"წერთ, რომ ავადმყოფურად გამოვიყურები... მართლა ავად ვარ, ჩემი ცხოვრება მთლიანად ამოტრიალდა" - ოზი ოზბორნის ქალიშვილი ამბობს, რომ წონის გამო მამამისიც კი დასცინოდა - მშობლები

"წერთ, რომ ავადმყოფურად გამოვიყურები... მართლა ავად ვარ, ჩემი ცხოვრება მთლიანად ამოტრიალდა" - ოზი ოზბორნის ქალიშვილი ამბობს, რომ წონის გამო მამამისიც კი დასცინოდა

2025-12-12 12:52:07+04:00

გარდაცვლილი ოზი ოზბორნის ქალიშვილმა, კელი ოზბორნმა, რომლის ბოლო საჯარო გამოჩენის შემდეგ საზოგადოება ანორექსიაზე ალაპარაკდა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კრიტიკას პასუხობს. ინტერნეტმომხმარებლებმა შენიშნეს, რომ ოზბორნი საგრძნობლად გამხდარია და ავადმყოფური შეხედულება აქვს. კომენტარების ნაწილმა ივარაუდა, რომ მან წონა „ოზემპიკის“ დახმარებით დაიკლო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მის მდგომარეობას მამის ახლახან გარდაცვალებას უკავშირებდა.

screenshot-2025-12-12-130843-1765530997.png

ინსტაგრამზე კელიმ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამომწერებს მოუწოდა, დამამცირებელი კომენტარების წერას თავი დაანებონ. „რა გინდათ ჩემგან? როგორ გინდათ, რომ გამოვიყურებოდე? უკვე ისიც საკმარისი უნდა იყოს, რომ ლოგინიდან ვდგები და ცხოვრებას ვაგრძელებ. მიწერთ, რომ ავადმყოფურად გამოვიყურები, მაგრამ სინამდვილეში მართლა ავად ვარ. ჩემი ცხოვრება მთლიანად ამოტრიალდა და ვერ ვხვდები, რატომ ელიან ადამიანები, რომ ისე გამოვჩნდე, თითქოს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის. მე გულწრფელი ვარ და ყოველთვის ვუზიარებ ხალხს ჩემს განცდებს. მაგრამ ეს ბოროტი კომენტარები არავის დაეხმარება. გგონიათ, ჭკვიანები ხართ, მაგრამ სინამდვილეში ფსიქიკურად არაჯანსაღები ხართ“, — განაცხადა 41 წლის ოზბორნმა.

screenshot-2025-12-12-130827-1765531031.png

მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანები მის დღევანდელ ფოტოებს ადარებენ იმ პერიოდს, როცა ის 18 წლის იყო, და მას შემდეგ ძალიან შეიცვალა: „ადამიანების სახეები იცვლება, როცა ისინი იზრდებიან. ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ ამ კომენტარებს ზრდასრული ქალები წერენ. და ძალიან მაბრაზებს, რომ ქალებს არ შეუძლიათ სხვა ქალების მხარდაჭერა.“

screenshot-2025-12-12-130912-1765531068.png

კელი ოზბორნი ყოველთვის ღიად საუბრობდა ზედმეტ წონასა და გახდომის პროცესზე. ვარსკვლავი აღიარებდა, რომ მისი ფიგურის გამო დაცინვის ატანა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში უწევდა: იმ პერიოდში მისი წონა 90 კგ იყო 160 სმ სიმაღლეზე. მაშინ ამაზე მამამისი, ოზი ოზბორნიც ხუმრობდა, რის შემდეგაც კელიმ გახდომა გადაწყვიტა. 2009 წელს, შოუში „ვარსკვლავებთან ცეკვა“ მონაწილეობისთვის მზადებისას, მან 22 კგ დაიკლო. 2020 წელს კელიმ განაცხადა, რომ კუჭის ოპერაცია ჩაიტარა და ინიექციები გაუკეთდა ყბასა და ნიკაპში. 2024 წელს ოზბორნმა მკვეთრად გააკრიტიკა ჭორები მისი გახდომის შესახებ და თქვა, რომ არასოდეს მიუღია „ოზემპიკი“, მიუხედავად იმისა, რომ დედამისმა სწორედ ამ პრეპარატის დახმარებით დაიკლო წონა.

screenshot-2025-12-12-130936-1765531086.png

კელი ოზბორნი მომღერალი, მსახიობი და დიზაინერია — ლეგენდარული მუსიკოსის, ოზი ოზბორნისა და მისი მეუღლის, შერონის უმცროსი ქალიშვილი. 2020 წელს მან მუსიკოს სიდ უილსონისგან ვაჟი გააჩინა. სულ ახლახან, 2025 წლის 5 ივლისს, ოზის გამოსამშვიდობებელი კონცერტის კულისებში, სიდმა კელის ხელი სთხოვა. შერონთან ქორწინებიდან ოზი ოზბორნს ჰყავს უფროსი ქალიშვილი ეიმი და ვაჟი ჯეკი. პირველი ქორწინებიდან მუსიკოსს კიდევ ორი შვილი დარჩა. საერთო ჯამში, ოზი ოზბორნს 10 შვილიშვილი ჰყავს.