ესპანეთის სამი უნივერსტეტის მეცნიერებმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 11 ათასზე მეტი ტყუპი მონაწილეობდა. მიზანი იყო დაედგინათ, რამდენად სტაბილურია ბავშვების მაღალი კოგნიტური უნარები და შეიძლება თუ არა ადრეულ ასაკში გამოვლენილი „ნიჭიერება“ მომავალ ინტელექტუალურ წარმატებაზე მიუთითებდეს.
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვობის საწყის ეტაპებზე გამოვლენილი მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან იშვიათად ნარჩუნდება მოზრდილობაში. მეცნიერების თქმით, ბავშვთა IQ-ის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იცვლება როგორც ბავშვობაში, ისე მოზარდობის პერიოდში და შედარებით გამყარებულია დაახლოებით 12 წლიდან.
მონაცემების შესაქმნელად მეცნიერები ტყუპებს მათი დაბადებიდან 21 წლამდე აკვირდებოდნენ. ინტელექტის ძირითადი შეფასებები 4, 7, 12, 16 და 21 წლის ასაკში ტარდებოდა.
შედეგებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოავლინა:
7 წლის ასაკში მაღალი უნარების მქონე ბავშვების მხოლოდ 16%-მა შეინარჩუნა იგივე მაღალი დონე 16 წლისთვის.
საშუალო მაჩვენებლების მქონე ბავშვებში ცვლილებები შედარებით იშვიათი იყო, თუმცა მათგან 8%-მა შეძლო „მაღალი უნარების“ ჯგუფში გადასვლა.
მაღალი შედეგის შენარჩუნების შანსი მაინც უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე საშუალო დონიდან მაღალზე გადასვლის შესაძლებლობა, თუმცა ორივე კატეგორიაში სტაბილურობა დაბალი დარჩა.
მეცნიერებმა გამოყვეს ორი დიდი ჯგუფი: 1580 ბავშვი მაღალი შედეგებით და დაახლოებით 4000 ბავშვი საშუალო მაჩვენებლებით. მათ მოახდინეს მონაცემების შედარება გენეტიკურ თავისებურებებთან, გარემო პირობებთან და სხვადასხვა ასაკში მიღწეულ წარმატებებთან.
მკვლევართა თქმით:
ინტელექტი ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში მუდმივად იცვლება, ამიტომ ადრეულ ასაკში „განსაკუთრებულად ნიჭიერად“ მონათვლა ხშირად ნაადრევი და შეცდომაში შემყვანია.
მაღალი კოგნიტური უნარების მქონე მოზარდებში უფრო თვალსაჩინო- გენეტიკური კოდით განპირობებული მიდრეკილებები ფიქსირდება, ხოლო გარემო ფაქტორების გავლენა მინიმალურია.
ოჯახური პირობები, სკოლა, ან ბავშვის ქცევითი სირთულეები მნიშვნელოვნად ვერ ცვლიან იმ ბავშვების კოგნიტიურ განვითარების ტრაექტორიას, რომლებიც გენეტიკურად უკვე ძლიერი ინტელექტუალური საფუძვლით გაიზარდნენ.
საპირისპირო ვითარებაა საშუალო დონის ბავშვებში:
საშუალო მაჩვენებლების მქონე ბავშვები უფრო მგრძნობიარენი იყვნენ ნეგატიური გარემო ფაქტორების მიმართ.
ყოველდღიური სტრესი, ქცევითი პრობლემები და ოჯახური სირთულეები ხშირად იწვევდა მათი კოგნიტიური უნარების ვარდნას.
მიუხედავად გენეტიკის მნიშვნელობისა, ერთმა ფაქტორმა ყველა ჯგუფში ერთნაირი როლი ითამაშა — ინტელექტუალური ინტერესისა და სწავლაში ჩართულობის დონემ.
ბავშვები, რომლებიც 16 წლის ასაკში სწავლასთან მეტად იყვნენ დაკავშირებული და სწავლას ინტერესით ეკიდებოდნენ, მომავალშიც უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ — მიუხედავად იმისა, იყვნენ ისინი თავიდან მაღალ, საშუალო თუ დაბალ ჯგუფში.