გაიხურავდა, მოიხედა და გამომწვევი მზერა მესროლა, ვნებით ანთებული, ნდომით გაჯერებული...

***

სამწუხაროდ, ჩვენი ხელმეორე შეხვედრა არ მოხერხდა. შუა რეპეტიციის დროს მამამ დამირეკა და მითხრა, დედაშენი ცუდად გამხდარა და მეზობლებს საავადამყოფოში წაუყვანიათო. აზრადაც არ მომსვლია ნატას გაფრთხილება, ბავშვებიც შუა დარბაზში მივატოვე და თავზარდაცემული საავადმყოფოში გავვარდი. დედას აივანზე გული წასვლია, სარეცხს ფენდა თურმე. მეზობლის ლამარა ყოფილა ჩვენთან ხახვის სათხოვნელად შემოსული, დაუნახავს გულწასული ქალი და სასწრაფოში დაურეკავს...

მდგომარეობა არ იყო საგანგაშო, თუმცა კი მიკროინფარქტი დაუდგინეს. ორკვირიანი წოლითი რეჟიმი და მკაცრი დიეტა დაუნიშნეს. არაფრით არ დარჩა საავადმყოფოში, შინ წამიყვანეთო. რას გავაწყობდით, წამოვიყვანეთ. იმ დღესვე დავურეკე ჩემს დას ქუთაისში, დროებით დატოვე შენი ქმარ-შვილი და დედას მოხედე-მეთქი. საცოდავი გოგო ორ საათში ჩვენთან გაჩნდა. დალი რომ მოვიდა, შვება ვიგრძენი, უკვე აღარ მეშინოდა. მამასაც მოეშვა გულზე.

საღამოს ნატასთან დარეკვა ვცადე, მაგრამ ამაოდ - მთელი ღამის განმავლობაში ყურმილს არავინ იღებდა.

* * *

დედა რამდენიმე დღეში მოკეთდა. ამ მხრივ უკვე მშვიდად ვიყავი, მაგრამ ნატასთან დაკავშირება ვერაფრით მოვახერხე. თეატრშიც ორი რეპეტიცია გააცდინა. ისევ თათულის მივმართე საშველად. დავურეკე და მოვუყევი, რაც მოხდა. ვთხოვე, აუხსენი ყველაფერი და იქნებ დამირეკოს ან ყურმილი აიღოს, საღამოს-მეთქი. ორი დღე გავიდა და პასუხი არ მიმიღია. ამბის გასაგებად ვერც თათო დავიჭირე ტელეფონთან. როცა არაფერი გამომივიდა, გადავწყვიტე, სასწავლებელში მიმეკითხა ნატასთვის და იქ მენახა. არ მიყვარდა პატარა ბიჭივით შეყვარებულის კართან ატუზვა და ლოდინი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. ამჯერად როგორმე უნდა გადამელახა ჩემი სიამაყე.

ორშაბათი იყო, რეპეტიციის დღე, ამიტომ ვიფიქრე, თუ დღესაც არ მოვიდა ცეკვის გაკვეთილზე, ხვალ დილით მივადგები პროფტექნიკუმში-მეთქი. არ მოვიდა. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. გული აშკარად ცუდს მიგრძნობდა. არავინ იცოდა, ჩემს გასამწარებლად კიდევ რა ჰქონდა ჩაფიქრებული.

ექვსი დაიწყო, მეცადინეობა რომ დავამთავრეთ. კმაყოფილი ვიყავი. ბავშვები მთელი მონდომებით სწავლობდნენ თავიანთ როლებს და კარგადაც გამოსდიოდათ თამაში. თუ ასე გაგრძელდებოდა, ნოემბრის ბოლოს უკვე დეკორაციებზე დავიწყებდით მუშაობას.

ამ ფიქრებში გართული ცენტრში გავედი, საათი გამიფუჭდა და ნოდარასთან უნდა მიმეტანა, მესაათესთან. უცებ ჩემი ყურადღება ნაცნობმა სილუეტმა მიიპყრო. ავტოსადგურის წინ ნატას მოვკარი თვალი, ყავისფერ “ჟიგულს” მიჰყუდებოდა. გვერდით ერთი ბიჭი ედგა, ფეხბურთელი, დიტო ერქვა. მას კარგად არ ვიცნობდი, რადგან გორიდან რამდენიმე თვის ჩამოყვანილი ჰყავდათ, ჩვენი ქალაქის ნაკრებში თამაშობდა. ათიოდე მეტრში ჩავუარე ორივეს. მომეჩვენა, რომ ცხარედ კამათობდნენ რაღაცაზე. იქვე მაღალი, ქერა გოგოც შევნიშნე. როგორც ჩანს, მათთან იყო, რადგან შორიახლოს ტრიალებდა და თვალს არ აშორებდა წყვილს.

ნოდარას მივესალმე, საათი მივაწოდე და ვთხოვე, ნახე-მეთქი, თან გულისყური ნატასკენ მქონდა, მაინტერესებდა, რა ხდებოდა. უცებ, თითქოს რაღაც იგრძნოო, თავი მოატრიალა და ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ჩემს დანახვაზე სახეზე სასოწარკვეთილება აღებეჭდა. მომეჩვენა, რომ შველას მთხოვდა. ადგილიდან არ დავძრულვარ, თითქოს მიწას მიველურსმნე, თან დაძაბული გავყურებდი მათ. დიტო ზურგით იდგა ჩემკენ, ამიტომ ვერ მამჩნევდა. “თუ დამიძახებს, მივალ, - გავიფიქრე, - თუ არადა, ფეხს არ მოვიცვლი აქედან”. როცა ნატამ ჩემი გულგრილობა შენიშნა, გატრიალდა და წასვლა დააპირა. დიტომ მკლავში ჩაავლო ხელი და რაღაც უთხრა. ნატამ კიდევ ერთხელ მოიხედა და საყვედურით სავსე მზერა მომაპყრო. ვერ გადავწყვიტე, როგორ მოვქცეულიყავი. რომ მივსულიყავი და უარესი გამოსულიყო? ჩემზე გაბრაზებულს არ გაუჭირდებოდა უხეშად მომპყრობოდა და უცხო ადამიანის თვალში დავემცირებინე. ამას კი ვერ ავიტანდი. მერე ის გოგოც მიუახლოვდა, მხარზე ხელი გადახვია და ახლა იმან დაუწყო რაღაცის ხვეწნა.

- ნოდარა, ხომ არ იცი, ის გოგო ვინ არის? - ვკითხე მესაათეს, რომელსაც ლუპა მოემარჯვებინა და ჩემს მაჯის საათს ჩაჰკირკიტებდა.

- აბა, რომელი? - ნოდარი ჯიხურიდან გამოვიდა და ჩემს მზერას თვალი გააყოლა.

- მოკლე “დუბლიონკა” რომ აცვია, ქერათმიანი.

- ა! ეგ ვაჟა დოლიძის გოგოა, “ცეხავიკის”. არ იცნობ?

- ვერ ვიცანი, რამხელა გაზრდილა.

- ჰო. თბილისში დაამთავრა სკოლა და აქ ჩამოიყვანეს, პროფში გააგრძელებინეს სწავლა, კარგი ატესტატის ასაღებად. იქ ჩაწყობა ვერ მოახერხეს ალბათ. ვაჟა აქ არის კაცი, თორემ თბილისში რას წარმოადგენს!.. შენი საათი ხვალ იქნება მზად, ერთი ნაწილი გაცვეთილია. სახლში მაქვს და დილით წამოვიღებ. ხვალ ნებისმიერ დროს მოდი და მზად დაგხვდება.

- გაიხარე, დიდი მადლობა, - ხელი დავუქნიე ნოდარას და მექანიკურად ავტოსადგურისკენ ავიღე გეზი.

ამ დროს გოგამ გამოიარა მანქანით და დამისიგნალა, საით გაგიწევიაო. უსიტყვოდ მოვუარე მანქანას წინიდან, კარი გამოვაღე და გულდამძიმებული ჩავჯექი.

- წამო ჩემთან, მაგარი ღვინო მაქვს, სიმამრმა მიფეშქაშა, არ გინდა დავლიოთ? - გოგა კარგ ხასიათზე ჩანდა.

- რა უნდა აღვნიშნოთ, რო? - უხალისოდ ვიკითხე.

- როგორ თუ რა, ჩემი ცოლი ორსულადაა, ბიჭო! უკვე მესამე თვეშია, - მხარზე ხელი დამკრა გახარებულმა და მანქანა დაძრა.

- ჰო-ო, მაშინ უნდა დავლიოთ, - ამოვიხვნეშე და საზურგე ოდნავ უკან გადავწიე, რომ მოხერხებულად მოვკალათებულიყავი.

როცა ნატას გვერდით ჩავუარეთ, რამდენიმე სიტყვას მოვკარი ყური - “სულ ერთი საათით, გოგო, რას გთხოვ ამისთანას!” - ეუბნებოდა დიტო.

გოგა რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ მისი ნათქვამიდან სიტყვაც არ გამიგია, მთელი არსებით იქ ვიყავი, მათთან. მაინტერესებდა, რას ითხოვდა ამისთანას ფეხბურთელი. სარკიდან მალულად გავყურებდი ავტოსადგურზე მდგომთ, სანამ გზიდან არ გადავუხვიეთ...

***

გვიანობამდე ვსვამდით. ბოღმა მახრჩობდა. პირველად ცხოვრებაში, ისე დავთვერი, ვეღარავის ვცნობდი. ისიც არ მახსოვს, ვინ და როგორ მიმიყვანა სახლამდე.

დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. თავის წამოწევა გამიჭირდა, ისე მქონდა დამძიმებული. საფეთქლებში თითქოს ჩაქუჩს მირტყამდა ვიღაც. თვალდახუჭულმა ხელის ფათურით მოვძებნე ტელეფონი და ყურმილს დავწვდი.

- ზაზა, თათო ვარ, გეძინა?

- ჰო. რა იყო?

- გაიგე ახალი ამბავი?

- არა, რა ამბავი? - საშინელების მოლოდინში წამოვიწიე.

- ნატა მოიტაცეს.

- რა-ა?! - ყურებს არ დავუჯერე, - რატომ, როდის, ვინ? - თავადაც არ ვიცოდი, რას ვამბობდი.

- ახალი ფეხბურთელი რომ არის, დიტო, ხომ იცი! გუშინ ნინა გადაეკიდა, დოლიძე, ვაჟა დოლიძის შვილი. ეგეც ჩვენთან სწავლობს, პროფში. ნატას აუტეხა, გინდა თუ არა, ჩემთან წამოდი, ერთი ბიჭი უნდა გაგაცნოო. უარი უთხრა, მამაჩემია ჩამოსული და სახლში დროზე უნდა მივიდეო. მერე რა მოხდა, არ ვიცი. ამწუთას კი ნინამ დამირეკა, წუხელ დიტომ მოიტაცა და ზესტაფონში წაიყვანაო.

ადვილი წარმოსადგენია, როგორ შევხვდებოდი ამ ამბავს. სახეზე სიცივე ვიგრძენი, თვალთ დამიბნელდა. თათოს ლაპარაკი უკვე აღარ მესმოდა და არც მაინტერესებდა. ყურმილი დავკიდე და უაზროდ ჭერს მივაშტერდი. საკუთარი გულის ბაგაბუგს საფეთქლებთან ვგრძნობდი... ესეც ასე-ე-ე-ე! ჩამოვედით, ზაზა, მორჩა, ეს არის ბოლო გაჩერება!

სასტუმრო ოთახში გამოვედი. შინ არავინ იყო. დედა ექიმთან უნდა წაეყვანა დალის, ხელახალი ანალიზების ასაღებად, მამა სამსახურში წასულიყო. უმისამართოდ დავბორიალებდი ოთახიდან ოთახში, ნაბახუსევს წონასწორობის შენარჩუნება მიჭირდა, გულისრევის შეგრძნებაც არ მასვენებდა. სააბაზანოში შევლასლასდი, ცივი წყალი შევისხი და სარკეში ჩავიხედე. სახე ჩამთეთქვოდა, საშინელი სანახავი ვიყავი. ჩემს ორეულს ნიშნის მოგებით გავუღიმე და... ერთიანად აცახცახებულმა კედელს მუშტები დავცხე, თან ქალივით ავტირდი... არა, არ ვტიროდი... უფრო სწორად, მშრალად ვტიროდი, უცრემლოდ... ვინმეს რომ შემოეხედა ჩემთვის, იფიქრებდა, გაგიჟებულაო... შეშლილივით ვატრიალებდი თვალებს აქეთ-იქით და უაზრო გრიმასებს ვკერავდი, თან ვცდილობდი, ხმა ამომეშვა მკერდიდან. მცდელობა ამაო იყო. ჩემი გოდება ძაღლის ყმუილს უფრო ჰგავდა...

სწორედ ასე ყმუიან ძაღლები, როცა გაუსაძლისად მოსაწყენი დღეები უდგებათ... როცა პატრონისგან საბოლოოდ მიტოვებულად გრძნობენ თავს...

გაგრძელება