განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, გადაცემაში "ღამის კურიერი" საუბრობს, რატომ ვერ ხორციელდება სკოლებში უფასო კვება და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა:
- ოპონენტების მხრიდან, რაიმე სახით, ამ საკითხზე აპელირება, უბრალოდ, უხერხულია. სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, რომ ბაღებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, უფასო კვებითი კომპონენტი შემოტანილიყო და ეს კომპონენტი ძალიან პოზიტიურ ჭრილში იქნა აღქმული. სხვათა შორის, 30%-ით გაიზარდა ბავშვების ჩართულობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
რაც შეეხება სასკოლო კვებას, ინფრასტრუქტურა ამასთან ბმაშია. კარგად მოგეხსენებათ, რამდენიმე წელია, პრემიერ-მინისტრის უშუალო ინიციატივითა და მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარეობს. რამდენიმე ასეული სკოლა მთლიანად ახალი აშენდა ან სრულად რეაბილიტირდა. მაგალითად, ამ სასწავლო წლის დაწყებისთვის, 15 სექტემბრისთვის, 60-მდე ახლად აშენებული და სრულად რეაბილიტირებული სკოლა გავხსენით. შემდეგ კვირაში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს უნდა ვეწვიო და 3 ახლად აშენებული და რეაბილიტირებული სკოლა უნდა გავხსნა. იანვარში, დაახლოებით, 20-მდე სკოლა. ეს პროცესები მიმდინარეა.
საზოგადოებისგან გასაგებია გარკვეული დისკომფორტი, წუხილი იმისა, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა ბოლომდე მოწესრიგებული ვერ არის. მაგრამ, თუ ჩვენ დავაკვირდებით, 3 ათეული წელია, ეს ინფრასტრუქტურა არა თუ მოწესრიგებულა, საერთოდ არაფერი გაკეთებულა. დაგროვდა ეს პროცესები. შენობებმა გარკვეული ამორტიზება განიცადა და ასე შემდეგ. მთავარია, გვაქვს პოლიტიკური ნება. რა თქმა უნდა, ჩვენს გვაქვს წუხილი იმისა, რომ საზოგადოება გარკვეულ დისკომფორტს განიცდის და არ არის ეს მარტივი დისკომფორტი. ვხედავთ, რომ ბავშვები სხვადასხვა სკოლაში გვყავს "შესახლებული." მათ მეორე ცვლაში სწავლა უწევთ და ესეც, გარკვეულწილად, დისკომფორტია. ეს სკოლები ისე ახლოს არ არიან მათ სახლებთან, როგორც საკუთარი სკოლები. ამიტომ, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ, ეს პროცესები გრძელდება და ახლა, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად შემდეგი სამი წლის გეგმა შევიმუშავეთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელი სკოლების მშენებლობა ან სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ეს გეგმა დეკემბრის ბოლომდე დამტკიცდება და ჩვენ ამაზე მუშაობას მყისიერად ვიწყებთ.
ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. დღეს ჩვენ სკოლების უმრავლესობაში კვების ობიექტის ინფრასტრუქტურა არ გვაქვს, რომელიც სპეციფიკურია. შესაბამისად, თუკი ეს ინფრასტრუქტურა არ არის, კვების საკითხი, უსაფრთხოების ზომებთან, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით, ძალიან პრობლემატურია. იქ, სადაც ეს დანერგილია, კონტროლსა და მონიტორინგზე სურსათის უვნებლობის სააგენტო ძალიან აქტიურადაა ჩართული და მაქსიმალურად რეაგირებს. მაგრამ, ამავდროულად, თუკი ინფრასტრუქტურა შესაბამისად არ იქნა მოწესრიგებული, თუკი ამისთვის ხელშემწყობი გარემოებები არ იქნება, რაიმე შემდგომ ნაბიჯებზე საუბარი ნაადრევია. ინფრასტრუქტურა ვითარდება და ამ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვნახავთ, რა შესაძლებლობები შეიძლება, იყოს. რასაც ოპონენტები ეწევიან, მიზანმიმართული კამპანიაა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ მორალურადაც კი არ აქვთ იმის უფლება, რომ რაიმეზე ისაუბრონ, როდესაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც ბაღებში, არც სკოლებში არანაირი უფასო კვების კომპონენტი არ ყოფილა. ახლა, როდესაც ერთი კომპონენტი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ, ამავდროულად, სასკოლო ინფრასტრუქტურა ამ კომპონენტის განსახორციელებლად მზად არ არის, რაიმეზე აპელირება პოლიტიკური სპეკულაციაა.
ინფრასტრუქტურული საკითხების გადაწყვეტის კვალდაკვალ, ჩვენ ვნახავთ, რა შესაძლებლობები შეიძლება, გამოინახოს.