განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, გადაცემაში "აქტუალური თემა" ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის რეფორმის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა სკოლაში, ყველა კლასში მხოლოდ სამინისტროს მიერ შემუშავებული, ერთიანი სახელმძღვანელოები შევა:
- კონკრეტული საგნების ახალი სტანდარტი შევიმუშავეთ. ეს სტანდარტი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტსა და იქიდან გამომდინარე, ფასეულობებს ეფუძნება. რამდენიმე კვირის წინ, 3-დღიანი გასვლითი ღონისძიება ჩავატარეთ, სადაც საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი პედაგოგი, რესურსცენტრის თანამშრომელი, ხარისხის განვითარების სამსახურიდან ექსპერტი, უმაღლესი განათლების მიმართულების წარმომადგენლები შევკრიბეთ და მათთან ერთად ქართულის, ისტორიისა და გეოგრაფიის მიმართულებები განვიხილეთ. მათ მიერ წამოწეული საკითხები გავითვალისწინეთ. მათი ხედვები, კონკრეტული წინადადებები, მათი რეკომენდაციები მაქსიმალურად აისახა იმ სტანდარტში, რომლის საფუძველზეც, შემდგომში სახელმძღვანელოების შემუშავება უნდა დავიწყოთ.
ყველა საჯარო სკოლაში ერთსა და იმავე კლასში ერთნაირი სახელმძღვანელო იქნება. ამ საკითხთან დაკავშირებით კრიტიკაზე ვერც ერთი ღირებული არგუმენტი ვერ მოვისმინე. მოცემულობა ძალიან მარტივია. 20 წელია, იმ პროცესში ვართ, როდესაც თავისუფალი ბაზარი ავტორთა ჯგუფებს აძლევს საშუალებას, რომ მათ შეიმუშაონ კონკრეტული საფეხურის, კონკრეტული დისციპლინის სახელმძღვანელო. შემდგომში სამინისტროში გრიფირების შესაბამისი პროცედურები გაიარონ, მიიღონ თანხმობა და ამის შემდეგ, ამ სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ინტეგრირება მოხდეს. 20 წელია, ვნახეთ ეს ყველაფერი და რეალური შედეგი რა გვაქვს? ერთსა და იმავე დისციპლინაში, ერთი და იმავე საფეხურზე რამდენიმე სახელმძღვანელო გვაქვს, რაც იწვევს იმას, რომ სხვადასხვა მეთოდოლოგიით, სხვადასხვა თვისობრივი კომპონენტით ხდება სწავლება. ეს, რა თქმა უნდა, ხარისხის კომპონენტს ართულებს, რაც მთავარია, არ გვაქვს ხედვა და შეგრძნება იმისა, რომ ეს მოცემულობა თავსებადია იმ პროცესთან, რაც შემდგომი კარიერული განვითარებისთვისაა საჭირო, განსაკუთრებით, როდესაც ეროვნული გამოცდების მასალაზე ვსაუბრობთ.
ამიტომაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ გადაწყვეტილება იმაზე, რომ ერთი სტანდარტის უმაღლესი ხარისხის სახელმძღვანელოები შემუშავდეს, რომელიც დაფუძნებული იქნება იმ სტანდარტზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობდი. შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან გავლილი იქნება და მათთან შეჯერებული პოზიციით დამტკიცდება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტსა და მის სულისკვეთებას უნდა ეფუძნებოდეს.
წინა დოკუმენტი ლიბერალური ღირებულებებით იყო გაჯერებული. ის არ ასახავდა იმ საჭიროებებს, მოთხოვნილებებს, რომელიც ტრადიციულია ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისათვის. სწორედ ამან დააყენა დღის წესრიგში ამ დოკუმენტის შეცვლა.
არსებულ დოკუმენტში დაინახავთ, რომ სკოლებში პატრიოტულ სულისკვეთებას, საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემას ვაბრუნებთ. ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს ვაბრუნებთ. არის მასალა, როლის ნაწილიც ვფიქრობთ, რომ პროგრამაში უნდა იყოს, მაგრამ დღეს არ არის. პირველ რიგში, ის პატრიოტული სულისკვეთების განვითარებაზე, ღირებულებითი კომპონენტისა და აღმზრდელობითი კომპონენტის განვითარებაზეა ორიენტირებული.
დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც აკადემიური მიმართულება, შეფასებითი პროცესი სასკოლო ცხოვრებაში მთავარი წარმმართველი ძალაა. მაშინ, როდესაც აღმზრდელობითი კომპონენტი, ფაქტობრივად, გაქრა და დავკარგეთ, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სასკოლო საზოგადოებისა და სასკოლო ცხოვრებისა. სკოლა მხოლოდ ცოდნის მიმცემი არ არის. სკოლა აღმზრდელობითი კომპონენტის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი. ბავშვი სასკოლო პერიოდში ორ ძირითად ადგილას, საკუთარ ოჯახსა და სკოლაში, იზრდება. მათი ჰარმონიულობა, განსაკუთრებით აღმზრდელობით კომპონენტში, არსებითად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ის შედეგი მივიღოთ, რაც ჯანსაღი ხედვისა და საკუთარი ქვეყნისადმი პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულ ახალგაზრდას მოგვცემს, რომელსაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცოდნაც უნდა ჰქონდეს და ასევე, ის თვისებები, რომლებიც ეროვნულ, პატრიოტულ თვისებებთანაა დაკავშირებული.
სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, გამომცემლობების მხრიდან პრეტენზიები გასაკვირი არ არის. ეს მოსალოდნელიც იყო. როდესაც სამინისტრო თავის თავზე იღებს ამ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას, აქ უკვე გამომცემლობების კომპონენტი, ფაქტობრივად, ნელ-ნელა მილევად რეჟიმში გადადის. კონკრეტულ ავტორებთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ, იმ ღირებულებითი კომპონენტის გათვალისწინებით, რაც ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარეობს. ამ პროცესს, რომელიც ახლა იწყება, მათი, ავტორების, ექსპერტების ჩართულობა, რა თქმა უნდა, შეავსებს და გაამდიდრებს.
გამომცემლებს უფრო ბიზნესინტერესი აქვთ. ჩვენ საზოგადოების, ხალხის, ქვეყნის ინტერესიდან გამოვდივართ. რა არის ღირებული? რა არის ხარისხიანი? რა არის ის მასალა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი შვილები იმ პრინციპით აღიზარდონ, რა მოლოდინიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. სწორედ ამან გვიკარნახა, რომ ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აგვეღო. რაც მთავარია, გაზომვადობის თვალსაზრისით, ბევრად უფრო გამარტივდება მოცემულობა და ეროვნულ გამოცდებთან, რა თქმა უნდა, სრული თავსებადობა იქნება.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მე-11 კლასი აბსოლუტურად ფორმაციით შეიცვლება. ე.წ. რეპეტიტორიუმის კომპონენტი შემოგვაქვს. ეს პროფილური სწავლებაა. მაგრამ, მხოლოდ პროფილურსაც ვერ დავარქმევთ. ეს იქნება გაძლიერებული სწავლება მხოლოდ იმ დისციპლინებში, რომელსაც მოსწავლე აარჩევს იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდებისთვის სრულფასოვნად მოემზადოს. რა თქმა უნდა, ამ პროგრამაში ეროვნული გამოცდების წინა წლების მასალებიც ინტეგრირებული იქნება - ეს იქნება ტესტები თუ სხვა კომპონენტები. ეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებისათვის მაქსიმალურად ადაპტირებული იყოს ის გარემო, როდესაც ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებლად მივლენ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ასევე იმისთვის, რომ მოსწავლეები დამამთავრებელ კლასში სკოლაში დავაბრუნოთ. ეს ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, ოჯახებისთვის, რომლებსაც სკოლის გარეთ, ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ პროცესში, მოსწავლეების გადამზადება უდიდეს წნეხად აწევთ.
იმ ავტორების დიდი ნაწილი, რომლებიც ახალ სახელმძღვანელოებზე იმუშავებს, უკვე შერჩეულია. ჩვენ ამ რეფორმისთვის გუშინ არ მოვმზადებულვართ. ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს პროცესში ჩაერთნენ და ამ სახელმძღვანელოებზე მუშაობა დაიწყონ. სახელმძღვანელოებზე მუშაობა 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება. სახელმძღვანელოების ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება. თუმცა, ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რესურსი იმისთვის, რომ ეს პროცესი ღირსეულად განვახორციელოთ.
ეს სახელმძღვანელოები იქნება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის. ყველა სკოლას მოიცავს, თუმცა, კერძო სკოლებს დამატებითი რესურსები აქვთ და, რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესში გამოიყენებენ. მაგრამ იმ კონკრეტულ ფუნდამენტურ საგნებზე, რომლებზეც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ერთიანი სტანდარტით წარმოდგენილი სახელმძღვანელოები იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში.