"მშობელი უნდა დააკვირდეს არა იმას, რამდენი სიტყვა იცის ინგლისურად ან რამდენი ლექსი იცის ზეპირად, არამედ, შეუძლია თუ არა ურთიერთობებში ჩაბმა, ყურადღების კონცენტრირება..." - როგორ უნდა შეაფასოს მშობელმა შვილის სასკოლო მზაობა - მშობლები

"მშობელი უნდა დააკვირდეს არა იმას, რამდენი სიტყვა იცის ინგლისურად ან რამდენი ლექსი იცის ზეპირად, არამედ, შეუძლია თუ არა ურთიერთობებში ჩაბმა, ყურადღების კონცენტრირება..." - როგორ უნდა შეაფასოს მშობელმა შვილის სასკოლო მზაობა

2025-12-07 23:30:40+04:00

Megi's Podcast-ის ავტორი, ჟურნალისტი, ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილი, საუბრობს, როგორ უნდა შეაფასოს მშობელმა შვილის სასკოლო მზაობა:

- სინამდვილეში, მშობელი უნდა დააკვირდეს არა იმას, რამდენი ლექსი იცის მისმა შვილმა, არამედ, როგორ შეუძლია ბავშვს ურთიერთობებში ჩაბმა, შეუძლია თუ არა დათმობა, როგორი კომუნიკაციის უნარი აქვს, როგორ შეუძლია ურთიერთობების დამყარება ზრდასრულებთან ან თანატოლებთან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შეუძლია საკუთარი ემოციების გამოხატვა და შეუძლია თუ არა სხვისი ემოციების აღქმა. როგორ მეტყველებს, როგორი ლექსიკური მარაგი აქვს, როგორ შეუძლია გამოჭრა, გაფერადება, კონტურებზე მიყოლა, ხატვა. ასევე, როგორი ურთიერთობა აქვს მას წიგნთან. შეუძლია თუ არა პირადი ჰიგიენის დაცვა და დამოუკიდებლად კვება, აქვს თუ არა ტუალეტის ჩვევა განვითარებული. უნდა დააკვირდეთ, როგორ რეაგირებს, როდესაც რაიმეზე უარს ეუბნებით. ან როგორ იქცევა, როდესაც საკუთარი სურვილის გადავადება უწევს. რაც ყველაზე მთავარია, შეუძლია თუ არა ერთ კონკრეტულ საკითხზე ყურადღების კონცენტრირება. მაგალითად, როდესაც ეთამაშებით, თამაშის შეცვლას ხშირად ითხოვს თუ დაწყებული აქტივობა ბოლომდე მიჰყავს? როდესაც დავალებას აძლევთ, შეუძლია თუ არა შეყოვნდეს და სანამ ბოლომდე არ დაასრულებს, მანამდე არ მოიბეზროს და სხვა აქტივობაზე არ გადავიდეს. ამ უნარებზე დაკვირვება ბევრად უფრო მეტის მომცემია მშობლისთვის, რომ მიხვდეს, ბავშვი სკოლისთვის მზად არის თუ არა, ვიდრე ის, რამდენი სიტყვა/წინადადება იცის ინგლისურად ან რამდენი ლექსი იცის ზეპირად.