"საშა პარტნოი" - ასე მოიხსენიებდნენ ქართული მოდის პირველ მკერავ-დიზაინერს, უნიჭიერეს ალექსანდრე ახვლედიანს, რომლის სამოსი ყველა ელიტურ ქალბატონს სცმია საქართველოში. მისი მუდმივი მომხმარებლები იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, ნინო რამიშვილი. მისი ნამუშევრები ეცვა ინდირა განდის, ბელგიის დედოფალ ელისაბედს, ავღანეთის მეფეს და დედოფალს...
მისი შვილიშვილის ნაამბობით, სამოსის შექმნის განსაკუთრებული ხელწერა ჰქონდა - იცოდა იდეალური ანაზომების აღება, რითაც იდეალურ თარგს ქმნიდა და შემდეგ ადამიანის ტანს ქინძისთავებით არგებდა.
"ბერიას ცოლისთვის ყოველთვის იმიტომ კერავდა, რომ მხოლოდ მან იცოდა მისი ზომები. არ სჭირდებოდა მოსაზომებლად მოსვლა, თვალდახუჭული უკერავდა, ისე ზედმიწევნით იცოდა მისი მონაცემები" - ამბიობს ია ახვლედიანი, ალექსანდრე ახვლედიანის შვილიშვილი.
ალექსანდრე ახვლედიანმა სტიპენდია მოიპოვა და პარიზში გაემგზავრა თეატრის მხატვრობის შესასწავლად. უკან დაბრუნების შემდეგ დიდი აღიარება მოიპოვა, მისი სამოსი ეცვათ ფოლკლორულ ანსამბლებს, მისით დაინტერესდნენ ელიტური ქალბატონები, 7 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. სამწუხაროდ, ცნობილი ხანძრის შედეგად მისი ყველა სასცენო ნამუშევარი განადგურდა.