ემიგრანტი, რომელიც მოღალატე ქმართან განშორების შემდეგ 4 შვილით ქვეყნიდან წავიდა: "არავინ დამხვედრია... სულ 2 სიტყვა ვიცოდი ფრანგულად... მაგრამ დიპლომიც ავიღე და დღეს პარიზის ყველაზე ელიტურ სტომატოლოგიურ კლინიკაში ვმუშაობ" - მშობლები

ემიგრანტი, რომელიც მოღალატე ქმართან განშორების შემდეგ 4 შვილით ქვეყნიდან წავიდა: "არავინ დამხვედრია... სულ 2 სიტყვა ვიცოდი ფრანგულად... მაგრამ დიპლომიც ავიღე და დღეს პარიზის ყველაზე ელიტურ სტომატოლოგიურ კლინიკაში ვმუშაობ"

2025-12-05 20:11:25+04:00

ემიგრაცია ადამიანისთვის ერთ-ერთი რთული, მაგრამ გარდამტეხი გზა შეიძლება იყოს. ჩემი რესპონდენტი ემიგრანტი შორენა ხარაზიშვილი გახლავთ, ადამიანი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება საზღვარგარეთ ბევრი სირთულის ფონზე, 4 შვილთან ერთად თავიდან დაიწყო.

- შორენა, ემიგრაციაში წასვლის მთავარი მიზეზი რა იყო?

- 13 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი. ისე მოხდა, რომ მეუღლეს დავშორდი, მისი ღალატი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. 4 ბავშვით, ფაქტობრივად, ჰაერში დავრჩი. ოჯახის დანგრევის შემდეგ, ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად ცალკე გადავედი, 1 წელი როგორღაც ვიწვალე და თავი გავიტანე, მაგრამ ძალიან გამიჭირდა, ნაქირავებში ვცხოვრობდი. ბავშვებმა ცეკვას, სიმღერას ყველაფერს თავი დაანებეს, ჩემი შემოსავლით მათ გამოკვებას ძლივს ვახერხებდი, დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.

თავიდან ვფიქრობდი, საზღვარგარეთ ბავშვების გარეშე წამოვსულიყავი, იმდენი მომეგროვებინა, რომ სამშობლოში ბინის შეძენის საშუალება მქონოდა. მაშინ უვიზო რეჟიმი არ იყო და ეს ჩანაფიქრი არ გამომივიდა. გადავწყვიტე, ბავშვებთან ერთად წამოვსულიყავი, საქართველოდან მინსკში ჩავფრინდი, შემდეგ პოლონეთში გადავედი და პოლონეთიდან საფრანგეთში. ეს იყო ურთულესი გზა. წარმოიდგინეთ, 4 ბავშვით უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, სადაც არავინ გხვდება. მხოლოდ ერთი შორეული ნათესავის ტელეფონის ნომერი მქონდა, რომელიც პარიზშიც კი არ იმყოფებოდა.

- როგორი იყო პირველი დღე?

- მახსოვს, დიდი ბარგი გვქონდა, იმ ასოციაციამდე, სადაც უნდა ჩავბარებულიყავი, ტაქსით მივედით, 3-კილომეტრში 26 ევრო გამომართვა. დევნილის სტატუსის მიღებამდე დიდი გზა მქონდა გასავლელი. რომ არა მამაჩემი, რომელიც პორტუგალიაში იმყოფებოდა, მე აქ ვერ გავძლებდი. 1 წლის განმავლობაში არანაირი შემოსავალი არ მქონდა და მამა გარკვეულ თანხას ხელფასივით მიგზავნიდა. საფრანგეთი დახმარებაზე უარს იმ მიზეზით მეუბნებოდა, რომ პოლონეთიდან ვიყავი შესული და იქ უნდა დავბრუნებულიყავი. ბიუროკრატიული სირთულეები შემეხო, მაგრამ იყო ასოციაციები, რომლებიც საკვებით გვეხმარებოდნენ, ამ მხრივ არაფერი გვაკლდა.

უფროსი გოგონა 13 წლის იყო, პატარა - 3 წლის. დევნილის სტატუსის მიღების პროცესი 3 წელი გაგრძელდა, მაგრამ საბოლოოდ, უარი მეთქვა. მითხრეს, რომ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. ბავშვები სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდნენ, მონდომება რომ შეატყვეს, მასწავლებლები გვეხმარებოდნენ, მოდიოდნენ და აბსოლუტურად უფასოდ ამეცადინებდნენ. მათ მითხრეს, ჩვენ დაგეხმარებით, პრეფექტურაში განაცხადს შევიტანთ, აქ ცხოვრების და მუშაობის უფლება რაც შეიძლება ჩქარა რომ მოგცენო. ეს საბუთი როგორც კი ავიღე, ერთი დღე არ გავჩერებულვარ.

ჩასვლისთანავე დავიწყე ენის შემსწავლელ სკოლაში სიარული, ეს ბარიერი დავძლიე, ბავშვებმაც მარტივად აითვისეს ფრანგული ენა. პარიზში რომ ჩავედი, მხოლოდ 2 ფრანგული სიტყვა ვიცოდი, "გამარჯობა" და "დიდი მადლობა". ენის ცოდნის გარეშე, ამ ქვეყანაში შორს ვერ წავიდოდი, მთელი ცხოვრება ძიძად და დამლაგებლად მუშაობა კი არ მინდოდა. მქონდა პრეტენზია სრულფასოვანი ფრანგი მოქალაქესავით მეცხოვრა.

- პირველი სამსახური რა იყო?

- პიცერიაში შეფის დამხმარე ვიყავი. შეფმა რომ მითხრა, დანა მომაწოდეო, ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. თითოეულ სამსახურში 5-6 თვე ვჩერდებოდი, როცა ვხვდებოდი, განვითარება აღარ ხდებოდა, სხვაგან გადავდიოდი. ამ მიდგომამ შემძინა ძალიან ბევრი ნაცნობი, უფრო განმავითარა.

- ვიცი, რომ დღეს კარგი სამსახური გაქვს.

- დიახ, დღევანდელი სამსახური ჩემი კეთილსინდისიერი შრომის შედეგად მივიღე. ექიმების ოჯახში ვმუშაობდი, საქმეს პირნათლად ვასრულებდი, მათაც ძალიან შემიყვარეს, როგორც ოჯახის წევრი, ისე მიმიღეს. იმ პერიოდში სწავლა დავიწყე, რომ სტომატოლოგის დამხმარედ მუშაობა შემძლებოდა, დიპლომიც ავიღე და ჩემი ექიმების რეკომენდაციით, დღეს პარიზის ყველაზე ელიტურ სტომატოლოგიურ კლინიკაში ვმუშაობ, სადაც ვარსკვლავები, ელჩები, მაღალი თანამდებობის პირები დადიან. მათთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს.

განაგრძეთ კითხვა