ონლაინრომანი "სხვისი ოცნების ქალი"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
ორი დღე შინიდან არ გავსულვარ. ოთახიდანაც კი არ გამოვსულვარ, დანა პირს არ მიხსნიდა. დედა და დალი შეშფოთებული მიყურებდნენ, თითის წვერებზე დადიოდნენ სახლში, ასეთი რა დაემართა ამ ბიჭსო, კითხვის დასმასაც ვერ მიბედავდნენ.
ხუთშაბათს იძულებული გავხდი, სამსახურში წავსულიყავი, რეპეტიციას ვერ გავაცდენდი. დაუდევრად ჩაცმული, წვერგაუპარსავი გავემართე თეატრისკენ. ღრუბლიანი ამინდი იყო, გვარიანად ციოდა. ცა საწვიმრად გამზადებულიყო. ჯიხურთან მივედი და სოხუმის “კოსმოსი” ვიყიდე. ხურდის მოლოდინში გვერდზე გავიხედე და... სისხლი გამეყინა ძარღვებში... ტაქსის გაჩერებაზე ნატა და ბებიამისი იდგნენ. ნატა ისეთი ნაღვლიანი და მობუზული იყო... მხოლოდ წამით შემავლო მზერა, მერე თავი პალტოს საყელოში ჩარგო და სახე დამალა. აკი მოიტაცესო? მაშინ აქ საიდან გაჩნდა? სად მიდიან? პასუხგაუცემელი კითხვები დამიგროვდა...
ერთი სული მქონდა, როდის ჩავამთავრებდი რეპეტიციას. ბავშვები დროზე ადრე დავითხოვე და გოგასთან წავედი. მოვუყევი, რაც ვიცოდი. ძალიან შეწუხდა. დახმარება ვთხოვე. მაშინვე ზურასთან დარეკა და თათოს ასავალ-დასავალი ჰკითხა.
- ბიჭო, სად არის შენი და?
- დაქალთან წავიდა. რა იყო, მოხდა რამე?
- ისეთი არაფერი, რაღაც უნდა გამერკვია. არ იცი, ვისთან არის?
- ვაჟას სახლში უნდა შეკრებილიყვნენ დღეს, - გაიცინა ზურამ, - დიდი “სხადნიაკი” აქვთ, საქმეებს არჩევენ ქალები.
- რა საქმეებს?
- თათულის მეგობარი რომ იყო, ნატა, ხომ იცი? მშობლებს უკან წამოუყვანიათ და ჯგუფელები დოლიძის ნინასთან წავიდნენ იმის გასარკვევად, როგორ მოხდა მისი მოტაცება. ნატა და ნინა უნდა დააპირისპირონ. გაიგე? ხედავ, გოგოები რა დღეში არიან?
- შენა! რომ მოვა, უთხარი, ეგრევე დამირეკოს. მეც ეგ ამბავი მაინტერესებს, კარგი? არ დაგავიწყდეს, - გოგამ ყურმილი ბერკეტზე დადო და ღრმად ამოიხვნეშა.
- არ მომწონს ეს ამბავი, რაღაც სხვა ხდება, როგორც ვატყობ.
- რაო, რა გითხრა?
- მშობლებმა წაართვეს და უკან წამოიყვანესო. ახლა იმ “ცეხავიკის” სახლში ყოფილან შეკრებილნი, ნინას ურჩევენ საქმეს.
- აუ-უ-უ! ამიტომ იდგა დღეს გაჩერებაზე? ბებიამისიც თან ახლდა.
- როგორც ჩანს, ასეა. ის ნინა დიდი ეშმაკი გოგოა, რომ იცოდე, ჩუმჩუმელა. თბილისის “შკოლა” აქვს გამოვლილი, ინტრიგების ხლართვა არ გაუჭირდებოდა.
- ის რა შუაშია?
- იმან ჩაუწყო ალბათ, მე რა ვიცი... შენ ნუ ნერვიულობ, რა, ქალების მეტი რა არის, არ ღირს იმ გოგოზე გადაკვდომა.
- უნდა შევხვდე, გოგა, აუცილებლად უნდა შევხვდე და დაველაპარაკო. ყველაფერი მინდა ვიცოდე.
- არ ღირს, დამიჯერე. ხომ იცი, ახლა სალაპარაკო მიეცემა ხალხს, ათასი ჭორი აგორდება. ეგეთ გოგოს მაინც ვერ მოიყვან ცოლად, ხალხის ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა.
- არც ვაპირებ. უბრალოდ, მინდა სიმართლე ვიცოდე. დამეხმარები?
- დაგეხმარები, მაგრამ როგორ? მაგას აწი ვინ გამოუშვებს სახლიდან, დაცვით ივლის ალბათ. შენ თვითონ არ თქვი, ბებია ახლდაო?
- მერე რა. შენ მიდი, მიაკითხე და უთხარი, რეპეტიციაზე უნდა წავიყვანო-თქო.
- გაგიჟდი? მე ვინ გამომაყოლებს, რა იციან, ვინ ვარ?
- ვითომ მედოლე ხარ, ბებია დაგიჯერებს, კარგი ქალია.
- მთლად გადაგრია იმ გოგომ, რა გჭირს! მამამისი რომ გამოვიდეს, რა ვუთხრა, ვინ ჩემი ფეხები ვარ-მეთქი?
- თათო წაიყვანე თან. ერთად უფრო დაგიჯერებენ.
- მაინც არ იშლი შენსას. სარისკოა, ბიჭო, რამე შარში არ გავებათ.
- რა შარში უნდა გაება, შენც ხომ არ იტაცებ. აქ მოიყვანე შენთან და მეც მოვალ, აქ ვნახავ. ნახევარი საათის ამბავია, რა!
- ჯანდაბას შენი თავი, უარი როგორ გითხრა. კარგი, თათულის ზარს დაველოდოთ მაშინ, მეტი რა დამრჩენია. ეს ჩემი ორსული ცოლი არ გამინერვიულოთ, თორემ დაგტკვირავთ სუყველას, - გაიხუმრა გოგამ და იქვე მოფუსფუსე ნათიას გახედა.
- მე არ გამოგადგებით? - ნათიამ სველი ხელები წინსაფარზე შეიმშრალა და მოგვიახლოვდა, - მუცელს ცოტათი წინ გამოვწევ, რომ კარგად გამოვაჩინო და გამოგყვებით. თუ ვინმეს დაეჯერება ამქვეყნად, ყველაზე მეტად ფეხმძიმე ქალს, გენაცვალე! - ოდნავ გამობზეკილ მუცელზე ხელი დაისვა ნათიამ.
- შენ დაეტიე სახლში და ოჯახს მიხედე, ერთი ამას დამიხედეთ, გამომიჩნდა ესეც ადვოკატი, - ხუმრობით დატუქსა გოგამ და სიყვარულით თმაზე მოქაჩა ცოლს ხელი.
ამ ლაზღანდარობაში იყო ცოლ-ქმარი, თათულიმ რომ დარეკა. გოგამ ყურმილი ყურთან ახლოს მიიტანა, ისე, რომ მეც მომესმინა მათი საუბარი.
- გოოგ, მეძებდი? - თათული რაღაცას ჭამდა, ეტყობოდა, ლუკმით ჰქონდა პირი გამოტენილი.
- ჯერ გეჭამა და მერე დაგერეკა, გავრბოდი სადმე, თუ? - გოგამ მანიშნა, ყური უფრო ახლოს მოწიეო.
არ გავნძრეულვარ, აქედანაც კარგად მესმოდა თათოს ხმა.
- ვაშლს ვჭამ, შე ოხერო, რა იყო!
- სად იყავი?
- ზაზა შენთან ხომ არ არის?
- აქ არის, მერე შენ რა?
- დამალაპარაკე.
- ჯერ მე მითხარი, რა მოხდა, მერე დაგალაპარაკებ.
- გამოდით ორივე ჩემთან, მარტო ვართ.
- “ვართ” რას ნიშნავს, ვისთან ერთად ხარ მარტო? - გამოაჯავრა გოგამ.
- ნატაა ჩემთან.
- ნატა? შენთანაა? მერე რაღას უცდით, აქეთ გამოდით, არ ჯობია?
- შენ მანქანა გყავს, ძმაო და ორ წუთში აქ გაჩნდები, ჩვენ კი ფეხით უნდა ვიაროთ.
- ნატას დაცვა არ დაჰყვება?
- დაცვა არა ის! მამამისი წუხელ გაემგზავრა, ბებია კი დავამშვიდეთ და ტაქსით გავუშვით შინ, იმ პირობით, რომ საღამომდე ჩემთან დარჩება, მერე კი მეც თან გავყვები და ამაღამ მასთან დავრჩები.
- აუჰ! რამხელა წინადადება თქვა! - წამოიძახა გოგამ და ხელით მანიშნა, რა ვქნაო.
ყურმილს ხელისგული დავაფარე, თან ვუჩურჩულე, წადი და ორივე წამოიყვანე-მეთქი.
- კარგი, დამელოდეთ და ახლავე მოვალ, - ჩასძახა გოგამ და გათიშა...
***
ნახევარ საათში ოთხივე მაგიდის გარშემო ვისხედით გოგასთან. ნათია ყავას ადუღებდა. ნატა თვალებდახრილი იჯდა, ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის.
- ჩვენ იქით გავალთ, ცალკე დავილაპარაკებთ და მერე შემოგიერთდებით, - დაბოღმილი ხმით ვთქვი და წამოვდექი.
- როგორც გინდა, ძმაო, შენი საქმისა შენ იცი, საძინებელი ცარიელია, - ხელები ღიმილით გაშალა გოგამ.
მის ხუმრობაზე რეაგირება არ მომიხდენია, ნატას გადავხედე და დაველოდე, როდის ადგებოდა.
მორჩილად გამომყვა მხრებჩამოყრილი. შევამჩნიე, როგორ გაუბრწყინდა თვალებში ცრემლი. ცოტა არ იყოს, შემეცოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ახლა მე ვიყავი შეუვალი.
კარი მჭიდროდ მოვიხურე და საწოლზე ჩამოვჯექი. ოთახში ციოდა. დავინახე, როგორ შეაკანკალა.
- მოგახურო რამე?
- არა, არ მინდა, არ მცივა.
- აბა, რატომ კანკალებ?
- ისე, უბრალოდ...
მივხვდი, ნერვიულობისგან უფრო აძაგძაგებდა, ვიდრე სიცივისგან. ერთხანს უხმოდ ვისხედით. არც ის იწყებდა ლაპარაკს, არც მე. ბოლოს მაინც მე დავარღვიე დუმილი.
- აბა, მომიყევი ერთი, რა მოხდა! - ცივად გაიჟღერა ჩემმა ხმამ.
ერთიანად მობუზულმა მკლავებზე ჩამოისვა ხელები, მაგრამ არაფერი უთქვამს, პასუხს აგვიანებდა. მეც დაველოდე, როდის ალაპარაკდებოდა.
- რა მოგიყვე, - თქვა ბოლოს ჩამქრალი ხმით და უმწეოდ ამომხედა.
- ყველაფერი. როგორ მოგიტაცეს, რა ვითარებაში, ვინ და ასე შემდეგ, - ირონია ჩავაქსოვე ჩემს ნათქვამში.
ნატამ ჩაახველა და ხმადაბლა დაიწყო.
- იმ დღეს...
- რომელ დღეს? - დაკონკრეტება მოვთხოვე.
- შენ რომ ავტოსადგურზე დაგვინახე...
- ჰო, მერე?
- სახლში ვაპირებდი წასვლას, რომ ნინა გადამეკიდა, გინდა თუ არა, ჩემთან წამოდი, დაბადების დღე მაქვსო. არ მინდოდა წასვლა, ცუდ ხასიათზე ვიყავი. თანაც... ერთი მაგარი ბიჭი უნდა გაგაცნო, ახლა მომაკითხავს და ის წაგვიყვანსო. ბოლოს დააყოლა, ძალიან მოსწონხარ და შენი გაცნობა მთხოვაო.
- სად მოეწონე ასე ძალიან, სად გნახა?
- ერთხელ იყო პროფტექნიკუმში მოსული ჩვენს დირექტორთან, ქალაქის სასწავლებლებს შორის საფეხბურთო ტურნირი გავმართოთო. შესვენება იყო, ჩვენ ეზოში ვიდექით და იქ დამინახა.
- მაგას ვინ ეკითხება ტურნირის ჩატარებას?
- მე რა ვიცი, რა ჩემი საქმეა...
- კარგი, მერე?
- არ მინდა-მეთქი, თავი გავიგიჟე. მამაჩემი იყო ჩამოსული და დროზე მინდოდა სახლში წავსულიყავი, ისედაც სულ ბრაზობს, როცა ვაგვიანებ. მაინცდამაინც მაშინ გამოხტება ხოლმე რაღაც, როცა ის ჩამოდის. ჩემს დედინაცვალს ისედაც ამხედრებული ჰყავს ჩემს წინააღმდეგ, სულ იმას ცდილობს, ერთმანეთს წაგვკიდოს. თვალის დასანახავად ვერ მიტანს ეგ ქალი, - ნატამ ამოისლუკუნა და ცრემლიანი თვალები ხელის ზურგით მოიწმინდა.
ცხვირსახოცი ამოვიღე და გავუწოდე. გამომართვა და ცხვირზე მიიდო. შევამჩნიე, როგორ შეისრუტა მისი სურნელი. თითქოს გულზე ძლიერად წამიჭირეს ხელი...
- ის ბიჭიც მალევე გამოჩნდა. გავიცანი, რა უნდა მექნა. მერე იმან დამიწყო ხვეწნა, ცოტა ხნით წამოდი და მე გაგიყვან სახლში ჩემი მანქანითო. არ მომეშვნენ. გული მიგრძნობდა, რომ უსიამოვნო საღამო მელოდა, ამიტომაც ვითრევდი ფეხს. რას ვიფიქრებდი, მოტაცებაზე თუ მიდგებოდა საქმე. გასაქანს არ მაძლევდა, ხელითაც კი წამეტანა, ახლავე ჩაჯექი მანქანაშიო. შენც ხომ დაინახე, რაც ხდებოდა.
- დავინახე... ასეთ დღეში თუ იყავი, რატომ არ დამიძახე?
- რა დაძახება გინდოდა, ვერ უნდა მიმხვდარიყავი, რა მჭირდა?
- საიდან უნდა მივმხვდარიყავი? ვიფიქრე, მორიგი “პაკლონიკია” და ამ სანახაობით ჩემს გამწარებას ცდილობს-მეთქი.
- რა სისულელეა...
- თორემ ჯერ არ მოქცეულხარ ასე.
- მაშინ სხვა იყო...
- ახლა რა შეიცვალა, რო?
- ახლა... ახლა შერიგებულები ვიყავით, ხომ მოვილაპარაკეთ, დავივიწყოთ ყველაფერიო.
- ჰო, მაგრამ იმ დღეს რომ ვერ შეგხვდი, ამაზე ხომ გაბრაზდი?
- თავიდან გავბრაზდი, მაგრამ მერე თენგომ მითხრა დედაშენის ამბავი და გასაგები იყო, რატომაც არ დამელოდე.
- კი მაგრამ, წარამარა რომ გირეკავდი, რატომ არ მპასუხობდი?
- აპარატი გაგვიტყდა, კატამ გადმოაგდო მაგიდიდან და შიგნით ნაწილები სულ ჩაიმსხვრა. თან ბებია გახდა ავად, სახსრები აწუხებს. ისეთი შეტევები ჰქონდა, მარტო ვერ ვტოვებდი. ერთი ღამე საერთოდ არ გვიძინია არცერთს. მერე ნემსები გავუკეთე და თანდათან გამოკეთდა. რეპეტიციებიც ამიტომ გავაცდინე. მე რომ მადანაშაულებ, ერთხელ მაინც გეცადა და მოსულიყავი შინ, რა მოხდებოდა? დაგიჭერდა ვინმე? თუ ჩემი სახლი არ იცოდი?
ხელები მთელი ძალით მოვმუშტე და დავიგმინე. რომ მცოდნოდა, არ მიბრაზდებოდა, ხომ აუცილებლად მივაკითხავდი!
- გააგრძელე, შემდეგ რა მოხდა, - კუშტად გავაწყვეტინე.
- მერე ის მოხდა, რომ არავითარი დაბადების დღე არ ჰქონია ნინას. ყველაფერი წინასწარ ყოფილა გათვლილი. მთავარი იყო, მანქანაში ჩავმჯდარიყავი. მოტაცება უკვე ჩაფიქრებული ჰქონიათ.
- საინტერესოა, პირდაპირ მოტაცებაზე რატომ გამოიდო თავი, ისე ვერ გაგიცნობდა?
- რამდენჯერმე სცადა ნინას მეშვეობით გავეცანი, მაგრამ ყოველთვის ავირიდე თავიდან. თან იცოდა ნინამ, რომ... - აქ გაჩუმდა და თავი დახარა.
- რომ რა?
- სხვა მიყვარს-მეთქი, ვუთხარი, - ჩურჩულით თქვა.
კბილი კბილს დავაჭირე, რომ არ დამეღმუვლა. ჩემი ბრალია, მე გავაფუჭე ყველაფერი... თანაც მერამდენედ...
- ბოლოს იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი. როგორც კი ჩავსხედით მანქანაში, ადგილიდან მთელი სისწრაფით მოწყვიტა და ტრასაზე გავარდა. როცა ქალაქიდან გავიდა და იქ ვიღაც ორი ტიპიც ჩაისვა, მაშინღა მივხვდი, რომ მომატყუეს. ვიყვირე, ვიკივლე, ქვეყანა დავაქციე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. დეიდასთან წამიყვანა ზესტაფონში. იქ დილიდან გველოდნენ, უზარმაზარი სუფრა იყო გაშლილი... - ისევ ასლუკუნდა ნატა.
აღარ მიკითხავს, მერე რა მოხდა-მეთქი, შემეცოდა. ვაცალე, სანამ დაწყნარდებოდა.
- ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლები, ისეთი გულამოსკვნილი ვტიროდი, დეიდამისს შევეცოდე. მეორე სართულზე ამიყვანა, განვმარტოვდეთო და ყველაფერი გამომკითხა. როცა გაიგო, რომ მის დისშვილს საერთოდ არ ვიცნობდი, გაგიჟდა. მაშინვე გამომართვა მამაჩემის ტელეფონის ნომერი და დარეკა. მერე დაბლა ჩავიდა, თავის ქმარს დაელაპარაკა, აუხსნა, რაც ხდებოდა და...
- და რა?
- დიტოს გამოუცხადეს, სანამ მისიანები არ მოვლენ, ახლოსაც არ გაეკარებიო. მე მეზობელთან გადამიყვანეს და იქ დამმალეს. ერთი ამბავი ატყდა. დიტომ ქვეყანა დააქცია, მაგრამ ვერაფერს გახდა. ნინას შეშინებია, გამოპარულა, ავტობუსში ჩამჯდარა და შინ დაბრუნებულა. მერე, ვითომ მე არაფერში დამადანაშაულონო, ბებიაჩემისთვის უცნობებია, შენი შვილიშვილი გაიტაცესო. აქაც ქვეყანა დაქცეულა. მამა და ჩემი დედინაცვალი დილაუთენია უკვე ზესტაფონში იყვნენ. დიტო თვითონ დაიმალა და ძმაკაცები მიუგზავნა მამას მოსალაპარაკებლად. მე ჩემი სათქმელი ვთქვი, არც ვიცნობ, არც მიყვარს და არც მისი ცოლობა მინდა-მეთქი. ჩემმა დედინაცვალმა - სახელის გატეხას ჯობია, დარჩე, ქმრიანი ქალი მაინც გერქმევაო. თავი გავიგიჟე, არ დავრჩები-მეთქი. აბა, ამდენ ხალხს ციხეში ხომ არ ჩაყრიო, ამრეზით მკითხა, თან დიტოს ნათესავებს გადახედა, მხარი დამიჭირეთო. არც დეიდას ამოუღია ხმა და არც ბიძას, ძმაკაცები შეჩოჩქოლდნენ მხოლოდ. ძველბიჭურად დაიწყეს, რადგან გოგო ხელუხლებელია და დარჩენაზე თანახმა არ არის, იქნებ მშვიდობიანად მოვაგვაროთ ყველაფერიო... ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მამა არ უჩივლებდა... და აი, დამაბრუნეს უკან, ბებიასთან. ერთით კარგია, დედინაცვალს რომ ვძულვარ, თორემ თბილისში გამაქანებდნენ. მორჩა, სულ ეს იყო.
ხელისგულები ერთმანეთს მივატყუპე და ცხვირი შიგ ჩავმალე. ჩემი გახშირებული სუნთქვის ხმა გარკვევით მესმოდა. ნესტოები ცხენივით მქონდა დაბერილი. არ ვიცი, იმ მომენტში ვისზე უფრო ვბრაზობდი - ნატაზე, დიტოზე თუ ნინაზე. ერთი კია, მტკიცედ გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ნინაზე მეძია შური.
მოწევა მომინდა. ოთახიდან გავედი და ანთებული სიგარეტით შემოვბრუნდი. ნატა ისევ ისე იჯდა მობუზული, ისევ ისე ცახცახებდა. გარდერობი გამოვაღე, გოგას ქურთუკი ჩამოვხსენი საკიდრიდან და მოვახურე. მადლიერი მზერა მომაპყრო.
- შენ გაცნობიერებული გაქვს, რაც მოხდა? - ვთქვი კარგა ხნის დუმილის შემდეგ.
- კი, - ოდნავ გასაგონად თქვა.
- იცი, რომ ამის შემდეგ ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელია?
უცებ არ მიპასუხა, მერე ნელ-ნელა ასწია თავი და თვალი ჯიქურ გამისწორა.
- რატომ?
- იმიტომ.
- “იმიტომ” ძალიან ზოგადი პასუხია, იქნებ დამიკონკრეტო, - ქედმაღლური გაუხდა ტონი.
- იმიტომ, რომ ახლა მთელი ქალაქი შენზე ალაპარაკდება. მე კი კაცი ვარ და ჩემთვის ძნელი იქნება იმ ბარიერის გადალახვა, რასაც სახელგატეხილი ქალის ცოლად შერთვა ჰქვია.
- ჩვენ შორის არაფერი მომხდარა...
- მართლა? მერედა, ვის გინდა ეს უმტკიცო? იქნებ საბუთი გამოაწერინო გინეკოლოგს და ის აფრიალო ჰაერში?
- მორჩი! - იყვირა უცებ და წამოხტა, - შენი ბრალია ყველაფერი, თუ გინდა იცოდე! შენ არასდროს გეცალა ჩემთვის. წესიერად სიყვარულიც არ აგიხსნია არასდროს. არც იმით დაინტერესებულხარ, რა მაწუხებდა, რა მტკიოდა, რა მაკლდა შენგან. არ ვარ მართალი?
კარგა ხანს უსიტყვოდ მივჩერებოდით ერთმანეთს.
- რატომ არ მცემ პასუხს? - ოდნავ დაუწია ხმას, მაგრამ ტონი არ შეუცვლია, - არაფერი გაქვს სათქმელი და იმიტომ, ასე არ არის? თუ ვერ ხედავდი, ხომ გრძნობდი მაინც ან ხომ გეუბნებოდნენ, ათასი კაცი რომ ნადირობდა ჩემზე, შემოსევა რომ იყო. ყველა მეჩალიჩებოდა, მოსვენებას არ მაძლევდნენ, ხან ვინ ჩამისაფრდებოდა, ხან ვინ. რამდენის მოგერიებას შევძლებდი? შენ კი... შენ იმის აღიარებაც არ გინდოდა, რომ გიყვარდი. ყველანაირად ცდილობდი, სხვების თვალში დაგემალა ჩვენი ურთიერთობა. ვერ ვხვდები, რატომ გიტყდებოდა, რა მჭირდა ასეთი სამარცხვინო. რითი ხარ ჩემზე უკეთესი, რითი?! - განწირული ხმით იყვირა. ქურთუკი საწოლზე მოისროლა და გავარდა.
მეორე ოთახში ჩოჩქოლი ატყდა, როგორც ჩანს, გაეკიდნენ. ცოტა ხანში ხმები მიჩუმდა. მერე კარი გაიღო და გოგა შემოვიდა.
- კარგად ხარ?
- ჰო. სად არის?
- წავიდა.
- მარტო?
- არა, თათო გაჰყვა. წამო, სანამ უნდა იჯდე აქ.
- სახლში წავალ.
- მოიცა, ცოტა ხანს დარჩი და მერე მე გაგიყვან.
- არ მინდა, ფეხით მირჩევნია გავლა.
გოგას არ დაუძალებია, ჭიშკრამდე მიმაცილა და დამემშვიდობა.
...მივდიოდი და არ ვიცოდი, სად.
ნოემბრის სუსხი სახეში მცემდა, სიცივე ძვალ-რბილში მატანდა...
უმისამართოდ მივაბიჯებდი ქუჩაში, ყურებში კი ნატას ხმა ზარივით ჩამესმოდა - “შენ იმის აღიარებაც არ გინდოდა, რომ გიყვარდი”.
...მივდიოდი, მაგრამ არ ვიცოდი, სად...
* * *
ორი კვირა გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. ერთხელ მოვკარი თვალი, თათოსთან ერთად ქუჩაში მოდიოდა. ჩემს დანახვაზე სახეზე ჩრდილმა გადაურბინა... მეც იგივე დამემართა, რადგან არ ველოდი.... მყისიერად ავარიდეთ ერთმანეთს მზერა. არადა...
როგორ მენატრებოდა. გამუდმებით მასზე ვფიქრობდი... მენატრებოდა მისი ხმა, გამოხედვა, სიცილი, სუნთქვა, ჩურჩული... ცრემლებიც კი. სიგიჟემდე მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყო, ახლოს, ძალიან ახლოს... ცოტათი მაინც. ის ჩემი ნარკოტიკი იყო. ძლიერად აღმოვჩნდი ნატაზე დამოკიდებული. უკვე მერამდენედ ვბრაზდებოდი მასზე, ვიბოღმებოდი, ფიქრებში პატარა ბავშვივით ვტუქსავდი, მაგრამ ერთი რამ ვიცოდი - გული მაინც მისკენ მიმიწევდა, ვერ ვთმობდი, არავისთვის მემეტებოდა. მინდოდა კიდევ ერთხელ განმეორებულიყო ის დღეები, როცა ერთად ვიყავით მარტონი, მანქანაში, სხვებისგან განმარტოებულად. კიდევ ერთი დღით ყოფილიყო ჩემი - მისი თმა, ტუჩები, თვალები, ხელები, მხრები - ერთ დროს ეს ყველაფერი მე მეკუთვნოდა.
ის თუ ფიქრობდა ჩემზე? ალბათ არ ფიქრობდა. ვახსენდებოდი, მაგრამ არ ფიქრობდა. მე ხომ ძალიან ვატკინე გული, ზურგი ვაქციე, მივატოვე... ნუთუ არ განიცდის? არა, ზაზა, არ განიცდის, - ჩამკიჟინებდა ჩემი ორეული, - მას შენ არ სჭირდები, არც შენი დახმარება სჭირდება. ის ძლიერია, მას შენი ტკივილითაც შეუძლია ცხოვრება. მას შეუძლია იტიროს შენზე, შენ კი არ შეგიძლია...
არადა, ტირილი რომ შემძლებოდა... ცუდია, როცა არ შემიძლია... ოდნავ მაინც მომეშვებოდა გულზე. უფრო ადვილად გადავიტანდი მასთან განშორებას.
“ნატა, ნატა... რომ იცოდე, როგორ მჭირდები... როგორ მაკლიხარ... მტკივა... ძალიან მტკივა უშენობა... ვცდილობ ეს ტკივილი დავმალო, შევნიღბო, მაგრამ ის მაინც არსებობს, ვგრძნობ ამას და ვერსად გავექცევი. მინდა მოვიშორო, მაგრამ არ გამომდის. უშენობა წარამარა მახსენებს თავს, როგორც ნაიარევი. შენ ჩემი სუსტი წერტილი ხარ... და ამ წერტილს სიყვარული ჰქვია. მიყვარხარ, გოგო, უგონოდ მიყვარხარ!” - მარტო დარჩენილი ბნედიანივით ველაპარაკებოდი ჩემს თავს.
***
დეკემბრის ბოლო დღეები დაიწყო. ციოდა. არ თოვდა, არც წვიმდა, მაგრამ მზის სხივები მაინც ვერ ახერხებდა ჰაერის გათბობას.
თეატრში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ჩემი მოსწავლეები კარგად გამოვიდნენ. მაყურებელმა ბევრი იცინა ჩვენს სპექტაკლზე, ბავშვებმა თავიანთ როლებს მშვენივრად გაართვეს თავი. ოვაციები დიდხანს არ ცხრებოდა. საღამო თენგოს ანსამბლმა დახურა, მაგრამ ნატას არ უცეკვია, კონცერტს არც დასწრებია. თენგოსთვის არ მიკითხავს, რატომ. როცა მაყურებლები და მონაწილეები დაიშალნენ, თეატრის თანამშრომლები ჩემს კაბინეტში შევიკრიბეთ და სმა დავიწყეთ. მოულოდნელად კარი გაიღო და თათული შემოვიდა. თავაზიანად მიესალმა ყველას და თვალით მანიშნა, გარეთ გამოდიო. გული უცნაურად ამიძგერდა. მეგონა, კიდევ ერთი ცუდი ამბავი უნდა ეთქვა.
- ისევ რამე ხდება? - ფოიეში გამოსულმა ვკითხე, სანამ რამეს მეტყოდა.
- შენ როგორ ფიქრობ? - კუშტად შემომხედა.
- რა იყო, არ იტყვი?
- რას აპირებ?
- რას უნდა ვაპირებდე? ვერ მივხვდი, რას მთხოვ და...
- არ გინდა შეურიგდე?
- შევურიგდე? შენ რა, დესპანად გამოგგზავნა?
- რა სისულელეა, არც იცის, აქ რომ ვარ. კონცერტზე ვიყავი და ვიფიქრე, ვნახავ-მეთქი.
- რატომ გადაწყვიტე, რომ უნდა შევურიგდე, რით დაიმსახურა?
- არ გეცოდება მაინც?
- მე გეცოდებით ვინმეს?
- ზაზა, ის ჩემი მეგობარია. ახლა ძალიან უჭირს. ხომ იცი, რომ მხოლოდ შენ უყვარხარ. რაღაც არ უნდა დათმო?
- რა უცებ გახდა შენი მეგობარი. ასე რამ დაგაახლოვათ?
- ჩვენ ერთად ვსწავლობთ, სხვათა შორის... მთელი დღე ერთად ვართ.
- მერე ჩემგან რა გინდათ?
- იმას რაც უნდა, კარგად იცი. მე კი ის მინდა, რომ ისევ ერთად გნახოთ. გასაგებია?
- “პაკლონიკების” მეტი რა ჰყავს, ვერავის შეცდენა ვერ მოახერხა? არ გაუჭირდება გათხოვება, თუ ასე ძალიან უნდა.
- რა საშინელი ადამიანი ხარ. როგორ შეგიძლია ასეთი გულგრილი იყო? რა ყველა ერთნაირები ხართ ეს კაცები, ვერ გიტანთ! მართალია ნატა, როცა ამბობს, ყველა მამაკაცი არარაობააო.
- რატომ, რატომ? არიან ისეთი კაცებიც, მას რომ სიამოვნებით აღმოუჩენენ დახმარებას. გაახილოს თვალი.
- ნუ ხარ ბოროტი, გთხოვ. იტანჯება, სულ ტირის. არ იცი, რა ცუდადაა. “პაკლონიკებიო”, რომ აგიჩემებია... იცი, რა ხდება? ყველამ ზურგი აქცია, გვერდით არავინ იკარებს. გაოგნებულია გოგო, ვერ გაუგია, ამისთანა რა დააშავა, რატომ გაცივდნენ ყველანი. მხოლოდ ისინი ეტანებიან, ვინც არასერიოზულად ფიქრობდა მასზე. ჰგონიათ, რომ რამე გამოუვათ და ეჩალიჩებიან, იქნებ საყვარლობაზე დაითანხმონ.
- დავიჯერო, შენთვის ასე ძნელი მისახვედრია, რატომ? ყველა კაცი მოერიდება მასთან ურთიერთობას, ვისაც კი ოდესმე სერიოზულად უფიქრია მასთან დაახლოებაზე, აბა რა! დაგავიწყდა, რა მოხდა? დაგავიწყდა, რომ მოიტაცეს?
- მერე რა, რომ მოიტაცეს? ხომ წამოიყვანეს უკან?
- და მისთვის ხელი არავის დაუკარებია, არა? - მწარედ გავიცინე.
- ჰო, ასეა, ასე, ეჭვი ხომ არ გეპარება რამეში?
- მერე? ვის გინდა ეს დაუმტკიცო? ხალხს შენ გააჩუმებ? ზოგიერთს ოღონდ სალაპარაკო მიეცი და რაც არ არის, იმასაც მოიგონებს.
- რას მოიგონებს, რას! რა უნდა თქვან, ქალიშვილი არ არისო? თუნდაც ასე იყოს, მერე რა? ვისი რა საქმეა? თუ გიყვარს, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა მოხდა?
- შემეშვი, რა, შენ მაინც ვერ გაიგებ ამას, - ხელი ავიქნიე.
- თუ ასე იმსჯელებ, ნამდვილად ვერ გავიგებ. შენი შემხედვარე, საბოლოოდ დამეკარგა მამაკაცებზე წარმოდგენა.
- ჰოდა, წადი, რაღას მელაპარაკები! - გაცოფებულმა შევუბღვირე.
- წავალ, მაგრამ ერთი რამ იცოდე. მან მხოლოდ წაიბორძიკა, არ დაცემულა, ამიტომ ნუ ცდილობთ, გადაუაროთ. იცოდე, ის კიდევ უფრო მყარად დადგება ფეხზე. მოვა დრო და თქვენ, ყველანი, მუხლებზე დაეცემით მის წინაშე. მე მტკიცედ მჯერა, რომ ის ამას მიაღწევს. ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს ინანებ, ზაზა! და არამარტო შენ!
- რას მელაპარაკები! - ღვარძლიანად აღმომხდა.
- და კიდევ... დაიმახსოვრე! მის არარაობა თაყვანისმცემელ მამაკაცთა სიაში შენ პირველ ნომრად წერიხარ, - ზიზღით მესროლა და გაიქცა...
დანა რომ დაერტყათ, ისეთი მტკივნეული არ იქნებოდა, როგორც ამ სიტყვების მოსმენა... რაღაც ძალიან ამეწვა სულში... რაღაც ძალიან მეტკინა... ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა, უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებდა მთელ სხეულში... რა სიამოვნებით დავიღრიალებდი ახლა, რა დიდი ნეტარებით გამოვუშვებდი ორთქლს...
ამ დროს თენგომ გამოიხედა და დამიძახა, სად დაიკარგეო. კაბინეტში შევტრიალდი და სმა გავაგრძელე...
სრულიად უინტერესოდ ვსვამდი არაყს... ბიჭებთან ერთად ვიყავი და მაინც მარტო ვგრძნობდი თავს. ამაყი მარტოობა უფრო მომეძალა, ვიდრე სასმელი.
და დავთვერი - ცალკე ღვინით, ცალკე ბოღმით...
მერე კი წავედი, გზას დავადექი...
***
არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი ნინოს სახლთან. განგების ძალამ ალბათ ქვეცნობიერად ეს ნაბიჯი გადამადგმევინა. როგორც ჩანს, დავაკაკუნე, რადგან, გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, როცა კარი შუახნის ქალმა გამიღო.
- ვინ გნებავთ? - იგი ერთდროულად შეშინებული და გაკვირვებული ჩანდა.
- მე.. - უეცრად ენა დამება, სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე, - მე... ნინო ხომ აქ ცხოვრობს?
- დიახ, მაგრამ შინ არ გახლავთ. ვინ ბრძანდებით?
- მეგობარი ვარ, ქალბატონო, ცუდი არაფერი იფიქროთ. სად შეიძლება ვნახო?
- ღვინიანიძის დაბადების დღეზეა წასული, აგერ, მეზობლად, მაგრამ...
- ეგ რომელი, შორენასი?
- იცნობთ შორენას? - თითქოს გაუხარდა.
- როგორ არა, ვიცნობ. ნახვამდის, დიდი მადლობა.
- ნახვამდის, ნახვამდის, - ეჭვნარევი ხმით ჩაილაპარაკა ნინოს დედამ და ფეხებიდან თმის ძირამდე ისეთი მზერით ამათვალიერა, თითქოს ყველა წვრილმანის დამახსოვრებას ცდილობსო.
ვიცოდი, შორენა იქვე, ახლოს რომ ცხოვრობდა, მაგრამ ზუსტი მისამართი არ ვიცოდი, ამიტომ პირველსავე შემხვედრს ვკითხე. სულ რამდენიმე მეტრის გავლამ მომიწია. გაჩახჩახებული ფანჯრებიდან მუსიკის ხმა და ხმამაღალი შეძახილები ისმოდა. ჭიშკარზე მიმაგრებულ ზარის ღილაკს თითი მთელი ძალით მივაჭირე და მანამ არ ავუშვი, სანამ ვიღაცის მოახლოებული ნაბიჯების ხმა არ გავიგონე.
- ვინ არის? - გაისმა პატარა ბიჭის ხმა და იმავდროულად კარიც გაიღო.
- გამარჯობა, როგორ ხარ?
- გმადლობ, კარგად... - დაიბნა ბიჭი, - მობრძანდით...
- არა, ვერ შემოვალ, მეჩქარება. შეგიძლია ნინოს დაუძახო?
- კი, ახლავე, - თავი დამიქნია და მკვირცხლად გატრიალდა, არც უკითხავს, რომელ ნინოსო.
ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. ნინო მალევე გამოჩნდა გრძელბეწვიან მოსასხამში გახვეული. ჩემს დანახვაზე თვალები ჯერ გაუფართოვდა, მერე გაუბრწყინდა.
- ზაზა?!
- როგორ ხარ?
- არა მიშავს. რამე მოხდა?
- არა.
- რაღაც სხვანაირი ხარ...
- ცოტა დავლიე და...
- არა, დალევა არაფერ შუაშია. სხვანაირად ხარ სხვანაირი.
- როგორი?
- რა ვიცი... მითხარი, რა მოხდა?
- არაფერი-მეთქი, არ ვთქვი?
- მაშინ რატომ მოხვედი? ვინ გითხრა, აქ რომ ვიყავი?
- დედაშენმა.
- აჰა-ა-ა... გასაგებია... მიდი, თქვი, რა გჭირს... - ოდნავ გაუცივდა ხმა.
- ყველაფერი კარგადაა, მაინცდამაინც რამე უნდა მომხდარიყო? - უკვე ვნანობდი, რომ მოვედი, მაგრამ უკან დახევა გვიან იყო.
- რა ვიცი... როდის ერთხელ ყოფილა, რომ მაკითხავდი, თანაც სხვის სახლში?
- შენ როგორ ხარ?
- მშვენივრად... - მხრები აიჩეჩა ნინომ და ბეწვი უფრო მჭიდროდ შემოიხურა, - შემოდი, რატომ ვიყინებით?
- არა, ვერ შემოვალ...
- დარწმუნებული ვარ, რაღაც მოხდა, სხვა შემთხვევაში არ მოხვიდოდი.
- შენ თვითონ გამოიტანე დასკვნა...
- ვერ გამომაქვს, ამდენი ჭკუა არ მყოფნის. იქნებ შეყვარებულმა გაწყენინა? - თვალი თვალში გამიყარა.
- მე მას კარგა ხანია დავშორდი, - დახშული ხმით ჩავილაპარაკე და მზერა ავარიდე.
- დაშორდი? მერე? ჩემგან რა, შვებას ელი?
- ჰო, რაღაც ამდაგვარს, არ შეიძლება?
- რაზე იჩხუბეთ? - ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა.
- დავიღალე მისი ეჭვიანობით... ბოლოს მივხვდი, რომ მასთან ყოფნა მხოლოდ ტკივილს მაყენებდა, მეტს არაფერს.
- კარგია თუ მიხვდი. გილოცავ, - ცინიკურად ჩაიცინა.
- რა გაცინებს?
- შენ რომ მასთან ყოფნა არ გინდა, ის. უბრალოდ, გამიკვირდა.
- სამაგიეროდ, მას უნდა ჩემთან ყოფნა, მე კი საბოლოოდ უარი ვუთხარი. დავემშვიდობე და წამოვედი. ფაქტობრივად, პატარა შურისძიება გამომივიდა. თუმცა... მაინც შემეცოდა.
- შურისძიება და შეცოდება ორივე ყველაზე საშინელი გრძნობაა. გავა დრო და თავად შენზე იმოქმედებს ცუდად, გაგიჭირდება. აი, ფაქტი უკვე სახეზეა.
- სამაგიეროდ, გავაკეთე ის, რაც იმ მომენტში ყველაზე ძალიან მინდოდა.
- შენი საქმისა შენ იცი... აბა, ახლა ის მითხარი, მე რატომ გაგახსენდი. ცოტა ჩქარა, თორემ გავიყინე. აქ შენს სანახავად კი არ მოვსულვარ, - ეშმაკურად გაიღიმა.
- აბა რისთვის მოხვედი?
- მეგონა, ვინმე სხვა მეძახდა. შენ საერთოდ არ გელოდი.
- რატომ?
- რისთვის უნდა დაგლოდებოდი? შენ რა, მზე ხარ? თუ სინათლე გვირაბის ბოლოში?
- ამწუთას ვერც ერთს გავქაჩავ, ვერც მეორეს, ძალა არ მეყოფა, - გახუმრება ვცადე და მხარზე ხელი მოვხვიე.
- მართალი ხარ, ვერ გაქაჩავ, რადგან არასწორად იქცევი. გამიშვი ხელი, - გამიძალიანდა და გვერდზე გადგა.
- რატომ, ასეთი უსიამოვნოა შენთვის ჩემი შეხება?
- არა, უბრალოდ, არ მინდა შემეხო, ვინმე დაგვინახავს.
- მერე რა?
გაოცებით ამომხედა.
- რატომ მიყურებ ასე, აღარ გიყვარვარ?
- მომისმინე, ზაზა... - აღშფოთებულმა დაიწყო, - რა გინდა, არ მეტყვი, ბოლოს და ბოლოს? იქნებ მხოლოდ იმის სათქმელად მოხვედი, რომ მახარო, იმას როგორ დაშორდი?
- მიპასუხე, აღარ გიყვარვარ?
- რომელ სიყვარულზე მელაპარაკები, საუკუნეა, არ მინახავხარ... დამავიწყდა კიდეც შენი არსებობა!
- ცრუობ! თვალები გაგირბის, - თავი დავხარე და მის თვალებში ჩახედვა ვცადე.
თავი გვერდზე მიაბრუნა.
- არ ვიცი, შენ რას ხედავ, მაგრამ არ მინდა შემეხო. მორჩა და დამთავრდა!
- ეგ რა შუაშია? არც მიცდია, ხედავ? ხედავ, შენგან მოშორებით ვდგავარ, უკვე რამდენი წუთია.
- წადი სახლში, ნასვამი ხარ, - გაბრაზებულმა მიბრძანა.
- ჯერ ჩემს კითხვაზე გამეცი პასუხი და მერე გადავწყვეტ, წავიდე თუ დავრჩე.
- რატომ მაინცდამაინც ამაღამ მოგინდა ამის გაგება? სულიერ სიმარტოვეს განიცდი?
- არა. უბრალოდ, მინდა, რომ ისევ დამიბრუნდე.
სიბნელეში მისმა თვალებმა ელვასავით გაანათა.
- შენ დაგავიწყდა, რომ დღეს პირველი აპრილი არაა. არ გირჩევ ჩემს მოტყუებას.
- ვიცი, არ გჯერა ჩემი, ვიცი, გული რომ გატკინე, მაგრამ ახლა იმისთვის მოვედი აქ, რომ ჩემი შეცდომა გამოვასწორო.
- მთვრალი არაჩვეულებრივად თამაშობ შენს როლს. თვალებიც როგორი სევდიანი გაგიხდა...
- გგონია ვთამაშობ? გგონია ეს ყველაფერი მოვიგონე? გეფიცები, არ გატყუებ. დამიჯერე, მართლა მინდა შენთან ყოფნა, სიმთვრალე არაფერ შუაშია, შენ თვითონ არ მითხარი ახლახან?
- რა ტრაგიკული სიტყვებია... პირდაპირ ტირილი მინდება, - ნინო უფრო და უფრო შეუვალი ხდებოდა.
- ნუ დამცინი, ნინ!
- ღმერთო ჩემო! ვერ გავიგე, რა ხდება. მე რატომ მომადექი? ახლა გაგახსენდი, რომ ვარსებობ? დაგელია ქალები?
- არა, არ დამელია. უბრალოდ, მე მათთან არ მინდა. მხოლოდ ერთთან მინდა, რომელიც ვიპოვე, მაგრამ ვერ შევინარჩუნე... - ისევ მოვხვიე ხელი.
- ჰოდა, დასკვნები მე კი არა, შენ თვითონ გამოიტანე და სხვა ეძებე!
- სხვა არ მინდა. მხოლოდ შენ მინდიხარ.
- რა გვიან მიმხვდარხარ ამას!
- ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
წამით დადუმდა, მერე ჯიქურ შემომხედა და დემონსტრაციულად წარმოთქვა.
- როცა გინდა, უნდა მოიპოვო. ასე ადვილად არ ხდება!
- გსურს თავი დავიმცირო შენ წინაშე? გინდა მუხლებზე დავეცე?
- არა, ეგ მეთოდი არ გამოგადგება. მინდა დამიმტკიცო, რომ მართლა გჭირდები.
- როგორ?
- მე რა ვიცი? შენ ხომ ზრდასრული ადამიანი ხარ... მოიფიქრე.
გავიღიმე, ჩემკენ მოვიზიდე და კოცნა დავუპირე.
- ოღონდ კოცნა არ გინდა! - ისევ გამიძალიანდა.
- რატომ?
- იმიტომ... რატომ უნდა მაკოცო?
- ნუთუ ქალს რომ აკოცო, აუცილებლად მიზეზი უნდა არსებობდეს?
- აბა რა! მასაც უნდა უნდოდეს ეს.
- მაგრამ ეს მხოლოდ მე მინდა, არა?
- ჰო... მე კი არ მინდა.
- იტყუები.
- არა.
- მე შენთან მინდა, დამიჯერე.
- უკვე გითხარი, თუ გინდა, მოიპოვე!
- მინდა, რომ პასუხი დღეს მითხრა, ახლავე, ამწუთას - იქნები თუ არა ჩემთან. გადაწყვიტე! - მკაცრად ვთქვი და ხელი შევუშვი, განზე გავდექი.
გაჩუმდა. ერთხანს დაფიქრებით მიყურა, თითქოს გადაწყვეტილებას იღებსო, მერე ღრმად შეისუნთქა, ლოყები დაბერა, ჰაერი სვენებ-სვენებით გამოუშვა და... ძალიან ნელა გატრიალდა. უკვე ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა. არ მინდოდა, მაგრამ ვიცოდი... ამიტომ, სანამ რამეს მეტყოდა და გულს მომიკლავდა, დავასწარი.
- მაპატიე, ნინო, გთხოვ, მაპატიე. ვიცი, საშინლად მოგექეცი, დეგენერატი ვარ, კრეტინი ვარ, უთავმოყვარეო, უპრინციპო, მაგრამ უნდა მაპატიო. იცოდე, რასაც ახლა გეტყვი, სხვა დროს არ გავიმეორებ... არასდროს, გესმის? არასდროს! ამიტომ ყურადღებით მომისმინე... გამომყევი ცოლად და ვიცხოვროთ ისე, როგორც მოსიყვარულე ცოლ-ქმარს შეეფერება, ქართულად, ტრადიციულად, - სათქმელი ბოლომდე ვთქვი და მივხვდი, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ვიქცეოდი, რომ არამარტო ნატას, ჩემს თავსაც ვსჯიდი.
- შენ რა, სიყვარულის წესების დაცვას მთხოვ? - მომიახლოვდა და სახე ახლოს მომიტანა.
პასუხი დავუგვიანე.
- გესმის, რას გეუბნები?
- რა მითხარი?
- წესების მიხედვით გინდა მიყვარდე?
- რატომაც არა? უწესო სიყვარულს არ სჯობია?
- მაგრამ შენ ერთი რამ გავიწყდება, ჩემო კარგო. წესების დაცვა მანამ ხდება, სანამ სექსამდე მივა საქმე. სექსის დროს კი ყველა წესი ირღვევა. მე და შენ ეს პუნქტი უკვე გავიარეთ. ასე რომ, ჩვენ ერთად ბედნიერები ვერ ვიქნებით, შენც კარგად იცი.
- რატომღაც მგონია, რომ ჰეფი ენდს ძალიან ცუდად უყურებ. რატომ, გეშინია ბედნიერება ვინმემ არ წაგართვას?
- არა, უბრალოდ, ძვირად დაგვიჯდება იგი. ჩემი სიყვარული საკმარისი არ არის მყარი ოჯახის შესაქმნელად. შენც უნდა გიყვარდე. ეს კი გამორიცხულია.
- რატომ გგონია?
- იმიტომ, რომ შენი გული მისი სიყვარულით არის სავსე. მაპატიე, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება... უარს ვამბობ შენზე. არ მინდა შენთან ყოფნა. და ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, - თქვა და გაიქცა...
რაღაცის თქმა მინდოდა და სიტყვა შუაზე გამიწყდა... ჩემს თავს ვერ ვპატიობდი, უარი რომ მითხრა... ვერ ვიჯერებდი, მტკივნეული იყო ეს უარი. არადა, ჩემს მდგომარეობაში, პირიქით, უნდა გამხარებოდა, მე ხომ მართლა არ მიყვარდა იგი.
მიმიხვდა, რომ ვიყენებდი... მიმიხვდა და არ მაპატია. თურმე მართალი ყოფილა, როცა ამბობენ, ყველაზე ადვილი ყველაზე თავხედური ტყუილის თქმა არისო. ასეთი ტყუილების ქალებს ყოველთვის სჯერათ. აქამდე ეს ყოველთვის ჭრიდა, ყველა სხვა ქალთან, მასთან კი არ გაჭრა... მან არ დაიჯერა.
არ დაიჯერა და დამსაჯა... თავისებურად დამსაჯა, ქალურად... წავიდა და ერთხელაც არ მოიხედა უკან...
თეატრში დავბრუნდი და არყის სმა გავაგრძელე... ისევ უინტერესოდ. ისევ მომეძალა ამაყი მარტოობა... მერე რა, ხვალაც ასე დავთვრები, ზეგაც, მომდევნო დღეებშიც... მანამ, სანამ ჩემი ცხოვრება საინტერესო არ გახდება. მერე კი...
მერე კი... შეიძლება სხვისი ცხოვრებითაც დაინტერესდეს ადამიანი!..
***
ახალმა წელმა უხალისოდ ჩაიარა. ვსვამდი და ვფხიზლდებოდი, ვფხიზლდებოდი და ვსვამდი. ბოღმას და დარდს სასმელში ვახშობდი... მერე დროებით ერთი ქერათმიანი გოგონა გაიჩითა ჩემს უინტერესო ცხოვრებაში... მორიგი მაჟორული ქალი... მერე რა, რომ დროებითი აღმოჩნდა ეს რომანი, ხანმოკლე, როგორც გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმა - უცებ დაწყებული და უცებ დამთავრებული. დრო ხომ გამაყვანინა? ჰო, გამაყვანინა, მაგრამ ვერ მიშველა. თვალწინ სულ ნატა მედგა - მისი ღიმილი, გამოხედვა, ხმა, სიყვარულით გამთბარი თვალები... ის ჩემთვის ყველაფერი იყო - შიმშილი, აფეთქება, ნერვები, თრთოლა, დაჭიმული სიმები, მაჯისცემა, სიშიშვლე, გაბნეული ნოტები, მაქსიმალიზმი... ის სურვილი იყო, ლტოლვა, ვნება, ოცნება, ჟინი... ყველაფერი, ყველაფერი...
და ვეღარ გავძელი... ცხოვრება აუტანელი გახდა მის გარეშე. დავურეკე... გვიან, როგორც ყოველთვის, თორმეტის შემდეგ... ძველით ახალ წელს...
პირველსავე ზარზე აიღო ყურმილი, თითქოს მთელი დღე ტელეფონთან იჯდა და მელოდა...
- გამარჯობა! - ეს მე ვთქვი.
- გაგიმარჯოს! - ეს - მან.
- როგორ ხარ?
- ბრწყინვალედ. რომელი ხარ?
- მე ვარ.
- ვინ “შენ”?
- უკვე დაგავიწყდი?
- რატომ დამირეკე?
- ვიფიქრე, ახალ წელს მივულოცავ, ბედნიერებას, წარმატებას ვუსურვებ-მეთქი... მინდა მთელი ცხოვრება თავდაჯერებულმა იარო...
- გმადლობ.
- რატომ ერთხელ არ დამირეკე?
- უნდა დამერეკა? ვალდებული ვიყავი?
- არა, ვალდებული არ იყავი.
- მაშინ ნუღარ მეკითხები.
- როგორ მიდის სწავლის საქმეები?
- არაჩვეულებრივად.
- ვიცი, ნაწყენი ხარ ჩემზე, ამიტომაც დაგირეკე. არ მინდა დამდეგ წელს ძველი წყენებით შევხვდე.
- არ გინდა ეს თეატრი და ლირიკა.
- არც მიფიქრია. თეატრი რომ მდომებოდა, დაგპატიჟებდი ჩემთან, ფრაკში გამოვეწყობოდი, სიგარას გავიჩრიდი პირში და გიტარაზე ავათამაშებდი თითებს.
- მის გარეშეც მშვენივრად შეგიძლია თამაში... ცხოვრებაში.
- რატომ მეუბნები ასე? არ მოგბეზრდა ჩემთვის ტკივილის მოყენება?
- ღმერთო ჩემო, ვინ ამბობს ამას! ლამის გამთელე, გამანადგურე და კიდევ მე გაყენებ ტკივილს?
- მოდი, ცოტა ხნით გავჩუმდეთ, გავუღიმოთ ერთმანეთს ყურმილში და მერე...
- რა მერე?
- ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
- არა, ზაზა, არ მიყვარს ნულიდან დაწყება. როგორც ხედავ, შენი სიყვარულის ფონზე ჩემი აშკარად წაგებულად გამოიყურება, ისევე, როგორც ჩემი ცხოვრება. შენ არაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. გული მიგრძნობს, არ შემცდარხარ. შენი ერთი შემოხედვა, ერთი სურვილი საკმარისი გახდა, სრულ სიმარტოვეში აღმოვჩენილიყავი. ამაში მე ვარ დამნაშავე... მე თვითონ გავაკეთე ეს... ვიცოდი, რაზეც მივდიოდი, მაგრამ არ შევჩერდი. ჩემი ბრალია. თავად მივაყენე ტკივილი საკუთარ თავს. თავად ვთქვი უარი შენზე. ჩემით წავედი. ჩემით შევურიგდი ბედს, თავად გამოვიხურე კარი, თავად გაგიშვი ხელი, თავად ვთქვი უარი ყველაზე ბედნიერ წუთებზე... და თურმე იმისთვის, რომ ნაკლებად ბედნიერი წუთები მეპოვა, იმისთვის, რომ სხვისი, ნაკლებად სასურველი ღიმილი დამეჭირა, თუმცა... შევეჩვევი, რადგან მხოლოდ ამას ვიმსახურებ, ალბათ მეტის ღირსი არ ვარ. სხვა შენსავით არასდროს მეყვარება, მაგრამ ის თქვენ ყველას გაჯობებთ. ის მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ - ყველა ჩემი დადებითით და უარყოფითით. ერთი პერიოდი ვფიქრობდი, რომ მძულდი, მაგრამ შევცდი. ეს არ ყოფილა სიძულვილი. არ დაგიმალავ, რაღაც წამებში გაიელვა კიდეც, თუმცა მალევე გაქრა. წყენა? წყენა დამრჩა და იგი შენს სახელთან გავაიგივე, როგორც სინონიმი, ისე აღვიქვი. ჰოდა, აი ასე - ფენიტა ლა კომედია! მე ჩემი გზით წავედი, შენ - შენით, თან ისე, რომ ნაკვალევი არ დაგვიტოვებია. მშვიდობით... წარმატებებს გისურვებ...
ყურში დიდხანს ჩამესმოდა წყვეტილი ზუმერის ხმა...
გულდამძიმებული ლოგინზე მივეგდე... მორჩა, მე აღარ ვარსებობ. რატომ მეგონა, რომ ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლებოდა? ფერფლისგან ფენიქსი შეიძლება აღდგეს და არა სიყვარული. მისი ყოველი სიტყვა ჯოჯოხეთურ ტკივილს მაყენებდა, მაგრამ ის, რაც ჩემს სულში ხდებოდა, ამ ტკივილზე უარესი იყო.
მაჯობა... ტკივილშიც კი მაჯობა. და...
იმდენად ძლიერი იყო მასზე შურისძიების წყურვილი, თვითგანადგურება გადავწყვიტე... გადავწყვიტე და დავიწყე... იქვე, მაშინვე, იმ წუთებიდანვე...
შედეგი? ჰმ... მეორე დღეს, საღამოს, ბიჭები შევკრიბე, ნინო სახლიდან გამოვიყვანე და... ცოლად შევირთე.
გაგრძელება