მენსტრუალური შვებულება არის შვებულების სახეობა, რომელიც ქალს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ანაზღაურებადი ან ანაზღაურების გარეშე შვებულებით, თუ მას მენსტრუაცია აქვს და ვერ ახერხებს სამსახურში ყოფნას. რამდენიმე ქვეყანაში კანონმდებლობით არის გაწერილი, თუმცა არასაკმარისად გამოიყენება. ზოგჯერ ის აღიქმება, როგორც ქალების კრიტიკა ან სექსიზმი. მენსტრუალური შვებულების პოლიტიკის მომხრეები მის ფუნქციას ადარებენ დეკრეტული შვებულების ფუნქციას და მას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საშუალებად მიიჩნევენ.
ზოგიერთ ქალს მენსტრუაციის დროს დისმენორეა და ტკივილი აღენიშნება. ქალების 80%-მდე მენსტრუაციის გამო ყოველდღიურ ცხოვრებაში რაიმე პრობლემას არ განიცდის, თუმცა შესაძლოა ზოგს გარკვეული პრობლემები მენსტრუაციამდეც კი აღენიშნებოდეს. ქალების 20-30%-ში სიმპტომები ნორმალურ ცხოვრებას უშლის ხელს და კლასიფიცირდება, როგორც პრემენსტრუალური სინდრომი. 3-8%-ში სიმპტომები მძიმეა, ძირითადად, მუცლის ქვედა ნაწილის ძლიერი ტკივილებით ან ძლიერი სისხლდენით. პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (PMDD) პრემენსტრუალური სინდრომის მძიმე, ინვალიდობის გამომწვევი ფორმაა, რომელიც მენსტრუაციის მქონე ქალების 1.8-5.8%-ს აწუხებს.
მენსტრუალური შვებულების შესახებ კანონები პირველად რევოლუციის შემდგომ რუსეთში შრომის გარკვეულ სექტორებში (მაგ., სამკერვალო ინდუსტრიაში და საშემსრულებლო ხელოვნებაში მომუშავე ქალებისთვის) 1922 წლის იანვარში ამოქმედდა. შვებულებისთვის საჭირო იყო ექიმის ცნობა და მინიმუმ 21 დღით ადრე შეტყობინება. 1926 წლის იანვარში შრომის სახალხო კომისარიატის შრომის დაცვის დეპარტამენტმა ყველა ქალი მუშაკს მიანიჭა ასეთი შვებულების (ისევე როგორც რეგულარული ავადმყოფობის შვებულების) უფლება. თუმცა, ქალი მუშაკების მიმართ დისკრიმინაციის გამო, ეს უფლება 1927 წელს გაუქმდა. ზუსტად უცნობია, რამდენმა ქალმა გამოიყენა შვებულების უფლება, მაგრამ შრომის სახალხო კომისარიატის დადგენილებაში ნათქვამია, რომ ეს პრაქტიკა ფართოდ არ გამოიყენებოდა საწარმოებში; მიუხედავად ამისა, მაგალითად, 1930-იან წლებში განიხილებოდა მენსტრუაციის დროს სამუშაო დატვირთვის შემსუბუქება ქალი ტრაქტორის მძღოლებისთვის, რომლებიც მყარ სავარძლებზე ისხდნენ.
სამხრეთ ინდოეთის შტატ კერალაში მდებარე გოგონათა სკოლამ თავის მოსწავლეებს მენსტრუალური შვებულება 1912 წლიდან მისცა. 1920-იან წლებში იაპონურმა პროფკავშირებმა ქალი მუშაკებისთვის მენსტრუალური შვებულების („სეირიუკა“) მოთხოვნა დაიწყეს. 1947 წელს იაპონიამ მიიღო შრომის სტანდარტების შესახებ კანონი, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევდა, მენსტრუაციის დროს სამსახურიდან აეღოთ დასვენება. კამათი გრძელდება იმის შესახებ, არის ეს სამედიცინო აუცილებლობა თუ დისკრიმინაციული ზომა.
ენსტრუალური შვებულების მიმართ სტიგმა არსებობს. ლევიტისა და ბარნაკ-ტავლარისის (2020) თანახმად, ამან შეიძლება გააძლიეროს სტერეოტიპები და ხელი შეუწყოს მენსტრუაციის მედიკალიზაციას. შვებულების აღებისას ქალებს შეიძლება მოეთხოვოთ მამაკაცი მენეჯერებისთვის იმის გამჟღავნება, თუ რას მიიჩნევენ პირად პრობლემად. ამან შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ქალები ნაკლებად მუშაობენ, ვიდრე მამაკაცები და, შესაბამისად, შეიძლება გამოიწვიოს ქალების მიმართ შემდგომი დისკრიმინაცია. სტიგმის აღმოფხვრის შესაძლო ღონისძიებად შემოთავაზებულია ყველა თანამშრომლისთვის დამატებითი ავადმყოფობის დროს შვებულების უზრუნველყოფა. მამაკაცების უფლებებისა და ქალების მიმართ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული შეშფოთების გარდა, განიხილება შვებულების ბიზნესზე გავლენა. ქალების მიმართ პოტენციური დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახეობა, რამაც თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური შვებულება, არის დისმენორეის კვლევის დაფინანსების შემცირება
ინდონეზიაში, 2003 წლის შრომის კანონის №13-ის თანახმად, ქალებს თვეში ორი დღეს მენსტრუალური შვებულება აქვთ.
იაპონიაში, 1947 წლიდან, შრომის სტანდარტების შესახებ კანონის 68-ე მუხლი ითვალისწინებს: „თუ ქალი, რომლისთვისაც მენსტრუაციის დროს მუშაობა განსაკუთრებით რთულია, ითხოვს შვებულებას, დამსაქმებელს არ აქვს უფლება დაასაქმოს ასეთი ქალი მენსტრუაციის დროს.“ მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ქალს, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე მენსტრუაცია აქვს, ჰქონდეს შვებულების უფლება, ის არ ავალდებულებს კომპანიებს, უზრუნველყონ ანაზღაურებადი შვებულება ან დამატებითი ანაზღაურება იმ ქალებისთვის, რომლებიც მენსტრუაციის დროს მუშაობას გადაწყვეტენ.
სამხრეთ კორეაში, ქალი მუშაკები მენსტრუალური შვებულების უფლება აქვთ შრომის სტანდარტების შესახებ კანონის 71-ე მუხლის თანახმად, და გარანტირებული აქვთ დამატებითი ანაზღაურება, თუ ისინი არ აიღებენ მენსტრუალურ შვებულებას, რომლის უფლებაც აქვთ.
ტაივანში, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონი ქალებს წელიწადში სამი დღის მენსტრუალურ შვებულებას აძლევს. ეს დღეები არ ითვლება „რეგულარული ავადმყოფობის შვებულების“ 30-დღიან ოდენობაში, რაც ქალებს წელიწადში 33 დღემდე „ჯანმრთელობის შვებულებას“ აძლევს. თუ მუშაკი 30 დღეს გადააჭარბებს რეგულარულ შვებულებას, დამატებითი სამი დღის ანაზღაურების ნახევარი არ ანაზღაურდება.
ევროპაში, 2023 წლის მდგომარეობით, მენსტრუალური შვებულება ეროვნულ დონეზე მხოლოდ ესპანეთში არსებობდა. 2023 წლის თებერვლიდან ესპანეთში თვეში სამიდან ხუთ დღემდე ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულება გათვალისწინებული[26] (ექიმის ცნობით).
2023 წელს სენტ-უენ-სიურ-სენის ტერიტორიაზე შემოიღეს ორდღიანი ანაზღაურებადი შვებულება (ექიმის ცნობის გარეშე). იტალიის პარლამენტის მიერ 2017 წელს მენსტრუალური შვებულების პოლიტიკის შემოღების შესახებ წინადადებამ ევროპაში დებატები გამოიწვია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მენსტრუალური ჯანმრთელობა მომუშავე ქალებზე. კანონპროექტი ითვალისწინებდა პოლიტიკას, რომელიც კომპანიებს ავალდებულებდა, ძლიერი მენსტრუალური ტკივილებით დაავადებული ქალებისთვის სამდღიანი ანაზღაურებადი შვებულება მიეცათ; თუმცა, ეს წესი არ იქნა მიღებული.
ევროპის ზოგიერთ ქალაქში ინდივიდუალურად შემოიღეს მსგავსი წესი - მაგალითად, შვეიცარიის ქალაქ ფრიბურში.
აფრიკაში, ზამბიაში, ქალებს კანონიერად აქვთ უფლება ყოველთვიურად ისარგებლონ ერთი დღით „დედის დღის“ სახელით ცნობილი მენსტრუალური შვებულების პოლიტიკის ფარგლებში. დოკუმენტაცია არ არის საჭირო. თუ დასაქმებულს ეს უფლება ჩამოერთმევა, მას შეუძლია უჩივლოს დამსაქმებელს.