"მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი იქნება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ წელიწადს პირველკურსელების მიღება ამ ფაკულტეტზე მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება გამოცხადებული" - გივი მიქანაძე - მშობლები

"მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი იქნება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ წელიწადს პირველკურსელების მიღება ამ ფაკულტეტზე მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება გამოცხადებული" - გივი მიქანაძე

2025-12-03 09:24:52+04:00

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელს" სტუმრობდა "აქტუალურ თემაში" და ვრცლად ისაუბრა ბოლოდროინდელ აქტუალურ თემაზე. მათ შორის, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციაზე, რომელიც, მისი თქმით, დაჩქარებულ რეჟიმში უნდა დამტკიცდეს, რათა მარტშივე დაიწყოს პირველი სამუშაოები.

- ეს ცვლილებები, პირველადი კონცეფცია ეხება პრინციპს - ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ამ შემთხვევაში ორ ძირითად ქალაქზე არის საუბარი, თბილისსა და ქუთაისზე, სადაც ჰაბები ჩამოყალიბდება. ყველა ფაკულტეტი იქნება უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფუნქციონირებს ამ ორ ქალაქში. ოღონდ იმ გადანაწილებით, რომ, მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი როდესაც დღეს გვაქვს ხუთიდან ოთხ სახელმწიფო უნივერსიტეტში, იქნება მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ წელიწადს პირველკურსელების მიღება იურიდიულ ფაკულტეტზე მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება გამოცხადებული. იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეროგატივა იყო და დიდი ალბათობით იქ იქნება. ის სტუდენტები, რომლებიც დღეს უკვე სწავლობენ სამ დანარჩენ უნივერსიტეტში ამ ფაკულტეტზე, შეეძლებათ დაასრულონ სწავლა თავისივე უნივერსიტეტში. თუმცა ამავდროულად შევთავაზებთ კონკურსის გარეშე მობილობის შესაძლებლობას, რომ მათი სურვილის შემთხვევაში გადაინაცვლონ იმ უნივერსიტეტში, სადაც გაგრძელდება ტრადიციულად იმ ფაკულტეტზე მიღება.

ასევე შეეხება ცვლილებები 3+1+1 მოდელს. ეს საკითხები ახლავე უნდა დაიძრას და შემდეგი წლიდან უკვე აქტუალური უნდა გახდეს და ის ახალგაზრდები, რომლებიც პირველ კურსზე ჩაირიცხებიან, მათ უკვე აღარ ექნებათ საგრანტო დაფინანსება, იმიტომ, რომ სასწავლო პროცესი მათთვის ფაქტობრივად უფასო იქნება.

უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია დამტკიცებულია - რა ცვლილებები ელოდებათ მომავალ სტუდენტებს