თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის საახალწლო საჩუქრების გადაცემასა და ამ თემასთან დაკავშირებით, სიახლეების შესახებ ისაუბრა:
- ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ჩვენი აღსაზრდელებისთვის ტრადიციული საახალწლო საჩუქრების პროექტზე მუშაობა დაასრულა. ვცდილობთ, ყოველწლიურად ნობათების შემადგენლობაში გარკვეული სიახლეები შევიტანოთ. წელსაც ჩვენი ბაღების 60 ათასამდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულის განახლებული სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა. საჩუქრები გათვალისწინებულია თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრირებული აბსოლუტურად ყველა აღსაზრდელისთვის. თითოეული სასაჩუქრე ყუთი შეიცავს მაღალი ხარისხის 10 სახეობის ტკბილეულსა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებულ სათამაშოების ნაკრების რამდენიმე სახეობას, საახალწლო თემატიკით. ბაღებში საახალწლო საჩუქრების შეტანა უკვე დაწყებულია და ხელშეკრულების მიხედვით, 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.