

"სქემა რამდენიმე სახის იყო: ქალბატონი სამშობიაროდ შედიოდა. მესამე დღეს ეუბნებოდნენ, რომ ბავშვს ფილტვი არ გაეხსნა და დაიღუპა. ჰყავდათ გაყინული ბავშვები იმისთვის, რომ თუ რომელიმე ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა ბავშვის დაკრძალვას, სხვისი გაყინული ბავშვი გაეტანებინათ მათთვის..." - ამბობს თამუნა მუსერიძე ფილმის ტრეილერში.
ფილმში აღნიშნულია, რომ ჩვილებით ვაჭრობის მასშტაბური სქემა გაშიფრულია. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა პერიოდიდან 2005 წლამდე საქართველოში 100 ათასზე მეტი ახალშობილის გაყიდვის ფაქტი ფიქსირდება.
"ერთხელ, როდესაც გაშვილებულმა ადამიანებმა გენეტიკური ტესტი გაიკეთეს, აღმოჩნდა, რომ ქმარი მისი ნათესავია... ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით გარკვეული მუქარებიცაა. საუბარია 100 ათასზე მეტ ქალბატონზე, რომლებსაც, რეალურად, არ აქვთ პასუხი, თუ სად არიან მათი შვილები." - აღნიშნავს ფილმში თამუნა მუსერიძე.

ფილმი "მოპარული ბავშვები" HBO Max-ზე 12 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. დახურული პრემიერა კი 5 დეკემბერს იმართება. თამუნა მუსერიძე და ფილმის სხვა გმირები ვარშავაში იმყოფებიან.