სად გაიხსნება მე-12 კლასები და რას ისწავლიან მოსწავლეები მე-11 დამამთავრებელ კლასში: "პროგრამაში შემოვიტანთ ეროვნული გამოცდების წინა წლების ნიმუშებს" - მშობლები

სად გაიხსნება მე-12 კლასები და რას ისწავლიან მოსწავლეები მე-11 დამამთავრებელ კლასში: "პროგრამაში შემოვიტანთ ეროვნული გამოცდების წინა წლების ნიმუშებს"

2025-12-04 01:25:50+04:00

სასკოლო და უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში დაანონსებულ ცვლილებებს საზოგადოება აქტიურად განიხილავს. ამ პროცესთან დაკავშირებულ კითხვებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ამჯერად რუსთავი ორის ეთერში უპასუხა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა მე-11 და მე-12 კლასთან დაკავშირებული ახალი გადაწყვეტილებები.

"გვაქვს ხედვა, რომ 11-წლიან სწავლებაზე გადავიდეთ, 11-წლიანი სწავლება მისცემს ჩვენს მოსწავლეს სრულფასოვან ზოგად განათლებას. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მე-12 კლასიც არსებობდეს - ნებაყოფლობითობის საფუძველზე დაშვებული ერთი დამატებითი კლასი. მათთვის, ვისაც სურვილი აქვთ, რომ მე-12 კლასიც ისწავლონ, გავაკეთებთ ასეთ სისტემას: ყოველი წლის მარტში გამოცხადებთ ღია სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერი დაინტერესული მე-11 კლასელი მოსწავლე დარეგისტრირდება. დააფიქსირებს, რომელ სკოლაში სწავლობს და საცხოვრებელ მისამართს. აიღებს 11 კლასის ატესტატს, თუმცა რეგისტრაციის საფუძველზე ჩაირიცხება მე-12 კლასში და კიდევ ერთ ატესტატს აიღებს. ორივე ატესტატს, სამართლებრივი კუთხით, საქართველოში ერთნაირი ძალა ექნება,“ - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მე-12 კლასში რეგისტრაცია შეეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებსაც.

„საჯაროს სკოლების შემთხვევაში სად ვინ დარეგისტრირდება გეოგრაფიული და რაოდენობრივი კომპონენტიდან გამომდინარე, სადაც საჭირო იქნება - ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, აუცილებლად გავხსნით რომელიმე სკოლაში მე-12 კლასს. ეს არ იქნება ყველა სკოლაში, დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენი ადამიანი დარეგისტრირდება და სად იქნება მათი საცხოვრებელი ადგილი. თუ ყველა მოსწავლე დარეგსტრირდა და ყველამ გამოთქვა სურვილი, ყველგან შეიძლება გავაგრძელოთ მე-12 კლასი, თუ სკოლას გავლილი აქვს ავტორიზაცია 12-წლიან სწავლებაზე.

კერძოს შემთხვევაში, მათაც 11-წლიანი ექნებათ, მაგრამ ყველა კერძო სკოლას შეუნარჩუნდება მე-12 კლასი,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ და მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმთან დაკავშირებული ცვლილებებიც განმარტა.

„სკოლამ უნდა უზრუნველყოს ისეთი ხარისხის განათლება, რომ მოსწავლეს სკოლის გარეთ სასწავლო პროცესში ჩართვა აღარ სჭირდებოდეს ეროვნული გამოცდების დასაძლევად. დღევანდელ რეალობაში აბიტურიენტების უმრავლესობა ემზადება სკოლის გარეთ. ეს მიუთითებს, რომ სასკოლო პროგრამა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც საჭიროა ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. რას ვასწავლით და რა მეთოდოლოგიით ვასწავლით? დამამთავრებელი კლასები დაცლილია მოსწავლეებისგან, რადგან მომზადებაზე არიან გადართულები. ეს გვეუბნება, რომ სკოლის მასალა არ არის შესაბამისობაში იმ მასალასთან, რომლითაც უნდა დაძლიონ ეროვნული გამოცდები. ოჯახებს დამატებით ფინანსურ ტვირთად აწევთ ის, რასაც მოსწავლე სკოლიდან უნდა იღებდეს. გვინდა შვქმნათ მაქსიმალური შესაძლობლობა, რომელსაც ოჯახი გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს, სახელწიფოს ვალდებულებაა.

მე-11 კლასში მხოლოდ იმ საგნებზე იქნება კონცენტრირება, რომლებიც აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ეროვნული გამოცდებზე. ის 3-4 საგანი, რომლებსაც აარჩევს მოსწავლე, სიღრმისეულად იქნება გავლილი. ფაქტობრივად, მომზადების პროცესია უფასოდ. ამას ემატება კიდევ ერთი გარემოება - ამ პროგრამაში შემოვიტანთ ეროვნული გამოცდების წინა წლების ნიმუშებს, რომ ბმა და აღქმა უკეთესი იყოს გამოცდებთან მიმართებაში და როცა აბიტურიენტი გამოცდაზე მივა, მისთვის ის პროცესი უჩვეულო არ იყოს, მაქსიმალურად მომზადებული იყოს“ , - განაცხადა მინისტრმა.

უნივერსიტეტებში აღარ იქნება საგრანტო დაფინანსება... ფაქტობრივად, უფასო ხდება სწავლა მათთვის, ვინ ჩააბარებს - მინისტრი დაფინანსების ახალ მოდელსა და ვადებზე