"ყოფილა შემთხვევა, როდესაც პედაგოგს მიტანილ საჩუქარზე უარი უთქვამს. თუმცა, "მეტიჩარა" მშობელი არ დანებებულა და ეს საჩუქარი სახლში მიუტანიათ" - თამთა ჯანაძე მასწავლებლებისთვის საჩუქრის ყიდვის ტრადიციაზე საუბრობს - მშობლები

"ყოფილა შემთხვევა, როდესაც პედაგოგს მიტანილ საჩუქარზე უარი უთქვამს. თუმცა, "მეტიჩარა" მშობელი არ დანებებულა და ეს საჩუქარი სახლში მიუტანიათ" - თამთა ჯანაძე მასწავლებლებისთვის საჩუქრის ყიდვის ტრადიციაზე საუბრობს

2025-12-10 09:22:15+04:00

ჟურნალისტითამთა ჯანაძე საინტერესო ოჯახურ ვლოგებს იღებს. ის მშობლობის მთავარ გამოწვევებზე, 3 შვილის დედობასა და ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ პრობლემებზე მაყურებელს საკუთარ პოზიციას გულწრფელად უზიარებს და ბევრი გულშემატკივარიც ჰყავს.

თამთა ამჯერად სკოლებსა და ბაღებში მასწავლებლებისათვის საჩუქრის ყიდვის ტრადიციას ეხმაურება და ამბობს, რატომ არ ერთვება მსგავს ინიციატივებში თავად:

- სკოლა-ბაღთან შეიძლება, შენ არ მიხვიდე, მაგრამ სკოლა-ბაღი თავად ყოველთვის მოდის შენთან... მოვიდა მესიჯი, რომელიც იუწყება, რომ მასწავლებლის საჩუქრის ფული გროვდება წინასაახალწლოდ და დაორგანიზდნენ მშობლები.

ვთქვათ, რომელიმე დღესასწაული ახლოვდება და თქვენი შვილის ჯგუფელის, კლასელის მშობლებმა მოგწერეს, რომ მასწავლებლის საჩუქრის ფულს აგროვებენ. როგორ იქცევით ხოლმე ასეთ დრო? მე ყოველთვის ვამბობ უარს. ვეცდები, ავხსნა, რატომ - არა იმის გამო, რომ ვთვლი, რომ მასწავლებელი საჩუქრის ღირსი არ არის ან მასწავლებლის შრომას არ ვაფასებ. რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, მასწავლებლის გულის მოგების ეს ფორმა ჩემთვის ძველი, მახინჯი, საბჭოთა ტრადიციაა, რომელიც თანაბრად აზარალებს ყველას. სამწუხაროდ, მასწავლებლის პროფესია ყოველთვის დაბალანაზღაურებადი იყო და საზოგადოება ამ საჩუქრებით რაღაცნაირად ცდილობდა, რომ დაეკომპენსირებინა. მაგრამ, ამ დროს ძალიან მანკიერი წრე იკვრება, რომელიც აზიანებს ბავშვსაც, მასწავლებელსაც და მშობელსაც.

ინსტრუქცია ასეთია - ერთი რომელიმე, როგორც წესი, "მეტიჩარა" მშობელი იწყებს საუბარს იმაზე, რომ მასწავლებლების შრომა დასაფასებელია და როგორღაც პატივი უნდა ვცეთ. დანარჩენები - ზოგი უხერხულობის, ზოგი მისი მხარდაჭერის გამო, იწყებენ საუბარს იმაზე, თუ რა რაოდენობის თანხა ეყოფა მასწავლებლის საჩუქარს. ფულის რაოდენობა, ძირითადად, მშობლების "მეტიჩრობის" ხარისხზეა დამოკიდებული. ზოგისთვის ეს თანხა შეიძლება, 5 ლარი იყოს, ზოგისთვის - 10, ზოგისთვის - 20 და ასე შემდეგ. ამ დროს უარის თქმა ძალიან უხერხულია. როგორც წესი, "იჭყლიტებიან" ის მშობლები, რომლებსაც რამდენიმე შვილი ჰყავთ. მშობლები ამბობენ, რომ შეუძლიათ, ანგარიში გაუწიონ მრავალშვილიან ან სოციალურად დაუცველ ოჯახებს, თუმცა ეს სადღაც მაინც აისახება დამოკიდებულებაზე.

მე იმიტომ ვამბობ უარს ამ ყველაფერზე, რომ ეს ცუდი, მახინჯი ტრადიცია მგონია, რომელიც მასწავლებლის რეპუტაციას აზიანებს და მას პირდაპირ კანონდარღვევისკენ უბიძგებს. მე, როგორც აქტიურ მოქალაქეს, მირჩევნია, რომ მთელი ჩემი ძალისხმევა მივმართო იმისკენ, რომ მას ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეს, გაეზარდოს ხელფასი, რადგან, ეს საჩუქრები, გასაგებია, რომ ყურადღების გამომხატველია, მაგრამ მის სოციალურ მდგომარეობას დიდად ვერაფერში ეხმარება. ამიტომ, ჯობს, რომ ერთად ვიშრომოთ იმაზე, რომ მასწავლებლის ანაზღაურება იყოს ღირსეული და მასწავლებელს ორ სკოლაში სირბილი არ უწევდეს იმისთვის, რომ თვის ბოლოს რაღაც გამოუვიდეს. მთელი ჩვენი ძალისხმევა აქეთკენ რომ მივმართოთ და სახელმწიფოს მოვთხოვოთ, მასწავლებლები რეალურად დაფასებულები იყვნენ, მგონი, ამით ჩვენც მოვიგებთ, ჩვენი შვილებიც და ცხადია, მასწავლებლებიც.

ორი სიტყვით მინდა, შევეხო ე.წ. მეტიჩარა მშობლებს, რომლებიც მასწავლებლის საჩუქრის ფულის აკრეფით ცდილობენ, მისი კეთილგანწყობის მოპოვებას. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ბევრ მშობელს უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ. ბევრი მშობლისთვის ეს სერიოზული ფინანსური ტვირთია. ამის მიუხედავად, მაინც ჯიუტად და დაჟინებით ცდილობენ მიზნის მიღწევას. თუ მშობელს ფინანსური საშუალება არ აქვს და არც ის სურს, რომ მისი სოციალური სტატუსის გამო, მისი სიღარიბის გამო, ვინმეს ებრალებოდეს, ამ მშობლებს რაღაც გამოსავალი ხომ უნდა დავუტოვოთ?! ამ შემთხვევაში, გამოსავალი მათ ნაცვლად თანხის დადება არ არის, რადგან ეს, ხშირ შემთხვევაში, როგორც შეურაცხყოფად, ისე აღიქმება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პედაგოგს მიტანილ საჩუქარზე უარი უთქვამს. თუმცა, "მეტიჩარა" მშობელი არ დანებებულა და ეს საჩუქარი სახლში მიუტანიათ. როდესაც მასწავლებელმა სახლში მიტანილ საჩუქარზეც უარი თქვა, მშობლებმა ადეკვატურად მაინც ვერ აღიქვეს, თუ რატომ ამბობდა ის უარს.

საშემოდგომო ღონისძიება დაარქვეს და მიგვატანინეს ბაღში ხილი, შეაგროვეს ფული... როდის მოიშლება ეს მეტიჩრობა? - შეწუხებული მშობლის წერილი

განათლების სისტემის სრული უვარგისობა ჩემი შვილის მაგალითზე უკვე გამოვცადე... პირველ კლასში მოტივირებული და ცნობისმოყვარე ბავშვიდან, მეოთხე კლასში მივიღე ბავშვი, რომელსაც არც ერთი საგანი არ აინტერესებს, მოტივაციის და ინტერესის 20%-იც არ აქვს შერჩენილი... - 3 შვილის დედა თამთა ჯანაძე