"2 წლისას უკვე დიდი რიცხვების გარჩევა შეეძლო, 3 წლისამ - გამრავლების ტაბულა, ხარისხები და ფესვები იცოდა. 4 წლის დამოუკიდებლად ხსნიდა პროცენტებსა და გეომეტრიულ ამოცანებს" - ინტერვიუ 6 წლის ვუნდერკინდ დავით ჩარკვიანთან და მის დედასთან - მშობლები

"2 წლისას უკვე დიდი რიცხვების გარჩევა შეეძლო, 3 წლისამ - გამრავლების ტაბულა, ხარისხები და ფესვები იცოდა. 4 წლის დამოუკიდებლად ხსნიდა პროცენტებსა და გეომეტრიულ ამოცანებს" - ინტერვიუ 6 წლის ვუნდერკინდ დავით ჩარკვიანთან და მის პედაგოგ დედასთან

2025-12-11 23:03:01+04:00

6 წლის მათემატიკოსს, დავით ჩარკვიანს, უკვე უამრავი ადამიანი იცნობს. მას შეუძლია, ურთულესი მათემატიკური ამოცანები უსწრაფესად ამოხსნას, ისაუბროს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, სხვადასხვა ტერმინი განმარტოს, ახსნას, რატომ არის კონკრეტულ მაგალითსა და ამოცანაში პასუხი სწორი ან - არასწორი. არც საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება ეზარება და დედის, რომელიც მათემატიკოსია, მოსწავლეებს თავადაც ხშირად უტარებს გაკვეთილებს. უყვარს მუსიკა, ცეკვა, კვლევა და სიახლეების ძიება, შესანიშნავად საუბრობს ინგლისურად, 6 წლის ასაკში გამართულად კითხულობს ქართულად და გულშემატკივრებს მრავალფეროვან ვიდეოებსაც ხშირად უზიარებს.

დავითთან ინტერვიუ ჩავწერეთ და ვკითხეთ, რას ნიშნავს მისთვის მათემატიკა, რაზე ოცნებობს, რა უყვარს ყველაზე მეტად. გვეუბნება, რომ ფეხბურთი და კალათბურთი განსაკუთრებით აინტერესებს. ასევე, გვიყვება, როგორ უყურებს სხვადასხვა ვიდეოს იუთუბზე, როგორ სწავლობს, როგორ ცდილობს ინფორმაციის გამრავალფეროვნებას და ამბობს იმასაც, რომ ხანდახან ეშლება. მისი თქმით, ვინც მუშაობს, ის შეცდომასაც უშვებს… მათემატიკის გარდა, უყვარს სკუტერი, აქტიურია, ხან ცელქობს, დედასთან ერთად ციფრების სამყაროში ახალ თავგადასავლებში ერთვება და ეს პროცესი, როგორც თავად ამბობს, მისთვის ძალიან სასიამოვნოა:

- დათუნა, მე შენი ვიდეოები ძალიან მიყვარს…

- აბა, რა… ყველა გიჟდება.

- რას ნიშნავს შენთვის მათემატიკა?

- უფრო და უფრო მეტი IQ გექნება და შეგიძლია, გააგიჟო ადამიანები.

- ამდენი ინფორმაცია როგორ დააგროვე?

- დედა მასწავლიდა...

- დათუნა, მინდა გკითხო - რაზე ოცნებობ?

- მინდა, ფეხბურთელი და კალათბურთელი ვიყო. ბევრი ადამიანი დამელაპარაკება, ავტოგრაფს დავაწერ.

- ეზოში ფეხბურთის თამაში გიყვარს?

- კი, სტადიონზე ვითამაშე.

- სკოლიდან სახლში რომ ბრუნდები, რისი გაკეთება გიყვარს იქამდე, ვიდრე მეცადინეობას დაიწყებ?

- კომპიუტერით ვერთობი. მერე მათემატიკურ ამოცანებს გავაკეთებ. მე მომწონს მათემატიკა. ყველაზე კარგი რაღაცაა, რაც ვიცი. ჯანმრთელობისთვის კარგია. მუსიკას ვუსმენ და ცოტას ვცეკვავ, ჩემნაირად… (სტილი დაცულია)

- მათემატიკის გარდა, კიდევ რომელი საგანი გაინტერესებს?

- სახლში ვსწავლობ ბევრ მათემატიკას. სკოლაში პირველ კლასში ვარ. ინგლისურიც მიყვარს.

- ინგლისურად გამართულად ლაპარაკობ. როგორ ისწავლე ასე კარგად?

- ბლოგებიდან. ბევრი სიტყვა ვიცი. ინგლისური მე კარგად მესმის.

- რით ერთობი ამ საგნების გარდა, კიდევ რა გიყვარს?

- ჩემი სკუტერი…

- დათუნა, ერთ-ერთ ინტერვიუში ამის შესახებ უკვე თქვი, მაგრამ ჩანაწერიდან "სგუდერი" მესმოდა და კარგად ვერ გავიგე, რას გულისხმობდი…

-"კ" და არა - "გ", უფრო კარგად უნდა მოგესმინა…

აქ დათუნას შევპირდი, რომ მის ყველა ინტერვიუს მომავალში უფრო დიდი ყურადღებით მოვუსმენ და ყველა წარმატებას აღვნიშნავ.

- ხომ არ გინდა იმ ადამიანებს, ვინც ჩემსა და შენს ინტერვიუს წაიკითხავენ, რამე უთხრა ან შენს გულშემატკივრებს მიმართო? სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ადამიანი გიწერს თბილ სიტყვებს.

- უნდა ვიფიქრო…

- რამდენ ხანსაც მოგინდება, იმდენ ხანს იფიქრე…

- და თუ არ იციან, ვინ ვარ?

- ბევრმა ადამიანმა იცის, ვინ ხარ და ბევრი ახლა გაგიცნობს.

- მე ვეტყვი მათ, რომ მიყვარს ჩემი გამომწერები. ვინც "დაალაიკებს" და ვინც დამიწერს კარგ კომენტარს… ჩემი ვიდეო გაუგზავნონ ერთმანეთს, რომ უფრო სწრაფად გააქტიურდეს.

აქაც დათუნას შევპირდი, რომ მის ვიდეოებს ჩვენს მკითხველს გავუზიარებთ...

me-momcons-matematika-qvelaze-kargi-ragacaa-rac-vici-janmrtelobistvis-kargia-1765481623. მუსიკას ვუსმენ და ცოტას ვცეკვავ, ჩემნაირად (2).png

დავითის დედა, მარეხი სანიკიძე, მათემატიკოსია. უკვე 25 წელია, სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკის სიყვარულს უზიარებს. ის საკუთარი პროფესიის, დათუნას ნიჭის განვითარებისა და მთავარი გამოწვევების შესახებ უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- მათემატიკა ჩვენთვის ოჯახის ტრადიციაა. დედასაც, მამასაც და ბიძასაც გამორჩეულად უყვარდათ, ასე რომ შეიძლება, ითქვას, რომ ეს სიყვარული გენებში გვაქვს. მყავს ერთი შვილი დავით ჩარკვიანი, რომელიც 2019 წლის 8 მაისს დაიბადა, სულ 2 კილოგრამი. პირველი ნაბიჯები შედარებით გვიან გადადგა, ლაპარაკიც გვიან დაიწყო, მაგრამ ერთ დღეს, სრულიად შემთხვევით, აღმოვაჩინე, რომ ანბანი ზეპირად იცოდა. სწორედ მაშინ ვუყიდე მაგნიტური დაფა ასოებითა და რიცხვებით და ყველაფერი აქედან დაიწყო…

2 წლისას უკვე დიდი რიცხვების გარჩევა შეეძლო, 3 წლისამ - გამრავლების ტაბულა, ხარისხები და ფესვები იცოდა. 4 წლის დამოუკიდებლად ხსნიდა პროცენტებსა და გეომეტრიულ ამოცანებს, 5 წლის როცა იყო, უკვე ლოგარითმები და კვადრატული განტოლებებიც მისთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახდა. დაბადებიდან დღემდე ესწრება ჩემს გაკვეთილებს და პატარა ასაკიდანვე ამ თვალით აღიქვამს სამყაროს. საოცარია, მაგრამ ფაქტორიალი ისწავლა მაშინ, როცა ბევრმა ზრდასრულმაც არ იცის.

davit-charkviani-10-1765481649.jpg

- დავითს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს და მაღალი კლასების მათემატიკას სრულად ფლობს - როგორია მისთვის სასკოლო ცხოვრება, არსებული ცოდნის ფონზე, მოსაბეზრებელი ხომ არაა?

- დავითი კერძო სკოლა „ახალ თაობა - ნიუჯიში" სწავლობს, სპეციალური მოწვევით და ძალიან მადლიერი ვარ ამ სკოლის და მისი ხელმძღვანელობის, ყველანაირად ხელს უწყობენ.

davit-charkviani-7-1765481699.jpg

- სახლში რით არის დაკავებული? თანატოლებთან ხშირად თამაშობს?

- დავითი ძალიან კომუნიკაბელური, თბილი და მხიარული ბავშვია. თანატოლებთან თამაში უყვარს და ხშირად უზიარებს მათ იმას, რაც თვითონ იცის – საკუთარი ენთუზიაზმით. სახლში დროის დიდი ნაწილი კვლევებს უკავია: ხმაურის დეციბელებს, მზის სინათლის სიჩქარეს ითვლის, ინტერესდება ასტროლოგიითა და ფიზიკით. მუსიკა მის ცხოვრებაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს. განსაკუთრებით, ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია და მოცარტია მისი ფავორიტი.

- როგორ უწყობთ ხელს მის განვითარებას და რას ელით მომავალში?

- როგორც დედა, ჩემს შესაძლებლობებსა და შესაძლებლობებს მიღმაც, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მან თავისი გონებრივი პოტენციალი სრულად გამოამჟღავნოს. ყოველდღიურად ვაწვდი ახალ მაგალითებს, ამოცანებს, ვულოცავ აღმოჩენებს, ვახალისებ, ვაგულიანებ და სირთულეებისკენ ვუბიძგებ. ჩვენთვის პერსპექტივა, სამწუხაროდ, საქართველოში ნაკლებად ჩანს, ამიტომ მის მომავალს საზღვარგარეთ ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ქვეყნის დატოვება ძალიან რთული გადაწყვეტილებაა.

davit-charkviani-11-1765481762.jpg

- ჩვენი განათლების სისტემა რამდენად მზადაა, დავითის მსგავსი ბავშვების ინტერესები და მისწრაფებები დააკმაყოფილოს?

- სამწუხაროდ, დღეს არსებული სისტემა დავითისნაირი უნიკალური გონების ბავშვებზე არ არის მორგებული. არ არსებობს პროგრამა, რომელიც დაუშვებს, რომ ასეთი უნარების მქონე ბავშვებმა სწრაფად გაიარონ სასწავლო მასალა ან ექსტერნად დაამთავრონ სკოლა. საბედნიეროდ, ასეთი ნიჭიერი ბავშვი ბევრია საქართველოში, მაგრამ მათ სახელმწიფოს მხრიდან არც სტიპენდია, არც ოლიმპიადები და არც განვითარების სპეციალური პლატფორმები აქვთ. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ ცვლილებები მოხდება და სახელმწიფო დაინტერესდება დავითისნაირი ბავშვების შესაძლებლობებით, სახელმწიფოს მხრიდან განათლებაში აუცილებლად ჩასადებია ინვესტიცია.

- მშობლის როლში რა სირთულეებს აწყდებით?

- სირთულეები თითქმის ყველა ნაბიჯზეა – დაწყებული განათლების სამინისტროს გულგრილი დამოკიდებულებით, დამთავრებული სოციალური ქსელებით, სადაც, სამწუხაროდ, ჰეითერებიც არიან. ბულინგის ერთ-ერთი მიზეზი დავითის სარკისებური წერა აღმოჩნდა. ზოგს ეს „ნაკლად“ ეჩვენება, მაშინ როცა სარკისებურად წერდა თავად ლეონარდო და ვინჩიც - ეს ნიშანი გენიოსური ტვინის მუშაობის ერთ-ერთი გამოვლინებაა და არა პრობლემა.

davit-charkviani-3-1765481871.jpg

- და ბოლოს, თქვენი დაკვირვებით, თავად დავითს როგორ მოსწონს სწავლა?

- დავისთვის მათემატიკა სამყაროს საიდუმლო კოდია, მათემატიკა არის - ენა, რომლითაც ყველაფერს ხსნის. ახალ საგნებს სწავლობს ცნობისმოყვარეობითა და თამაშით, სწავლობს სწრაფად და შემდეგ სიამოვნებით ასწავლის სხვებსაც. დიახ, ვიდეოებში ხშირად ჩნდება როცა დავითი გაკვეთილებს ატარებს, ეს მისი საყვარელი პროცესია. სახლში ძირითადად კვლევებით, დაკვირვებითა და მუსიკით ერთობა. დავითისთვის სწავლა სამყაროს აღმოჩენის გზაა და როგორც ჩანს, ეს გზა ჯერ კიდევ დასაწყისშია. წარმატებებს ვუსურვებ ყველა პატარას და თქვენს მკითხველს.

თამარ იაკობაშვილი

6 წლის ქართველი ვუნდერკინდი, რომელიც უმაღლესი მათემატიკით არის გატაცებული - ჩემთვის, მათემატიკა ნიშნავს იმას, რომ უფრო ბევრი IQ გექნება, უფრო გენიოსი იქნები... აინშტაინი, ნიკოლა ტესლა და ისააკ ნიუტონი არიან ჩემი საყვარელი მეცნიერები