მას „პატარა აინშტაინი“ შეარქვეს და დაბადებიდან აოცებს ჯერ ოჯახის წევრებს, მერე კი - მთელ მსოფლიოს. ბელგიელი ვუნდერკინდი ლორან სიმონსი ახლა 15 წლისაა და სულ ცოტა ხნის წინ კვანტურ ფიზიკაში დოქტორის ხარისხი მიიღო. მოზარდმა დისერტაცია ანტვერპენის უნივერსიტეტში რეკორდულ დროში დაიცვა.
Science Alert-ის ცნობით, მოზარდი სამედიცინო მეცნიერებების შესწავლას გეგმავს.
მან განათლება სკოლაში ოთხი წლის ასაკში დაიწყო და ექვსი წლის ასაკში დაამთავრა. 12 წლისამ კვანტური ფიზიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო ბოზონებისა და შავი ხვრელების შესწავლით. ბავშვს ფოტოგრაფიული მეხსიერება და 145 IQ აქვს, რაც მოსახლეობის მხოლოდ 0.1%-ს აქვს.

11 წლის ასაკში ლორანმა ბებია-ბაბუა დაკარგა და სწორედ ამ მოვლენამ განსაზღვრა მისი სამომავლო გეგმები - ლორანმა კიდევ უფრო ამბიციური მიზანი დაისახა, ვიდრე უბრალოდ დოქტორის ხარისხი. ის უკვდავების მიღწევას, ან სულ მცირე სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივებას ცდილობს. ამბობს, რომ ამას არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვის აკეთებს.
ლორანის დედა ამბობს, რომ ის ორი წლის ასაკში უკვე კითხულობდა წიგნებს, ხოლო ხუთი წლის ასაკში უკვე ესმოდა კალკულუსის საფუძვლები.

The Brussels Times-ის ცნობით, აშშ-სა და ჩინეთის IT გიგანტებმა მიმართეს წლების წინ ლორანის მშობლებს, როცა მისი ამბავი გაიგეს, და შესთავაზეს მათ კვლევით ცენტრებში უფასოდ სწავლა, მაგრამ მათ უარი თქვეს. მშობლები ცდილობენ, ლორანი შეძლებისდაგვარად დაიცვან აჟიოტაჟისგან და გადამეტებული ყურადღებისგან.
2021-2022 წლებში ლორანმა დაასრულა სპეციალიზებული მაგისტრის პროგრამა ანტვერპენში, ისრაელის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. ამ პერიოდში ის მუშაობდა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში და მაქს პლანკის კვანტური ოპტიკის ინსტიტუტში გარჩინგის კვლევით ცენტრში, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფთან ერთად ლაზერულ პროექტზე, რომელიც იყენებდა ლაზერს ყველაზე პატარა კიბოს უჯრედების აღმოსაჩენად.



ცნობისათვის, გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც დოქტორის ხარისხი მიიღო, გერმანელი ვუნდერკინდი კარლ ვიტეა, რომელმაც ხარისხი 1814 წელს, 13 წლის ასაკში მიიღო.