"ტემპერატურის მკვეთრს დაკლებას ველოდებით" - როდემდე გაგრძელდება ნალექიანი ამინდი და როდიდან აცივდება უფრო მეტად - მშობლები

"ტემპერატურის მკვეთრ დაკლებას ველოდებით" - როდემდე გაგრძელდება ნალექიანი ამინდი და როდიდან აცივდება უფრო მეტად

2025-12-09 14:15:39+04:00

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე, გადაცემაში "იმედის დილა" მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზის შესახებ საუბრობს:

- წინა კვირაში, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, მაღალი ტემპერატურა და ზამთრისთვის საკმაოდ თბილი დღეები იყო. თუმცა, ამ კვირაში არამდგრადი ამინდი გვექნება. ტემპერატურაც დაიკლებს და ნალექებიც გააქტიურდება.

დასავლეთ საქართველოში სამშაბათის გვიან საღამოდან კვლავ წვიმა იქნება. უფრო აჭარა-გურიის ტერიტორიაზე. დანარჩენ ტერიტორიაზე ისევ უნალექო ამინდი შენარჩუნდება და 10 დეკემბერს ისევ გაწვიმდება. 11-ში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12-დან ისევ წვიმებია მოსალოდნელი 14 დეკემბრის დილამდე. ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვლი.

აღმოსავლეთ საქართველოში სამშაბათს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გვიან საღამოდან უმეტეს რაიონში წვიმა გვექნება, მაღალ მთაში თოვლი. 11-ში ისევ უნალექო ამინდი იქნება და კვირის ბოლომდე უმეტეს რაიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. მხოლოდ სამხრეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში იქნება ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით.

წინა პერიოდებში მაღალმთიან რეგიონებში ნოემბრის ბოლოსაც იყო თოვლი, მიმდინარე კვირაში ბაკურიანში, გუდაურში, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი გვექნება.

თვის შუა რიცხვების მერე ტემპერატურის მკვეთრ დაკლებას ველოდებით. შარშან, ზამთარში ტემპერატურა ნორმის ფარგლებში იყო. დეკემბერი ძალიან ცივი იყო, იანვარი კი თბილი. ახლა ცოტა თბილად დაიწყო ეს პერიოდი და ტემპერატურის მკვეთრ დაკლებას მერე უფრო ველოდებით.

ახალი წლის დღეების ამინდის პროგნოზზე დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, ჯერ ძალიან შორსაა, თუმცა თოვლი თბილისისთვის ნაკლებად სავარაუდოა. ყველასთვის შესამჩნევია უკვე, რომ თბილისში თოვლი იშვიათობა გახდა, სულ რამდენიმე დღე თუ წამოვა და საფარი ვერც ჩნდება. წელს, სეზონის პროგნოზის მიხედვით, ტემპერატურულად ნორმის ფარგლებში და ასევე ცოტათი თბილი იქნება. ნალექებიც ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.