ძაღლი საუკუნეების განმავლობაში ადამიანის უპირობო მეგობარი და დამცველია. ამბები ძაღლების ერთგულების, სიმამაცისა და სიყვარულის შესახებ იმდენად ემოციურია, რომ ზოგჯერ ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. თუმცა ეს რეალობაა: რეალური გმირები, რომელთა ისტორიებს მსოფლიოს მეხსიერებიდან ვერავინ მოშლის.
მოდით, გავიხსენოთ ყველაზე ცნობილი ოთხფეხა გმირები: ჰაჩიკო, ბალტო, ტოგო, ლაიკა და რა თქმა უნდა, კუპატა - ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩენილი ბათუმელი მეგობარი.
ჰაჩიკო - ერთგულების უკვდავი სიმბოლო

ჰაჩიკო იაპონიაში ერთგულების ეროვნული სიმბოლო გახდა. მისი პატრონი, პროფესორი ჰიდესაბურო უენო ყოველდღე მატარებელით მიდიოდა უნივერსიტეტში და ჰაჩიკო ყოველ საღამოს მას სადგურზე ხვდებოდა. 1925 წელს პროფესორი მოულოდნელად გარდაიცვალა, მაგრამ ჰაჩიკო მაინც აგრძელებდა მის ლოდინს - ყოველ დღე, 9 წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე დროს. ჰაჩიკოს უპირობო ერთგულება მთელმა მსოფლიომ გაიგო, დღეს კი მისი ძეგლი სადგურთან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა
ბალტო და ტოგო - ძაღლები, რომლებმაც სიცოცხლე შეუნარჩუნეს ქალაქს
1925 წელს ალასკას სასტიკმა ზამთარმა და დიფტერიის ეპიდემიამ ნომის პორტში ათასობით ადამიანის სიცოცხლე საფრთხის წინაშე დააყენა. ერთადერთი წამალი 674 მილით იყო დაშორებული, ხოლო ამინდი იმდენად სასტიკი იყო, რომ თვითმფრინავით გადატანა შეუძლებელი გახდა. ამიტომ გადაწყდა, შრატი მარხილის ძაღლების დახმარებით ჩამოეტანათ. შეკრებილი 20 გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლეონარდ სეპალას ჯგუფი იყო, რომელმაც ურთულესი გზის გადალახვა შეძლო. ფინალურ 53 მილს ბალტო მიუძღოდა წინ - ძაღლი, რომლის სახელიც ამ მისიის სიმბოლოდ იქცა. მაგრამ სინამდვილეში ბევრად უფრო დიდი გმირობა ჩაიდინა ტოგომ, ციმბირულმა ჰასკიმ, რომელმაც 264 კილომეტრი - სხვა გუნდების საშუალო მონაკვეთის ათჯერ მეტი გადალახა და ხალხის გადარჩენისთვის გადამწყვეტი გზა გაიკვალა. ტოგოს გამძლეობა და დაუჯერებელი ინტუიცია ალასკაში უკვე ლეგენდად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ბალტო ნომში საზოგადოების გმირი გახდა, პროფესიონალები და ისტორიკოსები ტოგოს ნამდვილ მხსნელად აღიარებენ. მოგვიანებით მას ძეგლი აუგეს ნიუ-იორკში, ხოლო 2019 წელს Disney-მ გმირი ჰასკის შესახებ ფილმი გადაიღო. დღეს ტოგოს სახელთან ერთად ბალტოსაც იხსენებენ - როგორც ორი ძაღლი, რომლებმაც ბავშვები და ქალაქი გადაარჩინეს.
კუპატა - ბათუმის ქუჩების ლეგენდა და ბავშვების მცველი

კუპატას ისტორია ისეთივე ემოციური და გულწრფელია, როგორც საუკეთესო საბავშვო ზღაპარი. უბრალოდ ეს ყველაფერი სინამდვილეში მოხდა. მისი ყოველდღიური რიტუალი ყველას ახსოვს: დილის ექვს საათზე ჯერ ხორცის მაღაზიასთან მიდიოდა, ელოდა, როდის გააღებდნენ, რომ დაეპატიჟებინათ. გასტრონომიული სიყვარულის გამო მაღაზიის თანამშრომლებმა მას „კუპატა“ დაარქვეს. მაგრამ მისი მთავარი ხიბლი ბავშვების ზებრას გადასასვლელზე გადაყვანა იყო.
ყოველ დღე, კუპატა შუქნიშანთან ელოდა ბავშვებს, სიხარულით ხვდებოდა მათ და შემდეგ გვერდით მიჰყვებოდა და მანქანებს უყეფდა, სანამ უსაფრთხოდ არ გადააცილებდა ქუჩაზე.
ეს პატარა ცერემონია იმდენად ემოციური იყო, რომ ძალიან მალე გავრცელდა სოციალურ ქსელებში. კუპატას ამბავი ჯერ მთელმა საქართველომ გაიგო, მერე კი მთელმა მსოფლიომ.
კუპატას ვიდეო მოხვდა Fox News-ზე, ევროპულ მედიაში და სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე. ბათუმელი კუპატა კეთილი გულწრფელობის მსოფლიო სიმბოლოდ იქცა.
სამწუხაროდ, ზედმეტი კვება და ყურადღება მას ავნებდა - განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველას უნდოდა მისი გამასპინძლება. კუპატა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მან შეცვალა ქალაქი. დღეს, ბათუმის თითქმის ყველა ქუჩაზე ნახავთ ძაღლებისთვის დატოვებულ საკვებს - ადამიანები მეტ სიყვარულს ავლენენ მიუსაფარი ცხოველების მიმართ.
კუპატა იქცა ანიმაციური ფილმის და საბავშვო წიგნის გმირად - მისი სიკეთის შესახებ მომავალი თაობებიც გაიგებენ. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცაილუსტრირებული წიგნი - „კუპატას თავგადასავალი“, რომლის ავტორი გახლავთ გიორგი კეკელიძე. წიგნი „კუპატას თავგადასავალი“ უკვე ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. წიგნის ფურცლებზე კუპატა თავისი ყოველდღიური ჯადოსნობებით აგრძელებს ცხოვრებას: ძიძა გულოსთან, მენაყინესთან, კნუტ კნატისთან, ავთოს ავტოსთან. სალომე ხოტივარის ილუსტრაციები კი წიგნს განსაკუთრებულ ატმოსფეროს მატებს. ფერებს, სითბოსა და ემოციას, რომელიც კუპატას ისტორიას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის.

ლაიკა - პირველი ცოცხალი არსება კოსმოსში

1957 წელს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა ლაიკა. პატარა, ქუჩიდან აყვანილი ძაღლი, რომელიც პირველი არსება გახდა პლანეტის გარეთ. ლაიკა მეცნიერებისთვის იყო დიდი ნაბიჯი, თუმცა მისი ამბავი ძალიან სევდიანია - იმ პერიოდში უკან დაბრუნების ტექნოლოგია არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, ლაიკა სამუდამოდ დარჩა სიმბოლოდ იმისა, თუ რამდენად შორს წავიდა კაცობრიობა ცხოველის დახმარებით.
ჰაჩიკოს ერთგულება, ბალტოს გამბედაობა, ტოგის ძალა, ლაიკას მსხვერპლი და კუპატას სიკეთე - ეს უბრალოდ ძაღლების ისტორიები არ არის. ეს არის მაგალითები იმისა, თუ რამდენად შეუძლია სიყვარულს, ერთგულებას და მეგობრობას შეცვალოს ადამიანის ცხოვრება.
R