"ვფიქრობთ, ფორმები იყოს ეროვნული სიმბოლიკით... გამოვაცხადებთ კონკურსს, საზოგადოების ჩართულობით ავარჩევთ ვარიანტებს და შემდეგ სკოლა გადაწყვეტს, რომელს შეარჩევს..." - ვინ შეკერავს ფორმებს, ვისთვის იქნება უფასო და როგორია ხედვა? მინისტრის პასუხები - მშობლები

"ვფიქრობთ, ფორმები იყოს ეროვნული სიმბოლიკით... გამოვაცხადებთ კონკურსს, საზოგადოების ჩართულობით ავარჩევთ ვარიანტებს და შემდეგ სკოლა გადაწყვეტს, რომელს შეარჩევს..." - ვინ შეკერავს ფორმებს, ვისთვის იქნება უფასო და როგორია ხედვა? მინისტრის პასუხები

2025-12-03 08:18:41+04:00

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელს" სტუმრობდა "აქტუალურ თემაში" და ვრცლად ისაუბრა გამოწვევებსა და ზოგადი განათლების კონცეფციაზე.

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ფორმები, რომლებიც სავალდებულო გახდებ მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის:

- სავალდებულო გახდება ფორმა. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში გავწეროთ კრიტერიუმები ფორმებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, იყოს ეროვნული სიმბოლიკის გარკვეული ელემენტებით. შეიძლება, მუნიციპალიტეტთან ან ქალაქთან დაკავშირებული სიმბოლიკაც იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობის და განხილვის საგანია და ეს ჯერ იდეებია, რომლებიც თავში გვიტრიალებს. როდესაც ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ კრიტერიუმებს, გამოვაცხადებთ კონკურსს და ვაპირებთ, წარმოდგენილი ნამუშევრები საყოველთაო კენჭისყრაზე და განხილვაზე გავიტანოთ საზოგადოებაში. და საზოგადოებამ შეარჩიოს რამდენიმე ვარიანტი, რომელი ფორმა იქნება მათთვის მისაღები, 3 ან 5 ვარიანტი. ერთი და ორი არ იქნება. შემდეგ თითოეულ სკოლას მიეცემა საშუალება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი დიზაინის ფორმა შეარჩიოს და შეაკერინოს. მე მგონი, აქ საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვიხარია, ჩვენი შვილები როგორი გამოწყობილები იქნებიან.

ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, სადაც გაჟღერებულა ფორმის საკითხი და რასაც ვუყურებ, ეს საკითხი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მოთხოვნაა. ამიტომ, მით უმეტეს, როდესაც საზოგადოება მთლიანად იქნება ჩართული ფორმის დიზაინის შერჩევაში და საუკეთესოს გამოვლენაში, და იქნება რამდენიმე ვარიანტი ასარჩევად, ვფიქრობთ, ეს იქნება გამჭვირვალე და მისაღები ყველასთვის. სავალდებულო კი ფორმა გახდება შემდეგი, 2026-27 სასწავლო წლიდან.

ჩვენ დაახლოებით გავიანგარიშეთ, ერთი კომპლექტი რა დაჯდება და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, ის ოჯახები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროში აღრიცხულები არიან სოციალური სამსახურების მიერ, ამ ოჯახების მოსწავლეები ფორმის კომპლექტს მიიღებენ უსასყიდლოდ სახელმწიფოსგან.

ასევე ვფიქრობთ, რომ ამ ფორმების შეკერვა უზრუნველყონ სახელმწიფო პროფესიულმა სასწავლებლებმა, სადაც მაღალ დონეზეა განვითარებული სამკერვალოები და ასევე ერთ-ერთი სოციალური პროექტის სახით გვაქვს, რომ ერთ-ერთი პროფესიული კოლეჯი "მოდუსი", რომელიც ფუნქციონირებს ქალაქ რუსთავში, მათ აქვთ ფილიალი გახსნილი რუსთავის მე-5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც ქალი მსჯავრდებულები ასევე არიან ჩართული სამკერვალო საქმიანობაში. სოციალური პროექტის სახით გვაქვს იდეა, რომ ისინიც ჩავრთოთ ამ პროცესში. და შესაბამისი დადგენილება გამოსცეს მთავრობამ, რომ ტენდერის გარეშე, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც შეფასებული არიან 60 ათასი ან ნაკლები ქულით სოციალური მუშაკების მიერ, მათთვის ფორმები შეიკეროს პროფესიული სასწავლებლების მიერ. რაც შეეხება დანარჩენს, ეს უკვე კონკრეტული სკოლების მიერ უნდა მოხდეს გატენდერება. და შესაძლებელია, რომ ინდივიდუალურად მშობელმა იზრუნოს და შეაკერინოს, ან იყვნენ შესაბამისი კომპანიები.

უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ კონკურსს, რომ გაზაფხულის დასაწყისისთვის, საზოგადოების ჩართულობით, გვქონდეს ფორმის რამდენიმე ნიმუში შერჩეული, რომ სკოლებს უკვე შეეძლოთ შერჩევა.

ეს არის სატესტო რეჟიმი. გვაინტერესებს პროცესები როგორ განვითარდება. ბევრ სკოლას ახლაც აქვს ფორმები, კერძო სკოლების უმრავლესობასაც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე სკოლას ვესტუმრე და განსაკუთრებით რეგიონებში, ბევრ სკოლას აქვს მიღებული ეს გადაწყვეტილება და სასკოლო ფორმები აქვთ ბავშვებს ყველა კლასში. თუმცა რადგან დიდი ხანია გამოვედით სავალდებულო პრინციპიდან, მნიშვნელოვანია რაღაც ეტაპები გავიაროთ, ამიტომ ტესტურ რეჟიმში შემოგვაქვს. ეს კულტურა ეტაპობრივად უნდა დავაბრუნოთ სკოლაში. ამ ეტაპზე მე-6 კლასის ჩათვლით. შემდგომში ამ პროცესს დავაკვირდებით და გავიგებთ, მართებული იქნება თუ არა ზედა კლასებშიც ფორმის შეტანა.

აქტუალური თემა იყო ასევე მობილურების აკრძალვა. მინისტრის პასუხი ასეთია:

- ვერავინ ვერ აუკრძალავს მოსწავლეს, რომ მობილური ტელეფონით მივიდეს სკოლაში. თუმცა აქ ჩვენი მთავარი აქცენტი და ყურადღების კონცენტრირება ხდება, რომ მობილური ტელეფონებისადმი წვდომა არ იყოს საგაკვეთილო პროცესში, სწავლის პერიოდში. ამ პერიოდში ის მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში მიიტანენ მობილურ ტელეფონს, სპეციალურად გამოყოფილ უსაფრთხო ადგილას მოხდება ამ მობილურების განთავსება და როდესაც სასწავლო პროცესი დასრულდება, ან შესვენებაზე, საჭიროების შემთხვევაში, ექნებათ გამოყენების შესაძლებლობა. გავწერთ სპეციალურ წესს, რომელიც დაინერგება და დაიცავს ყველა.

11-კლასიან სწავლებაზე 2027-2028 სასწავლო წლიდან გადავალთ... დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება - ცვლილებები სკოლებში